საქართველოს პარლამენტის მიერ ინფორმაციის დროულად გამოქვეყნების მნიშვნელობა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა | სტატია 7 სექტემბერი 2015

საპარლამენტო ღიაობის დეკლარაცია საკანონმდებლო ორგანოებს მოუწოდებს საპარლამენტო საქმიანობაში ღიაობისა და მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერისკენ. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, დოკუმენტი ხაზს უსვამს საპარლამენტო ინფორმაციის დროულად გამოქვეყნების მნიშვნელობას.


საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლის სამოქმედო გეგმა ასევე გამოყოფს ინფორმაციის დროულად გამოქვეყნების აუცილებლობას  2.2. ქვე-თავში - საპარლამენტო კომიტეტების წლიური ანგარიშებისა და დასკვნების პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ ცალკეული საპარლამენტო კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიშები, დასკვნები და განცხადებები ხელმისაწვდომი და ადვილად სანახავია პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. თუმცა საპარლამენტო კომიტეტების ყოველწლიური ანგარიშები ვებ-გვერდზე ან საერთოდ არ ქვეყნდება, ან ქვეყნდება მოგვიანებით. აგრეთვე, პარლამენტის ვებ-გვერდზე არ დევს წამყვანი და სავალდებულო კომიტეტების დასკვნები.


ამგვარად, სამოქმედო გეგმით პარლამენტმა აიღო საპარლამენტო კომიტეტების წლიური ანგარიშებისა და დასკვნების პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულება, რისი მთავარი მიზანიც საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაა.


2012 წლის 2 თებერვალს აშშ-ში გამართულ საპარლამენტო მონაცემებისა და გამჭვირვალობის კონფერენციაზე, სპიკერი - დენიელ შუმანი სიტყვით გამოვიდა თემაზე ,,საკანონმდებლო მონაცემების გამჭვირვალობის წარმატების ნიშნულები". გამოსვლაში სპიკერმა ხაზი გაუსვა ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში დროული გამოქვეყნების მნიშვნელობას. ინფორმაციის დროული განთავსების მაგალითად, მას მოჰყავს კანონის და კანონში ცვლილების მიღების საკითხი. დენიელ შუმანის თქმით კანონში ცვლილება, რომელსაც პარლამენტმა 2 საათში უნდა უყაროს კენჭი მისი შემუშავებისთანავე უნდა გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებ-გვერდზე, ასევე კანონი, რომელიც 2 დღეში უნდა მიიღონ, სწრაფად უნდა აისახოს ინტერნეტ სივრცეში.


დენიელ შუმანმა აღნიშნა, რომ ინტერნეტ-სივრცის გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესია, რასაც ინფორმაციის დროული გამოქვეყნება უწყობს ხელს. ინფორმაციის დროული გამოქვეყნება ამერიკელ ხალხსა და მათ მიერ არჩეულ წარმომადგენლებს პრიორიტეტებზე დიალოგის მყარ საფუძველს უქმნის და რაც ყველაზე მთავარია, გამჭვირვალობა არის სწორედ დემოკრატიის ქვაკუთხედი.

 

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ინტერნეტ სივრცისთვის დიდი ყურადღების მიქცევა ძალიან მნიშვნელოვანია. ITU-ს (გაერთიანებული ერების 

სპეციალიზირებული სააგენტო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისთვის) მონაცემებით, 2015 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 3,2 მილიარდი ადამიანი იქნება ინტერნეტ მომხმარებელი, რომელთაგან 2 მილიარდი განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის მონაცემები ქართველ ინტერნეტ-მომხმარებლების რაოდენობაზე არ არის ხელმისაწვდომი, 2013 წელს მოსახლეობის 45%-ს ჰქონდა ინტე

რნეტზე წვდომა. მეორეს მხრივ, თუ გავითვალისწინებთ 2013 წლამდე ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის სტაბილურ ზრდას, 2013 წლის შემდეგ კომპიუტერულ ტექნიკაზე გამარტივებულ წვდომას და ე.წ. სმარტფონების აქტიურ ექსპლუატაციას, სავარაუდოა, რომ ამგვარი გარემოებების მეშვეობით საქართველოს უფრო მეტ მოსახლეს ექნება ინტერნეტზე წვდომა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლების განმავლობაში, ინტერნეტმა მნიშვნელოვნად გარდაქმნა ზოგადად სიახლეების კონცეფცია, შეცვალა მოქალაქეების მიერ ახალი ამბების გაგების შესაძლებლობები. ერთმნიშვნელოვნად, ინტერნეტ სივრცე ძალიან მოსახერხებელია ამ თვალსაზრისით, რამდენადაც ნებისმიერს ვისაც ინტერნეტზე წვდომა აქვს, ნებისმიერ დროს შეუძლია მოიძიოს მისთვის საინტერესო ახალი ამბავი.


