1986 წლის 26 აპრილს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე მსოფლიო ატომური ენერგეტიკის სფეროში უმსხვილესი ავარია მოხდა. ამ შემთხვევის შედეგებს მსოფლიო, მათ შორის საქართველო, დღემდე იმკის. აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური ნივთიერებებით – ურანის იზოტოპით, პლუტონიუმით, სტრონციუმით დაბინძურება გამოიწვია. ამან გამოიწვია მოსახლეობაში სიკვდილიანობის ზრდა და დაავადებების დიდი ტალღა. ჩერნობილის კატასტროფა შეფასებულია უდიდეს ავარიად ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურების ხარისხითა და ეკონომიკისათვის მიყენებული ზიანით.
რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურდა 200,000 კმ²-ზე მეტი ტერიტორია, ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა მოიცვა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელარუსის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200,000 ადამიანი. რადიოაქტიური ნივთიერება ვრცელდებოდა ჰაერით.
ჩერნობილის კატასტროფა, რაკი ის ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა სიძლიერისა თუ სამეცნიერო სფეროში უპირატესობის ნარატივს, საფრთხეს უქმნიდა საბჭოთა კავშირის პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც მაქსიმალურად ცდილობდნენ, ყველაფერი იდეალურად წარმოეჩინათ. ამის გამო დიდი ხნის განმავლობაში სსრკ-ში ცდილობდნენ ჩერნობილის შესახებ ინფორმაცია არ გაევრცელებინათ და მისი თანმდევი შედეგებიც შეერბილებინათ.
ჩერნობილის განადგურებული №4რეაქტორი. ფოტო: IAEA Imagebank.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე ნინო ჩხობაძეს – 1993-1995 წლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეს, ხოლო 1995-2004 წლებში – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, ესაუბრა ჩერნობილის კატასტროფასა და მის შედეგებზე ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე 1990-იან წლებში საქართველოში, ძირითადად, საბჭოთა კავშირის სამხედრო ბაზებში დარჩენილ რადიაციის წყაროებზე, რომელთა გაუვნებელყოფისთვის სახელმწიფომ აქტიური კამპანია აწარმოა.
ანტონ ვაჭარაძე: მოგესალმებით, ჩვენი ორგანიზაცია – IDFI თავისი საქმიანობით ცდილობს, ხელი შეუწყოს დემოკრატიის პრინციპების განმტკიცებას საზოგადოებაში და ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლებას, მისი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საბჭოთა წარსულის კვლევა. სწორედ ამ კონტექსტში ვისაუბროთ ჩერნობილის კატასტროფის 35 წლისთავთან დაკავშირებით. იმ დროს თქვენ უკვე იყავით გარემოსდაცვითი საქმიანობით დაკავებული?
ნინო ჩხობაძე: არა, მაშინ სტუდენტი ვიყავი, ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი, თუმცა შემდგომ ეტაპზე, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, დავიწყეთ მუშაობა ჩერნობილის კატასტროფის შედეგებზე და ვიძიებდით, თუ რა მოხდა, ვეცნობოდით, რა კვლევები არსებობდა, თუნდაც დასავლეთ საქართველოში ჩატარებული მოქმედებების გარშემო.
ანტონ ვაჭარაძე: როდის გაიგეთ პირველად ამ კატასტროფის შესახებ და როდის გახდა ცხადი თქვენთვის ამ მოვლენის რეალური მნიშვნელობა?
ნინო ჩხობაძე: მაშინ ძალიან აქტიური სტუდენტი ვიყავი და ვმუშაობდი კომკავშირში, მაშინდელ ახალგაზრდულ გაერთიანებაში და კარგად მახსოვს სტუდენტების მობილიზების პროცესი სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის. ზაფხულის პერიოდში, როდესაც შრომით ბანაკებში გაწვევა მიმდინარეობდა, კომკავშირის ცეკა აგროვებდა სტუდენტებს უნივერსიტეტებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან.
ანტონ ვაჭარაძე: თქვენი პედაგოგიური ინსტიტუტიც ჩაერთო ამ პროცესში?
ნინო ჩხობაძე: პედაგოგიურს, ისევე როგორც სხვა უნივერსიტეტებს, დაევალა რაზმების შეკრება. თქვენ წარმოიდგინეთ, იყვნენ მოხალისეებიც, ნამდვილი მოხალისეები, რადგან ჩვენ გვქონდა სათანადო შინაგანი განწყობა, არ იყო საჭირო დაძალება, ადამიანები მიდიოდნენ სურვილის შემთხვევაში.
