სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა EBRD-ის ბენეფიციარ ქვეყნებში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 25 დეკემბერი 2015

შესავალი


მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ნდობის არსებობას მმართველობის სასამართლო შტოს მიმართ და წარმოადგენს ერთ-ერთ გარანტიას იმისა, რომ დაცულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. მსგავს მიდგომას ავითარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მის არაერთ გადაწყვეტილებაში (Pretto&Others v Italy, Werner v Austria და Szucs v Austria). ამასთან ეუთოს კიევის რეკომენდაციებში აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ (ნაწილი 3, სექცია 32) აღნიშნულია, რომ სასამართლო პროცესები უნდა წარიმართოს საჯაროდ, ხოლო მოსამართლეთა პროფესიონალიზმისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყვეტილებები უნდა ქვეყნდებოდეს შესაბამის მონაცემთა ბაზებში ონლაინ. სამართალწარმოების, მათ შორის სხდომათა საჯაროობის საკითხებს ეხება ადამიანის უფლებათა კომიტეტის სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტიც, რომელიც აღნიშნავს, რომ სასამართლოთა მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სხდომების ღიაობა, და იმ შემთხვევაშიც კი თუ კონკრეტული ინტერესის დაცვის (მაგ. არასრულწლოვანთა ინტერესები) მიზნით სხდომა დაიხურება სასამართლო გადაწყვეტილება უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწორედ სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის საკითხს ეხება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სამართლებრივი ჟურნალის 2015 წლის ოქტომბრის გამოშვებაში გამოქვეყნებული შედარებითი ანალიზი - სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა EBRD-ის ბენეფიციარ ქვეყნებში. კვლევა მოიცავს 27 გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნის შეფასებას მოცემულ რეგიონში, კერძოდ სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა შეფასებულია შემდეგი ქვეყნების მაგალითზე: ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბოსნიადაჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ეგვიპტე, თურქეთი, კვიპროსი, კოსოვო, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, მონღოლეთი, მოროკო, რუმინეთი, რუსეთი, საქართველო, სერბეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, ტუნისი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ხორვატია და იორდანია. კვლევის მიზნებისთვის სპეციალური კითხვარი გაგზავნილ იქნა 92 რესპოდენტთან, რომლებიც წარმოადგენდნენ ექსპერტებს მოცემულ სფეროში და ქონდათ სასამართლო სისტემის გამჭვირვალობაზე მუშობის ფართო გამოცდილება. დაკვირვებები და შეფასებები, რომლებიც მოცემულ სტატიაში საქართველოში არსებულ მდგომარეობას აფასებს ეფუძნება IDFI-ს მიერ შევსებულ კითხვარს, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ IDFI-ს ექსპერტებმა გააცნეს სტატიის ავტორებს საქართველოში არსებული მდგომარეობა სპეციალური კითხვარის შევსების გზით. როგორც ეს სტატიის შესავალშია ხაზგასმული სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა, მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეთა მაღალი ნდობის ჩამოყალიბების ისე ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისთვის. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განსაკუთრებული ინტერესი შეისწავლოს სასამართლო სისტემის ფუნქციონირება იმ ქვეყნებში სადაც ორგანიზაცია ახორციელებს არა ერთ მაღალ ბიუჯეტიან პროექტს.

 

სასამართლო გადაწყვეტილებათა ონლაინ ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებათა სარეზოლუციო ნაწილის საჯაროდ გამოქვეყნების, სასამართლო გადაწყვეტილებათა დაშტრიხვის პრაქტიკისა და სასამართლოს გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხიმგებელი პირებთან დაკავშირებით, ქვეყნებში არსებული რეგულაციებისა და პრაქტიკის შესწავლით კვლევის ავტორებმა წარმოადგინეს სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის ინდექსი, რომლის მიხედვითაც საქართველომ 27 შეფასებულ სახელმწიფოს შორის 15-ე პოზიცია დაიკავა.

 

სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ, მნიშვნელოვნად გაუარესდა მდგომარეობა კვლევის დასრულების შემდგომ. კერძოდ, 2015 წლის მიწურულამდე თბილისის საქალაქო სასამართლო ყოველი მოთხოვნის შემთხვევაში სრულყოფილი სახით გვაწვდიდა სასამართლო გადაწყვტილებათა ასლებს, თუმცა მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, როდესაც დამკვიდრდა გადაწყვეტილებათა გაცემაზე პერსონალურ მონაცემების დაცვის არგუმენტაციაზე მითითებით უარის თქმის პრაქტიკა. შესაბამისად სავარაუდოა, რომ საქართველოს დღეის მდგომარეობით არსებული ვითარების შეფასების პირობებში სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა ქვეყანაში საგრძნობლად დაბალი ქულით იქნებოდა შეფასებული.

