საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2021

სიახლეები | კვლევები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 23 მაისი 2022

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) 2010 წლიდან ახორციელებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს. IDFI-ის სისტემურმა მონიტორინგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი ტენდენციებისა და პრობლემების გამოვლენაში, საზოგადოებრივი კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვაში, საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულებისა და ღია მმართველობის განვითარებაში.

 

2021 წელი, წინა წლის მსგავსად, ქვეყანაში  COVID 19 პანდემიით შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გათვალისწინებით, გამორჩეული იყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობით. პანდემიის ფონზე, კვლავ მნიშვნელოვნად იყო მომატებული საბიუჯეტო სახსრების გაუმჭვირვალე და არარაციონალური განკარგვის რისკები, რაც განპირობებული იყო,  ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევებით, საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდით, სატენდერო პროცედურების გარეშე განხორციელებული შესყიდვებით და სხვა.

 

2021 წელს, ქვეყანაში მოქმედ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს, წინა წლისგან განსხვავებით [1], არ გამოუწვევია საჯარო ინფორმაციის გაცემის სამართლებრივი  შეზღუდვა. თუმცა, 2021 წელს კვლავ დღის წესრიგში რჩებოდა პანდემიასთან თანმდევი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  შეზღუდვასთან დაკავშირებული სხვა გამოწვევები.  მაგალითად, კვლავ აქტუალური იყო  პანდემიის სპეციფიკით გამოწვეული სირთულეები, რაც დაკავშირებული იყო  საჯარო მოსამსახურეების მიერ დისტანციური სამუშაო რეჟიმში მუშაობასთან, სხვადასხვა უწყებაში ვირუსის შესაძლო გავრცელებასთან, კონკრეტული უწყების პანდემიასთან ბრძოლის პროცესში უშუალო ჩართულობასთან და სხვა მსგავს ფაქტორებთან, რომელიც  აბრკოლებდა  ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის საჭირო სამუშაო რესურსის მობილიზებას.  ამასთან,  არაკეთილსინდისიერი მოხელეებისთვის  კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობა, შესაძლებელია გამხდარიყო საჯარო ინფორმაციის შეზღუდვის დამატებითი მოტივი. 

 

2021 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის ირიბ სამართლებრივ შეზღუდვას წარმოადგენდა, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეების სიმრავლე, რაც თავის მხრივ განაპირობებდა მსგავსი დღეების განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების სამართლებრივ შეჩერებას.

 

პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევების მიუხედავად, IDFI-იმ 2021 წელსაც აქტიურად გააგრძელა საჯარო დაწესებულებების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგი. საჯარო დაწესებულებათა ყველაზე ღია თუ დახურულ უწყებად დასახელების მრავალწლიანი უწყვეტი პრაქტიკა, ხელს უწყობს, მსგავს არაორდინალურ სიტუაციებშიც  ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას და საჯარო სექტორში ჯანსაღი კონკურენციის წახალისებას.

 

წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება 2021 წლის მონაცემებით.   ანგარიში ასევე, მოიცავს 2010-2021 წლებში საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს. 

 

რეიტინგების შედგენისას გამოყენებულ იქნა IDFI-ს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეფასების 2011 წელს შემუშავებული მეთოდოლოგია და კრიტერიუმები[2].

 

2021 წელს მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა საჯარო სექტორში ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დაიწყო, 2017 წელს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფორმატში აღბული ვალდებულების განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ე.წ. 10 დეკემბრის ანგარიშების განხილვის პროცედურების და რეაგირების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას.  წინამდებარე ანგარიშში ასევე მიმოხილულია, აღნიშნული პროცესის ფარგლებში IDFI-ს მიერ განხორციელებული კვლევის შედეგები და  მისი როლი საქართველოს პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნაში.

