ონკოლოგიური მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოში

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ანალიზი 30 ნოემბერი 2020

ონკოლოგიური დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. მსგავსი დაავადებების მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით დღეის მდგომარეობით საქართველოში აღრიცხულია 40 ათასამდე ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტი.

 

2015 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა კიბოს პოპულაციური რეგისტრი, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შესაბამისი მონაცემების დამუშავება და   გაიზარდა სტატისტიკური მონაცემების სანდოობა. კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემების მიხედვით საქართველოში ყოველწლიურად კიბოს დაახლოებით 10 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ონკოლოგიური დაავადებების ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 8,7 ათასი ახალი შემთხვევა 2017 წელს იყო. მომდევნო წლებში კვლავ გაიზარდა და 2019 წელს 10 ათასი ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა.  

 

 

წყარო: კიბოს პოპულაციური რეგისტრი

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად იზრდება სიმსივნის მიზეზით გარდაცვლილთა  რაოდენობა.  მაგალითად, 2019 წელს სიმსივნის მიზეზით გარდაცვლილთა მაჩვენებელი (7873 შემთხვევა) დაახლოებით 2,5 ჯერ აღემატება 2010 წლის მაჩვენებელს (3085 შემთხვევა).  ბოლო ათწლიან პერიოდში არსებული მზარდი ტენდენციის ერთ-ერთ ფაქტორად შესაძლებელია განხილულ იქნას სიკვდილიანობის მიზეზების სტატისტიკის აღრიცხვიანობის მეთოდოლოგიური ცვლილებები. კერძოდ, 2014 წლამდე არსებული სტატისტიკა წარმოადგენს შეფასებით მონაცემებს, ხოლო 2014 წლიდან ეყრდნობა რეგისტრირებულ მონაცემებს. ამასთან, 2015-2017 წლებში გარდაცვალების მიზეზების მონაცემები დაზუსტდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის (ვერბალური აუტოფსია, კიბოს რეგისტრი და სტაციონალური ელექტრონული სისტემა) საფუძველზე. 

 

მიუხედავად გარკვეული მეთოდოლოგიური ცვლილებებისა, მხოლოდ  ბოლო პერიოდის მონაცემების მიხედვითაც, როდესაც ერთი და იგივე მეთოდოლოგიით ხდებოდა აღრიცხვა, სიმსივნის მიზეზით გარდაცვალების მზარდი ტენდენციაა.

 

 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

ონკოლოგიური დაავადებების ხარისხიანი მკურნალობის შესაძლებლობა მაღალი და დაბალი შემოსავლების ქვეყნებში განსხვავებულია, რაც უმეტესწილად  თანამედროვე მეთოდებით და ტექნოლოგიით მკურნალობის  არათანაბარი ხელმისაწვდომობით არის განპირობებული. საქართველოში  ონკოლოგიური მკურნალობის ხარისხის შეფასება ცალკე კვლევას საჭიროებს. წინამდებარე კვლევის მიზანია,  ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებით  ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების და მის ფარგლებში მოქალაქეებისათვის, სათანადო ფინანსური უზრუნველყოფის შეფასება.  კერძოდ, კვლევის ფარგლებში შესწავლილია შემდეგი სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობა:

 

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა

- რეფერალური მომსახურება

- დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი

- ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება

- ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა

- ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამები

 

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, კვლევის პროცესი დაემთხვა საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ დაანონსებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვნად იზრდება არაქირურგიული მკურნალობისათვის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა. კერძოდ, ქიმიო, სხივური, ჰორმონოთერაპიის და მედიკამენტებისათვის პროგრამით გათვალისწინებული წლიური ლიმიტი 8 000 ლარით გაიზარდა. კვლევის ფარგლებში, ასევე განხილული იქნება აღნიშნული გადაწყვეტილების გავლენა მსგავსი დაავადებების მქონე პაციენტების შესაბამისი მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე.