 

ქვემოთ მოკლედ იქნება განხილული სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის მხრივ არსებული მდგომარეობა დასახელებულ 27 გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანაში. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული საქართველოს შედარებაზე მის სამეზობლო სივრცეში მყოფ ქვეყნებთან, არსებულ ხარვეზებსა და გამოწვევებზე.

 

- სასამართლო გადაწყვეტილებათა ონლაინ ხელმისაწვდომობა

 

სასამართლო გადაწყვეტილებათა ონლაინ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სტატიაში ხაზგასმულია რომ აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნაში დანერგილია პრაქტიკა, როდესაც ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნდება ვებ-გვერდზე. შესაბამისად ისინი ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებთან დაკავშირებით, აღნიშნულია, რომ მოცემულ ქვეყნებში სასამართლო გადაწყვეტილებები ონლაინ ხელმისაწვდომია მხოლოდ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების შემთხვევაში. ავტორების აზრით აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირების მიმართ. შესაბამისად რეკომენდაციის სახით აღნიშნულია, რომ აუცილებელია მეტი ძალისხმევა, რათა საზოგადოებას ქონდეს წვდომა არამარტო ზემდგომი არამედ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებებზეც.  ხაზგასმულია ასევე ისიც, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების შემთხვევაში შეფერხებები შეინიშნება სასამართლო სისტემის ღიაობის მხრივ, იმ თვალსაზრისით, რომ მესამე პირთათვის არ არის ხელმისაწვდომი დამატებითი დოკუმენტაცია, როგორიცაა საქმის მასალები.


სასამართლო გადაწყვტილებათა ონლაინ ხელმისაწვდომობის მიმოხილვისას, დადებითად არის შეფასებული კვიპროსში არსებული პრაქტიკა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ქვეყანაში არ არის კანონმდებლობით განმტკიცებული სასამართლოთა ვალდებულება გამოაქვეყნონ ყველა გადაწყვეტილება, პრაქტიკაში სამივე ინსტანციის სასამართლოთა მიერ ხდება ყველა გადაწყვეტილების ატვირთვა შესაბამის ვებ-გვერდზე.


პოზიტიურად არის, ასევე შეფასებული 2010 წელს მაკედონიის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სასამართლო დოკუმენტაციის მართვის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოქვეყნებას საკუთარ ვებ-გვერდზე. თუმცა კვიპროსისგან განსხვავებით მაკედონიაში შეინიშნება პრობლემები პრატიკაში, რადგან არ ხდება მიღებული კანონის სრული იმპლემენტაცია.

 

- სასამართლო გადაწყვეტილებათა დაშტრიხვა

 

სასამართლო გადაწყვეტილებათა დაშტრიხვასთან დაკავშირებით კვლევაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უმეტეს ნაწილში გადაწყვეტილებები ქვეყნდება სრული სახით, დაშტრიხვის გარეშე. გამონაკლის ამ მხრივ წარმოადგენენ აზერბაიჯანი და საქართველო რომელთა შემთხვევაშიც სასამართლო გადაწყვეტილებები ქვეყნდება კერძო პირების სახელებისა და გვარების დაფარვით. მოცემულ ქვეყნებში საერთო სასამართლოებისგან განსხვავებული მდგომარეობაა საკონსტიტუციო სასამართლოების შემთხვევაში, სადაც კანონმდებლობა პირდაპირ ავალდებულებს საკონსტიტუციო სასამართლოებს სრული სახით გამოაქვეყნონ გადაწყვეტილებები.


მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა სასამართლო გადაწყვეტილებებს აქვეყნებენ დაშტრიხული სახით. თუმცა, ამასთან მოცემული ქვეყნები უზრუნველყოფენ იმას, რომ ყველა ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება იტვირთება შესაბამის ვებ-გვერდზე და შექმნილია მომხმარებელზე ორიენტირებული საძიებო ბაზები.


მიუხედავად ზემოაღნიშნულისა კვლევაში განსაკუთრებით პოზიტიურად არის შეფასებული ისეთ ქვეყნებში არსებული პრაქტიკა, სადაც გადაწყვეტილებები ქვეყნდება სრული სახით სახელებისა და გვარების დაშტრიხვის გარეშე. მსგავსი პრაქტიკა შეინიშნება ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა სომხეთი, კვიპროსი ბოსნია და ჰერცოგოვინა.

კვიპროსში გადაწყვეტილებების გამოქვეყნება ხდება სრული სახით, მხარეების სახელებისა და გვარების დაფარვის გარეშე. გადაწყვეტილებათა მარტივი მოძიებისთვის კი შექმნილია მომხმარებელზე ორიენტიერებული საძიებო სისტემა.

