ექსპრესნიუსი

IDFI მედიაში 9 დეკემბერი 2013

3 არასამთავრობო ორგანიზაცია მარგველაშვილს კორუფციასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით მიმართავს

arasamt13 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართავს.

„ექსპრესნიუსი“ არასამთავროების მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს მსოფლიო კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, გვსურს მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრებები კორუფციის მხრივ ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და სამომავლო რეფორმის პრიორიტეტების ხედვაც შემოგთავაზოთ.

მოგეხსენებათ, რომ 2003 წლის შემდეგ საქართველოში მთელი რიგი წარმატებული ანტიკორუფციული რეფორმა განხორციელდა, რის შედეგადაც ქვეყანაში შემცირდა და ფაქტობრივად აღმოიფხვრა წვრილმანი კორუფცია და მექრთამეობა. ეს უდავოდ მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, რადგანაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრება, ხოლო მთავრობას თავისი საბაზისო მოვალეობების უკეთ შესრულების შესაძლებლობა მისცა.
ამასთან, საქართველოში კვლავაც სერიოზულ პრობლემაც რჩება კორუფციის უფრო კომპლექსური ფორმები. 2003 წლის შემდეგ წლებში გატარებულ რეფორმებს თან სდევდა ძალაუფლების უკიდურესი კონცენტრაცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში. სხვა ძირითადი ინსტიტუტების (მაგალითად, პარლამენტისა და სასამართლოს), აგრეთვე ხელისუფლების გარე მაკონტროლებლების (თუნდაც მედიის) სისუსტის პირობებში, მაღალი თანამდებობის პირთა ვიწრო ჯგუფს შესაძლებლობა ჰქონდა ემოქმედა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების უგულებელყოფით, რაც  ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციისთვის.
ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად უსვამენ ხაზს გასულ წლებში მომხდარი ე.წ. ელიტური კორუფციის შესაძლო ფაქტების გამოძიების აუცილებლობას. მიგვაჩნია, რომ ყოფილ თანამდებობის პირთა საქმიანობის გამოძიებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ სისტემური პრობლემების გადაჭრა, რომლებიც საქართველოს მთავრობის მაღალ რგოლებში კორუფციის რისკებს წარმოშობს. ამასთან დაკავშირებით, ყურადღებას იმსახურებს რამდენიმე ძირითადი საკითხი:
1. ძლიერი და დამოუკიდებელი პარლამენტი და სასამართლო – ბოლო წლებში საქართველოში კორუფციის რისკების ერთ-ერთი წყარო პარლამენტისა და სასამართლოს სისუსტე და აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი მათი დაქვემდებარებაც იყო. 2012 არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული პარლამენტის გაძლიერებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა გააგრძელოს ინსტიტუციური გაძლიერების პროცესი, რათა ეფექტიანად შეასრულოს თავისი საზედამხედველო ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში. უნდა გაგრძელდეს ძლიერი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება სასამართლო პოლიტიკური ზეგავლენისგან დაცვის უზრუნველსაყოფად.
2. ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება და მათი შესრულების მონიტორინგი – 2010 წელს დამტკიცებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განახლებას საჭიროებს. გარდა ამისა, ბოლო წლებში არ განხორციელებულა სამოქმედო გეგმის შესრულების სრულფასოვანი მონიტორინგი.
3. ანტიკორუფციული უწყების გაძლიერება – ამჟამად მოქმედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საკმაოდ შეზღუდული უფლებამოსილებები და რესურსები აქვს. საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს უფრო ძლიერი ანტიკორუფციული უწყების შექმნის შესაძლებლობა.
4. კონკურენციის სააგენტოს ამოქმედება – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტი ამჟამად ფაქტობრივად უმოქმედოა, რაც ხელს უშლის კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას.  საქართველოს ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში უნდა უზრუნველყოს კონკურენციის კანონმდებლობის რეფორმის დასრულება და კონკურენციის მარეგულირებელი უწყების რეალური ამოქმედება.
5 სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომი გაუმჯობესება – საქართველოს ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა აქვს, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავაც ამ სისტემის გვერდის ავლით წარმოებს (ასეთი შესყიდვების საერთო ღირებულებამ 2012 წელს მილიარდ ლარს გადააჭარბა და სახელმწიფო შესყიდვების 45 პროცენტი შეადგინა) საქართველოს ხელისუფლებამ მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს იმ გამონაკლისი შემთხვევების რიცხვი, როდესაც სახელმწიფო შესყიდვების წარმოება ღია ტენდერების გარეშე დაიშვება.

 

6. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გაძლიერება - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, მისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია კორუფციის პრევენციის მხრივ. აუცილებელია, ერთი მხრივ, ამ უწყების უზრუნველყოფა სათანადო რესურსების, ხოლო, მეორე მხრივ, მისი მაქსიმალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან.

