ლიბერალი

IDFI მედიაში 11 ოქტომბერი 2013

 

რეგიონული მაუწყებლების ციფრული პრობლემები 
 
სალომე გორგოძე 
09.10.2013 
 
ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირმა (ITU ) ციფრულ მაუწყებლობაზე გადამსვლელი ქვეყნების სამი ზონა გამოყო. საქართველო პირველ ზონაში მოხვდა,  რუსეთთან, თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად. გეგმის მიხედვით, ამ ზონის ქვეყნების ყველა ტელევიზია 2015 წლის 17 ივნისამდე ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს. როგორ აპირებს სახელმწიფო ამ პროცესის წარმართვას? რა გამოწვევის წინაშე დგანან რეგიონული მაუწყებლები? როგორ აისახება ეს პროცესი მედია პლურალიზმზე?
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მედიასივრცეს ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს. ჟენევის შეთანხმებით (2006 წ.) ნაკისრი ვალდებულებით,  2015 წლის 17 ივნისიდან ქვეყანაში ანალოგური მაუწყებლობა გაითიშება და აბსოლუტურად ყველა ტელევიზია ციფრული სიგნალით განაგრძობს მაუწყებლობას. პროცესი ერთი მხრივ მაუწყებლების მხრიდან გარკვეულ ფინანსურ რესურსებს საჭიროებს, მეორე მხრივ ტექნიკური ბაზის განახლებას. რამდენად მზად ხვდებიან  ამ პროცესს ქართული რეგიონული მაუწყებლები?
ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ 1998 წლიდან მაუწყებლობს. საეთერო ბადე საინფორმაციო, შემეცნებითი და ანალიტიკური ხასიათის ექვს  გადაცემას მოიცავს, რომლებიც ძირითადად ადგილობრივ სიახლეებზე და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან ამბებზეა ორიენტირებული. ტელეარხზე სულ 20 თანამშრომელი მუშაობს.  მაუწყებლობა ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მეცხრე მეტრული არხის საშუალებით ვრცელდება. აუდიტორია 90 ათასამდე მომხმარებელს შეადგენს.
არხის გენერალური დირექტორის მაია იველაშვილის განცხადებით ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი საქართველოში ძალიან ნელა მიმდინარეობს, რეგიონულ ტელევიზიებს თითქმის არანაირი მზადება არ აქვთ დაწყებული. მისი თქმით, მწირი ფინანსები და არასაკმარისი ტექნიკური ბაზა ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს ისეთ პატარა მედია საშუალებებს, როგორიც რეგიონული მაუწყებლებია,- „ახალციხის ტელეკომპანია „მე-9 არხს“ საკუთარი სახსრებით და დღეს არსებული მდგომარეობით ძალიან გაუჭირდება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა. მაშინ როცა, ასე ცოტა დრო დარჩა ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულების შესასრულებლად. ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული საბჭოსგან,  ჯერ კიდევ ველოდებით  ამ მიმართულებით არჩეული კურსის გაცნობას. უმოკლეს დროში რეგიონულ მაუწყებლებს მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა მოუწევთ, თუმცა შემოსავალი, რომელიც რეგიონულ მედიას გააჩნია მხოლოდ არსებობისთვისაა საკმარისი.“
ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობს რეგიონული მაუწყებლის, ფოთის „მეცხრე ტალღის“ დირექტორი გერმანე სალია,- „საერთოდ არასაკმარისი ინფორმაციაა ამ საკითხზე, ასეთ სერიოზულ ცვლილებებს კი მომზადებული უნდა შეხვდეს არამარტო ტელევიზია, არამედ მთლიანად საზოგადოება. ჩვენი ტელევიზია, ისევე როგორც სხვები, არ არის  მზად ამ პროცესისთვის, როგორც ფინანსური კუთხით, ისე ტექნიკური ბაზით. რაც მთავარია არ ვიცით რა ფორმატი  იქნება, არ ვიცით გვექნება თუ არა საშუალება საკუთარი ციფრული გადაცემებით ვიმაუწყებლოთ. ამ ძირითადი საკითხების გარკვევის გარეშე შეუძლებელია დაგეგმო შემდგომი ქმედებები.“
რა ფინანსური რესურსის გამოყოფა მოუწევს რეგიონულ მაუწყებლებს იმისთვის, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდნენ? რეგიონული ტელეარხების დირექტორებს უჭირთ კონკრეტული თანხის დასახელება. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მოდელის მიხედვით გადავა ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე. მაია იველაშვილის განმარტებით, პრობლემა სწორედ ისაა, რომ სახელმწიფოს ეს მოდელი ჯერ არ აურჩევია, შესაბამისად მათთვის გაურკვეველია კონკრეტულად რა ფინანსური რესურსის გაღება მოუწევთ. როგორც მისთვისაა ცნობილი ამერიკული მოდელის მიხედვით ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ერთი რეგიონული მაუწყებლისთვის დაახლოებით  რამდენიმე მილიონი დოლარი ჯდება, ევროპული შედარებით ნაკლები. თუმცა, ამ ეტაპზე ინფორმაციის არქონის გამო წინასწარ დათვლებს, თუ რამდენი უნდა გაიღოს ტელევიზიამ აზრი ეკარგება.
რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ნათია კუპრაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია სწორად არ შემუშავდა, რეგიონული მაუწყებლები სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან. საუბარია ერთი მხრივ მატერიალურ ზარალზე, მეორე მხრივ შინაარსობლივ ზარალზე, რაც უარყოფითად იმოქმედებს მედია პლურალიზმზე. საგულისხმოა ზონალური დაყოფის  მოდელიც, რაც მისი თქმით, დამატებით პრობლემებს წარმოქმნის,- „ამჯერად საქართველოში გვაქვს 25 სამაუწყებლო ზონა, რაც პირდაპირ შეესატყვისება ქვეყნის ადმინისტრაციულ დაყოფას. ეს საშუალებას აძლევს რეგიონულ მაუწყებლებს, რომ კონტენტი იწარმოებოდეს ლოკალური ტერიტორიების მიხედვით. ციფრული დაყოფა კი ზონებს ამსხვილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პატარა ტერიტორიაზე სიგნალის გავრცელება აღარ მოხდება. იქნებიან საერთო მაუწყებლები, რაც კონტენტის ლოკალურ წარმოებას გამორიცხავს, რადგან უკვე შენი აუდიტორია, არა კონკრეტული რეგიონი, არამედ მთელი საქართველოა. ეს გარკვეულწილად  აზარალებს მაუწყებელთა შინაარსობლივ მხარეს.“
მისი თქმით არსებული რისკების შემცირების რამდენიმე ეფექტური გზა არსებობს: სახელმწიფოს მხრიდან სწორი სტრატეგიის შემუშავება, ფინანსური სუბსიდირების პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს მოწყვლადი მოსახლეობის ტექნიკურ მომზადებას, მეორე მხრივ მაუწყებლების ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე, მცირესიმძლავრიანი მულტიპლექსების გამართვა,- „მცირესიმძლავრიანი მულტიპლექსები საშუალებას მისცემს რეგიონულ ტელევიზიებს გაცილებით მცირე ფინანსური რესურსით შეძლონ მაუწყებლობა. რაც არსებულ პირობებში ერთ-ერთ ეფექტურ გამოსავლად შეიძლება მივიჩნიოთ.  რეგიონებში არსებული გადამცემების უმეტესობის გადაკეთება შეიძლება მცირესიმძლავრიან გადამცემებად, ოღონდ ისინი ვერ დაფარავენ მთელ მხარეს, ანუ ექნებათ ლოკალური მაუწყებლობა. მაგალითად, მარნეულის ტელევიზია გაავრცელებს სიგნალს მხოლოდ მარნეულის ტერიტორიაზე და არა მიმდებარე რეგიონებში. თუ კომპანია განვითარდება და შეძლებს მეტი თანხის გაღებას, მაშინ მისი დაფარვის ზონაც გაიზრდება. ამას თავად ბაზარი დაარეგულირებს. სტრატეგიის ეს მზა მოდელი თავისი დათვლებით, ხარჯთაღრიცხვებით წარდგენილი აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ამასთან დაკავშირებით, გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ეფექტური გეგმა, მაგრამ მაშინ წარმოადგინონ უკეთესი გეგმა და დაგვარწმუნონ მის ეფექტურობაში.“
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტს წარუდგინა კვლევა, რომელშიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ზოგადი პოლიტიკა, დაშვების ტარიფების რეგულირება, საინფორმაციო კამპანიის წარმოება და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი დეტალია განხილული.
კვლევაში წარმოდგენილია ორი ძირითადი მიმართულება, რომელიც სახელმწიფოს დახმარების პოლიტიკამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას უნდა განახორციელოს. ერთი მხრივ, ბოლო მომხმარებლის სუბსიდირების პოლიტიკა, რაც ითვალისწინებს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ან მათთან დაახლოებული კატეგორიის მოსახლეობას, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების და მარტოხელა პენსიონერების დახმარებას.რადგან ყველა ძველი ტელევიზორი სატელევიზიო სიგნალს ანტენის მეშვეობით იღებს, მათ ციფრული სიგნალის გარდასაქმნელად სპეციალური დეკოდერი დასჭირდებათ. სუბსიდირებამ კი ის უნდა უზრუნველყოს, რომ ამ კატეგორიის მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა შეიძინონ რესივერები ან მიიღონ თანადაფინანსება საჭირო ტელევიზორების ან  მოწყობილობების შესაძენად.
 მეორე მხრივ, მიწოდების მხარის სუბსიდირება, რომლის მიზანია  მიმწოდებლებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პერიოდში დამატებითი ხარჯები აუნაზღაურდეს. განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით უნდა მოხდეს ბენეფიციარების არჩევა, რომლებიც თავის მხრივ დაადასტურებენ თანადაფინანსების აუცილებლობას.