 

 

 

 

მსგავსი მიდგომით ხასიათდება სომხეთიც, სადაც შექმნილია სპეციალური სასამართლო პორტალი. პორტალზე ქვეყნდება, როგორც ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ისე სხდომათა დღის წესრიგი, შესაძლებელია სასამართლო ბაჟის გადახდა და სხვა სერვისებით სარგებლობა. კვლევაში ხაზგასმულია და დადებითად არის შეფასებული ჩვენს მეზობელ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის სრული სახოთ მხარეთა პერსონალური მონაცემების დაფარვის გარეშე.

 

 

 

გადაწყვეტილებათა სრული სახით გამოქვეყნება უზრუნველყოფილია ასევე ბოსნია და ჰერცოგოვინაში.

 

 

 

 

- გადაწყვეტილებათა სარეზოლუციო ნაწილის საჯაროდ გამოქვეყნება

 

სასამართლო გადაწყვეტილებათა სარეზოლუციო ნაწილის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული მიდგომა განსაკუთრებით დადებითად არის შეფასებული. კერძოდ საქართველოს კონსტიტუცია ისევე, როგორც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლოს სხდომები ტარდება დახურულად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ყველა შემთხვევაში ცხადდება საჯაროდ. მოცემულ საკანონმდებლო რეგულაციებსა და ქვეყანაში არსებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით EBRD-ის ექსპერტები ასკვნიან, რომ სასამართლო გადაწყვეტილებათა სარეზოლუციო ნაწილის ხელმისაწვდომობის მხრივ საქართველო არის ბევრად პროგრესული ვიდრე რეგიონის დანარჩენი ქვეყნები.


კვლევაში უარყოფითად არის შეფასებული რუსეთში, კოსოვოში, ბულგარეთში, სერბეთსა და უკრაინაში არსებული მდგომარეობა, სადაც ნაცვლად სასამართლო გადაწყვეტილებათა სრული ტექსტის გამოქვეყნებისა შესაბამის ვებ-გვერდებზე, ხდება მხოლოდ გადაწყვეტილებათა ნაწილების, მაგ. მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ატვირთვა. აღნიშნული პრაქტიკა კი ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას. სტატიის ავტორები განსაკუთრებით პრობლემურად აფასებენ აღნიშნულ ქვეყნებში დაფიქსირებულ რამდენიმე შემთხვევას როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებათა მიწოდებაზე უარი ეთქვათ ჟურნალისტებს.

 

 

- ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხიმგებელი პირები

 

სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნების უმეტეს ნაწილში არ არსებობს სპეციალური ორგანო თუ პირი, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობას და დახმარებას უწევს შესაბამის განმცხადებლებს გადაწყვეტილებათა მოთხოვნის პროცესში. აღნიშნული მიდგომა შეინიშნება ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა: ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, კვიპროსი, მაკედონია, კოსოვო, მონტენეგრო და სერბეთი. სხვა ქვეყნების შემთხვევაში სასამართლოებში შექმნილია სპეციალური დეპარტამენტები, რომლებიც პასუხიმგებელნი არიან გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. საქართველოს შემთხვევაში კი არსებული მდგომარეობით სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები.

 


დასკვნა


კვლევამ ცხადყო, რომ სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ საქართველოში არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები. განსაკუთრებით პრობლემურად არის შეფასებული ის, რომ გადაწყვეტილებათა ონლაინ გამოქვეყნება ხდება მხოლოდ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოთა შემთხვევაში. ნაშრომში აღნიშნულია, რომ აუცილებელია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებები. აღნიშნული განსაკუთრებით ყურადსაღებია თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი მიდგომა არსებობს აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ასევე მართალია კვლევა არ საუბრობს სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის პრაქტიკაზე სასამართლოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალში განხორციელებული მსგავსი შედარებითი ანალიზი ასახავს საქართველოში სასამრთლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის საგრძნობლად გაუარესებულ პრაქტიკას და ქვეყანა ამ მხრივ ჩამოუვარდება არათუ ევროპის, არამედ მის რეგიონში მდებარე ქვეყნების მაჩვენებლებს. აღნიშნულის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ის, რომ 2015 წლის მიწურულამდე თბილისის საქალაქო სასამართლო ყოველი მოთხოვნის შემთხვევაში სრულყოფილი სახით გვაწვდიდა სასამართლო გადაწყვტილებათა ასლებს, თუმცა მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, როდესაც სასამართლო უარს ამბობს გადაწყვეტილებათა გაცემაზე პერსონალურ მონაცემების დაცვის არგუმენტაციაზე მითითებით. მსგავსი გაუარესებული პრაქტიკა განსაკუთრებული რისკების მატარებელია, იქიდან გამოდინარეც, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა უარყოფითად აისახება მათ შორის ინვესტორთა ნდობის ხარისხზე ჩვენი ქვეყნის მიმართ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024