ანტონ ვაჭარაძე: მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რაც მოხდა, მაინც აპირებდნენ მოხალისეებად წასვლას? ვერ აცნობიერებდნენ საფრთხეს, თუ რა იყო ამის მიზეზი?
ნინო ჩხობაძე: არ ვიცი, კარგ შემთხვევაში შრომითი სემესტრები ანაზღაურებადი იყო და იმ დროს გადაწყვიტეს, რომ ეს ანაზღაურებაც მიეცათ.
ანტონ ვაჭარაძე: როგორც ცნობილია, ანაზღაურება საკმაოდ სოლიდური იყო...
ნინო ჩხობაძე: არ ვიცი, მასშტაბები არ მახსოვს. მახსოვს კარგად, რომ მაშინდელი რექტორის მითითებით, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს შრომითი რაზმი არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა ზონასთან ახლოს, დასხივების რისკის ქვეშ. მეორე მხრივ, მე ინფორმაცია მქონდა ოჯახიდან – მამა ექიმი იყო, რომ აგრეთვე ხდებოდა ექიმების მობილიზება. ექთნებს ეკითხებოდნენ, ვის ჰქონდა წასვლის სურვილი, ზოგიერთმა მზაობა გამოხატა. ჩემი ოჯახი ძალიან შეშფოთებული იყო ამის გამო. მამას საავადმყოფოდან, სადაც იგი მთავარი ექიმი იყო, არავინ წასულა. ის ცდილობდა, არავინ გაეშვა, კარგად აცნობიერებდა საფრთხეს.
ანტონ ვაჭარაძე: თუ გახსოვთ, ოჯახში თუ განიხილავდა ან საუბრობდა მამათქვენი ამ საკითხზე?
ნინო ჩხობაძე: რა თქმა უნდა, საუბრობდა, ძალიან შეშფოთებული იყო. ეს მეტ-ნაკლებად გვესმოდა, ექიმების ოჯახი იყო და კარგად ვიცოდით რადიაციის ზემოქმედების ეფექტების შესახებ. ცდილობდნენ, არ გაეშვათ ექთნები, მიუხედავად ხმამაღალი მოწოდებებისა და მაღალი ანაზღაურებისა. იმ დროს მამა ქუთაისში მუშაობდა.
ანტონ ვაჭარაძე: როგორც ახლა ირკვევა საარქივო დოკუმენტებიდან, კატასტროფის შედეგები სპეციალურად დაიმალა. თავი რომ დავანებოთ იმ ცნობილ მინი-სერიალს, რომელმაც მსოფლიო შეძრა, Discovery-ს დოკუმენტურ ფილმშიც ჩანს, რომ კიევში პირველ მაისს გაიმართა მშრომელთა ე. წ. დემონსტრაცია და თანაც რამდენიმე დღით ადრე ქალაქში გაწვიმდა. წვიმა, როგორც ცნობილია, რადიაციის ერთ-ერთი გადამტანია. გორბაჩოვის ინტერვიუც არის ამ ფილმში, სადაც იგი აცხადებს, რომ პოლიტბიუროს არ შეეძლო პანიკის დაშვება და თანაც ვერ აცნობიერებდნენ მასშტაბებს. თქვენ რას ფიქრობთ, საბჭოთა ხელისუფლებამ გაცნობიერებულად და შეგნებულად დამალა ფაქტები?
ნინო ჩხობაძე: საქართველოში არ ვიცოდით, რა ხდებოდა რეალურად, არავინ ფიქრობდა, რომ ზემოქმედება შეიძლება მომხდარიყო საქართველოზეც, მაგრამ არსებობს ჩვენთვის ძალიან საინტერესო რამდენიმე ფაქტი: ჩემი კოლეგა ფიზიკოსები, კიევიდან, ვინც შემდეგ გავიცანი, მიყვებოდნენ, ბავშვებს როგორ ეხვეწებოდნენ, არავითარ შემთხვევაში არ დაეყნოსათ ყვავილი, იმიტომ რომ რადიაციული ნაშთი შეიძლება იქაც კი ყოფილიყო. უკრაინის გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს ცოლი გარდაეცვალა ლეიკემიით, იგი ჩერნობილის შედეგად დასხივდა. ბევრ უკრაინელთან მქონია ურთიერთობა, რომელიც იმ პერიოდში დასხივდა კიევში.
