მუნიციპალიტეტების მიერ 2022 წელს გაწეული სარეკლამო ხარჯების ანალიზი

სიახლეები | კვლევები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი | ადგილობრივი მმართველობა 10 აპრილი 2023

სახელმწიფო უწყებები სარეკლამო მომსახურებაში ყოველწლიურად საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავენ. ხშირად მსგავსი აქტივობები ხმარდება საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის გავრცელებას, ზოგჯერ კი შესაძლებელია სარეკლამო ბიუჯეტი მიემართებოდეს კონკრეტული უწყების მიღწევების ინფორმაციის  გავრცელებას და ა.შ. სარეკლამო მომსახურებად შეიძლება ჩაითვალოს რეკლამის, როგორც მისი შინაარსის მომზადება (ტექსტური, აუდიო-ვიზუალური), ასევე მისი გავრცელება. პრაქტიკაში, როგორც წესი, ტექსტური ფორმით, ძირითადად ვრცელდება საინფორმაციო შინაარსის “მესიჯები,” ანონსები, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენელთა აქტივობები. ასეთი რეკლამისთვის გავრცელების წყაროდ უმეტესად გამოიყენება საინფორმაციო სააგენტოებისა და ბეჭდური მედიის მომსახურება. რაც შეეხება აუდიო-ვიზუალურ მასალას, ასეთ შემთხვევაში განთავსება და გავრცელება ხდება რადიოსა და სატელევიზიო ეთერის მეშვეობით.

 

აღნიშნული სარეკლამო მომსახურების შესყიდვები უმეტესად გამარტივებული შესყიდვების გზით ხორციელდება. შესაბამისად, უწყებებს საშუალება აქვთ თავად აირჩიონ რეკლამის დამზადების, განთავსებისა და გავრცელების როგორც კონკრეტული წყაროები, ისე მედია ორგანიზაციები. თუმცა სატელევიზიო დროის შესყიდვა განსხვავებულად რეგულირდება. კერძოდ, სატელევიზიო დროის შესყიდვას ახორციელებს შესყიდვების სააგენტო კონსლიდირებული ტენდერების გზით. ტენდერი რამდენიმე ლოტად ცხადდება, სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით. კონსოლიდირებულ ტენდერში, თითოეულ ლოტზე, შეიძლება არსებობდეს ერთი ან რამდენიმე გამარჯვებული, საიდანაც თითოეული შემსყიდველი ირჩევს, რომელ ტელევიზიასთან გააფორმოს საბოლოოდ მომსახურების ხელშეკრულება. 

 

იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტები ინფორმაციისა და რეკლამის განსათავსებლად ადგილობრივ მედიებს ირჩევენ, ამ შემთხვევაში პრაქტიკა განსხვავებულია. საქართველოში რეგიონული მედიების რეიტინგის გაზომვა არ ხორციელდება. შესაბამისად, მათი სატელევიზიო დროის შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერით არ ხდება და მუნიციპალიტეტები ჩვეულებრივი სატენდერო პროცედურით ან გამარტივებული შესყიდვის გზით აფორმებენ ხელშეკრულებებს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში, ცენტრალური ხელისუფლებისგან განსხვავებით, როგორც სატელევიზიო, ისე საინფორმაციო სააგენტოების, ბეჭდური გაზეთებისა და რეკლამის დამამზადებელი კომპანიების მომსახურების შესყიდვებს თავად მუნიციპალიტეტები განკარგავენ.

 

იმ ფონზე, რომ საქართველოში მედია მკვეთრად პოლარიზებულია, მნიშვნელოვანია ანალიზი, რომელ მედიებს ირჩევენ სახელმწიფო უწყებები, ნაწილდება თუ არა საბიუჯეტო თანხები არადისკრიმინაციულად მედიებს შორის, მიემართება თუ არა აღნიშნული სახსრები არასატელევიზიო, ე.წ.  ახალ მედიაში. ამასთან, საინტერესოა ვინ არიან იმ მედია ორგანიზაციების მფლობელები, რომელთანაც იდება ძირითადი ხელშეკრულებები და ჯამურად რა თანხები იხარჯება ამ მიმართულებით. წლების განმავლობაში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის ფარგლებში, არაერთხელ გამოვლინდა, რომ ცენტრალური საბიუჯეტო ორგანიზაციები უმეტესად მთავრობასთან აფილირებულ ან ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილ მედიებთან აფორმებდნენ ხელშეკრულებებს. ნაკლებადაა შესწავლილი მუნიციპალიტეტებში დამკვიდრებული სარეკლამო ხარჯების პრაქტიკა.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა და გაანალიზა შესაბამისი ინფორმაცია სარეკლამო ხარჯების შესახებ. ამასთან, კვლევაში ზოგიერთ შემთხვევაში წყაროდ გამოყენებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

