საქართველოს ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანების უპირატესობები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 20 ოქტომბერი 2015

ავტორი: მარიამ ჩაჩუა

 

სტატია დაიწერა პროექტ "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება"-ს ფარგლებში და გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე "საქართველო 2020".

 

ენერგოუსაფრთხოება ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების ზრდა ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“-ის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად დასახელდა. ენერგოუსაფრთხოება გულისხმობს სანდო წყაროებიდან ქვეყნის ენერგორესურსებით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფას და ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაზე გარე ფაქტორების გავლენის მინიმუმამდე შემცირებას.

 

საქართველოს ენერგოსექტორში არსებული ვითარება

საქართველოს ენერგომომარაგება ძირითადად იმპორტირებულ წყაროებზეა დამოკიდებული. ქვეყნის პირველადი ენერგო რესურსების 65% იმპორტირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას მაღალი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია, ჰიდრორესურსების მხოლოდ მცირე ნაწილია ათვისებული. ამ ეტაპზე ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ენერგია ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის 80%-ს შეადგენს, თუმცა ზამთრის თვეებში ქვეყანა ელექტროენერგიის იმპორტირებულ წყაროებზეა დამოკიდებული.

 

ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების მაჩვენებელს წარმოადგენს ელექტროენერგეტიკული დამოკიდებულების სეზონურობის ინდექსი (EDSI)[1], რომელიც გვიჩვენებს ყოველთვიურად იმპორტირებული ელექტროენერგიის წილს წლის განმავლობაში იმპორტირებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობაში. გასულ წლებში ქვეყანა ელექტროენერგიის იმპორტს ძირითადად ზამთრის პერიოდში მიმართავდა, თუმცა, 2014 წელს EDSI ზაფხულის პერიოდშიც გაიზარდა, რაც ნიშნავს რომ ქვეყანამ უკვე ზაფხულიდან დაიწყო ელექტროენერგიის იმპორტი.

 

გრაფიკი1 : ელექტროენერგეტიკული დამოკიდებულების სეზონურობის ინდექსი (EDSI)

საქართველოს ბაზარზე ბუნებრივი აირი და ნავთობპროდუქტები სრულად იმპორტირებულია. იმპორტირებული ბუნებრივი აირის 90% აზერბაიჯანიდან, ხოლო 10% რუსეთიდან შემოდის. სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან და ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენიდან ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და თბოსადგურებს მიეწოდებათ. აღნიშნული გაზის ფასი კომერციულ ფასთან შედარებით დაბალია რაც გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების შედარებით დაბალ დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარება სეზონურობით ხასიათდება, ზამთრის პერიოდში მოთხოვნა ენერგიაზე იზრდება ხოლო მიწოდება მცირდება. საქართველოს ამ ეტაპზე არ გააჩნია გაზსაცავი, რათა მოახდინოს ტრანზიტის საფასურად მიღებული ბუნებრივი აირის შენახვა და მარაგების გამოყენება მოთხოვნა-მიწოდების სეზონურობით გამოწვეული დისბალანსის აღმოსაფხვრელად.

 

საქართველოს ენერგოსექტორში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაუმჯობესებლად შემდეგი ღონისძიებების გატარებაა საჭირო:

  • ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება;
  • გადამცემი ქსელების რეაბილიტაცია და ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის განვითარება;
  • გაზსაცავების მშენებლობა და ბუნებრივი აირის მარაგების შექმნა სეზონური რყევების დასაბალანსებლად;
  • სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდა.

