2023 წლის ბიუჯეტის პროექტი: პასუხი ქვეყნის გამოწვევებზე

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | აქტუალური თემები | ანალიზი 28 ოქტომბერი 2022

მთავარი გამოწვევა:

 

- ქვეყნის მთავარი გამოწვევა ეკონომიკური ზრდისთვის მიდგომების და, საზოგადოდ, პოლიტიკის გაბედული გადააზრებაა. 2023 წ. ბიუჯეტის პროექტი გაცილებით უკეთ შეიძლება პასუხობდესქვეყნის უმთავრეს ინფრასტრუქტურულ და განათლების გამოწვევებს, რაც საერთაშორისო გამოცდილებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ლოკომოტივია.

 

- იმ დროს, როცა პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა  სხვა ქვეყნებს საბიუჯეტო ხარჯვის და ეკონომიკური პოლიტიკის ჩვენზე გაცილებით გაბედული გადააზრებისკენ უბიძგა, მსგავსი მასშტაბური გადააზრების გარეშე ჩვენი ჩამორჩენა გარდაუვალია. ამ ქვეყნებში საბიუჯეტო ხარჯვის გადააზრება ნაკარნახევია ლოჯისტიკური და წარმოების ჯაჭვების მოშლით, ინფლაციით მუშახელის უპრეცედენტო დეფიციტით, საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდით, ციფრული ეკონომიკის აღმასვლით. ახლახანს გამოკვეთილი რეცესიის მოლოდინები ამ საბიუჯეტო ხარჯვაში დიდი ალბათობით დამატებით კორექტივებს შეიტანს.

 

პროგრესი

 

 

-  2023 წ. ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი უბრუნდება კანონით განსაზღვრულ 3.0%-იან ლიმიტს (მშპ-ს 2.9%-ზეა დაგეგმილი). 2023 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალი მშპ-ს 38.8%-ის დონეზეა დაგეგმილი, რაც საგრძნობლად ნაკლებია კანონით გათვალისწინებულ მაქსიმალურ 60%-იან ზღვარზე.

 

- ბიუჯეტის ნაშთის ₾594 მლნ ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით სტიმულირებისათვის მიემართება კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში.

 

- ბიუჯეტის თანხმლები, საბიუჯეტო კოდექსის ცვლილების პროექტით გათვალისწინებულია სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ოპერაციების სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში ასახვა.

 

-  სახელმწიფო საწარმოებიდან მომდინარე ფისკალური რისკების ანალიზის ხარისხის ზრდა.

 

- სავალდებულო ხდება ბიუჯეტს თან დაერთოს ინფორმაცია საგადასახადო დანახარჯების შესახებ, რაც 2021 წ. ფინანსთა სამინისტრომ თავისი კეთილი ნებით გააკეთა.

 

IDFI-ის რეკომენდაციები:

 

1. მთავრობის ადმინისტრაციული ზომა და სოციალური ხარჯები

 

1.1.შემცირდეს ბიუროკრატია, რაც შეამცირებს საჯარო სექტორში შრომის მთლიან ანაზღაურებას: საგანგაშოა არა საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა, რაც ნორმალური მოვლენაა, განსაკუთრებითა ინფლაციის გათვალისწინებით, არამედ  მათი რაოდენობის ზრდა[1].

 

1.2.დაჩქარდეს მიზნობრივი სოციალური დახმარებების (TSA) რეფორმა, კერძოდ[2]

 

- საჭიროებების პროქსი ინდექსის (PMT)[3]  და საჭიროებების ინდექსის[4] იმგვარი ცვლილებები, რაც მეტი სანდოობით მოგვცემს რეალურად სოციალურად დაუცველების იდენტიფიცირების საშუალებას მათი შემოსავლების რყევების, გადამოწმებადი ხარჯების და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.

 

- დევნილთა ბაზასთან გადაფარვების აღმოფხვრა.

 

- მიზნობრივი სოციალური დახმარებების (TSA) რეფორმის პარალელურად  დაიწყოს შემოსავლების უკეთ აღრიცხვის მარეგულირებელი რეფორმა, მათ შორის, პირველ რიგში მიზნობრივი სოციალური დახმარებების ბენეფიციარების და აპლიკანტების პირად ანგარიშებზე ჩარიცხვების. კარგი საერთაშორისო გამოცდილებით, შემოსავლების აღრიცხვასთან დაუწყვილებელი მიზნობრივი სოციალური დახმარებების რეფორმა შედეგიანი ვერ იქნება.

