„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობამ“
ალექსანდრე ქეშელაშვილი
ინტერვიუ
07.11.2013
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ წლიურ სამიტზე, ლონდონში, სხვა მონაწილე ქვეყნებთან ერთად, საქართველომ წარმოადგინა გეგმა 2014-2015 წლებში, საკუთარი ქვეყნის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის შემდგომი განვითარებისთვის.
პროექტი სამიტზე დამსწრე სტუმრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააცნო. მან ისაუბრა საჯარო ინფორმაციის თავისუფლებისა და მისი ელექტრონულად გამოთხოვის შემდგომ განვითარებაზე. სამიტის ფარგლებში საქართველომ წარმოადგინა ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კანონმდებლობაც, ამ საკითხებზე Media.Ge არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელმძღვანელს გიორგი კლდიაშვილს ესაუბრა.
რა ასპექტებს ითვალისწინებდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლონდონის სამიტი?
- „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტი წელიწადში ერთხელ იმართება ქვეყანაში, რომელიც იმ წელს ღია მმართველობის ფარგლებში ლიდერ სახელმწიფოს წარმოადგენს და სამდივნოს ხელმძღვანელია. წელს სამიტი გაიმართა ლონდონში, სადაც მიწვეულები იყვნენ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მთავრობები, არსამთავრობო ორგანიზაციები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ექსპერტები და ა.შ.
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში 2011 წლიდან მონაწილეობს და უკვე 2012 წლის აპრილში კონკრეტული ვალდებულებებიც აიღო. მას შემდეგ, ეს იყო პირველი მასშტაბური შეკრება. წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე მონაწილე მთავრობებმა წარმოადგინეს თითო ინიციატივაც, რომელიც მომავალ სამოქმედო გეგმაში იქნება შესული.
უფრო ნათელი რომ იყოს სამიტის როლი მკითხველისთვის, განმარტეთ რას გულისხმობს თავად „ღია მმართველობის პარტნიორობა“ რომლის ფარგლებშიც ხდება ამ ანგარიშვალდებულებებისა და ინიციატივების წარმოდგენა?
- თვითონ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ძირითადი საკითხებია: ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და ღია მმართველობის ხელშეწყობა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარება და მოქალქეთა თანამონაწილეობა მმართველობაში. ღია მმართველობის პარტნიორობა შედგება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებისგან. ხელმღვანელი მთავრობები და არასამთავრობო სამდივნო, რომელიც სამოქალქო საზოგადოების მონაწილეობას უზრუნველყოფს, როტაციის პრინციპით მოქმედებს და ყოველწლიურად იცვლება.
ამ ძირითადი დებულებების ფარგლებში ხდება უკვე კონკრეტული ვალდებულებების აღება. ლონდონის სამიტი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ საქართველომ გაიმარჯვა ე.წ. წარმატებული ისტორიების ნომინაციაში და სხვა 6 ფინალისტთან ერთად წარადგინა საკუთარი წარმატებული პროექტი. რომელიც პროაქტიულად ინფორმაციის გამოქვეყნების და ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სისტემის დანერგვას ეხებოდა.
ეს კანონი, 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში...
- დიახ, კანონი 1 სექტემბრიდან მუშაობს და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მიღწევა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში. მე პირადად ვიმყოფებოდი ლონდონის სამიტზე, როგორც ორგანიზაცია IDFI-ის ხელმძღვანელი, რადგანაც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან სწორედ IDFI-მ გაუკეთა ნომინირება ამ წარმატებულ პროექტს. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფონდმა კი ჩვენი ქვეყანა ფინალისტებს შორის შეიყვანა.
გარდა ამისა, არასამთავრობო სექტორთან ერთად სამიტზე იმყოფებოდნენ საქართველოს მთვრობის წარმომადგენლები: იუსტიციის მინისტრი და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი. საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან - საპარლამენტო მდივანი და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საქართველოს იუსტიციის მინსიტრმა ლონდონის სამიტზე დაანონსა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც ყურადღება გამახვილდება 2014 წლის სამოქმედო გეგმაში. ეს არის ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის რეფორმა და ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის ინსტიტუტის დანერგვა საქართველოში. ასევე მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო data.gov.ge საიტის ამოქმედება, სადაც გამოქვეყნდება ღია მონაცემები, განთავსდება სამთავრობო ინფორმაცია და მისი ელექტრონულად მოთხოვნა-მიღების სისტემა. ასევე დაინერგება პლატფორმა ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის.
