პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები | ანალიზი | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 4 ივლისი 2024

2024 წლის ივნისში ხელოვნური ინტელექტის მმართველობის გლობალურმა ცენტრმა (Global Center on AI Governance) პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის (GIRAI) გლობალური ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში ცენტრი 138 ქვეყნის შესაფასებლად 16 რეგიონულ ჰაბთან, მათ შორის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობდა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაზე (12 ქვეყანა) იყო პასუხისმგებელი. 

 

GIRAI პასუხისმგებლიანი AI-ის 19 თემატურ საკითხს აფასებს, რომლებიც დაჯგუფებულნი არიან 3 ძირითადი მიმართულებით: 

- ადამიანის უფლებები და AI; 

- პასუხისმგებლიანი AI მმართველობა; 

- პასუხისმგებლიანი AI შესაძლებლობები;

 

თითოეული თემატური საკითხის გარშემო შედეგები კი სამი განსხვავებული ბლოკით იზომება:

- სამთავრობო დოკუმენტები (კანონები, ბრძანებები, საკანონმდებლო ინიციატივები, პოლიტიკები, სტრატეგიები);

- სამთავრობო ინიციატივები; 

- არასამთავრობო (კერძო სექტორი, აკადემია და სამოქალაქო ორგანიზაციები) ინიციატივები. 



აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, შეფასებული ექვსი ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი), ყველაზე კარგი შედეგი უკრაინამ აჩვენა. ქვეყანამ 100-დან 38.13 ქულა მიიღო და 138 ქვეყნიდან 26-ე ადგილზე გავიდა. უკრაინა რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი აქვს — “უკრაინაში AI-ის განვითარების კონცეფცია”. აღნიშნული დოკუმენტი ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით ადგენს ეთიკის სტანდარტებს. ქვეყანამ კარგი შეფასებები პასუხისმგებლიანი AI მიმართულებით არასამთვარობო სექტორისა და მთავრობის ინიციატივების ბლოკებშიც მიიღო. 

 

საქართველო უკრაინას ყველა ბლოკსა და ყველა მიმართულებით ჩამორჩება, თუმცა პასუხისმგებლიანი AI მმართველობის მიმართულების გარდა, სადაც საქართველოს უკრაინასთან ერთად, მოლდოვა და აზერბაიჯანიც უსწრებენ, რეგიონის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. GIRAI კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოში პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სამთავრობო დოკუმენტები საკმაოდ მწირია და არ არსებობს ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი ამ მიმართულებით. ქვეყანამ კვლევის ბლოკებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება მთავრობის ინიციატივებში მიიღო, ხოლო შედარებით მაღალი შეფასება არასამთავრობო სექტორში აკადემიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებში დაფიქსირდა. გლობალური ინდექსის 17.83 ქულით საქართველომ შეფასებულ ქვეყნებს შორის მე-60 ადგილი დაიკავა. 

 

12.99 ქულით რეგიონის მესამე ქვეყანა მოლდოვაა. ამ ქვეყანამ კვლევაში საინტერესო ტენდეციები აჩვენა. მართალია, მოლდოვაში ჯერ არ მიღებულა არცერთი სამთავრობო დოკუმენტი, რომელიც პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის რომელიმე თემატურ საკითხს დაფარავს, მაგრამ მაინც შეინიშნება მთავრობის აქტიურობა და ცალკეული ინიციატივები ამ მიმართულებით.  მთავრობის ინიციატივების ბლოკში მიღებული ქულით, უკრაინის შემდეგ, მოლდოვა რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს. მთავრობის ინიცაიტივის თვალსაჩინო მაგალითია მთავრობის “სამუშაო დოკუმენტი მონაცემთა მართვასა და ხელოვნურ ინტელექტზე”, რომელიც ეროვნული AI სტრატეგიის არარსებობის ფონზე ქვეყანაში პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის განვითარების ხედვას აყალიბებს. 

 

უკრაინისგან და საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვაში არასამთავრობო სექტორი პასუხისმგებლიანი AI-ის მიმართულებით საკმაოდ პასიურია.


 

რეგიონის დანარჩენ ქვეყნებში აზერბაიჯანში, სომხეთსა და ბელარუსში ერთნაირი ტენდენციები შეინიშნება. ამ უკანასკნელ ორ ქვეყანაში, კვლევის ფარგლებში, პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არცერთი სამთავრობო დოკუმენტი არ გამოვლენილა. სამივე ქვეყანაში მთავრობის ინიციატივები არასამთავრობო სექტორისას ჭარბობს. აღსანიშნავია აზერბაიჯანის მთავრობის აქტიურობა, რომელიც ამ ბლოკში მიღებული ქულით რეგიონში მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება. ამ ქვეყნებმა მსოფლიო რეიტინგში 88-ე, 101-ე და 110-ე ადგილები დაიკავეს, შესაბამისად. 



ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნიდან (ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი) პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის ინდექსში ყველაზე კარგი შედეგი უზბეკეთმა აჩვენა. ქვეყანამ 11.27 ქულა დააგროვა და 138 ქვეყნიდან 70-ე ადგილზე გავიდა. სამთავრობო დოკუმენტების ბლოკში უზბეკეთი რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს კვლევის ფარგლებში გამოვლინდა უზბეკეთის პრეზიდენტის სამი სხვადასხვა ბრძანება, რომლებიც ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის დაჩქარებული წესით დანერგვას და განვითარებას ეხება და ინდექსის 5 თემატურ საკითხს ფარავს — კულტურულ და ლინგვისტურ მრავალფეროვნებას, საერთაშორისო თანამშრომლობას, საჯარო სექტორში უნარების განვითარებას, კონკურენციასა და გამჭვირვალობას.