ანტონ ვაჭარაძე: როგორ მიგაჩნიათ, აფეთქების მიზეზი დანაშაულებრივი ქმედების შედეგი იყო თუ ტექნიკური ხარვეზის?
ნინო ჩხობაძე: მიზეზი იყო სადგურის ტექნიკური გაუმართაობა. ტექნიკურად დაირღვა ინსტრუქცია, რითაც უნდა ეხელმძღვანელათ. შემდეგ ძალიან უცნაური ფაქტი მოხდა, როგორც მიყვებოდნენ. იმისთვის, რომ რამენაირად ჩაექროთ რეაქტორი, დაასხეს დიდი რაოდენობით, 6 ტონაზე მეტი ტყვია, რომელიც ნეიტრალიზაციას იწვევს და ეს ტყვია აორთქლდა, იმდენად დიდი იყო სიმხურვალე. დღესაც [სისხლში] ტყვიის მაღალი შემცველობის გამოვლინება დასავლეთ საქართველოში, ჩვენი აზრით, შესაძლებელია, იყოს ჩერნობილის კატასტროფის შედეგი. გამოქვეყნებულია მონაცემები, რომ დაუყოვნებლივ გაიზომა ტყვიის შემცველობა მოსახლეობის ორგანიზმში. გაირკვა, რომ თუ დედის ორგანიზმში არის ტყვია, ის გადადის მომავალ თაობაზეც, თუ ორგანიზმიდან მისი გამოდევნისთვის შესაბამისი მკურნალობა არ არის ჩატარებული.
ანტონ ვაჭარაძე: მიყვებოდნენ, რომ დასავლეთ საქართველოში ვენახების დაავადებასა და გახმობას უკავშირებდნენ ჩერნობილის კატასტროფას... დასავლეთ საქართველოზე რომ განვავრცოთ, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთში ნაკლები იქნებოდა შედეგები, რიკოთის გამო...
ნინო ჩხობაძე: ჩემი, როგორც ბიოლოგის, დაკვირვებით და მამაჩემიც წერდა, სხვათა შორის, ჩერნობილის აფეთქების შემდეგ ღია გრუნტში კიტრის მოყვანა იყო შეუძლებელი, პრაქტიკულად გაქრა, მხოლოდ სათბურში უნდა მოეყვანათ... მხოლოდ ახლა, ბოლო პერიოდში, დაახლოებით 5 წელია, რაც დასავლეთ საქართველოში დაიწყეს ისევ ღია გრუნტში კიტრის მოყვანა. რატომ მოხდა უცებ ასეთი რამ, არ ვიცი, მაგრამ ძალიან უცნაურია – შემდგომში ლიტერატურას რომ ვეცნობოდით, აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან იოლად ითვისებდა რადიაციას ოხრახუში, ასევე გოგრა, განსაკუთრებით ფოთლები, საკმაოდ იოლად ითვისებდა და ილექებოდა ზედ. როდესაც საქართველოში პირველი ტალღა შემოვიდა, გარემოში გავრცელდა იონიზებული იოდი. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც მაშინ ექიმებმა დააფიქსირეს, იყო დასავლეთ საქართველოში ჩიყვის პრობლემების აფეთქება, რასაც ახლაც ვიმკით. შედეგებს უნდა ველოდოთ 30 წლის გასვლის შემდეგო – ეს იყო პირველადი პროგნოზი და რეალურად ასეც ხდება. სამწუხაროდ, სტატისტიკა სამედიცინო ზემოქმედებასთან დაკავშირებით ბოლომდე არ არსებობს და არც კორელაციები გაუკეთებია ვინმეს, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ლეიკემია და სისხლის დაავადებები, რომელიც კავშირშია ნაწილობრივ რადიაციის მომატებასთან, ნამდვილად გამოვლინდა და დღემდე მრავლადაა საქართველოში. ბევრი კვლავ ამტკიცებს, რომ ეს ჩერნობილის ზემოქმედება იყო.
თანაც ჩვენთან იყო არა ერთი, არამედ ორი ტალღა. დაფიქსირდა ორი ღრუბელი – ეს ჩვენ 1992-ში დავადგინეთ.