 

- მნიშვნელოვანია სოციალური გასაცემლების ზრდა მიზნობრივი სოციალური დახმარებების (TSA) ამგვარი რეფორმით იყოს ნაკარნახევი.

 

- ხარჯების გადანაწილებით გამოთავისუფლებული რესურსი მიიმართოს ისეთ დარგებსა და პროგრამებზე, რომლებსაც უფრო მაღალი წვლილი აქვთ ეკონომიკურ ზრდაში, მაგ.ინფრასტრუქტურისკენ, განათლებისკენ და ა.შ.

 

1.3.მიზნობრივი სოციალური დახმარებების (TSA) რეფორმამდე დროებით შეჩერდეს ასაკობრივი პენსიის ინდექსაციის გარეშე ზრდა და ასევე სხვა სოციალური გასაცემლების ზრდა.

 

კარგი საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია და ფისკალური გამართლება არის სახელმწიფო პენსიაზე დამოკიდებულების შემცირება. იმ ცნობიერების დამკვიდრება, რომ სახელმწიფო პენსიაზე ვერ იქნები დამოკიდებული კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფო პენსიის ზრდის შეჩერების ლეგიტიმაციისთვის. როცა სახელმწიფო პენსიის ყველა მიმღები იმავდროულად დაგროვებითი საპენსიო სისტემის ბენეფიციარი იქნება, სახელმწიფო პენსია ან საერთოდ აღარ გაიზარდოს ან აღარ გაიზარდოს იმ ტემპით რა ტემპითაც ამ რეფორმის გარეშე გაიზრდებოდა. როცა ეს დრო დადგება, სახელმწიფო პენსიის ინდექსაციით ან მითუმეტეს, ინდექსაციის გარეშე ზრდის საკითხი აღარ უნდა განიხილებოდეს.

 

2. პროდუქტიული დარგების საბიუჯეტო დაფინანსება: ინფრასტრუქტურა & განათლება

 

2.1. მოხდეს იმ გამოწვევების იდენტიფიცირება, რაც ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას, მათ შორის როგორც პირდაპირი უცხოური ისე შიდა ინვესტიციების მოზიდვას და შესაბამისად ეტაპობრივად გაიზარდოს ინფრასტრუქტურის დაფინანსება.

 

2.2.მთავრობამ მაქსიმალურად უზრუნველყოს უმთავრესი ინფრასტრუქტურული პროექტის ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარე სტატუსის და გეგმების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.

 

2.3.შესაფერი კონტრაქტორების საძიებლად აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობა მოცემული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობით.

 

2.4.გათვალისწინებულ უნდა იქნას კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, რაც აჩვენებს, რომ საინვესტიციო პროექტების დაგეგმვა, როცა კერძო კონტრაქტორის და არა რომელიმე სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობაა, ეს პროექტები გაცილებით ეფექტიანად ხორციელდება და არც თანხების ათვისების პრობლემა დგება.

 

2.5.მოხდეს სკოლამდელი და საშუალო განათლების საჭიროებების იდენტიფიცირება, რისი ნაწილიც ასახულია მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის 2022წ. ანგარიშში, და შესაბამისად გაიზარდოს დაფინანსება.

 

2.6.დაიწყოს PISA-ს შედეგების გაუმჯობესებისთვის კვლევებზე დაფუძნებულ ძირეული რეფორმა, მათ შორის მოხდეს სკოლის დამთავრებისთვის აუცილებელი კრიტერიუმების გაუმჯობესება იმგვარად, რომ ამან პოზიტიურად იმოქმედოს მოსწავლეების მოტივაციაზე, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლის არჩევანზე და შესაბამისად სწავლის ხარისხზე. დღეს სკოლადამთავრებულ მოსწავლეთა მხოლოდ 6% მიმართავს პროფესიულ  სასწავლებლებს, ხოლო  81% უმაღლეს სასწავლებლებში მიდის, თუმცა მაღალია ალბათობა იმის, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირი ვერ იპოვის სამუშაოს.

