ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | სტატია 11 ივლისი 2024

“ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ნაბიჯების და ე.წ. რუსული კანონის მიღების ფონზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გადახედვა დაიწყეს. ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაერთიანებაში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს, “გაიყინა” ევროკავშირის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი 30 მლნ ევროს გადმორიცხვის პროცესიც.  პარალელურად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც ქვეყანა 2016 წლიდან მასპინძლობდა, განუსაზღვრელი დროით გადადო.

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვაზე ოფიციალური განცხადება 23 მაისს გააკეთა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოსთან თანამშრომლობის „ყოვლისმომცველ გადახედვას“ იწყებს. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე“ ან არიან მისი თანამონაწილეები.  ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა დამატებითი ნაბიჯები მოყვება „თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას“ თუმცა ამერიკელი სენატორი დემოკრატიული პარტიიდან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ნაბიჯები გავლენას მოახდენს ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზეც, რადგან სწორედ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენს აშშ-ს მხრიდან სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების მხარდამჭერ მთავარ მექანიზმს. 

 

საქართველო უკვე თითქმის სამი ათეული წელია ამერიკისგან სამხედრო დახმარებას იღებს, რაც აშშ-ს მხრიდან მტკიცე გზავნილია ქვეყნის სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით. სამხედრო დახმარების შეჩერება ან შემცირება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს არამხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, არამედ მის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

 

 

რას გულისხმობს ამერიკული საგარეო დახმარება

 

ამერიკის შეერთებული შტატები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის დახმარებას უწევს სხვადასხვა ქვეყნებს ეკონომიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზნებისთვის. საგარეო დახმარების გაცემის მთავარი მიზანი ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ინტერესების დაცვაა. საგარეო დახმარება გადაეცემათ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მას კონკრეტული მიზნების მისაღწევად იყენებენ: სიღარიბის შემცირება, დემოკრატიული რეფორმების გატარება, ჰუმანიტარული დახმარება, სამხედრო დახმარება და საგანმანათლებლო პროექტები. 

 

საგარეო სამხედრო დახმარების გაცემის მთავარი მიზანი კი ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორ ქვეყნებში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა სამხედრო და სამართალდამცავი ძალების გაძლიერებით, რაც ძირითადად სამხედროების გადამზადებას, წვრთნასა და აღჭურვას მოიცავს.  ამერიკის საგარეო დახმარების პირველადი მიმღები არიან განვითარებადი ქვეყნები, შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნები და ქვეყნები რომლებსაც ომის შემდგომი აღდგენა სჭირდებათ.  

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გაცემული საგარეო დახმარება მეორე მსოფლიო ომის დროს გაფართოვდა, ხოლო ამჟამინდელი დახმარების სისტემა 1961 წელს შეიქმნა სახელწოდებით - „საგარეო დახმარების აქტი“. 

 

"კონგრესის კვლევითი სამსახურის" ანგარიშის თანახმად, საქართველო წლების განმავლობაში იყო წამყვანი ქვეყანა ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ს საგარეო და სამხედრო დახმარების მიღების მხრივ - 1992 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში საქართველომ საგარეო და სამხედრო დახმარების პროგრამებით, აშშ-სგან 4.4 მლრდ დოლარზე მეტი მიიღო. აქედან, მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება 2008-2009 წლებში შემოვიდა.  USAID-ის პროგრამების ჩათვლით კი ამერიკული დახმარების მოცულობამ 1992-2024 წლებში 6 მლრდ დოლარს გადააჭარბა. კერძოდ, USAID-ის მონაცემებით, ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში საქართველოსთვის გამოყოფილი 6 მილიარდი დოლარიდან, დაახლოებით 1.9 მლრდ დოლარი სწორედ USAID-ის პროგრამებზე მოდის.

 

რას გულისხმობს ამერიკული სამხედრო დახმარება საქართველოსთვის

 

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან სამხედრო მხარდაჭერას თითქმის სამი ათეული წელია იღებს. ჯერ კიდევ 2002 წელს აშშ-მ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით“ ოთხი ქართული ბატალიონი გაწვრთნა და აღჭურვა. 

