GARB-ი ტელეკომპანია „თვალის“ მაუწყებლობის შესახებ
08.07.2013
„რეგიონული მაუწყებელთა ასოციაციასთან“ (GARB) საუბრისას ტელეკომპანია „თვალის“ (საგარეჯო) გენერალური დირექტორი, გია ნაცვლიშვილი აღიარებს, რომ მაუწყებლის სიგნალს მოსახლეობა ვერ იღებდა. GARB-მა „თვალის“ შესახებ ვიდეო მასალა სახელწოდებით „ფართოდ დახუჭული „თვალი“ 8 ივლისს გამოაქვეყნა.
მასალაში საგარეჯოს მოსახლეობა აცხადებს, რომ „თვალი“ უკვე რამდენიმე წელია არ მაუწყებლობს. საწინააღმდეგოს ამტკიცებს გია ნაცვლიშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ არხი „რუსთავი 2“-ის რეტრანსლირებას ახდენდა და მაშინ, როდესაც საერთო ლიცენზია ჰქონდა 5 წუთიან საინფორმაციო გამოშვების დაიჯესტსაც აქვეყნებდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესმდივანი ხატია ყურაშვილი GARB-თან საუბრისას აცხადებს, რომ „თვალმა“ კომისიაში წარადგინა ვიდეო მასალა, საიდანაც დასტურდება, რომ არხი „რუსთავი 2“-ის რეტრანსლირებას ახდენდა.
თუმცა გია ნაცვლიშვილი ამბობს, რომ არხს პერიოდულად მაუწყებლობის შეწყვეტა უწევდა.
„ძალიან მოძველდა ჩვენი აპარატურა, ფაქტობრივად გადამცემიც ძალიან ცუდად მუშაობს... ისეთ მდგომარეობაშია გადამცემი, რომ მოსახლეობა სიგნალს ვერ იღებს, კი ვუშვებთ, მაგრამ მოსახლეობამდე რაღაც 5 წუთი ირთვება და მერე იკარგება“, - აღნიშნავს გია ნაცვლიშვილი.
„თვალის“ ვებ-გვერდზე მითითებული მისამართის პოვნა საგარეჯოში GARB-ის ჟურნალისტს გაუჭირდა. სიუჟეტიდან ჩანს, რომ გადამღებმა ჯგუფმა ადგილობრივების დახმარებით ამ მისამართთან დაკავშირებულ 2 პუნქტს მიაკვლიეს, სადაც გამგეობის შენობა და ჯართის ჩამბარებელი ობიექტი აღმოჩნდა. საგარეჯოელების თქმით, ამ შენობაში „თვალის“ ტექნიკაა დაბინავებული, ჟურნალისტს მათ მიერ მითითებული ოთახები, სადაც არხის აპარატურა უნდა ყოფილიყო, დაკეტილი დახვდა. გამგეობის შენობაში მყოფი პირებიც ადასტურებენ, რომ 2007 წლიდან „თვალი“ აღარ ფუნქციონირებს და ტექნიკაც არავის გამოუყენებია.
„დირექტორი თბილისში ცხოვრობს და საერთოდ არ მოდის“, - აცხადებს საგარეჯოს გამგეობის თანამშრომელი.
GARB-ის სიუჟეტში „თვალის“ მიერ კომისიაში წარდგენილი ანგარეიშგების დოკუმენტებიც ჩანს, საიდანაც ირკვევა, რომ არხის თანხობრივი ბრუნვა ხშირ შემთხვევაში ნულოვანია.
„თუ ეს ტელევიზია მუშაობდა, ელემენტარულად აპარატურამ რომ სიგნალი გაავრცელოს, კომუნალური ხარჯები, თანაშრომლების შრომის ანაზღაურება, ტექნიკური პერსონალის ასევე საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტების ხელფასები, ეს არაფერი არ ჩანს, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს მაუწყებელი ფიზიკურად ვერ იარსებებდა“, - აღნიშნავს სიუჟეტში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ექსპერტი უჩა სეთური.
გია ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ ტელეკომპანიაში სულ 2 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელიც უხელფასოდ მუშაობდა და ისინი აკეთებდნენ 5 წუთაინ საინფრომაციო გამოშვების დაიჯესტებს.
GARB -ის ჟურნალისტი შენიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, კომისიას თვალისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხზე არასდროს უმსჯელია.
უჩა სეთური ფიქრობს, რომ კომისიის მხრიდან „თვალისადმი“ ლოიალური დამოკიდებულებას შესაძლოა პოლიტიკური მიზეზი ჰქონდეს. „ამაზე პასუხი შეიძლება იყოს იქ, თუ ვინ არიან აღნიშნული ტელეკომპანიის მფლობელები,“ - ამბობს უჩა სეთური. გია ნაცვლიშვილი კახეთის ყოფილი გუბერნატორი და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი რატიშვილი ამბობს, რომ ირაკლი ჩიქოვანის თავმჯდომარეობის პერიოდში „სიხშირეების დაკონსერვება ზოგადად პოლიტიკა იყო“
„სჯობდა დაკავებული ლიცენზია ჰქონოდა ვიღაც ნდობით აღჭურვილ პირს, ვინც არც ერთ შემთხვევაში არ გააკეთებდა ოპოზიციურ ტელევიზიას და არ გააკრიტიკებდა ხელისუფლებას“, - აღნიშნავს გიორგი რატიშვილი.
ხატია ყურაშვილი კი ამავე სიუჟეტში აცხადებს, რომ „მსგავსი ინფორმაცია კომისიისთვის ცნობილი არ არის“.