არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარ აუდიტორსა და ოთარ ფარცხალაძის ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან

განცხადებები 25 მაისი 2017

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმაურებით საქართველოს გენერალურ აუდიტორსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და გამოძიების მიმდინარეობის საკითხს. 24 მაისს საეჭვოდ გავრცელდა გენერალური აუდიტორის მაკომპრომენტირებელი ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ ლაშა თორდიას 2016 წლის 24 დეკემბერს კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტი არის ასახული. როგორც გაირკვა, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 24 დეკემბრიდან მიმდინარეობს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ სამინისტროს ჯერ კიდევ 2016 წლის 24 დეკემბერს ჰქონდა, თუმცა დღემდე ვიდეომასალის ავთენტურობის საკითხი დადგენილი არ არის და არ არის გამოკვეთილი პასუხისმგებელი პირი. მიგვაჩნია, რომ ვიდეომასალის გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის შორის მომხდარ ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებას და შესაძლოა, ამ შემთხვევის აქტუალურობის გადაფარვის მცდელობას ისახავდეს მიზნად. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ არის პირის მაკომპრომეტირებელი მასალის გასაჯაროების პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, მსგავსი ეჭვები წარსულშიც არაერთხელ გაჩენილა, ეს კი შესაძლოა, სამართალდამცავი სისტემის მუშაობის მანკიერ მეთოდებზე მიუთითებდეს. ამასთან გაუგებარია, როგორ მოხდა გამოძიების ხელთ არსებული ვიდეო მასალის გასაჯაროება. დამატებით ეჭვებს აჩენს ოთარ ფარცხალაძის მიერ მიმდინარე წლის 14 მაისს გაკეთებული განცხადება, სადაც ის ლაშა თორდიას „შეუფერებელ“ ქცევაზე მიუთითებს. აღნიშნული განცხადება აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ ოთარ ფარცხალაძემ წინასწარ იცოდა ვიდეო მასალის არსებობის შესახებ. ამგვარი განცხადების გავრცელება კი შესაძლოა ასევე შეფასდეს მთავარი აუდიტორის დაშინებისა და მასზე ზემოქმედების მცდელობად.

 

ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტი არავითარ კავშირში არ არის გავრცელებულ ვიდეო კადრებთან და ორივე შემთხვევა დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული. ბოლო პერიოდის მოვლენათა ქრონოლოგია კიდევ ერთხელ მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზირების პრობლემაზე და აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს ამ ორგანოთა საქმიანობის მიმართ.

 

ამასთანავე განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ 24 მაისს გავრცელებული ვიდეომასალის ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ ინციდენტს უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველას ერთნაირად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ჩადენილი კანონდარღვევისთვის. თუმცა, ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული მტკიცებულება არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული პირის მაკომპრომეტირებელ იარაღად.

 

მიგვაჩნია, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, სავარაუდოდ ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში ჩადენილი ძალადობრივი აქტის ობიექტური და დროული გამოძიება, რომელიც საქართველოს პარლამენტის აქტიური მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. ასევე მნიშვნელოვანია ჩატარდეს დროული გამოძიება და შესაბამისი კვალიფიკაცია მისცეს 2016 წლის 24 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს.

 

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია


2. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)


3. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო


4. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (IშFED)


5. ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო


6. ადამიანის უფლებათა ცენტრი

 

7. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

8. კონსტიტუციის 42-ე მუხლი


9. სიდა

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024