კვლევის ავტორი, უჩა სეთური მიიჩნევს, რომ ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი მედია პლურალიზმის შენარჩუნებაა. მისი თქმით, თვითმიზანი არ უნდა იყოს ის, რომ გარკვეულ ზონაში ესა თუ ის ტელევიზია აუცილებლად მაუწყებლობდეს.  მთავარია სახელმწიფოს მხრიდან მათ მიეცეთ შესაძლებლობა , რომ გადარჩნენ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა რომლის მიხედვითაც ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა არ არსებობს,-   „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2012 წელს, დეკემბრის ბოლოს სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა. გაკეთდა ძალიან ზოგადი პრეზენტაცია, რომელსაც მოჰყვა რამდენიმე შეხვედრა, თუმცა უშედეგო. შეიძლება ითქვას, რომ მუშა ჯგუფი დიდად ეფექტური ვერ აღმოჩნდა, რადგან კონკრეტული შედეგი არ არის . ჩვენ არანაირი გეგმა არ გვინახავს, რაც მთავარია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიაც არ გვინახავს, რაც მოგვცემდა მისი ადვოკატირების საშუალებას,“- ამბობს უჩა სეთური.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც უჩა სეთური პრობლემურად მიიჩნევს მულტიპლექსების გამართვას უკავშირდება. მულტიპლექსი არის სიხშირული ზოლი, რომელიც რამდენიმე ციფრული არხის გატარების შესაძლებლობას იძლევა.მისი ფუნქციაა პროგრამებისა და მომსახურებების დამუშავება.  მულტიპლექსის ოპერატორი შეიძლება გახდეს, როგორც ტელეკომპანია, ასევე უბრალო კომპანია. მულტიპლექსის ოპერატორმა უნდა აწარმოოს საინფორმაციო კამპანია, მოსახლეობა უზრუნველყოს დეკოდერებით და მოელაპარაკოს მაუწყებლებს, რომლებსაც სურთ ქსელში ჩართვა, რისთვისაც შესაძლოა დაუწესოს გარკვეული გადასახადი. "სულ ბოლოს გაკეთებულ პრეზენტაციაზე სახელმწიფოს მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ის აპირებდა შემოეტანა ერთი მულტიპლექსი. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ, რადგან ამ შემთხვევაში თავს იჩენს კონკურენციის პრობლემა. თუ ჩვენ ბაზარზე გვეყოლება ერთი ასეთი ეროვნული ოპერატორი, ის იქნება უკონკურენტო. ჩვენი აზრით, გამოსავალი არის ის, რომ გვყავდეს მინიმუმ ორი ოპერატორი, რაც თავის მხრივ დაგვიცავს ეროვნული მულტიპლექსის  მაღალი ტარიფებისგან. საკითხი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. ეს ვარიანტი შევთავაზეთ მთავრობას და ახლა მიმდინარეობს მისი გაანგარიშება."
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებენ, რადგან, როგორც სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქაშიბაძე განმარტავს სამინისტროში ამჟამად ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც მალე დასრულდება, ამიტომ კონკრეტულ შედეგზე საუბარი ჯერ ადრეა,- „ამ ეტაპზე უცხოელ ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, რომ შევქმნათ ოპტიმალირი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონული მაუწყებლებისათვის უპირველესად კონკურენტუნარიანობას, ასევე, შეამცირებს  დანახარჯებს და უზრუნველყოფს მათ უპრობლემო მაუწყებლობას.“
ცვლილებები, რომლებსაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა გამოიწვევს, მხოლოდ მედიასივრცეს არ შეეხება. მან შესაძლოა პრობლემები მაყურებელსაც შეუქმნას. ტელევიზიებმა აღჭურვილობის სრული მოდერნიზაცია და გადამცემების შეძენა რომც შეძლონ მათ მიერ გავრცელებულ ციფრულ სიგნალს მაყურებელი ციფრული ტელევიზორის ან სპეციალური რესივერის გარეშე მაინც ვერ მიიღებს. ამიტომ, ე. წ. ბოლო მომხმარებლის ინფორმირებულობა და სათანადო მომზადება  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
ქართული არხები მაუწყებლობას ამჟამად ანალოგური სიგნალით ავრცელებენ, რომელიც სიგნალის ანალოგური დამუშავების მეთოდით ხორციელდება, ანუ ანალოგური სიგნალების მეშვეობით, რომელთა სიდიდე და სიხშირე დროში უწყვეტად იცვლება. აღნიშნული სიხშირე შეზღუდული და ამოწურვადია. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა კი მეტი არხის გავრცელების საშუალებას იძლევა.
იმ შემთხვევაში თუ, ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა და 2015 წლის 17 ივნისიდან ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე არ გადავიდა არსებობს საფრთხე იმისა, რომ ქვეყანა მაუწყებლობის გარეშე დარჩება, რადგან დღეს არსებული ანალოგური სიხშირის სადგურები  მეზობელი ქვეყნების ციფრული სიგნალით გადაფარვისგან სამართლებრივად დაცული აღარ იქნება.
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024