 

აღნიშნული მიზნის მისაღწევად ქვეყნის ენერგოსექტორში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაა საჭირო, რომელსაც საქართველო საკუთარი რესურსებით ვერ მოახერხებს. ინვესტიციების მოსაზიდად ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორს ენერგობაზრებზე კონკურენციის დაბალი დონე წარმოადგენს. მიუხედავად სამართლებრივი დაყოფისა, ენერგიის წარმოება და განაწილება ვერტიკალურად ინტეგრირებული ფირმების ხელშია, რაც ზღუდავს კონკურენციას და ამცირებს საინვესტიციო შესაძლებლობებს. აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭიროა მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და ენერგობაზრებზე კონკურენციის ზრდის ხელშეწყობა, რაც ენერგოსექტორში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

 

ევროპის ენერგოთანამეგობრობა და საქართველო

ენერგოსექტორის განვითარებისთვის საქართველოს ევროპის ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ევროპის ენერგოთანამეგობრობა საერთო პრინციპებსა და ღირებულებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის მიზანსაც წევრ ქვეყნებს შორის ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობის გზით ენერგიის უსაფრთხო და სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ორგანიზაცია დაარსდა 2005 წელს ათენში ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ძალაში 2006 წელს შევიდა.

 

ევროპის ენერგოთანამეგობრობა აერთიანებს ევროკავშირის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს. ამ ეტაპზე ევროკავშირის ქვეყნების გარდა თანამეგობრობაში 8 სრულუფლებიანი წევრი ქვეყანაა, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნები  -მოლდოვა და უკრაინა. ნორვეგია, თურქეთი და სომხეთი ენერგოთანამეგობრობაში დამკვირვებლის სტატუსით არიან გაწევრიანებულნი.

 

საქართველო 2007 წლიდან ევროპის ენერგოთანამეგობრობაში დამკვირვებლის სტატუსით იყო გაერთიანებული. 2010 წელს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ღიად მოუწოდა საქართველოს ოფიციალურად გაეკეთებინა განაცხადი ევროპის ენერგოთანამეგობრობაში სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მიღების თაობაზე. საქართველომ ევროპის თანამეგობრობას სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მიღების თაობაზე 2013 წელს მიმართა. მოლაპარაკებების შედეგად, ქვეყნის ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ერთ-ერთ პირობად დასახელდა.

 

ენერგოთანამეგობრობაში გასაწევრიანებლად საქართველომ ვალდებულება აიღო, მოახდინოს ენერგოსექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ეტაპობრივად დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან, ენერგობაზრებზე კონკურენციის ხელშეწყობა, ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისებისთვის სტიმულების შექმნა, ენერგორესურსებზე ტარიფის გაანგარიშების გამჭვირვალე მეთოდოლოგიის შემუშავება, ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის ხელშეწყობის მიზნით ეკონომიკურად გამართლებული ღონისძიებების შემუშავება და დანერგვა, ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობა და ენერგომიწოდების უსაფრთხოების ზრდა. აღნიშნული ვალდებულებების განხორციელების ვადად ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში 2016 წელი განისაზღვრა. ვალდებულებების დანიშნულ დროზე შეუსრულებლობის შემთხვევაში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოლაპარაკების ფარგლებში საქართველოს შეუძლია წარმოადგინოს ახალი ვადები 2017 წლამდე.

 

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და სატრანზიტო პოტენციალი განაპირობებს ევროკავშირის ინტერესს ქვეყნის მიმართ. ამჟამად ევროკავშირის ენერგომომარაგება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთიდან მოწოდებულ ბუნებრივ აირზე. ევროკავშირის ბაზარზე მოხმარებული ბუნებრივი აირის 30% რუსეთიდანაა იმპორტირებული და მომავალში ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტად ზრდაა მოსალოდნელი. ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებლის სტატუსი ზრდის რეგიონში რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას, რასაც ქვეყანა მოხერხებულად იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად.

ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტული საკითხს რუსეთიდან მოწოდებულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირება წარმოადგენს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ბუნებრივი აირის ე.წ „სამხრეთ დერეფნის“ განვითარებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. „სამხრეთ დერეფნის“ პროექტის მიხედვით, „შაჰ დენიზის“ საბადოდან სამხრეთ კავკასიური მილსადენის გავლით (საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორია) მოხდება ბუნებრივი აირის მიწოდება თურქეთში და შემდგომ ევროპის ბაზარზე. აღნიშნულ პროექტში საქართველო მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს ასრულებს, რადგან სწორედ საქართველოს გავლით უნდა მოხდეს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ჯერ თურქეთში და შემდგომ ევროპაში. სწორედ საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობამ განაპირობა ევროკავშირის ინტერესი ქვეყნის ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანების თაობაზე.

 

ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. პირველ რიგში, ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანებით გაიზრდება ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობები, რაც ენერგოუსაფრთხოებასთან ერთად ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. მხოლოდ „სამხრეთ დერეფნის“ პროექტის ფარგლებში ქვეყანაში დაახლოებით 2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. ამასთანავე ქვეყანა გატარებული გაზის 5%-ს ტრანზიტის საფასურად მიიღებს და ასევე დამატებით შეძლებს 20 წლის განმავლობაში შეღავათიან ფასად შეისყიდოს 500 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივ აირი. ტრანზიტის მოცულობის ზრდასთან ერთად ქვეყნის მიერ უფასოდ მიღებული ბუნებრივი აირის მოცულობა გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო ტარიფების დაბალ დონეზე შენარჩუნებას.

 

ენერგოსექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება ხელს შეუწყობს ენერგობაზრებზე კონკურენციის განვითარებას, ენერგორესურსებზე სამართლიანი გამჭვირვალე ფასების ჩამოყალიბებასა და ადგილობრივ დონეზე ენერგორესუსების ხარისხიან მიწოდებას. აღნიშნული ცვლილებები გააძლიერებს ევროპელი ინვესტორების ნდობას და ინტერესს ქვეყნის ენერგოსექტორის მიმართ.

 

ენერგოთანამეგობრობა ახორციელებს ენერგოსექტორში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც წევრი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას უწყობენ ხელს. ფინანსური მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ხდება პროექტის ეკონომიკური ეფექტიანობისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ენერგოთანამეგობრობის მიერ მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, რაც ცალსახად გამორიცხავს ენერგოსექტორში ეკონომიკურად არაეფექტიანი ან გარემოზე უარყოფითი გავლენის მქონე პროექტის განხორციელებას.

 

ენერგოთანამეგობრობის დონორები არიან ისეთი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), მსოფლიო ბანკი (WB) , რომლებიც თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში წევრ ქვეყნებს გრძელვადიანი შეღავათი კრედიტით უზრუნველყოფენ. თანამეგობრობაში გაწევრიანებით საქართველო შეძლებს მოიპოვოს გრძელვადიანი ფინანსური რესურსი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად, რაც დადებითად იმოქმედებს ენერგოსექტორის განვითარებაზე.

 

მაღალბიუჯეტიანი პროექტების განხორციელება გარდა იმისა, რომ აამაღლებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას დადებით გავლენას მოახდენს ისეთ მაკროეკონომიკური პარამეტრებზე როგორიც დასაქმება და ვალუტის კურსის სტაბილურობაა. ამასთანავე, ხელს შეუწყობს მომიჯნავე სექტორების განვითარებას , რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება.

 

ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანებას საქართველოსთვის ენერგოუსაფრთხოების გარდა პოლიტიკურ უსაფრთხოებასთანაც ასოცირდება. ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანების შემდეგ ევროკავშირი ვალდებული იქნება რეაგირება მოახდინოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. ამასთანავე, საქართველოს ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანება იქნება ქვეყნის ღია განაცხადი საკუთარი პოლიტიკური კურსის შესახებ, რაც შეასუსტებს რუსეთის პოზიციებს და ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

 

[1] ყოველთვიურად იმპორტირებული ელექტროენერგიის ფარდობა ელექტროენერგიის წლიური იმპორტის საერთო მოცულობასთან

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ბრემენის უნივერსიტეტის ან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან პასუხისმგებელნი სტატიის შინაარსზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024