საქართველოში დაკვირვების სისტემა ყველაზე კარგად აწყობილი აღმოჩნდა აფხაზეთში. იქ იყო ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტი, რომლის ხელმძღვანელობამ ძალიან სწრაფი რეაგირებით დაიწყო დაკვირვება მოვლენებზე. ამიტომ, მთელს იმ რუკაზე, რომელიც შემდგომ დაიდო ევროკავშირში, მხოლოდ აფხაზეთი ჩანს კვლევებით. სამწუხაროდ, მაშინდელმა ჩვენმა სხვა ინსტიტუტებმა ვერ აწარმოეს მსგავსი დაკვირვება, ხოლო აფხაზეთში ეს დაკვირვებები მომდინარეობდა, შესაბამისად, გავლენის ზონად აფხაზეთი იქნა მიჩნეული.
ევროპამ 25-30 წლის თავზეც განახორციელა ფართომასშტაბიანი კვლევა, თუ სად მოხდა ეს გავლენა. აფხაზეთი აღმოჩნდა ამ ზონაში, თუმცა არა სრულად საქართველო.
იყო საუბარი დაზარალებულთა კომპენსაციებზეც: წესით, აფხაზეთის ტერიტორიაზე კომპენსირება უნდა განხორციელებულიყო, რადგან შემოვიდა მოსკოვიდან ფული, თუმცა რა მიზნით გამოიყენეს ეს თანხა, საბოლოო ჯამში, არ ვიცით. რამდენადაც ვიცი, მოსახლეობას არაფერი მიუღია. ხოლო საქართველოს დანარჩენ ნაწილში, რადგან დაკვირვება არ უწარმოებიათ, კომპენსაცია არც შემოსულა.
ჩვენ ვეძებდით რადიაციის წყაროებს ფრანგი სპეციალისტებისა და სააგენტოს (იგულისხმება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - International Atomic Energy Agency (IAEA), ე.წ. Магате; შემდეგ, ინტერვიუში - სააგენტო) დახმარებით. მოკვლევას ვაწარმოებდით დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც ფრანგებმა სპექტრული ანალიზით, თერჯოლის ტყეებში, ჩერნობილის კატასტროფის შედეგად, რადიოაქტიური ნაშთები დაგვიფიქსირეს. როგორც აღმოჩნდა, სააგენტოს საქართველოში, 90-იან წლებში ნიადაგში ჰქონდა ნაკვლევი ჩერნობილის დალექილი რადიოაქტიური ნაშთები. ჩვენ კი მხოლოდ 2000-იანებში აღმოვაჩინეთ ისინი. მას შემდეგ ვეძებდი იმ პროექტს, რომლიდანაც ეს ფული შემოვიდა, თუ ვინ მიიღო, ამაზე სააგენტომ არ გვიპასუხა.
ჩერნობილის კატასტროფის რუკა. წყარო: researchgate.net
ანტონ ვაჭარაძე: რა ღონისძიებები დაიგეგმა ამ ნარჩენების განეიტრალებისთვის?
ნინო ჩხობაძე: ეს ნაშთებია და იმდენად სახიფათო არ არის, მაგრამ ეს იყო დასტური იმისა, რომ მეორე ტალღის ზემოქმედება იყო ძალიან მაღალი.
ანტონ ვაჭარაძე: 1998 წლიდან, როგორც თქვენ საუბარში აღნიშნეთ, დაიწყო საბჭოთა საჯარისო ნაწილებში შემორჩენილი ბირთვული ნარჩენების და წყაროების ამოღების კამპანია, ფრანგი სპეციალისტების ჩამოსვლაც ამ კამპანიის ნაწილი იყო?
ნინო ჩხობაძე: დიახ, ამ კამპანიის ნაწილი იყო.
ანტონ ვაჭარაძე: როგორც მითხარით, 300-მდე ნარჩენი და წყარო ამოიღეთ. როგორ დაიწყო ეს?
ნინო ჩხობაძე: ეს პროცესი 1998 ში დავიწყეთ ლილოში მომხდარი შემთხვევის გამო, სადაც 11 ახალგაზრდა დასხივდა. აღმოჩნდა, რომ მათ გატეხეს საწყობი და გამოიტანეს რადიაციული წყაროები და ჩაილაგეს ჯიბეებში (ბრჭყვიალა იყო). არ იცოდნენ, თუ რა იყო ეს, შედეგად დასხივდა 11 ახალგაზრდა... მაშინდელი უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნა კომისია, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრი (თავად ნინო ჩხობაძე - ა.ვ.).
