საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა საჯარო დაწესებულებებში - 2022

სიახლეები | კვლევები | ღია მმართველობა | ანალიზი | ანგარიში 16 იანვარი 2023

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა, რომლის მთავარი მიზანი საჯარო დაწესებულებების  პროაქტიული ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

 

2013 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მთავრობის N219 დადგენილებით, საწყის ეტაპზე ქვეყანაში დამკვიდრდა პროაქტიული გამჭვირვალობის  გარკვეული სტანდარტი, რომელიც სამომავლოდ საჭიროებდა გაუმჯობესებას. კერძოდ, მთავრობის ამ დადგენილებით  განსაზღვრული სავალდებულო  პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა[1], მოიცავს  ადმინისტრაციული ორგანოების  საქმიანობასთან და ფინანსებთან დაკავშირებული მინიმალური ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც  ვერ უზრუნველყოფს პროაქტიული გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს.  2013 წლის შემდეგ, მიუხედავად IDFI-ს არაერთი რეკომენდაციისა საქართველოს ხელისუფლებას  მისი გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს. წლებია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, სათანადო რეაგირების გარეშე რჩება IDFI-ს  ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული სტანდარტის გაუმჯობესებას და რეფორმის მეორე ტალღის განხორციელებას. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასევე, რეაგირების გარეშე დარჩა IDFI-ს ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა კოვიდ-19 კრიზისის დროს საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის  ახალი  ნუსხის დამტკიცებას. აღნიშნული ნუსხა ქვეყანაში არსებული გამოწვევების და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით IDFI-მ  შეიმუშავა და საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციის სახით წარუდგინა.

 

ამასთან, განვლილ წლებში IDFI-ს კვლევები ცხადჰყოფდა, რომ საჯარო დაწესებულებების უმრავლესობა ვერ უზრუნველყოფდა მთავრობის არსებული  დადგენილებით დაკისრებული მინიმალური  ვალდებულებების ჯეროვან შესრულებასაც კი.

 

როგორც აღვნიშნეთ, მიუხედავად IDFI-ს არაერთი მცდელობისა, ამ დრომდე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებულ სტანდარტში, მნიშნელოვანი ცვლილებები არ შესულა. შესაბამისად, წინამდებარე ანგარიშის ფარგლებში, განხორციელებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის კვლევის მეთოდოლოგიაში ცვლილებები კვლავ არ განხორციელებულა.

 

ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის შეფასება 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით და მოცემულია ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის ტენდეციები განვლილ წლებთან შედარებით. ანგარიში მოიცავს ასევე საჯარო დაწესებულებათა პროაქტიული გამჭვირვალობის რეიტინგებს.

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2013 წლიდან, საქართველოს ხელისუფლებას,  ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

 

- მონიტორინგის  ობიექტი 128 საჯარო დაწესებულებიდან, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით 13-ს საერთოდ არ ჰქონდა საკუთარი ვებგვერდი; მათ შორის, კულტურის და სპორტის სამინისტროს.

 

- 17 საჯარო დაწესებულებას ვებ-გვერდზე არ ჰქონდა შექმნილი საჯარო ინფორმაციის განყოფილება ან ამ განყოფილებაში არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია გამოქვეყნებული;

 

- 2022 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 60%-ია,  რაც  4%-ით აღემატება 2021 წლის, ხოლო 11 %-ით ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს;

 

- 2022 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით მხოლოდ 3 საჯარო დაწესებულებას (საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, სტატისტიკის ეროვნული სამსახური,  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი)  ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული ინფორმაცია;

 

- ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება აქვთ მთავრობის ადმინისტრაციას (34%), საგარეო საქმეთა სამინისტროს (35%) და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს (30%).   

 

- მთავრობის ვებ-გვერდზე სახელმწიფო შესყიდვებთან და ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი კვლავ წარმოდგენილია  2014 წლის მდგომარეობით. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაცია  2014 წლიდან ფაქტობრივად არ ასრულებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 

- ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის, მთავრობის დადგენილების შესრულების  ყველაზე მაღალი შეფასება აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს (97%) და თავდაცვის სამინიტროს (96%); 

 

- 2021 წელთან შედარებით, 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულებიდან 7-მა, გააუარესა ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელი;

 

- 2021 წელთან შედარებით, სამინისტროებს დაქვემდებარებული სსიპ-ების ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 3%-ით გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, მათ 43%-ს,  სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 50%-ზე ნაკლები ჰქონდა განთავსებული საკუთარ ვებგვერდზე; 

 

- ყველაზე პრობლემური საკითხი, კვლავ ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება რჩება;

 

- არცერთ შეფასებულ  საჯარო დაწესებულებას არ ჰქონდა გამოქვეყნებული ინფორმაცია ღია მონაცემების (მაგ. CSV ან XML) სახით.  38 საჯარო დაწესებულებას კონკრეტული ფინანსური ინფორმაცია გამოქვეყნებული ჰქონდა Excel-ის ფორმატში;

 

- მხოლოდ 61  საჯარო დაწესებულების ვებგვერდზე იყო ხელმისაწვდომი  განვლილ წლებში პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის არქივი. 