 

სახელმწიფო პროგრამების გარდა,  წინამდებარე კვლევის ფარგლებში IDFI ასევე შეეცადა კერძო სადაზღვევო სექტორში  ონკოლოგიურ დაავადებებზე არსებული სადაზღვევო პოლიტიკის შესწავლას. ამ მიზნით, IDFI-მ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს მიმართა,   სხვადასხვა შინაარსის სტატისტიკური  ინფორმაციის მოთხოვნით (პოლისების რაოდენობა, მოთხოვნილი და ანაზღაურებული თანხა, გამომუშავებული პრემია, დადგენილი ლიმიტები და ა.შ ), იმ კერძო სადაზღვევო პოლისების შესახებ  რომლითაც გათვალისწინებულია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა. ამ უწყებიდან მოწოდებული განმარტების მიხედვით, სამსახურში დაცული ინფორმაცია მოიცავდა მხოლოდ ჯამურ მაჩვენებელებს სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობის მიხედვით და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფდნენ  ონკოლოგიური დაავადებების ჭრილში განცალკევებული მონაცემების მოწოდებას.  

 

კვლევის ძირითადი მიგნებები

 

- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად იზრდება სიმსივნის მიზეზით გარდაცვლილთა  რაოდენობა. 2019 წელს, წინა წელთან შედარებით 544-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა ამ მიზეზით. 

 

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციართა კატეგორიების მიხედვით ონკოლოგიური მკურნალობისათვის გათვალისწინებული თანაგადახდის პროცენტული მაჩვენებლები 70%-დან 100%-მდე მერყეობს.  

 

- ყველაზე დაბალი თანადაფინანსების მქონე ბენეფიციარებს შორის არიან ის  პირებიც, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა.

 

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობაზე მოთხოვნილი დაფინანსება ყოველწლიურად  იზრდება. 2015 წელს,  მოთხოვნილი იყო დაახლოებით 50 მილიონი ლარის ანაზღაურება, 2019 წელს (ნოემბრის მდგომარეობით) ეს თანხა უკვე 68 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

 

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობაზე მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების პროცენტული მაჩვენებელი 2015-2019 წლებში 72% დან 75%-მდე მერყეობდა.

 

- სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულით 70,000 მდე) მოქალაქეებისათვის  გათვალისწინებული 100%-იანი დაფინანსების მიუხედავად, ონკოქირურგიულ ოპერაციებზე გაცემული დაფინასების მაჩვენებელი,  2019 წელს 76%-მდე არის შემცირებული.  

 

- სარეიტინგო ქულით 70 000-დან 100 000-მდე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, მიერ ონკოლოგიურ მკურნალობაზე მოთხოვნილი თანხიდან ყოველწლიურად ფინანსდება დაახლოებით 68%.  ქირურგიული მომსახურების დაფინასების მაჩვენებელი,  მხოლოდ 55%-ს შეადგენს. 

 

- 2020 წელს, აგვისტოს მდგომარეობით, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური ოპერაციის დაფინანსების მოთხოვნით შევიდა 446 განცხადება (მოთხოვნილი თანხა 11,3 მილიონი ლარი, დადებითი გადაწყვეტილება -235 განცხადებაზე 1,3 მლნ ლარი),  მედიკამენტების დაფინანსებს მოთხოვნით 3011  განცხადება (მოთხოვნილი თანხა 12,9 მილიონი ლარი, დადებითი გადაწყვეტილება -  2,431 განცხადებაზე 4,3 მილიონი ლარი), ხოლო სხვა სერვისებზე - 2394  განცხადება ( მოთხოვნილი თანხა 8,4 მილიონი ლარი,  დადებითი გადაწყვეტილება  1,155

 

დასკვნა

 

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებით  ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების ანალიზი აჩვენებს, რომ მოქალაქეებისათვის მსგავსი დაავადებების სრულფასოვანი მკურნალობის ხელმისაწვდომობა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა.  ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსების ძირითად ნაწილს უზრუნველყოფს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნილი და ანაზღაურებული თანხების მაჩვენებლები აჩვენებს, რომ პროგრამა 100%-იანი თანაგადახდის პირობებშიც  ვერ უზრუნველყოფს, მათ შორის სოციალურად დაუცველი და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ონკოლოგიური მკურნალობის მინიმალური სამედიცინო საჭიროებების სრულფასოვან დაფინანსებას.

