მიმდინარე წლის 27 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სრულად დააკმაყოფილა ა(ა)იპ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ადმინისტრაციული საჩივარი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების თაობაზე.
2018 წლის 13 დეკემბერს IDFI-მ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა 2015 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოდან საბჭოში მიღებული სტატისტიკური მასალები. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თითოეული მოსამართლის მიერ განხილულ საქმეთა რაოდენობა და მონაცემები საქმის განხილვის საპროცესო ვადების დაცვისა და გადაწყვეტილების მომზადების ვადების დაცვის თაობაზე.
2018 წლის 20 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ IDFI-ს უკანონოდ ეთქვა უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე იმ მოტივით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებაში მოთხოვნილი ინფორმაციაზე განცხადების მოთხოვნის პერიოდისთვის სტატისტიკას არ აწარმოებდა.
2019 წლის 17 იანვარს IDFI-მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის ბათილად ცნობა და მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა, იმ საფუძვლით, რომ ინფორმაციის გაცემაზე უარი არღვევდა საჯარო ინფორმაციის მიღების უფლებას.
ინფორმაციის თავისუფლებას მნიშვნელოვანი ადგილი აქვს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის ძირითად უფლებებში, რაც შემდგომში რეალიზებულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექში. IDFI-ს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენდა ღია საჯარო ინფორმაციას. კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ, დამუშავებულ, შექმნილ ან გაგზავნილ ინფორმაციას. საჯარო ინფორმაციის მიღება კი შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რამეთუ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ყოველ 6 თვეში ერთხელ ევალება შეაფასოს მოსამართლეთა საქმიანობის ეფექტურობა, მათ შორის IDFI-ს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაცულ ღია საჯარო ინფორმაციას, რომელიც არ შეიცავდა სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს და ექვემდებარებოდა გაცემას.
2019 წლის 21 თებერვალს გამართული ზეპირი მოსმენის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სრულად დააკმაყოფილა IDFI-ს საჩივარი. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის უარი და მასვე დაევალა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
IDFI მიესალმება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაჩივრების პროცედურების დაცვას და ანგარიშვალდებულობის გააზრებას. იმედს ვიტოვებთ, რომ საბჭო მომავალში გაითვალისწინებს აღნიშნულ პრეცედენტს და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გარანტირებული იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.