 

2.7.მოხდეს პროფესიული განათლების გადაწყობა იმ დაშვებით, რომ ახლო მომავალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მძლავრი ტალღა წამოვა. საერთაშორისო გამოცდილებით, ის ქვეყნები, რომლებიც ასე მოიქცნენ, უკეთ მომზადებული ხვდებოდნენ ინვესტიციების ნაკადებს.

 

3. შედეგებზე ბიუჯეტის ორიენტაცია

 

3.1.განისაზღვროს ვადა, როცა პროგრამული დანართი ბიუჯეტის კანონის ნაწილად იქცევა.

 

4. სახელმწიფო საწარმოები

 

4.1.ფინანსთა სამინისტროს უნდა მიეცეს თავისუფლება მოაგვაროს სახელმწიფო საწარმოების ის პრობლემები, რასაც ფისკალური რისკების დოკუმენტში თავად აღწერს, პირველ რიგში დაასრულოს და შემდეგ აკრძალოს კვაზიფისკალური აქტივობები, მაგალითად ჰქონდეს თავისუფლება არ დაუშვას საყოფაცხოვრებო სექტორში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების შენარჩუნება, რამაც ყველაზე წარმატებული სახელმწიფო საწარმოს, ნავთობის და გაზის კორპორაციის ეფექტიანი ფუნქციონირება დააყენა რისკის ქვეშ.

 

4.2.ენერგეტიკის სექტორიდან მომდინარე ფისკალური რისკები ეტაპობრივად მცირდება, თუმცა გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტიანობისთვის, აუცილებელია, წახალისდეს კონკურენცია და პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ.

 

4.3.სახელმწიფომ ხელის დაიცალოს სახელმწიფო საწარმოების აქტივებისგან.

 

5. ეკონომიკური ზრდა

 

5.1.გადასახადების შემცირება. პანდემიით და ომით გამოწვეული მიწოდების და წარმოების საერთაშორისო  ჯაჭვების ომით გამოწვეულმა მოშლას მნიშვნელოვანია ეკონომიკის სწორი სტიმულირებით ვუპასუხოთ. 2023 წელს ბიუჯეტის ₾1.2 მილიარდიანი ნაშთი საშუალებას გვაძლევს დავაკომპენსიროთ გადასახადების შემცირებით გამოწვეული დანაკლისი შემოსავლებში. მართალია ამ ₾1.2 მილიარდიდან ₾594 მლნ კომერციული ბანკების მეშვეობით ეკონომიკის გრძელვადიან დაფინანსებაზე მიიმართება, რაც კარგია, მაგრამ ომის ფონზე პოსტპანდემიური ეკონომიკისთვის, გაცილებით მეტი სტიმული იქნება გადასახადების შემცირება.

 

5.2.შემდგომ წლებში კი გადასახადების დაწევით შემცირებული შემოსავლების დაკომპენსირება შესაძლებელია ხარჯების შემცირებით, რასაც შეფასების პირველ დასკვნაში ვეხებით.

 

5.3.საგადასახადო შეღავათები

 

-          ჩატარდეს რეგულირების გავლენის ექს-პოსტ შეფასება (Post-RIA) და თითოეული შეღავათისათვის შეფასდეს დასახულ მიზანთან ფაქტობრივი შედეგების შესაბამისობა და ამის მიხედვით მოხდეს გაუქმება

 

-          საგადასახადო შეღავათების გაცხადებული მიზნები მიღწეულ იქნას  ხარჯვითი პროგრამებით,  რაც, როგორც თავად ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, გაცილებით ეფექტიანად არის შესაძლებელი და ასევე უზრუნველყოფს მათ მაღალ გამჭირვალობას, რადგან ყოველწლიურად წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად[5]

 

-          2024 წ.  ბიუჯეტის კანონპროექტს დაერთოს რეგულირების გავლენის ექს-პოსტ შეფასების მიხედვით საგადასახადო კოდექსში შეღავათებთან დაკავშირებული  ცვლილებები.

 

 

______________

[1] 2023 წ. საჯარო მოხელეთა რაოდენობა არათუ არ მცირდება, არამედ მცირედით (247) იზრდება კიდეც

[2]ამ რეფორმის აუცილებლობა მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის 2022წ. ანგარიშშიც არის აღნიშნული

[3] Proxy Means Test

[4] Needs Index

[5]2021 წ. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო დანახარჯების ანალიზის დანართი

 

/public/upload/00_studies/GEO__2023_budget_draft_responsiveness_to_the_countrys_challenges.pdf

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024