ლიგამუსში პარლამენტის ღიაობის საკითხებზე საჯარო დისკუსია გაიმართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 4 დეკემბერი 2015

3 დეკემბერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI) ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით ილიას უნივერსიტეტის წიგნის სახლში - ,,ლიგამუსი" - საჯარო დისკუსია გაიმართა პარლამენტის ღიაობის საკითხებზე. დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ დეპუტატი და საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი - თამარ კორძაია და ინტერ-ფრაქციული ჯგუფის წევრი - ხათუნა გოგორიშვილი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლები: დავით მაისურაძე და თამარ ნადიბაიძე.


დავით მაისურაძემ დამსწრეებს გააცნო ღია მმართველობის პარტნიორობის ისტორია და არსი. ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) მრავალმხრივ ინიციატივას წარმოადგენს და მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით.


საქართველო OGP-ის წევრი 2011 წელს გახდა და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატების გამო ღია მმართველობის კუთხით, 2014 წლის დეკემბერში საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს ორი წლით.


2014 წლიდან კი, IDFI ახორციელებს პროექტს ,,ღია მმართველობის ინიციატივაში" საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერას," რომელიც დაფინანსებულია და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა. საჯარო დისკუსია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწორედ ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

თამარ კორძაია სტუდენტებს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ OGP საშუალებას იძლევა მოქალაქეებმა უფრო მარტივად მიიღონ ხელისუფლებისგან ინფორმაცია და პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. მისი თქმით მრავალ ადამიანს აქვს განცდა რომ არჩევნების შემდეგ დეპუტატებს ვეღარ აწვდიან ხმას, ამის აღმოსაფხვრელად კი, ღია მმართველობის პარტნიორობა კარგ შესაძლებლობას იძლევა, რადგან იგი უზრუნველყოს ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე დაფუძნებულ განვითარებას. მან აღნიშნა, რომ პირდაპირი კომუნიკაცია საუკეთესოა მოსახლეობასა და პოლიტიკოსებს შორის, თუმცა ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება კომუნიკაციას უფრო მარტივს ხდის. დეპუტატმა სტუდენტებს აცნობა, რომ მათ შეუძლიათ კომიტეტის სხდომებზე დასწრება და საკუთარი აზრის გამოთქმა, ინიციატივების წარდგენა, რომელიც შემდეგ შესაძლოა კანონპროექტად იქცეს.



ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც თამარ კორძაიამ ისაუბრა პარლამენტის წევრებისთვის ქცევის წესების ,,ეთიკის კოდექსის" შემოღებაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პარლამენტარებისთვის მგრძნობიარე საკითხია, თუმცა თავად თამარ კორძაიას ეთიკის კოდექსის მიღება და განხორციელება მოქალაქეებისგან მეტი ნდობის დამსახურების ერთ-ერთ საშუალებად ესახება.

 

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნის მნიშვნელობაზე, რადგან ეს საბჭო იქნება პარლამენტის გამჭვირვალობისა და ღიაობის მუდმივი მაკონტროლებელი ორგანო. გამჭვირვალობას კი, დეპუტატის თქმით არც ერთ სახელმწიფოში ალტერნატივა არ აქვს და ეს მშვიდობის ერთ-ერთი გარანტიაა.


ხათუნა გოგორიშვილმა ხაზი გაუსვა თითოეული ადამიანის ჩართულობის მნიშვნელობას ღია მმართველობაში, რადგან მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკოსი თავის ქმედებებს აუცილებლად უსადაგებს ამომრჩევლის მოთხოვნებს, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ დაკვეთა მოდიოდეს სამოქალაქო საზოგადოებისაგან. მისი განცხადებით, სამოქალაქო აქტივიზმს ალტერნატივა არ აქვს და ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ საზოგადოებამ ნებისმიერი ხელისუფლება აიძულოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე იყოს.


ხათუნა გოგორიშვილმა განიხილა 2015-2016 წლის საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 18 ვალდებულების მნიშვნელობა, რამდენადაც სამოქმედო გეგმა პრობლემურ საკითხებს აგვარებს და მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნების არსებობა მის შესამუშავებლად.


დეპუტატმა ასევე ისაუბრა პრობლემურ საკითხებზე: კანონპროექტების დაჩქარებული წესით მიღებაზე, რაც შეუძლებელს ხდის საკანონმდებლო აქტივობაში სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფას. ასევე, ქ-ნი ხათუნას განცხადებით, არსებობს საჯარო ინსტიტუტები, საიდანაც ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ინსტიტუტები განსაკუთრებით აგრესიულები ხდებიან თუ საჯარო ინფორმაციაზე მოთხოვნა პრემიებსა და დანამატებს ეხება. მან ისაუბრა სტატისტიკის უზუსტობაზე და აღნიშნა, რომ ხშირად უბრუნდება პასუხები სამთავრობო ინსტიტუტებიდან, თუმცა რამდენად შეესაბამება ისინი მის მიერ დასმული კითხვის შინაარსს, ეს სხვა საკითხია. მისი თქმით, ხშირად იღებს პასუხს, რომ მისი კითხვის საგანი ვრცელ კვლევას მოითხოვს და პასუხს მოგვიანებით მიაწვდიან, მაგრამ შემდგომში აღარავინ უკავშირდება. ამგვარი ფაქტები, ცხადია ართულებს პარლამენტის მიერ მთავრობაზე კონტროლის განხორციელებას და ამ მიმართულებით ეფექტიან მუშაობას.


მოხსენების დასრულების შემდეგ, დამსწრეებმა სპიკერებს კითხვები დაუსვეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობის ეფექტურობა საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციულ ჯგუფთან, რამდენად აქვს საქართველოს შანსი გახდეს ღია მმართველობის პარტნიორობის თანა-თავმჯდომარე, და რამდენად ქმედითუნარიანად მუშაობს პარლამენტი, არის თუ არა პრობლემა ადგილობრივი თვით-მმართველობებიდან საჯარო ინფორმაციის მიღება და სხვა.


„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) მომავალშიც აპირებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართოს საჯარო დისკუსიები საპარლამენტო ღიაობის საკითხებზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024