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2021 წელს 285  საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 8 446 მოთხოვნიდან  IDFI-იმ  პასუხი მიიღო 6,961 განცხადებაზე (82%);

 

- 2021 წელს საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილი 8 446 მოთხოვნიდან, IDFI-იმ  10 დღიანი ვადის დაცვით ინფორმაცია მიიღო  4,545 შემთხვევაში (54%);

 

- 2021 წელს საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (28%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა შიდა აუდიტის ანგარიშების მოწოდებაზე;

 

- 2021 წელს, კვლავ განსაკუთრებით პრობლემური იყო ისეთი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება, რომლებიც პანდემიასთან იყო კავშირში და შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.მაგ, ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა  კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვაზე გაწეული ხარჯების, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის დროს კორონავირუსის დადასტურების შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე და სხვ.

 

- 2021 წელს დაწესებულებათა კატეგორიების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს ან უარი განაცხადეს ინფორმაციის მოწოდებაზე სახელმწიფო შპს-ებმა და ა(ა)იპებმა (80% უპასუხო, უარი); ხოლო, სრულყოფილი პასუხების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (84% სრულყოფილი) დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებათა ჯგუფში, რომელიც აერთიანებს: აჭარის ა/რ-ის მთავრობასა და სამინისტროებს, აგრეთვე აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობასა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას.

 

- 2021 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით  13-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა (მათ შორის,  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სახალხო დამცველის აპარატმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა); 

 

- 2021 წელს ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით გამცემი უწყებების რიცხვი6-ით შემცირდა.

 

- 2021 წელს, IDFI-ის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად  შეფასდა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო;

 

- 2021  წელს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს  გარდა, კიდევ 14 დაწესებულება (მათ შორის 14 ადგილობრივი თვითმმართველობის მერია და საკრებულო) აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც  IDFI-ის ყველა განცხადება უპასუხოდ დატოვა;

 

- ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (95,93%)  და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  - (95,65%)  ხოლო ყველაზე დაბალი მთავრობის ადმინისტრაციამ  (30,44%) და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ (0%);

 

- 2021 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით ორი პროცენტით გაუმჯობესდა (82%);

 

- 2021 წელს, წინა წელთან შედარებით  სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 2%-ით  გაიზარდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების მაჩვენებელი კი 4%-ით შემცირდა.

 

- 2021 წელს სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებების მიერ უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 25%-ით შემცირდა, ხოლო თვითმმართველი ერთეულების მიერ უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 10%-ით გაიზარდა.

 

- 2021 წელს  საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის მაჩვენებელი 5%-ით გაუმჯობესდა და  54% შეადგინა.  მიუხედავად პროგრესისა, აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის გარდა, 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია.

 

დასკვნა

 

2021 წელს განხორციელებული IDFI-ის მონიტორინგის შედეგების თანახმად ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით 2%-ით  გაუმჯობესდა. მცირედით გაუმჯობესებული მაჩვენებელი, ერთის მხრივ შესაძლებელია შეფასდეს როგორც პანდემიის შედეგად საჯარო დაწესებულებებში შექმნილი  არაორდინალური სიტუაციის გავლენის შესუსტება, ხოლო მეორეს მხრივ ცალკეული უწყებების (მაგალითად იუსტიციის სამინისტროს მთლიანი სისტემა) წლების განმავლობაში დამკვიდრებული დაბალი ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესებით, რაც დადებითად აისახა საქართველოს საჯარო სექტორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთო მაჩვენებელზე. 

 

2021 წელს  გაგზავნილ წერილებზე მიღებული პასუხების მაჩვენებლით (82%) კვლავ, შენარჩუნებულია 2014  წლის შემდეგ დამკვიდრებული 80%-იანი კრიტიკული ზღვარი, რაც  უმეტესწილად,  ცალკეული საჯარო დაწესებულებების მაღალი ანგარიშვალდებულებით არის განპირობებული.  კერძოდ, ისეთი, საჯარო დაწესებულებები როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი და სხვა  წლების განმავლობაში (მათ შორის კრიზისული მდგომარეობის დროს) ინარჩუნებდნენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელს და  ჯეროვნად ასრულებენ საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას.