კომისიაში შედიოდა თავდაცვის სამინისტროს და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლობა. მაშინ ცოცხალი იყო ბევრი ფიზიკოსი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ჩერნობილის კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციაში და კარგად იცოდნენ, თუ რასთან გვქონდა საქმე. მათი მეშვეობით შედგა, ასე ვთქვათ, საფრთხის ზონები, საქართველო დაიყო ზონებად და დავიწყეთ რადიაციული ნარჩენების ძებნა ადგილებში, სადაც საბჭოთა ჯარების ნაწილები იყო განლაგებული. ის მასალა, რომელიც ახალგაზრდებმა გატანეს ჯიბით, იყო აპარატურის კალიბრაციის შიგთავსები, ამიტომ, ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა კიდევ სადმე ყოფილიყო მსგავსი რამ დარჩენილი. პირველ რიგში, მოინიშნა ობიექტები, რომელიც ყველაზე ახლოს იყო დასახლებულ პუნქტებთან და მეთოდურად დავიწყეთ ამ ტერიტორიების შესწავლა. სწორედ ამ ტერიტორიებზე აღმოჩნდა ბევრი ნარჩენი. გარდა ამისა, წამოვიწყეთ ძებნის კამპანია მოსახლეობაში – ტელევიზიით გავავრცელეთ რადიაციულ ნივთიერებათა გამოსარჩევი ნიშნები.
ანტონ ვაჭარაძე: შეიძლება რომ ყოფილიყო მოსახლეობაშიც?
ნინო ჩხობაძე: კი და აღმოჩნდა კიდეც, მახსოვს ერთი ფაქტი, როცა ჩვენ ქავთარაძის გამზირიდან დაგვიკავშირდა პიროვნება და გვითხრა, რომ სახლში აქვს ტყვიის რაღაც კონტეინერი, რომელსაც სავარჯიშოდ იყენებდა და დაინახა მასზე გამოსახული ნიშანი, მას შემდეგ რაც ჩვენ ისინი გავავრცელეთ ტელევიზიის მეშვეობით. როცა ჩვენი ჯგუფი მივიდა ადგილზე, აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა პატარა ზომის კონტეინერი, რომელშიც იდო წყარო.
ასე ამოვიღეთ რადიაციის ეს წყარო სახლიდან. აღმოჩნდა რომ ამ პიროვნებამ იგი სადღაც ნაგავსაყრელზე იპოვა და იფიქრა, რომ სავარჯიშოდ გამოეყენებინა.
ანტონ ვაჭარაძე: გამიგია, ხონის რაიონში, სოფელ მათხოჯში იქ ფერადი ლითონის ჩაბარების მიზნით, სამმა ახალგაზრდამ დაამტვრია ასეთი წყარო და დასხივდა...
ნინო ჩხობაძე: მათხოჯში ერთ-ერთი ოჯახის სერვანტიდან ამოვიღეთ ბრჭყვიალა ლამაზი ნივთი – ასეთი წყარო 10 რენტგენის გამოსხივებით.
ანტონ ვაჭარაძე: როგორც მითხარით, სულ 300 ერთეული იყო.
ნინო ჩხობაძე: 300 ამოვიღეთ, სამასზე მეტი იყო.
ანტონ ვაჭარაძე: გამოდის, მათ გასვლისას ტოვებდნენ საბჭოთა სამხედრო ნაწილები...
