კანცელარიის თანამდებობის პირებმა 9 თვეში პრემიის სახით 115 946 ლარი მიიღეს
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა 2013 წლის 9 თვეში პრემიის სახით ჯამში 115 946 ლარი გადაეცათ, ხოლო კანცელარიის თანამშრომლებმა ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასის სახით 2 309 344 ლარი მიიღეს.
ტაბულამ საქართველოს მთავრობისგან ხელფასებისა და პრემიების შესახებ საჯარო ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გამოითხოვა და აღნიშნული მონაცემები კანონით განსაზღვრულ ვადებში მიიღო.
მიღებული მონაცემების მიხედვით, მთავრობის კანცელარიის უმაღლესი თანამდებობის პირებმა 2013 წლის 9 თვის განმავლობაში მიიღეს ამ ოდენობის პრემია:
1. მაია ცქიტიშვილი, მთავრობის კანცელარიის უფროსი - 9 645 ლარი
2. ზურაბ აბაშიძე, პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში - 6 728 ლარი
3. ირაკლი მელაშვილი, პრემიერმინისტრის თანაშემწე - 6 728 ლარი
4. შალვა თადუმაძე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, დეპარტამენტის უფროსი - 10 150 ლარი
5. ვახტანგ ცეცხლაძე, საპარლამენტო მდივნის მოადგილე - 4 375 ლარი
6. სოფიო სიჭინავა, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - 3 875 ლარი
7. ირაკლი ქარსელაძე, დეპარტამენტის უფროსი - 10 150 ლარი
8. კარლო ცქიტიშვილი, პროტოკოლის სამსახურის უფროსი - 3 750 ლარი
9. მერაბ ჯაფარიძე, საორგანიზაციო სამსახურის უფროსი - 3 750 ლარი
10. ლევან ერიქაშვილი, საქმისწარმოების სამსახურის უფროსი - 3 750 ლარი
11. კახა ამირანიძე, საკადრო საკითხთა სამსახურის უფროსი - 2 500 ლარი
12. გიორგი ლილუაშვილი - შესყიდვების სამსახურის უფროსი - 2 470 ლარი
13. კობა ბაქრაძე, სამეურნეო სამსახურის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - 875 ლარი
14. გიორგი ცინაძე, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი - 2 250 ლარი
15. გაიოზ თალაკვაძე, დეპარტამენტის უფროსი - 10 150 ლარი
16. ვალერიან გორგილაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი 13 050 ლარი
17. მაია მენაღარიშვილი, ოფიციალური ტექსტების მომზადების სამსახურის უფროსი - 6 000 ლარი
18. ზურაბ ქარუმიძე, საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - 5 000
19. თამარ წილოსანი, მონიტორინგისა და ანალიზის სამსახურის უფროსი - 1000
20. ნონა ყანდიაშვილი, პრესსამსახურის უფროსი - 7 500 ლარი
21. ზურაბ ძნელაშვილი, საგადასახადო ომბუდსმენის მოადგილე - 2 250 ლარი
ტაბულასთვის გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციას ხელს საფინანსო დეპარტამენტის უფროსი გაიოზ თალაკვაძე აწერს ხელს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ბოლო წლებში მსგავსი სახის ინფორმაციას რეგულარულად ითხოვდა სახელმწიფო უწყებებისგან, თუმცა, ხშირად ინფორმაციას ან არასრულყოფილად იღებდა, ან ვადების დარღვევით. 2011 წელს მთავრობის კანცელარიიდან ორგანიზაციისთვის გაგზავნილი საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ მხოლოდ 2011 წლის პირველ კვარტალში მთავრობის კანცელარიის თანამშრომლებზე ჯამში პრემიის სახით 207 054 ლარი იყო გაცემული.
მთავრობის კანცელარიის მიერ მიღებული პრემიების ოდენობა ყურადღების ცენტრში 2012 წლის დეკემბერში მოექცა. ჟურნალ ლიბერალის მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე კანცელარიის ახალმა თანამშრომლებმა სოლიდური პრემიები მიიღეს, კერძოდ, 20 დღის განმავლობაში მიღებული პრემიების ოდენობამ 340 000 ლარს გადააჭარბა. მაშინ მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მაღალი პრემიების თანამშრომლებზე დამატებით შესრულებული სამუშაოს გამო გაიცა.