 

რეგიონში მეორე ადგილს ყაზახეთი იკავებს. მსოფლიო რეიტინგში კი ქვეყანა 74-ე ადგილზე გავიდა. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით, ყაზახეთში პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ყველაზე მეტი სამთავრობო ინიციატივა დაფიქსირდა. მათ შორის აღსანიშნავია დასაქმებულებისთვის სოციალური დაცვის პლატფორმა — 2022 წლის ივლისში ყაზახეთის მთავრობამ გამოსცა სოციალური დაფარვის საპილოტე სქემა, რომელიც მიზნად ისახავს, სოციალური დაცვით უზრუნველყოს ის დასაქმებულები, რომლებიც ჩართულნი არიან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ეკონომიკურ პლატფორმებში. 

 

7.4 ქულით ყირგიზეთი რეგიონში მესამე ადგილს იკავებს. გლობალურ ინდექსში ყირგიზეთის ასეთი შეფასება მეტწილად არასამთავრობო სექტორის დამსახურებაა — ყირგიზეთი ამ ბლოკში მიღებული შეფასებით რეგიონის ყველა სხვა ქვეყანას მნიშვნელოვნად უსწრებს. ქვეყანას მაღალი შეფასება აქვს მიღებული პასუხისმგებლიანი AI მმართველობის მიმართულებითაც, რითაც რეგიონში მხოლოდ უზბეკეთს ჩამორჩება. თუმცა, სამთავრობო დოკუმენტების (რომელსაც, სამთავრობო ინიციატივებთან ერთად, ყველაზე მეტი წონა ჰქონდა ინდექსის ქულაში) სიმწირის ფონზე ქვეყანამ პასუხისმგებლიანი AI ინდექსში დაბალი შეფასება მიიღო.

 

ტაჯიკეთი რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი აქვს — “ტაჯიკეთის რესპუბლიკაში 2040 წლამდე ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგია”. გამომდინარე იქიდან, რომ სტრატეგია მეტწილად ეკონომიკურ განვითარებაზეა კონცენტრირებული, კვლევის 19 თემატური საკითხიდან მან მხოლოდ 5 დაფარა. ინდექსის მიმართულებებს შორის ქვეყანამ შედარებით მაღალი შეფასება პასუხისმგებლიან AI მმართველობაში მიიღო. ბლოკების მიხედვით კი AI ინიციატივების კუთხით ყველაზე პასიურად არასამთავრობო სექტორი გამოვლინდა. 

 

პასუხისმგებლიანი AI ინდექსში ყველაზე დაბალი შეფასება რეგიონში თურქმენეთმა მიიღო. კვლევის ფარგლებში ქვეყანაში არ გამოვლენილა არცერთი სამთავრობო დოკუმენტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას ეხება, ხოლო არასამთავრობო სექტორის ინიციატივები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწირია. ქვეყანამ ნული ქულა მიიღო პასუხისმგებლიანი AI შესაძლებლობების მიმართულებაშიც. 100-დან 1.98 ქულით თურქმენეთი 138 ქვეყნიდან 111-ე ადგილზე გავიდა. 

 

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში შეფასებული 12 ქვეყნიდან მხოლოდ ორში — უკრაინასა და ტაჯიკეთში დაფიქსირდა ეროვნული AI პოლიტიკის დოკუმენტის არსებობა. დანარჩენ ქვეყნებში GIRAI-ის თემატური საკითხები ცალკეული სამთავრობო დოკუმენტების სახითაა დაფარული. კვლევამ გამოავლინა, რომ ამ რეგიონებში, ისევე როგორც გლობალურად, არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები ხელოვნური ინტელექტის სისტემების უსაფრთხოებისა და სანდოობის უზრუნველყოფის კუთხით. 12 ქვეყნიდან მხოლოდ ორს საქართველოს და უკრაინას - აქვს სამთავრობო დოკუმენტი, რომელიც AI-ის გამოყენების უსაფრთხოების, სიზუსტისა და საიმედოობის თემატურ საკითხებს ფარავს და მხოლოდ 3 ქვეყანაში — უკრაინაში, უზბეკეთსა და მოლდოვაში — დაფიქსირდა სამთავრობო ინიციატივა ამ მიმართულებით. GIRAI-ის ანგარიშში გამოვლინდა მხოლოდ ერთი თემატური საკითხი  AI სისტემებზე ადამიანის ზედამხედველობა, რომელზეც ამ ორი რეგიონის არცერთ ქვეყანაში ფიქსირდება რაიმე ტიპის სამთავრობო დოკუმენტი ან სამთავრობო ინიციატივა. ადამიანის ზედამხედველობა კი მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საზოგადოებაში ამ ტექნოლოგიისადმი ნდობის უზრუნველსაყოფად. 



იხილეთ გლობალური ინდექსის შედეგების მიხედვით ჩვენი ანალიზი 

იხილეთ გლობალური ანგარიში

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისთვის - წინააღმდეგობრივი მეხსიერება

22.07.2024

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა

18.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024