ნინო ჩხობაძე: ხშირად ხდებოდა დოზიმეტრის აპარატის დატოვება, შემდეგ ჩვენები, ჯართის ჩაბარების მიზნით, ამ აპარატს შლიდნენ და წყაროებს ყრიდნენ ან მსგავსი რამ ხდებოდა... პირველი შემთხვევა ცოტა უცნაური იყო... 1994 წელს, მაშინ მე მინისტრის მოადგილე ვიყავი, როცა პირველი რადიაციული დასხივების შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისში. ქალაქის ახლანდელი სუპერმარკეტის შენობიდან რკინიგზამდე რადიაციული ფონი იყო მომატებული. მაშინ აღმოჩნდა, რომ საწყობში ერთ-ერთ გახსნილ კონტეინერში იდო 2 წყარო, გამიზნული მოსკოვში გასამგზავრებლად და საბუთების მიხედვით მოსკოვში იყო კიდეც ჩატანილი. წყარო ამოღებული იყო ონკოლოგიური საავადმყოფოს აპარატურიდან. რაღაც მიზეზების გამო ეს წყარო აღმოჩნდა ისევ ქუთაისში. ჯართის ძებნის მიზნით, ორმა მოქალაქემ გახსნა ეს კონტეინერი, ამოიღო ბრჭყვიალა (ცეზიუმი იყო) წყარო, მაგრამ მალევე დაყარეს, რადგან ხელი დაეწვათ. მათ დამწვრობით პოლიკლინიკას მიაკითხეს და ეს ამბავიც აქედან გასკდა, თორემ ქუთაისმაც არ იცოდა, რომ წყარო ასხივებდა ქალაქის ცენტრში. შემდეგ მივაკვლიეთ წყაროს, კონტეინერის ჰერმეტიზაცია იყო დარღვეული, წყარო ძლიერ რადიოაქტიური იყო და, იმისთვის, რომ დასხივება შეგვეწყვიტა იძულებული გავხდით, კონტეინერი ჩაგვესვა 10 მეტრიან ბეტონის კუბში. ამაშიც გვეხმარებოდნენ ფიზიკოსები. რადიაციული უსაფრთხოების ძალიან კარგი სპეციალისტი – ქათამაძე დაგვეხმარა წყაროს ნეიტრალიზაციასა და სწორად განლაგებაში. თქვენ წარმოიდგინეთ, 1992-93 წელია, ყველაფერი ჭირდა და ქუთაისმა მაინც მოახერხა, ჩამოგვასხმევინა ეს ბეტონის ფილა, წამოვიღეთ და თბილისთან ახლოს, ოფიციალური ნარჩენების განლაგების ადგილას, ჩავიტანეთ პოლიციის თანხლებით. მნიშვნელოვანი იყო, ადგილზე არ დაგვეტოვებინა წყარო. შემდგომში ამოღებულ წყაროებს ვათავსებდით მზა ან სპეციალურად დამზადებულ, უსაფრთხო კონტეინერებში.
მახსოვს, ერთ შეხვედრაზე ერთ-ერთმა სამხედრომ გვითხრა, ნუ ნერვიულობთ, ამაზე დიდი გამოსხივების წყარო მინახავსო (ზესტაფონში ვიყავით მაშინ) და ის ენგურში ჩავაგდეთო. სასწრაფოდ გავემგზავრეთ, დავიწყეთ დაზუსტება და მაშინ აღმოვაჩინეთ პირველი რიგის წყარო 25 რენტგენის დასხივებით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენი ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა და წყაროს ნეიტრალიზებას აკეთებდა. ამაზე ფილმიც არსებობს. ვიდეოს გადაღებისას იქვე ჩვენს თანამშრომლებს უთხრეს, ასეთით მესტიაში აბანო აქვთ მოწყობილიო... ჩვენ დავიწყეთ სასწრაფოდ ძებნა, აღმოჩნდა, რომ ვიღაცას მსგავსი წყარო, რომელიც სიმხურვალეს გამოსცემდა, ჩადებული ჰქონდა წყალში და ცხელი წყალი ჰქონდა გარანტირებულად... შემდგომ ჩვენი ჯგუფი გაემგზავრა მესტიაში, თუმცა პირველი ჩასვლისას ვერ ამოვიღეთ. შემდეგ შემოგვითვალეს, რომ ჩავსულიყავით და გვენახა, მაშინ კი წამოვიღეთ.
ლიას (წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი) შემთხვევა გამოვლინდა მესტიის წყაროს შემდეგ. ეს რომ ამოვიღეთ, მაშინ დავსვით საკითხი სააგენტოში, რომ გვჭირდებოდა მოფრენა (იგულისხმება ვერტმფრენით, წინასწარ დაყოფილ ტერიტორიებზე გადაფრენა და ადგილების სპეციალური ხელსაწყოთი შემოწმება - ა.ვ.), რადგან გაუგებარი იყო, სად იყო წყაროები. ამ მოფენის დროს ფოთის ერთ-ერთი სოფლიდანაც ამოვიღეთ წყარო. ხონში, იმის გარდა, რომ სერვანტიდან ამოიღეს, მდინარეშიც, სადაც ბავშვები ბანაობდნენ, აღმოჩნდა წყარო. კარგად მახსოვს ფაქტი – ჩემი ჯგუფი მირეკავდა, რომ რადიაციამ იმატა. აღმოჩნდა, რომ იქვე, მათხოჯთან განლაგებული იყო საბჭოთა კავშირის ПВО (ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის)სამხედრო ნაწილი და მათ ჰქონდათ დოზიმეტრები დატოვებული.
