პერსონალური მონაცემების დაცვა, როგორც სასამართლოს საქმიანობის გასაიდუმლოების ინსტრუმენტი

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 16 ნოემბერი 2016

 

ავტორი: გიორგი დავითური

 

საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს, რა არგუმენტაციას ემყარება ყოფილი პრეზიდენტის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები. ასეთია დღეს კანონმდებლობის ირიბი მოთხოვნა. პასუხი მარტივ კითხვაზე - “რატომ”, არის ასევე მარტივი - “პერსონალური მონაცემთა დაცვა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, საერთაშორისო აქტები და ასოცირების ხელშეკრულება პერსონალურ მონაცემთა დაცვას გვავალდებულებს.”

 

პერსონალურ მონაცემებს მიეკუთვნება ადამიანთან დაკავშირებული ყველანაირი მონაცემი, მათ შორის სახელი, გვარი, ინფორმაცია ნასამართლეობის შესახებ და ა.შ. სხვაგვარად, სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი აქტი შეიცავს პერსონალურ მონაცემს. გადაწყვეტილების მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია დაფაროს (დაშიფროს) პესონალური მონაცემი, თუმცა ამ მოქმედებას აზრი ეკარგება, როდესაც მოთხოვნილია ინდივიდუალური საქმე და წინასწარ არის ცნობილი, ვინ არის ამ საქმის მონაწილე პირი. აქედან გამომდინარე, სასამართლოები უარს ამბობენ მოთხოვნილი საქმის გაცემაზე დაშიფვრის (დეპერსონალიზაციის) შეუძლებლობის საბაბით. ამდენად, დღეს საქართველოში არ არსებობს რომელიმე სასამართლოს მიერ რომელიმე კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის შესაძლებლობა - პერსონალური მონაცემების დაცვას, ფაქტობრივად, აბსოლუტური უპირატესობა ენიჭება გამოხატვის თავისუფლებასთან და სასამართლოს გამჭვირვალობასთან მიმართებით.

 

საქართველოს კანონმდებლობა განსხვავებულად არეგულირებს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების (მაგ. ნასამართლეობის, აღკვეთი ღონისძიების გამოყენების შესახებ ინფორმაცია) გაცემის საკითხს. კერძოდ, ამგვარი მონაცემის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით. კანონი არ ითვალისწინებს არცერთ გამონაკლისს.

 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკანასკნელ პერიოდში სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი არაერთი ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, იმ ქმედებებისთვის, რომლებიც მათ თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩაიდინეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი და საერთაშორისო ინტერესი არსებობს, და აქედან მომდინარე არსებობს კითხვები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან და ობიექტურობასთან მიმართებით, საზოგადოება ვერ გაიგებს, რა არგუმენტაციით სცნო სასამართლომ კონკრეტული პირი დამნაშავედ, თუ თავად ეს პირი არ გაასაჯაროებს საკუთარი საქმის დეტალებს.

 

დახურულობის დამკვიდრებული პრაქტიკა განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, რომ სასამართლოში საქმე განიხილება ღია/საჯარო სხდომაზე, ხოლო პირს ვერ ექნება მოლოდინი, რომ “საჯაროდ გაცხადებული ინფორმაცია დარჩება საიდუმლოდ”. ჩვენ, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში ვნახეთ არაერთი გახმაურებული საქმე და სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მაგ. საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ მინისტრი ივანე მერაბიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ. მაგრამ, იმის გამო, რომ დაცულ იქნეს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის პერსონალური მონაცემები - “საზოგადოებამ არ გაიგოს ივანე მერაბიშვილის დამნაშავედ ცნობის ინფორმაცია”, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მივიღოთ სასამართლოს გადაწყვეტილება და შევაფასოთ რამდენად არის ამ პირის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული.

 

ნიშანდობლივია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების უფლებაზე მითითებით, უარი გვითხრა ივანე მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების გადმოცემაზე პერსონალური მონაცემების დაცვის გამო, მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სისტემაში ეს მონაცემები საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.

 

 

საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტისას, ალბათ უნდა დავფიქრდეთ, რატომ სრულდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნები ზედმიწევნით, რიგ შემთხვევებში “გადაჭარბებულად”. საჯარო ინფორმაცია სახელმწიფოს საქმიანობის კონტროლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ფაქტობრივად ყოველთვის შეიცავს პერსონალურ მონაცემს. ამდენად, პერსონალური მონაცემის დაცვა არის არა მხოლოდ უფლება, არამედ სახელმწიფოს ხელში არსებული ბერკეტი, რომლითაც შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეიზღუდოს სახელმწიფოს საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

 

საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, არამხოლოდ სასამართლოს პრაქტიკის აკადემიურ-სამართლებრივი განვითარების ტენდენციები, არამედ სასამართლოს დასაბუთება და არგუმენტაცია, კონკრეტულ საქმეებთან მიმართებით, განსაკუთრებით, თუ არსებობს კითხვები სასამართლოს ობიექტურობასთან და მიუკერძოებულობასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებების დაფარვა გახმაურებულ საქმეებზე, ხშირად, საზოგადოებას ტოვებს მხოლოდ პოლიტიკური ინტერესით მოტივირებული საჯარო განცხადებების და განმარტებების პირისპირ.

 

ზოგადად, პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისგან დაცვა პირადი ცხოვრების უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ არცერთი უფლება არ არის აბსოლუტური. საქართველოს კანონმდებლობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვას ფაქტობრივად უპირობო უპირატესობა ენიჭება სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობასთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, ვინ არის მონაცემთა სუბიექტი, რამდენად მაღალია საჯარო ინტერესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, და აქვს თუ არა მონაცემთა სუბიექტს პერსონალური მონაცემის დაცვის გონივრული მოლოდინი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის არსებული წესი საფრთხეს უქმნის სასამართლოს გამჭვირვალობასა და სასამართლოსადმი ნდობას და არღვევს გამოხატვის თავისუფლებისა და საჯარო ინფორმაციის მიღების უფლებას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024