საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელებისა და წარდგინებების განხილვის ვადები

კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 2 მაისი 2018

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონით გათვალისწინებულია, რომ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან. ხოლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვა-გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. ორივე შემთხვევაში ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს 2 თვით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ.


აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ არის განჩინებები კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ან არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვა-გადაწყვეტისთვის დაწესებული ვადის გაგრძელების შესახებ. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელმა პირმა ზეპირად განგვიმარტა, საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავსი განჩინებები არ მიუღია.


მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, კანონით განაზღვრული ცხრათვიანი ვადა განიმარტება როგორც საქმის არსებითად განხილვის ვადა. შესაბამისად, არსებული პრაქტიკით, კონკრეტული ვადა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დადგენილი არ არის.


ამავდროულად, ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ვადების დინება ჩერდება კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებიდან ან წარდგინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დასკვნის ან გადაწყვეტილების გამოტანამდე.


აღნიშნული ჩანაწერი ფაქტობრივად აზრს უკარგავს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადებს, რადგანაც თუ, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველად ექნება საერთო სასამართლოს ერთი წარდგინება მაინც, ყველა სხვა საქმეზე ვადების დინება ჩერდება. გაუგებარია, თუ რა შეიძლება იყოს ამგვარი რეგულირების ლეგიტიმური მიზანი, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ იგი კანონმდებლობის ხარვეზად უნდა ჩაითვალოს.


არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს მიუხედავად, მნიშვნელოვანად მიგვაჩნია მიმოვიხილოთ საკონსტიტუციციო სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა-გადაწყვეტის სტატისტიკური ვადები სასამართლოს პრაქტიკაში, რათა პოტენციურ მოსარჩელეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დაახლოებით განსაზღვრონ, თუ რა დროში უნდა ელოდონ სასამართლოს მიერ მათი დავების გადაწყვეტას.

 

ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების მეთოდები


IDFI-მ გამოიკვლია საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია 2016-2017 წლებში რეგისტრირებული კონსტიტუციურ სარჩელებსა და წარდგინებებთან დაკავშირებით, მათ შორის არსებითად განსახილველად მიღებისა და საქმის განხილვის საკითხიც. უფრო ზუსტად, კვლევის ფარგლებში დამუშავდა საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები და წარდგინებები, საოქმო ჩანაწერები, განჩინებები, ინფორმაცია სასამართლო სხდომების შესახებ და სასამართლო გადაწყვეტილებები.


IDFI-მ გამოიკვლია 2016-2017 წლებში რეგისტრირებული 570 კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი ყველა შემთხვევაში დამოუკიდებელ საქმეებს არ მოიაზრებს. მაგალითად, კამპანია „ეს შენ გეხება“ ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოში ჯამში 326 სარჩელი დარეგისტრირდა, რომლებიც ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის არაკონსტიტუციურობას ეხება. გარდა ამისა, კონკრეტული სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლომ გააერთიანა პროცესის ეკონომიურობის დაცვის მოტივით.


ასევე აღსანიშნავია, რომ 2016-2017 წლებში რეგისტრირებული სარჩელებიდან საკონსტიტუციო სასამართლომ ამ დროისათვის გადაწყვეტილება 19 საქმეზე მიიღო.


დაახლოებით რა ვადაში წყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელისა თუ წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს?

 

იმის გამოსათვლელად, თუ დაახლოებით რა ვადაში წყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელისა თუ წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს, IDFI-მ იხელმძღვანელა იმ 2016-2017 წლებში რეგისტრირებული იმ საქმეებით, რომლებზეც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, მეორე კოლეგიამ ან პლენუმმა არსებითად განხილვის საკითხი უკვე გადაწყვიტა. უფრო ზუსტად, IDFI-მ გამოთვალა თითოეული ამ კონსტიტუციური სარჩელისა თუ წარდგინების რეგისტრაციიდან მათი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე არსებული ვადები. შემდეგ ეს რიცხვები დაჯგუფდა გადაწყვეტილების მიმღები კოლეგიებისა თუ პლენუმის მიხედვით, რამაც შესაძლებელი გახადა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის, მეორე კოლეგიისა და პლენუმის მიერ კონსტიტუციური სარჩელისა და წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო დროის საშუალო მაჩვენებლის გამოთვლა.


სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე სწრაფად კონსტიტუციური სარჩელისა თუ წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს საკონსტიტუციო პლენუმი წყვეტს.

 

 

კონსტიტუციური სარჩელისა და წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ კონსტიტუციური სარჩელისა და წარდგინების რეგისტრაციიდან დაახლოებით რა ვადაში ინიშნება არსებითი განხილვის სხდომა?


იმის გამოსათვლელად, თუ დაახლოებით რა ვადაში ინიშნება არსებითი განხილვის სხდომა, IDFI-მ იხელმძღვანელა 2016-2017 წლებში რეგისტრირებული იმ საქმეებით, რომლებზეც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, მეორე კოლეგიამ ან პლენუმმა საქმის არსებითი განხილვის სხდომა უკვე ჩაატარა.


სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კონსტიტუციური სარჩელისა თუ წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ არსებითი განხილვის სხდომას ყველაზე სწრაფად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ნიშნავს.

 

 

კონსტიტუციური სარჩელისა და წარდგინების რეგისტრაციიდან დაახლოებით რა ვადაში მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე?


იმის გამოსათვლელად, თუ დაახლოებით რა ვადაში მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე, IDFI-მ იხელმძღვანელა 2016-2017 წლებში რეგისტრირებული იმ საქმეებით, რომლებზეც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, მეორე კოლეგიამ ან პლენუმმა საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ასევე წინა წლებში რეგისტრირებული იმ საქმეებით, რომლებზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღო.


სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კონსტიტუციური სარჩელსა თუ წარდგინებაზე გადაწყვეტილებას ყველაზე სწრაფად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იღებს.

 

 

შეჯამება


მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელებისა და წარდგინებების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს, სახელმწიფოში ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად და გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია სასამართლომ საქმეები გონივრულ ვადაში განიხილოს.


ამ კუთხით მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის (2015-2018 წ.წ.) თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო პრიორიტეტად ასახელებს სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფას. აღნიშნული პრიორიტეტის შესრულების შეფასების კრიტერიუმად კი დასახელებულია საქმის წარმოების საშუალო სტატისტიკური ვადები.


ასევე მნიშვნელოვანია, რომ სტატისტიკური მონაცემები არ გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმეებს კონკრეტული თანმიმდევრობით განიხილავს, ან რომ საქმეებს გარკვეული ტიპის პრიორიტეტი ენიჭებათ. აღნიშნული იმით არის განპირობებული, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით პრიორიტეტული საქმეების განსაზღვრის შესაძლებლობა გათვალისწინებული არ არის. საერთაშორისო სტანდარტების კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლოები გარკვეული კატეგორიის საქმეებს უპირატესობას ანიჭებენ. თუმცა, კანონით გათვალისწინებული უნდა იყოს პრიორიტეტული საქმეების განსაზღვრის კრიტერიუმები. მაგალითისათვის, სხვა საქმეებზე ადრე შეიძლება განიხილებოდეს ის კონსტიტუციური სარჩელები, რომლებშიც მოსარჩელეს თავისუფლება აქვს აღკვეთილი.


IDFI “საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტის” ფარგლებში უახლოეს მომავალში წარმოადგენს საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივებს, მათ შორის, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024