ანტონ ვაჭარაძე: როგორც გვითხარით, დღეს ეს წყაროები ერთად არის კონცენტრირებული...
ნინო ჩხობაძე: ეს წყაროები კარგადაა შენახული...
ანტონ ვაჭარაძე: და იმედია, საფრთხეს არ წარმოადგენს. აღმოჩენილი წყაროებისა და ნარჩენების გეოგრაფია რომ დავაზუსტოთ...
ნინო ჩხობაძე: ამ სახის ნარჩენები ჩვენ ამოვიღეთ ლილოდან, ფოთიდან, ზესტაფონიდან, თითქმის ყველა ადგილიდან, სადაც კი სამხედრო ნაწილი იყო განლაგებული. მერე უკვე მოსახლეობაც გვეხმარებოდა. თქვენ იცით, რომ იყო სამხედრო ქალაქები, იმ ქალაქებში ქართველები ცხოვრობდნენ და გვეხმარებოდნენ. ჩვენი ჯგუფები მიდიოდნენ (სააგენტო ძალიან დაგვეხმარა თანამედროვე დოზიმეტრებით), წყაროების მოძიებაზეორი უწყება მუშაობდა: ჩვენ და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი.
ანტონ ვაჭარაძე: დასხივებული ხალხი, სავარაუდოდ, აღრიცხვაზე იყო აყვანილი...
ნინო ჩხობაძე: აღრიცხვაზე იყო სულ 16 ადამიანი.
ანტონ ვაჭარაძე: დღეს როგორია ამ ადამიანების მდგომარეობა?
ნინო ჩხობაძე: მათ ნაწილობრივ ჩაუტარდათ მკურნალობა. ლიას სამი შემთხვევა სახელმწიფომ თავის თავზე აიღო და ბევრი ქვეყანა დაიხმარა ამ ადამიანების მკურნალობაში. მოგვიანებით ისინი გარდაიცვალნენ, ერთ-ერთი ძალიან მძიმედ იყო, დამწვრობა აღენიშნებოდა ზურგზე, რადგან წყარო რაღაც მანძილზე ზურგზე მოკიდებული ატარა. როცა იგრძნეს, რომ ცუდად იყვნენ, დაიწყეს არყის სმა, რადგან ვიღაცას უთქვამს, ალკოჰოლი შველისო, არადა, დაწყებული იყო უკვე პროცესი, მე-7 დღეს გამოვლინდა დამწვრობა და იქაურმა ექიმმა დააფიქსირა, რომ ეს იყო რადიაციული დამწვრობა. ქუთაისშიც ასე მოხდა, პოლიკლინიკის ექიმმა დაადასტურა, რომ რადიაციული დამწვრობა იყო და დავიწყეთ წყაროს ძებნა.
ანტონ ვაჭარაძე: ესე იგი, ამ მოფრენით ყველაფერი აღმოაჩინეთ?
ნინო ჩხობაძე: რაც კი შეიძლებოდა... კონტეინერში შენახვის შემთხვევაში დასხივება არ იქნება ისეთი, რომ აპარატმა დაადგინოს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ რადიაციული უსაფრთხოების გამოსახულება და ნიშნები დღესაც მუდმივად უნდა ტრიალებდეს საზოგადოებაში, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რასთან აქვს საქმე...
ახლანდელი წყაროების - რენტგენის აპარატის, ონკოლოგიური დასხივების აპარატების გარდა, არსებობს სხვა წყაროებიც. მაგალითად, სპეციალური შემდუღებელი აპარატურა, რომელიც ნავთობმომპოვებელ კომპანიებს ჰქონდათ. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა ნავთობკომპანიამ შემოიტანა წყარო. დღეს არსებობს სამსახური, რომელიც აკონტროლებს ნებისმიერი წყაროს შემოტანას, გატანას და განთავსებას, ეს მონიტორინგის სისტემაა. მაშინ გვიჭირდა, რადგან არ არსებობდა მსგავსი სამსახური.
ანტონ ვაჭარაძე: რას იტყვით ამ მხრივ დღევანდელ სიტუაციაზე , თუნდაც სომხეთის ატომური სადგურის საქართველოსთვის საფრთხის შემცველობაზე?