 

ამერიკული უსაფრთხოების სექტორის მხარდამჭერი პროგრამებით, (Security Sector Assistance) რომელიც მოიცავს როგორც შეიარაღებული ძალების აღჭურვას, იარაღის შეძენას, სამხედრო მოსამსახურეთა გადამზადებას და თავდაცვის ძალების გაძლიერებას, საქართველოს 2000 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, 2 მლრდ დოლარზე მეტი აქვს მიღებული. აქედან 600 მლნ-ზე მეტი ამერიკული იარაღის შესყიდვებია, ხოლო თითქმის $1.5 მლრდ “უსაფრთხოების სექტორის მხარდამჭერი“ პროგრამები.

 

როგორ და რაზე ნაწილდება ამერიკული სამხედრო დაფინანსება

 

აშშ-ს უსაფრთხოების სექტორის მხარდამჭერი პროგრამების მონიტორინგის პორტალზე მოცემული არ არის თუ კონკრეტულად რომელი პროგრამის მეშვეობით რა მოცულობის თანხა მიიღო ქვეყანამ, თუმცა  “საგარეო სამხედრო დაფინანსება” -  ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა რომლის მეშვეობითაც საქართველო თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად იღებს მხადაჭერას. აშშ-ში შექმნილი ოფიციალური ვებ-პორტალის მონაცემებით, რომელიც სხვადასხვა დახმარების პროგრამებს აერთიანებს, მთლიანი საგარეო დახმარების პროგრამებიდან, რომელსაც ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებისგან იღებს, დაახლოებით 20-25% ყოველწლიურად სწორედ თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორებისკენაა მიმართული. 

 

საგარეო სამხედრო მხარდაჭერის ფარგლებში თანამშრომლობა რამდენიმე პროგრამას აერთიანებს, მათ შორის ძირითადი მექანიზმებია:  საგანმანათლებლო პროგრამები, როგორებიცაა საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნების (IMET) პროგრამა და საგარეო სამხედრო დაფინანსება (FMF). 

 

საგარეო სამხედრო დახმარებიდან, ყველაზე დიდი წილი პროგრამაზე - საგარეო სამხედრო დაფინანსება (Foreign Military Financing – FMF) მოდის. 2023 წელს 35 მლნ დოლარი საქართველომ სწორედ FMF პროგრამის მეშვეობით მიიღო, ხოლო დამატებით 2.8 მლნ დოლარი IMET - საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროგრამის ფარგლებში. „საგარეო სამხედრო დაფინანსების“ – FMF პროგრამით, საქართველომ 2001 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში ჯამში $575 მლნ-ზე მეტი მოცულობის დახმარება მიიღო. 

 

FMF უზრუნველყოფს საგრანტო მხარდაჭერას ამერიკული თავდაცვის აღჭურვილობის, სერვისებისა და ტრენინგების შესაძენად. FMF როგორც წესი არ მოიცავს პირდაპირ დაფინანსებას, ამ გზით ძირითადად ამერიკული აღჭურვილობის შეძენა ხდება.

 

 

საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროგრამის (IMET) ფარგლებში ხორციელდება შეიარაღებული ძალების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის გადამზადება აშშ-ის სამხედრო სასწავლებლებში. პროგრამა მოიცავს, როგორც მაღალი დონის, ასევე საშუალო და საწყისი მომზადების კურსებს ოფიცრებისა და სერჟანტებისთვის. 2001 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, პროგრამის მშვეობით აშშ-მ საქართველოსთვის ჯამში $32 მლნ-მდე გამოყო. 

 

 

გარდა აღნიშნული პროგრამებისა საგარეო სამხედრო დახმარება მოიცავს ისეთ პროგრამებს როგორიცაა მაგალითად „გლობალური აღჭურვისა და წვრთნის პროგრამა“ - NDAA - რომლის ფარგლებშიც მაგალითად 2020 წელს საქართველომ 6.8 მლნ დოლარი მიიღო. 