 

2020 წლის 1 სექტემბრიდან არაქირურგიულ მკურნალობაზე დადგენილი ლიმიტების ზრდა  მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მსგავსი მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, თუმცა კვლევაში განხილული საკითხები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, საქართველოს ხელისუფლების მოსაზრებას ამ გადაწყვეტილებით მოქალაქეებისათვის ონკოლოგიური მკურნალობის სრული კურსის ფინანსურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მაგალითად, კვლავ გამოწვევად რჩება  ონკოლოგიურ ოპერაციებზე დაწესებული ლიმიტები, ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების თანაგადახდის პროცენტული მაჩვენებლები და სხვა. 

 

ონკოლოგიური მკურნალობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების მიღმა დარჩენილი, საჭირო რესურსების გარკვეულ დაფინანსებას უზრუნველყოფს სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები. თუმცა, მათი შეზღუდული ბიუჯეტის გათვალისწინებით ხშირ შემთხევაში დაფინანსების პროცენტი მინიმალურია.   ამასთან, პროგრამის მართვის სპეციფიკა, დაფინანსების გაცემის არაერთგვაროვანი პრაქტიკა და მისი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები მნიშვნელოვნად ზრდის დაფინანსების არასამართლიანი გადანაწილების რისკებს.  ასევე, ცალკეული პროგრამების დადგენილი პირობების გათვალისწინებით,  განსხვავებული შესაძლებლობები ეძლევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებელ მოსახლეობას. მაგალითად, მუნიციპალური ბიუჯეტში გათვალისწინებული განსხვავებული პროგრამები,  ამბოლატორიულ პალიატიური მზრუნველობის პროგრამით შეზღუდული რეგიონები და სხვა.

 

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რომელიც მზარდი ტენდენციით ხასიათდება და მნიშვნელოვნად ზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის ტვირთს.   ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, მათ შორის პანდემიის შედეგად არსებული მოლოდინების, გათვალისწინებით  არსებობს მნიშნელოვანი საფრთხე არსებული მოდელით დაფინანსების ან/და ონკოლოგიური მკურნალობის არსებული ხარისხის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.   შესაბამისად, მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით სახელმწიფო დაფინანსების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება. მათ შორის მიზანშეწონილია მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიწყოს მსჯელობა საჯარო და კერძო პარტნიორობის ფარგლებში ონკოლოგიურ დაავადებებზე სავალდებულო დაზღვევის სიტემის დანერგვის შესახებ.

 

 

/public/upload/Blog/availability_of_oncology_treatment_in_georgia.pdf

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გიწვევთ გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციასა და ონლაინ დისკუსიაზე

21.01.2021

სახელმძღვანელო გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ

18.01.2021

ინტერვიუ ირინა ფლიგესთან

13.01.2021

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება დაიწყო

29.12.2020
განცხადებები

OECD-SIGMA-ს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით IDFI-სა და GYLA-ს ერთობლივი განცხადება

20.01.2021

სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება სახალხო დამცველის ბრიფინგზე

20.01.2021

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ დაანონსებული სანქციების შესახებ

17.12.2020

კოალიცია ეხმიანება ნიკა გვარამიას განცხადებას მუქარის შესახებ

15.12.2020
ბლოგპოსტები

ღია მმართველობის პარტნიორობის გაზრდილი მნიშვნელობა - პერსპექტივა დაკვირვების საფუძველზე (OGP 2030)

26.11.2020

დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო - მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება

06.11.2020

1930-იანი წლების რეპრესიების მეხსიერება - რას და რატომ ვიხსენებთ?

13.10.2020

გასაბჭოება - საბჭოური კოლექტიური მეხსიერების პირველი საფეხური

13.10.2020