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების კარგი პრაქტიკა და რეკომენდაციები

 

2022 წლის დეკემბრის  მდგომარეობით განხორციელებული მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ  უწყებების  უმრავლესობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის მაღალი სტანდარტით  და თანმიმდევრულ გამოქვეყნებას. 

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ   საჯარო დაწესებულებები  ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტის დამკვიდრების საწყის ეტაპზე, უფრო მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს . მაგალითად,  2014 წლის მონიტორინგის შედეგებით, საჯარო დაწესებულებების საერთო მაჩვენებელი შეადგენდა 71%-ს, რაც 11%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.  

 

2013 წელს საქართველოში დანერგილი სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობის  სრულიად ახალი, პროაქტიული გამჭვირვალობის სტანდარტის მიმართ, საჯარო დაწესებულებების არსებული დამოკიდებულება   კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ანგარიშვალდებულების ამ მექანიზმის  შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.  ამ მხრივ განსაკუთრებულ  აღნიშვნას საჭიროებს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მთავარი მაკოორდინერებელი უწყების საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დამოკიდებულება, რომელიც 2014 წლიდან ფაქტობრივად არ ასრულებს  მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.      

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების ფონზე, დადებითად უნდა შეფასდეს 2022 წელს ცალკეული უწყებების მიერ პროაქტიული გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით გადადგმული ნაბიჯები. მაგალითად,  აჭარის უმაღლესმა საბჭომ მიიღო, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მნიშნელოვნად გაუმჯობესებული დადგენილება და დაიწყო შესაბამისი საჯარო ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნება. ასევე, მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირებულია დამატებით 7 საჯარო დაწესებულება, რომლებმაც 2020 წლის IDFI-ს მონიტორინგის შემდეგ უზრუნველყვეს ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის განყოფილების შექმნა და ინფორმაციის გამოქვეყნება.

 

ცალკეული უწყებების შემთხვევაში ვხდებით  ინფორმაციის ზოგიერთი კატეგორიის ჩაშლილად და დეტალურად განთავსების შემთხვევებს.  მაგალითად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებისა და გრანტების შესახებ გამოქვეყნებულია  დეტალური ინფორმაცია. ასევე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდებზე შრომის ანაზღაურების და სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია თანამდებობის პირებზე ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ავტომობილის მოდელის, გამოშვების წელის, შესყიდვის თარიღის, ფასის და ნარჩენი ღირებულების მითითებით. 

 

IDFI-ის მოსაზრებით კარგი პრაქტიკა ითვალისწინებს მაქსიმალურად დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნებას მინიმუმ შემდეგ პუნქტებზე:

 

 

 

საჯარო დაწესებულებებში  ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სასურველია საჯარო დაწესებულებებმა გაითვალისწინონ IDFI-ს ის ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ეხება სავალდებულო პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის გაუმჯობესებას. ასევე მნიშნელოვანია:

 

- საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.   მათ შორის სავალდებულოდ უნდა განისაზღვროს იმ ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელის შესახებაც მოთხოვნით წლის განმავლობაში საჯარო დაწესებულებას მიმართა სამმა და მეტმა განმცხადებელმა;

 

- საჯარო დაწესებულებები არ უნდა შემოიფარგლონ მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მინიმალური სტანდარტით და  ინფორმაციას უნდა აქვეყნებდნენ  დეტალური სახით (მაგ. თანამდებობის პირთა სახელებისა და გვარების მითითებით);

 

- უნდა დაინერგოს საჯარო ინფორმაციის ღია მონაცემების  ფორმატში გამოქვეყნებისა და  მათი ღია მონაცემების პორტალზე data.gov.ge-ზე განთავსების პრაქტიკა

 

____

 

[1]სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 26 აგვისტოს  მიიღო №219 დადგენილება ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“. დადგენილება ძალაში შევიდა 2013 წლის 1 სექტემბერს და მთავრობის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო დაწესებულებებს დაევალათ  „საჯარო ინფორმაციის“ ვებგვერდების შექმნა და მთავრობის დადგენილების დანართით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსებზე 2013 წლის 31 დეკემბრამდე.

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023