 

ძირითადი მიგნებები

 

- IDFI-ის სარეკლამო ხარჯების შესახებ ინფორმაცია 37-მა მუნიციპალიტეტმა მიაწოდა, საიდანაც ასეთი ხარჯი 2022 წელს არ გაუწევია 24 მუნიციპალიტეტის მერიას. 27 მუნიციპალიტეტის მერიისგან კი IDFI-ის პასუხი არ მიუღია.

 

- საჯარო ინფორმაციის მოთხოვნითა და შესყიდვების ელექტრონული პორტალით მიღებული ინფორმაციის თანახმად, 18-მა მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წელს ჯამურად 503,140 ლარის ღირებულების სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა.

 

- ქალაქ თბილისის ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტომ, რომელიც მერიასა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებს ემსახურება - 278,089 ლარის ღირებულების სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები გააფორმა. 

 

- რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერიამ სარეკლამო ხელშეკრულება გააფორმა ონლაინ პლატფორმა “მარშალპრესთან”, რომელიც გამოირჩევა რუსული სამთავრობო და პროპაგანდისტული მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებით.

 

- მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გარკვეული მუნიციპალიტეტების მერიებმა IDFI-ისთვის მოწოდებულ საჯარო ინფორმაციის დოკუმენტში მიუთითეს, რომ 2022 წლის მანძილზე სარეკლამო მომსახურების შესყიდვა არ განხორციელებულა. თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე გადამოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნულ მერიებს 2022 წელს მსგავსი ტიპის კონტრაქტები ჰქონდათ გაფორმებული, რაც შეიძლება ინფორმაციის დაფარვის მცდელობაზე მიუთითებდეს.

 

- თბილისის მერიის კომუნიკაციების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულებები მხოლოდ ტელეკომპანია იმედთან, რუსთავი 2-სა და პოსტივისთან გააფორმა, საიდანაც თანხების 75% ტელეკომპანია იმედში კონცენტრირდა.

 

ძირითადი მონაცემები

 

64 მუნიციპალიტეტიდან IDFI-მ სარეკლამო ხარჯების შესახებ პასუხები მხოლოდ 37-დან მიიღო. მიღებული პასუხების თანახმად, სარეკლამო ხარჯი 2022 წელს არ გაუწევია 24 მუნიციპალიტეტის მერიას, მათ შორის ზუგდიდის, რუსთავისა და ბათუმის მერიებს. რაც შეეხება დარჩენილ 13 მუნიციპალიტეტს, მათგან 12-მა მერიამ 2022 წელს ჯამურად 76,703 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა, ხოლო ქალაქ თბილისის ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტომ, რომელიც თბილისის მერიასა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებს ემსახურება - 278,089 ლარის ხელშეკრულებები. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია, სხვა მუნიციპალიტეტების მერიებისგან განსხვავებით, კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით შერჩეულ ტელევიზიებთანაც აფორმებს ხელშეკრულებებს, შესაბამისად, ასეთ შემთხვევებს ცალკე განვიხილავთ.

 

 

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, 2022 წელს ყველაზე დიდი ხარჯები სარეკლამო მომსახურების შესყიდვაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ გასწია და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 39,690 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან 34,940 ლარი ტელეკომპანია “არგოს” გადაერიცხა სატელევიზიო მომსახურებისათვის, დარჩენილი თანხა კი კვირა+-სა და თავისუფალ გაზეთზე გადანაწილდა.

 

მოცემული მუნიციპალიტეტებიდან, ხელვაჩაურის მერიას ერთადერთი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რომლის შემსრულებელი შპს “მარშალპრეს.ჯი” იყო. აღნიშნული კონტრაქტის ღირებულება 2,000 ლარს შეადგენდა. ამავე ონლაინ გამოცემასთან დადო 2,200 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამაც. მარშალპრესი გამოირჩევა პრორუსული და პროპაგანდისტული მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებით.

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სარეკლამო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური 8,200 ლარიდან, მარშალ პრესის გარდა, თანხები მიიღეს შპს “MmG”-იმ და შპს,,მთავარი ამბები კახეთიდან“.

