2015 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელად საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია დაინიშნა.
ინტერფრაქციული ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარის 2015 წლის 12 თებერვლის ბრძანებით შეიქმნა. ინტერფრაქციული ჯგუფი პარლამენტის 11 წევრისგან შედგება და მათ შორის არიან საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები: გუგული მაღრაძე, თამარ კორძაია, მალხაზ ვახტანგაშვილი, გიორგი კახიანი, გიგა ბუკია, ნინო გოგუაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ვახტანგ ლემონჯავა, დავით ჭავჭანიძე, გოჩა ენუქიძე და კახაბერ ოქრიაშვილი.
თავიდან ინტერფრაქციულ ჯგუფს პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი ხელმძღვანელობდა, ხოლო მას შემდეგ რაც თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, ინტერფრაქციული ჯგუფის მოქმედი თავმჯდომარე სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელი პარლამენტარი გუგული მაღრაძე გახდა.
სარედაქციო ჯგუფი, საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფთან ერთად, რომელიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება, უშუალოდ მუშაობდა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. სამოქმედო გეგმა 2015 წლის 17 ივლისის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა.
სამოქმედო გეგმა შემუშავდა პროექტის - ,,ღია მმართველობის ინიციატივაში" საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა" - ფარგლებში, რომელსაც IDFI 2014 წლიდან ახორციელებს. პროექტი დაფინანსებულია და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.
საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016 წლებზეა გათვლილი და 18 ვალდებულებას მოიცავს მოქალაქეთა ჩართულობის, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გაძლიერების კუთხით.
ასევე, აღსანიშნავია, რომ 27 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდო მოიპოვა (the OGP Government Champions Award). დაჯილდოების ცერემონია მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, OGP-ის სამოქალაქო დღეზე გაიმართა, რომელიც 2015 წლის ღია მმართვლეობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში ჩატარდა.
კონკურსი მიზანად ისახავდა წარმოეჩინა სამთავრობო და სამოქალაქო სექტორებს შორის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას თანამშრომლობის იდეალური შემთხვევა. კერძოდ, დაეჯილდოებინა გუნდი, რომელმაც მიუხედავად განსახორციელებელი საკითხების სირთულისა წარმატებით შეძლო სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივების და რეკომენდაციების სამოქმედო გეგმაში შეტანა და პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების თანაბრად გადანაწილება.