 

2021 წლის მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი ტენდენციები აჩენს კითხვებს ზოგიერთ უწყებაში ანგარიშვალდებულების მექანიზმების ინსტიტუციურ მდგრადობასთან დაკავშირებით. მაგალითად, მინისტრ თეა წულუკიანის ცვლილების შემდგომ, იუსტიციის სამინიტრომ  2021 წელს გასცა ისეთი საჯარო ინფორმაცია რომელიც, მისი ხელმძრვანელობის პირობებში დახურული იყო დაინტერესებული პირებისათვის. ამასთან, თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, სამინიტრომ აღარ გასცა ისეთი ინფორმაცია, რომელსაც ამ სამინისტროდან (კულტურის და სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფამდე) შეუფერხებლად იღებდა წინა წლებში.  ანგარიშვალდებულების მექანიზმების ინსტიტუციურ მდგრადობის პრობლემებთან შესაძლებელია დაკავშირება, ზოგიერთი  მუნიციპალური  ორგანოს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში  მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება. შედეგად, 2021 წელს თვითმმართველი ერთეულების მიერ უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 10%-ით გაიზარდა.

 

პიროვნული და მოსალოდნელი პოლიტიკური ცვლილებების ფაქტორის გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს საჯაროობის ხარისხზე, ცალსახად მიუთითებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით ქვეყანაში ქმედითი მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.

 

2021 წელს,  განსაკუთრებით პრობლემურად უნდა შეფასდეს, ისეთი საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აკისრიათ ქვეყანაში დემოკრატიული  ღირებულებების დაცვის ხელშეწყობაში. მაგალითად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია რომელიც  პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა,  უნდა წარმოადგენდეს მოქალაქეთა ინფორმირების შეუფერხებელ წყაროს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინიტრო  მისი საერთაშორისო რეპუტაციის მნიშვნელობის და მათ მიერ ადმინისტრირებული საბიუჯეტო სახსრების მოცულობის გათვალისწინებით, უნდა გამოირჩეოდნენ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით.

 

ბოლო წლების პრაქტიკა ნათლად აჩვენებს სახელმწიფო შპს-ების და ა(ა)პების მიერ  ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას.  მიუხედავ იმისა, რომ ეს უწყებები და ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში ასრულებენ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, განკარგავენ საჯარო ფინანსებს, IDFI-ს მიერ გაგზავნილ მოთხოვნებს ძირითად შემთხვევაში  ან უპასუხოდ ტოვებენ ან განმარტავენ რომ ისინი არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოს და მათზე არ ვრცელდება საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება. ამ მხრივ, შესაძლებელია სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდეს 2020 წელს IDFI-ს მიერ  ა(ა)იპ მედია აკადემიასთან დაწყებული სასამართლო დავა, რომლის ფარგლებში პირველი და მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებით აღნიშნულ უწყებას  დაევალა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, 2021 წელს ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა საჯარო სექტორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თემატური მოკვლევის დოკუმენტში ასახული  IDFI-ის რეკომენდაციების სისრულეში მოყვანა, გააჩენს შესაძლებლობას ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის ეფექტიანობისა და მასშტაბის გაზრდის კუთხით.

 

_____

 

[1]2020 წლის 21 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის მოქმედების ვადით შეიზღუდა კონსტიტუციით გარანტირებული ცალკეული უფლებები. მათ შორის, შეჩერდა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები. ვადის შეჩერება გავრცელდა იმ შემთხვევებზეც, როდესაც საჯარო ინფორმაცია მოთხოვნილ იქნა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე და არ იყო გასული ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილი ვადა. საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა, შესაბამისად 2020 წელს  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 2 თვით იყო შეჩერებული.

[2]იხ. IDFI- ანგარიში - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 2017 წელს - გვ3; გვ17.

 

 

 

/public/upload/Analysis/Access to Public Information in Georgia 2021.pdf

 

 

 

/public/upload/Analysis/one-pager_GEO-piblic information 2021.pdf

 

 

მოცემული მასალის მომზადებადა ფინანსებულია შვედეთის საერთაშორის ოგანვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024