 

ამბროლაურის მერიამ ხელშეკრულება ორ მიმწოდებელთან გააფორმა, შპს კვირასთან და შპს შპს ახალ ამბებთან.

 

ამავე შპს ახალ ამბებს გაუფორმა 4,000 ლარზე მეტის ღირებულების ხელშეკრულება ფოთის მერიამაც, 600 ლარამდე ხელშეკრულება კი გაფორმდა კომპანიასთან მთავარი თემა სამეგრელოში.

 

თელავის მერიამ ახალი ამბების გავრცელებისათვის დაიქირავა მთავარი ამბები კახეთიდან, და მომსახურებაში 4,800 ლარი გადაუხადა.

 

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პორტალის მონაცემები 

 

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გარკვეული მუნიციპალიტეტების მერიებმა IDFI-ისთვის მოწოდებულ საჯარო ინფორმაციის დოკუმენტში მიუთითეს, რომ 2022 წლის მანძილზე სარეკლამო მომსახურების შესყიდვა არ განხორციელებულა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში არ დადასტურდა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პორტალით. ამასთან, ამავე პორტალიდანაა მოპოვებული მონაცემები იმ მუნიციპალიტეტების მერიებზე, რომლებმაც ორგანიზაციის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს.

 

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პორტალის მიხედვით, 2022 წელს სარეკლამო მომსახურების შესაძენად მუნიციპალიტეტებმა ჯამში 426,437 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმეს. აღსანიშნავია, რომ მოცემული მუნიციპალიტეტების მერიებიდან ნაწილმა საჯარო ინფორმაციაზე პასუხად მიუთითა, რომ 2022 წელს სარეკლამო მომსახურების შესყიდვა არ მომხდარა. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა ზუგდიდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიებში, რომლებმაც, შესყიდვების პორტალის თანახმად, სარეკლამო მომსახურებაში ჯამურად 142,337 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმეს, საიდანაც 109,919 ლარის - რუსთავის მუნიციპალიტეტმა, ხოლო 32,418 ლარის ღირებულების - ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა.

 

ხელშეკრულებების სრული უმრავლესობა ეხება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ ვიდეო მასალის მომზადებასა და გავრცელებას, ამასთან საინფორმაციო სააგენტოების მომსახურებას და მათ სოციალური ქსელებში ინფორმაციის განთავსებას.

 

ქალაქ ქუთაისის მერიამ IDFI-ის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის წერილი უპასუხოდ დატოვა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე განთავსებულია ინფორმაცია, რომელის მიხედვითაც, მერიამ 2022 წლის 20 იანვარს, ერთი წლის ვადით ტენდერის საფუძველზე 112,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა შპს ტელე-რადიო კომპანია “რიონთან”. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის მოვალეობებში შედიოდა სატელევიზიო რგოლების დამზადება, მათი სატელევიზიო და რადიო ეთერში განთავსება, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მერიის მიერ გამოქვეყნებული ელექტრონული განცხადებების გავრცელება, საკრებულოს სხდომების გაშვება ტელევიზიისა და რადიოს მეშვეობით, საკრებულოს სხდომების ტექნიკური უზრუნველყოფა და ტელეკომპანიის ფეისბუქის პირდაპირი ეთერით ღონისძიების პირდაპირი ტრანსლირება. 

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერის გზით 33,360 ლარად შეისყიდა სატელევიზიო მომსახურება შპს სამაუწყებლო კომპანია ბოლნელისგან. ხელშეკრულების პირობებში მომსახურების დეტალური აღწერა არ არის, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, ამ შემთხვევაშიც მიმწოდებელს ევალებოდა ტელე-რადიო სიუჟეტებისა და სარეკლამო რგოლების მომზადება/გაშვება, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება. 

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა IDFI-ის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მონაცემებით კი მერიამ 2022 წლის 17 იანვარს ხელშეკრულება შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ბორჯომთან” გააფორმა, რომლის ღირებულება 25,000 ლარი იყო. 

 

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ IDFI-ის მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხად მიუთითა, რომ სარეკლამო მომსახურებაზე 2022 წელს მერიას ხარჯი არ გაუწევია (სურათი#1). შესყიდვების ელექტრონული პორტალის თანახმად, მერიამ 74,694 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა სს ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიასთან, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე ვიდეორგოლების დამზადებისა და სხვადასხვა გზებით გავრცელების შესახებ. ამასთან, მერიამ 35,225 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა შპს “ინფო რუსთავთან”, რომლის ფარგლებშიც მიმწოდებელს ევალებოდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე განთავსება, ამავე გვერდზე პირდაპირი ტრანსლაციების ჩართვა და მოსახლეობის გამოკითხვა მნიშვნელოვან თემებზე და ა.შ.