გლობალურად, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 6,5%-დან 43%-მდე გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნების მნიშვნელობა. იმისათვის კი, რომ გამოქვეყნებულ ინფორმაციას რეალური შედეგი ჰქონდეს, აუცილებელია ის დროულად იყოს ინტერნეტში განთავსებული, რადგან მხოლოდ დროულად გავრცელებულ ინფორმაციას შეუძლია ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში და მისცეს მათ საშუალება თავისი წვლილი შეიტანონ დემოკრატიულ პროცესებში.


მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საქართველოს მოსახლეობის ინტერნეტ-მომხმარებლების რაოდენობა (45%) შთამბეჭდავი არ მოგვეჩვენოს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ინფორმაციის გავრცელების მიზნებისთვის ეს საკმაოდ მაღალი ციფრია. ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში განთავსება გულისხმობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მედია და რიგითი მოქალაქეები გაეცნობიან ამ ინფორმაციას. შესაბამისად, მათ შეუძლიათ განსაკუთრებული როლი ითამაშონ მიღებული ინფორმაციის გავრცელებაში.


აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა დროულად გამოაქვეყნოს საპარლამენტო გადაწყვეტილებები, და რაც მთავარია, კანონში შესატანი ცვლილებები, რათა მოქალაქეებს მიეცეთ ინფორმაციის გაცნობის და აზრის გამოხატვის რეალური შესაძლებლობა.


ამგვარად, მხოლოდ საკანონმდებლო ინფორმაციის დროულად გამოქვეყნებას შეუძლია მოქალაქეთა ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მათი აზრის ასახვა. ანალოგიურად, საპარლამენტო კომიტეტების წლიური ანგარიშების, წამყვანი და სავალდებულო კომიტეტების დასკვნების გამოქვეყნება მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა საპარლამენტო და კომიტეტების რეგულარულ საქმიანობაში.


საპარლამენტო ღიაობის დეკლარაცია აყალიბებს სამ პრინციპს, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს, რათა უფრო ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდება გახდეს შესაძლებელი მოქალაქეებისათვის და აღმოიფხვრას გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენების ხელშემშლელი ფაქტორები. ეს პრინციპებია: საპარლამენტო ინფორმაციის - სიზუსტე, საპარლამენტო ინფორმაციის დროულად გამოქვეყნება - რათა მოქალაქეებს საშუალება ჰქონდეთ გავლენა მოახდინონ საკანონმდებლო პროცესზე, და საკანონმდებლო ინფორმაციის სისრულე.


ცნობილი ფაქტია, რომ მიუხედავად კანონებისა თუ რეგულაციების არსებობის აუცილებლობისა, მნიშვნელოვანია ინსტიტუციონალიზებული ორგანოს არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს არსებული კანონების პრაქტიკაში განხორციელებას. სწორედ ამ აუცილებლობას გაუსვა ხაზი დენიელ შუმანმა საპარლამენტო მონაცემებისა და გამჭვირვალობის კონფერენციაზე, როდესაც წარმომადგენლობით პალატას მოუწოდა, რომ მათ აეღოთ პასუხისმგებლობა მონიტორინგზე და მეთვალყურეობა გაეწიათ თუ რამდენად სწრაფად მოხდებოდა კანონის ინიცირებიდან მისი შემდგომი განთავსება ინტერნეტ სივრცეში.


საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლის სამოქმედო გეგმა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელმაც ,,საპარლამენტო ღიაობის" სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს მონიტორინგი, მათ შორის უკვე მიღებულ ,,საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის" შესრულებაზე. სასურველი იქნება, თუ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო განახორციელებს ასევე, ინფორმაციის დროული გამოქვეყნების მონიტორინგს და იქნება ანგარიშვალდებული ორგანო, რომ საპარლამენტო კომიტეტებმა დროულად გამოაქვეყნონ წლიური ანგარიშები თუ დასკვნები. შესაბამისად, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საბჭომ უნდა გამოაქვეყნოს დასკვნები და რეკომენდაციები საპარლამენტო ინფორმაციის დროულად გამოქვეყნების ხელშეწყობისათვის.


საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება პარლამენტის მიერ ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში დროულად განთავსება , რაც გაზრდის მოსახლეობის ინფორმირებულობას და ჩართულობას. მოქალაქეებს შეეძლებათ ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში და გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023