საქართველომ, გარდა ამ ინოვაციების თავისთვადი ეფექტისა, რა სარგებელი შეიძლება ნახოს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში ამ ანგარიშვალდებულებების შესრულებით?
- ეს არის მთლიანად ნებაყოფლობით ინიციატივაზე დაფუძნებული შეთანხმება, სადაც პროექტის მონაწილე ქვეყნების მთავრობები ერთმანეთს მეტი გამჭვირვალობისთვის ეჯიბრებიან, უზიარებენ საკუთარ პრაქტიკას. სამთავრობო უწყებებმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში, პირველ რიგში, ანგარიში უნდა ჩააბარონ საზოგადოებას იმ შესრულებულ, თუ ვერ შესრულებულ ვალდებულებებზე, რაც ჰქონდათ.
ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში თუ ითვალისწინებს „ღია მმართველობის პარტნიორობა“ რაიმე სანქციებს?
- არა, ასეთი სახის სანქციები არ არსებობს. როგორც გითხარით ეს ნებაყოფლობით გაერთიანებული ორგანიზაციაა, შესაბამისად არ გულისხმობს მკაცრ ზომებს. მთავრობას შეუძლია შეასრულოს, ან - არა, ესა თუ ის ვალდებულება. ეს უბრალოდ ამ კონკრეტული ხელისუფლებისადმი მოსახლეობის განწყობაზე აისახება, რადგანაც როდესაც ვალდებულებას იღებ და ვერ ასრულებს, ეს მოქმედებს მოსახლეობის განწყობაზე. „ღია მმართველობის პარტნიორობა“ კი არის უბრალოდ შეჯიბრი ღია მმართველობაში იმ 61 ქვეყანას შორის, რომლებიც ახლა პარტნიორობის მონაწილეები არიან. აღსანიშნავია, რომ მათი რიცხვი უახლოეს მომავალში კიდევ გაიზრდება.
თქვენ ახსენეთ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა მომავალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, IDFI თუ გეგმავს ახალ პროექტების წარმოდგენას?
- ჩვენ ვამზადებთ სხვადასხვა რეკომენდაციებს. ვაუმჯობესებთ და ვხვეწავთ, რადგანც საქართველომ უნდა წარადგინოს ახალი სამოქმედო გეგმა არაუგვიანეს 2014 წლის მარტისა, თუმცა ვფიქრობთ, რომ გეგმას უფრო მალეც წარვადგენთ. ინფორმაციის თავისუფლების თემა მხოლოდ ერთ-ერთია იმ ძალიან ბევრი საკითხიდან, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ მთვრობასთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. IDFI აქტიურად მუშაობს რეკომენდაციების არა მარტო შემუშავებაზე, არამედ მთავრობასთან ადვოკატირებაზეც. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს სამიტი საქართველოსთვის იყო ძალიან წარმარტებული, ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა საერთაშორისო ტრიბუნაზე და ვფიქრობ, რომ მომავალში კიდევ უფრო აქტიური იქნება ღია მმართველობის პარტნიორობაში.
საინტერესოა, როგორია მოქალაქეების ჩართულობა და ინფორმირებულობა ახალი ინიციატივების შესახებ?
- არა მარტო საზოგადოება, საჯარო მოხელეების დიდი ნაწილიც არაინოფრმირებულია. ამ მხრივ, ჩვენ გვაქვს პროექტი USAID-ის მხარდაჭერით, სადაც, ინფორმაციის თავისუფლებისა და ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ მოაქალაქეთა ინფორმირებლობისა და ცნობადობის ამაღლებას ვცდილობთ. პროექტის ფარგლებში ვხვდებით და ტრენინგებს ვუტარებთ საჯარო მოხელეებსა და მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფებს: ეთნიკურ უმცირესობებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვხვდებით მასწავლებლებს, სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს, რომ შემდეგ ეს ინფორმაცია ფართო ფენებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობამ. გარდა ამისა ვესაუბრებით ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ბენეფიტების შესახებ, რადგან ბევრმა არ იცის ამ ვალდებულების ეფექტურად გამოყენება. არ იციან ისიც, სად შეუძლიათ ინფორმაციის მოძიება, ელექტრონულად მიღება, და ა.შ.