 

 

(სურათი #1)

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტმაც 29,895 ლარის ღირებულების ხელშეკრულება სს ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების შინაარსი იდენტურია, რაც რუსთავის მერიის ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული. მერიამ საჯარო ინფორმაციის წერილი უპასუხოდ დატოვა.

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული პასუხი არ მოიცავდა ინფორმაციას სარეკლამო ხარჯების შესახებ, შესყიდვების ელექტრონული პორტალის მიხედვით კი მერიამ 2022 წლის მაისში იმავე სს ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიასთან გააფორმა 50,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომლის ტექნიკური დავალებაც საინფორმაციო ვიდეო რგოლების მომზადებასა და ეთერში განთავსებას მოიცავდა.

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ მსგავსი ხელშეკრულება შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-თან გააფორმა, რომლის ღირებულება 33,845 ლარს შეადგენდა და მისი ტექნიკური დავალება შემდეგ აქტივობებს მოიცავდა:

 

- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის მიღება და გადაცემა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 27000 წუთი;

 

- საინფორმაციო გადაცემის მომზადება, საკრებულოს სხდომებისა და მერიის თათბირების, კულტურული და სპორტული, საზოგადოებრივი და სოციალური საკითხების გაშუქება (გაშუქება უნდა მოხდეს სტუდიაში წამყვანის მიერ და შემდეგ მოხდეს რეპორტაჟის გაშვება), რომელზეც უნდა მუშაობდეს არანაკლებ ორი გადამღები ჯგუფი - 3880 წუთი;

 

- მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განცხადებების გადაცემა ეთერში (მორბენალი სტრიქონი) - 3000 (სიტყვების რაოდენობა ცალი);

 

- პირდაპირი ეთერის ჩართვა შემთხვევის ადგილიდან (შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე) - 300 წუთი;

 

- კვირაში ერთხელ მომზადდეს და გაშუქდეს 20-25 წუთიანი გადაცემები კულტურულ, სპორტულ, სოციალური და სხვა თემებზე გადაცემაში მონაწილეობა უნდა მიიღოს მოწვეულმა სტუმარმა. ტელევიზიის საშუალებით გაშუქებული გადაცემები ასევე უნდა განთავსდეს ინტერნეტ სივრცეში Facebook, youtube - 203 წუთი.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ IDFI-ის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხში მიუთითა, რომ 2022 წელს სარეკლამო მომსახურებაზე ხარჯები არ გაწეულა (სურათი #2). თუმცა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე ხელმისაწვდომია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2022 წლის 6 აპრილს გაფორმებული 32,418 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს პიარ საკონსულტაციო ჯგუფთან, რომლის ფარგლებშიც კომპანიას ევალებოდა 9 თვის მანძილზე სხვადასხვა საინფორმაციო არხებით (მათ შორის: ipn.ge, livepress.ge, newsportal.ge და ა.შ.) გაევრცელებინა ინფორმაცია მერიის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების შესახებ. ამასთან, კომპანიას ევალებოდა მერიის საქმიანობისა და ღონისძიებების ფოტო და ვიდეო გადაღება და მომზადება (მოთხოვნის შესაბამისად); სტატიების (სტატიების ციკლის) მომზადება და გამოქვეყნება (მოთხოვნის შესაბამისად); კომპანიის წილის ერთადერთი მესაკუთრე და კომპანიის დირექტორი გივი ხაჭაპურიძეა. ის 2021 წელს ცესკოს მიერ შექმნილ ინფორმაციის დაცულობის ცენტრს ხელმძღვანელობდა. მანამდე მისი საქმიანობა ბაზარზე ძირითადად მედია მონიტორინგისა და პიართან დაკავშირებული სერვისების მიწოდებას გულისხმობდა. ცესკოში მუშაობის დაწყებამდე, გივი ხაჭაპურიძე ასევე იყო „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) მოწვეული ექსპერტი. 