 

მასშტაბურია დაფინანსება „საფრთხის შემცირების კოოპერატიული პროგრამის“ ფარგლებშიც რომელიც ჯამურად ბოლო 15 წელში 200 მილიონ დოლარს აღემატება.

 

 

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაიწყო. სწორედ ამერიკული პროგრამების მეშვეობით, საქართველომ შეძლო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სამხედრო მოსამსახურეთა აღჭურვა და გადამზადება, ასევე ამერიკული დახმარების პროგრამების მეშვეობით ხდება სამხედროების ომის შემდგომი მკურნალობა/რეაბილიტაცია. 

 

ამერიკული სამხედრო დახმარების შეჩერება მნიშვნელოვნად შეასუსტებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ხელს არ შეუწყობს ნატოს სტანდარტებთან ქვეყნის მიახოლოებას. 

 

მაგალითად,  ნატოს სტანდარტით თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ის მინიმუმ 2% მაინც უნდა იყოს. საქართველოში ბოლო წლებში თავდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 1.4%-დან 1.9%-მდე მერყეობს, ამერიკული დახმარების შეჩერებით კი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად შორდება ნატოს სტანდარტებს.

 

 

 

აშშ-საქართველოს სტრატეგიული ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში

 

საქართველო აშშ-ს შორის თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება 2001 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც საქართველო  ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2002 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, დაიწყო საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა (GTEP), რომელიც დახმარებას უწევდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს პანკისის ხეობის მთიან საზღვრისპირა რეგიონში, შიდა ტერორისტული საფრთხეების მოგერიებაში. 2005 წელს, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა (GTEP) გარდაიქმნა სტაბილურობის შენარჩუნების ოპერატიულ პროგრამად (SSOP და SSOP II), რომელიც ერაყის მშვიდობის მხარდამჭერ ოპერაციებისთვის წვრთნიდა და ამზადებდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და სამეთაურო შტაბს.

 

თანამშრომლობა ახალ საფეხურზე 2009 წელს გადავიდა, როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი. ამავე პერიოდში წარმოიშვა აშშ-სთან თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - აშშ-ის მხარდაჭერა ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში, კერძოდ 2009 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა საქართველოს გადასროლის პროგრამა - უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები (GDP-ISAF). 

 

2016 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივი თანამშრომლობის მთავარ მიმართულებებად ჩამოყალიბდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC)/საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) განვითარება და საქართველოს გადასროლის პროგრამა (მტკიცე მხარდაჭერის მისია, RSM).

 

2021 წლის 18 ოქტომბერს კი საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტის ფარგლებში, უწყებებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) თაობაზე, - ინიციატივის მთავარი მიზანი საქართველოს შეკავების, ტერიტორიული თავდაცვის, წინააღმდეგობისა და მედეგობის შესაძლებლობების გაძლიერებაა.

 

თანამშრომლობის მთავარი მექანიზმები

 

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა: პროგრამის განხორციელება დაიწყო 2018 წელს და დასრულდა 2021 წლის ბოლოს. GDRP წარმოადგენდა ორი კომპონენტის ერთობლიობას: მზადყოფნის პროგრამა - წვრთნა (GDRP-Training) და მზადყოფნის პროგრამა - ინსტიტუციური განვითარება (GDRP-Institutional). პროგრამამ მთლიანობაში, უზრუნველყო არა მხოლოდ ტაქტიკური დონის საბრძოლო ქვედანაყოფების (9 ქვეითი ბატალიონი) საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, არამედ დაკომპლექტების, წვრთნის, აღჭურვის და ძალების შენარჩუნების მდგრადი ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება. 

 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი: ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა ინვესტიციები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარების კუთხით. ცენტრი მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის ამაღლებას, მასპინძლობს მასშტაბურ მრავალეროვნულ სწავლებებს და სხვადასხვა დონის მზადყოფნაზე ორიენიტრებულ წვრთნებს.