ნინო ჩხობაძე: სომხეთის მეწამორის ატომურ სადგურს არაერთხელ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია იმისთვის, რომ ის ყოფილიყო მეტ-ნაკლებად უსაფრთხო. თუ არ მეშლება, ის არის მეორე რიგის ატომური სადგური, დაახლოებით ისეთი, როგორიც ჩერნობილია. ჩერნობილის შემდეგ ყველა ასეთი სადგურის უსაფრთხოების მდგომარეობა თავიდან გადაიხედა. რაიმე რომ მოხდეს, სადგურზე ინფორმაციას მივიღებთ სააგენტოდან, იმიტომ რომ იქ უკვე საერთაშორისო სადამკვირვებლო მონიტორინგის სისტემაა ჩართული და ეს ყველაფერი კონტროლდება, პრინციპში, საკმაოდ ეფექტურად. რადგან ტრანზიტული ქვეყანა ვართ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ტრანზიტის დროს რადიაციული ნივთიერებების გადატანა საზღვარზე, ამიტომაც ამ მოთხოვნით, ყველა საზღვარზე დაიდგა სპეციალური აპარატურა, რომ კონტროლი გაეწიოს რადიაციული ნივთიერებების შემოტანას. ეს განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პოსტ-საბჭოთა ქვეყნიდან ესპანეთში შეიტანეს ჯართი, რომელიც შეიცავდა რადიაციული გამოსხივების წყაროს. მოხდა რადიაციული ავარია, ფაქტობრივად, დადნობის დროს და დაბინძურდა მთელი ტერიტორია. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე რეალური იყო, 2003-2004 წლებიდან ვსარგებლობთ უსაფრთხოების სისტემით – საზღვრებზე დაყენებული სპეციალური აპარატებით. როგორც ვიცი, ხდება ხოლმე წყაროების აღმოჩენა. განსაკუთრებით პრობლემური იყო იაპონიიდან ჩამოყვანილი მეორადი მანქანები. შემოსული ტვირთის რადიაციული შესწავლა ხდება ფოთშიც, სადაც რამდენიმე მანქანა „დაპატიმრებულიც“ იყო, რადგან დაბინძურების გამო შეუძლებელი იყო მათი შემოტანა.
ანტონ ვაჭარაძე: დარწმუნებული ვარ, აკვირდებით და სწავლობთ ამ პროცესებს, ნამახვანჰესის მშენებლობის პრობლემაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ... დეტალური საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს და ცალკე ინტერვიუს თემაა, მაგრამ რას ფიქრობთ, გააჩნია თუ არა ქვეყანას ატომურ ენერგიაზე გადასვლის პოტენციალი?
ნინო ჩხობაძე: მიუხედავად იმისა, რომ ატომური სააგენტო საკმაოდ ლობირებს ახალ მშენებლობებს და აცხადებს, რომ ეს მაინც მწვანე ენერგიაა და ნაკლები პრობლემაა და ა.შ. მაინც გვახსენდება ჩერნობილი და ფუკუშიმა, იმიტომ რომ უსაფრთხოების ნორმა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, მეტად შეშფოთებული ვართ იმ განცხადებებით, რომლებსაც ვიღებთ საინფორმაციო საშუალებებით – რომ თურქეთს აქვს გადაწყვეტილი ორი ატომური სადგურის მშენებლობა, საიდანაც ერთ-ერთი ძალიან ახლოს უნდა განლაგდეს საქართველოს საზღვაო სივრცესთან. ჩვენი აზრით, ეს ძალიან საშიშია, თან უნდა მოხდეს რეაქტორის შავი ზღვიდან აღებული წყლით გაგრილება. ვფიქრობთ, რომ ეს ცალკე განსახილველი თემაა და საზოგადოების მონაწილეობის გარეშე ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლება. მით უფრო, რომ არსებობს კონვენცია სასაზღვრო გარემოზე ზემოქმედებაზე. თურქეთი ვალდებულია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში წარმოადგინოს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენც მოგვეცეს ინფორმაციის მიღების საშუალება, თუ რის აშენებას აპირებენ და როგორი უსაფრთხოების სისტემით.
ანტონ ვაჭარაძე: დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო!
ნინო ჩხობაძე: მგონი, საინტერესო იყო თქვენთვის.
____
მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.