 

7. საჯარო სამსახურის რეფორმა - რაც, სხვა კომპონენტებთან ერთად, მოიცავს საჯარო სამსახურში დანიშვნა-გათავისუფლების, ასევე შრომის ანაზაღაურების საკითხებს. აღსანიშნავია, აგრეთვე, საჯარო სამსახურში კონკურსის წესით დანიშვნასა და პრემიების გაცემასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები.

8. ელიტური კორუფციის, როგორც გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლა  - ამ მიზნით საჭიროდ მიგვაჩნია, ერთის მხრივ, ნათლად შეფასდეს ელიტური კორუფციის განმაპირობებელი ფაქტორები (მათ შორის არსებული საკანონმდებლო ხარვეზები), ხოლო, მეორეს მხრივ, მოხდეს შესაბამისი სტრუქტურების(აუდიტის სამსახური, სამართალდამცავი ორგანოები და ა.შ.) თანამშრომელთა მომზადება და იმ ხასიათის სპეციალური უნარ-ჩვევებით გაძლიერება, რომლებიც ელიტური კორუფციის წინააღმდეგ უფრო ქმედით ბრძოლას შეუწყობს ხელს.

9. ქონებრივი დეკლარაციების სისტემის შემდგომი გაუმჯობესება – მისასალმებელია, რომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია სპეციალური ვებგვერდის საშუალებით. ამ სფეროში შემდგომი პროგრესის მისაღწევად აუცილებელია იმ თანამდებობის პირთა წრის გაფართოება, ვისაც ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა ევალება, და ქონებრივ დეკლარაციებში შეტანილი მონაცემების გადამოწმების სისტემის შექმნა.

10. საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამდებობის პირთა მოძრაობისას წარმოქმნილი კორუფციული რისკების შემცირება - საქართველოში ხშირია ადამიანების გადასვლა ბიზნესიდან პოლიტიკაში და პოლიტიკიდან ბიზნესში. ეს პროცესი, რომელიც თავისთავად გარდაუვალი და ბუნებრივია, გარკვეულ რისკებს შეიცავს კორუფციის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიები დაცულნი იყვნენ კერძო კომერციული ინტერესების ზეგავლენისგან.

11. ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერება ადგილობრივ თვითმმართველობაში – საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებში ამჟამად არსებული ანტიკორუფციული მექანიზმები ბევრად სუსტია, ვიდრე ცენტრალურ დონეზე. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროცესში სათანადო ყურადღება დაეთმოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში ძლიერი ანტიკორუფციული ნორმებისა და მექანიზმების შემოღებას.

12. გამჭვირვალე პრივატიზაციის პროცესი – ბოლო წლებში სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია ხშირად საეჭვო პირობებში წარმოებდა. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს პრივატიზაციის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და მინიმუმამდე შეამციროს იმ შემთხვევების რიცხვი, როდესაც სახელმწიფო ქონების კერძო სუბიექტებისთვის გადაცემა კონკურენტული შერჩევის გარეშე ან/და სიმბოლურ ფასად ხდება.

13. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესება  - წლების განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ხელოვნური შეზღუდვების დაწესების სამწუხარო პრაქტიკა, რაც თავის მხრივ განპირობებული იყო სამართლებრივი მექანიზმების არარსებობისა თუ შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოების არაეფექტური საქმიანობით. ინფორმაციის თავისუფლება მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი კონტროლისა და  კორუფციის პრევენციის უზრუნველყოფისთვის. აღსანიშნავი და მისასალმებელია, ბოლო დროს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას ითვალისწინებს. თუმცა, მიუხედავად პროგრესული ნაბიჯებისა საკანონმდებლო ბაზა და ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული პრაქტიკა საჭიროებს შემდგომ დახვეწას. აქედან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია სამოქალაქო საზოგადოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ამ სფეროში შემოთავაზებული რეკომენდაციების გათვალისწინება და იმ საკანონმდებლო ნორმებისა და პროცედურების სრულყოფა, რომლებიც პრაქტიკაში ართულებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

ვფიქრობთ, რომ ზემოჩამოთვლილი საკითხების მოგვარება შესაძლებელია ხელისუფლებისა და სამოქალაქო და კერძო სექტორების ერთობლივი ძალისხმევით. მზად ვართ, კონკრეტული რეკომენდაციები მივაწოდოთ ხელისუფლებას ზემოხსენებულ სფეროებში კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.

არასამთავრობო ორგანიზაციები არიან: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, იდენტობა, მწვანე ალტერნატივა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, – ნათქვამია არასამთავრობეის მიმართვაში.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ინტეგრაცია საქართველოს ეროვნულ საჯარო პოლიტიკის სისტემაში

20.09.2019

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა

15.09.2019

2019 წელს (იანვარი-ივლისი) დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით გაიზარდა

11.09.2019
განცხადებები

განცხადება სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის აუცილებლობის შესახებ

18.09.2019

იურიდიული კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების შეფასება

17.09.2019

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა

15.09.2019

კოალიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს აფასებს

12.09.2019
ბლოგპოსტები

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019

ინტერესთა შეუთავსებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში

05.08.2019

რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში

13.05.2019

დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

22.04.2019