 

საერთაშორისო სწავლებები: საქართველო ყოველწლიურად მასპინძლობს და მონაწილეობს აშშ-ს მიერ ორგანიზებულ  წვრთნებსა და სწავლებებში.  აღსანიშნავია ქართულ-ამერიკული მრავალეროვნული სწავლება „AGILE SPIRIT“ და „NOBLE PARTNER“. 

 

 „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“ (SPP) და ორმხრივი თანამშრომლობის ოფისი (BAO) : პროგრამა „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“  მოიცავს არა მხოლოდ ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების განვითარებას, არამედ ითვალისწინებს დახმარებას ისეთ კრიტიკულ დარგებში, როგორიცაა ლოჯისტიკა, კიბერუსაფრთხოება, სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნა, სამართალი, მედიცინა, გენერალური ინსპექცია, საავიაციო შესაძლებლობების განვითარება და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მხარდაჭერა. 

 

 აშშ-ს მხარდაჭერა  დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახებისადმი: თანამშრომლობის კიდევ ერთ მიმართულებას წარმოადგენს დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა  სამკურნალო შესაძლებლობების განვითარება. დაჭრილი ქართველი სამხედროებისა და BAC-G პროგრამა ჩამოყალიბდა დაჭრილი ქართველი სამხედროების ინტეგრირებული და ინტერდისციპლინარული რეაბილიტაციის პროგრამის უზრუნველსაყოფად. 2019 წლის ბოლოს საქართველომ დაასრულა ახალი მრავალპროფილური სარეაბილიტაციო  ინფრასტრუქტურის მშენებლობა, წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის  ტერიტორიაზე, რომელიც ემსახურება დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს. ამ დაწესებულების მშენებლობა განხორციელდა სწორედ აშშ-ს საგარეო სამხედრო დაფინანსებით.

 

დასკვნა 

 

ამერიკის შეერთებული შტატების 2025 წლის ეროვნული თავდაცვის აქტი (National Defense Authorization Act)  განხილვის ეტაპზეა. სწორედ თავდაცვის აქტი განაპირობებს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძირითად მიმართულებებს. აქტში წლების განმავლობაში გვხვდებოდა ჩანაწერი საქართველოსთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფდა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის კუთხით. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ, გასულ თვეს პარლამენტში წარდგენილ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2024 წელს, საქართველო FMF-ის ფარგლებში, სავარაუდოდ, 35 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის 333 პარაგრაფის ფარგლებში, 20 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ამერიკული საგარეო დახმარების მონიტორის პორტალებზე 2024 წლის მონაცემები სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით განახლებული არ არის. 

 

აშშ-ს მიერ საქართველოში დაგეგმილი წვრთნების შეჩერება მიანიშნებს რომ ამერიკისთვის საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. საქართველოსთან ურთიერთობის “ყოვლისმომცველი გადახედვა“, შესაძლოა სამხედრო სფეროს სხვა პროგრამებსაც შეეხოს, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება. სწორედ ამერიკული ტექნიკური თუ ფინანსური დახმარებით შეძლო საქართველომ თავდაცვის ძალების გადაიარაღება, აღჭურვა და გადამზადება.

 

 ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებით, საფრთხის ქვეშ დგება არა მხოლოდ ის ეკონომიკური პროექტები, რომლებსაც აშშ საქართველოში ახორციელებს, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებები. აშშ-ს მიერ გადადგმული ნაბიჯები, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან ერთად, ნათელი მაგალითია რომ საქართველოს მთავრობამ დემოკრატიულ კურსს გადაუხვია, რასაც საპასუხოდ მოჰყვა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯები. 

 

ქვეყანა სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორებს კარგავს - აშშ-სა და ევროგაერთიანების სახით, რომლის ლიდერებიც მიანიშნებენ, რომ თანამშრომლობის გადახედვის საბოლოო ვერდიქტი ოქტომბერში, არჩევნების შემდგომ დადგება.

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024