 

სურათი (#2)



თბილისის მერიის სარეკლამო ხარჯები 

 

თბილისის მერიის სარეკლამო ხარჯებს ა(ა)იპ “საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო” განკარგავს, რომელიც 2018 წლის თებერვალში შეიქმნა. სააგენტოს მიზანია თბილისის მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკომუნიკაციო სისტემების შექმნა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება, საკომუნიკაციო პროექტების განხორციელება და თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაა. საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტომ 2022 წელს სარეკლამო მომსახურებასთან დაკავშირებით 278,089 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით შერჩეულ ტელევიზიებთან აფორმებს ხელშეკრულებებს. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში სხვადასხვა ტელევიზიაში თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

 

როგორც დიაგრამიდან ჩანს, სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების უმეტესობა - 74.6% (118,720 ლარი) ტელეკომპანია იმედზე მოდის, ხოლო 18% (28,728 ლარი) რუსთავი ორზე და 7.4% (11,718 ლარი) პოსტივიზე.

 

გარდა კონსოლიდირებული ტენდერით გათვალისწინებული სატელევიზიო მომსახურების შესყიდვისა, სააგენტომ დამატებით გამარტივებული შესყიდვით 6,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის დროებით შეცვლილი სქემის შესახებ ვიდეორგოლის განთავსების მომსახურების შესახებ.

 

კომუნიკაციის სააგენტომ 62,370 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა “აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კავკასუსთან”, რომლის ფარგლებშიც კომპანიას ევალებოდა მედიამონიტორინგის განხორციელება, როგორც ტელე-რადიო, ისე ონლაინ და ბეჭდურ მედიაზე და არანაკლებ 4 საინფორმაციო სააგენტოს მომსახურების უზრუნველყოფა.

 

კომუნიკაციების სააგენტომ თბილისის მერიის, მისი სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების, გამგეობებისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების აქტივობების ფეისბუქსა და ინსტაგრამზე დასპონსორებისათვის გამარტივებული შესყიდვის ფორმით 70,000 ლარის დახარჯვის უფლება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით მიიღო. ბრძანება 2022 წლის აპრილში გამოიცა და თანხის ათვისება 2023 წლის ბოლომდეა შესაძლებელი. ამ ეტაპზე კომუნიკაციების სააგენტოს ფაქტობრივად 10,136 ლარი აქვს გადახდილი, საიდანაც 410 ლარის გადახდა 2023 წელს მოხდა.

 

დასკვნა

 

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ გარკვეულმა მუნიციპალიტეტებმა, რომლებმაც საჯარო ინფორმაციაში მიუთითეს, სარეკლამო ხარჯების არარსებობის შესახებ, IDFI-ის სრულყოფილი ინფორმაცია არ მიაწოდეს, რაც შეიძლება ინფორმაციის დაფარვის მცდელობაზე მიუთითებდეს. კერძოდ, რუსთავისა და ზუგდიდის შემთხვევაში, ორივე მერიამ ორგანიზაციას უპასუხა, რომ მსგავსი ხარჯი 2022 წელს არ ყოფილა გაწეული, თუმცა შესყიდვების ელექტრონული პორტალის თანახმად, აღნიშნულ მერიებს სარეკლამო მომსახურების კონტრაქტები უფიქსირდებათ.

 

მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ონლაინგამოცემა მარშალპრესთან, რომელიც გამოირჩევა რუსული სამთავრობო და პროპაგანდისტული მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებით.

 

ამასთან, თბილისის მერიის კომუნიკაციების სააგენტოს მიერ რეკლამაზე გაწეული ხარჯების უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია მაღალრეიტინგულ ტელევიზიებზე, საიდანაც ყველაზე დიდი წილი - 75% - ტელეკომპანია იმედზე მოდის, რომელიც შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის ერთადერთი გამარჯვებული იყო. რაც შეეხება პოსტივისა და რუსთავი 2-ზე განთავსებულ რეკლამებს, აღნიშნული ორივე კომპანია 2-10% რეიტინგიანი ლოტის ფარგლებში იყო კონსოლიტირებული ტენდერის გამარჯვებული, ამავე ლოტში კომუნიკაციების სააგენტოს ჰქონდა შესაძლებლობა ხელშეკრულება გაეფორმებინა სხვა გამარჯვებულთან, ტვ პირველთანაც, რომელიც კრიტიკული მედიის წარმომადგენელია, თუმცა როგორც ხელშეკრულებებიდან ჩანს, ყველა შემთხვევაში არჩევანი პროსახელისუფლებო მედიაზე შეჩერდა.

 

___

 

 

ანალიზი  მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, Luminate-ის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

რუსული კანონის რეპრესიული ეფექტები

20.05.2024

ინტერვიუ “ესიმდე”-ს დამფუძნებელთან ყირგიზეთში “უცხოეთის აგენტების” კანონის შესახებ

20.05.2024

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023