შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2012 წლის 28 ივნისს, სასტუმრო „ამბასადორში“, პროექტის - "საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა საქართველოში" - პრეზენტაცია გამართეს.
USAID-ის პროგრამის - „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში “ - ფარგლებში განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევას, რეკომენდაციების შემუშავებას და მათი იმპლემენტაციის გზით ადმინისტრაციულ ორგანოებში გამჭვირვალობისა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების ხელშეწყობას.
შეხვედრის მიზანი გახლდათ პროგრამის პარტნიორი საჯარო დაწესებულებებისათვის (იუსტიციის სამინისტრო, საჯარო სამსახურის ბიურო, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, საქართველოს კონტროლის პალატა) პროექტის შედეგების გაცნობა.
G-3-ის პარტნიორი საჯარო დაწესებულებიდან მოწვეულ სტუმრებს ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გააცნეს ჩატარებული კვლევის შედეგი და შესთავაზეს კონკრეტულად მათი დაწესებულებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები საჯარო ინფორმაციის პროქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა ქართული სამიზნე სამთავრობო უწყებების იდენტური უცხოური სამთავრობო ინსტიტუტები. აქცენტი გაკეთდა პროაქტიული გამოქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნებზე: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი/შოტლანდია და ესტონეთი.
პრეზენტაციაზე შეფასდა საჯარო დაწესებულებების ელექტრონულ რესურსებზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის შინაარსი და მათი განთავსების ფორმა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ასევე განახორციელა საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებისა და მათ მიერ წარდგენილი 10 დეკემბრის ანგარიშების ანალიზი. საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხების დასადგენად IDFI-მ გამართა ფოკუსირებული დისკუსიები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან. მომზადდა ანალიტიკური ანგარიში და სამართლებრივი კვლევა.
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო და საქართველოში არსებულ კანონმდებლობაზე და პრაქტიკაზე ისაუბრა IDFI-ის სამართლის ექსპერტმა და კვლევის სამართლებრივი ნაწილის ავტორმა ელისო ჩაბრავამ.
კვლევის სტატისტიკური ანალიზი, გამოვლენილი პრობლემები, და მათ გადასაჭრელად საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციები საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებს ინსტიტუტის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა წარუდგინა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელობას და აქტუალობას დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის და კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობისათვის.
პროექტის სამიზნე უწყებებს წარმოადგენდნენ ასევე აჭარის ა/რ მთავრობის აპარატი და სამინისტროები (აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აჭარის ა/რ განათლების სამინისტრო, აჭარის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის სამინისტრო).
აჭარის სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა 2 ივლისს ქ. ბათუმში გაიმართა. მოწვეული სტუმრებისთვის ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტის წარმომადგენელებმა (გიორგი კლდიაშვილი, ლევან ავალიშვილი) გააკეთეს პრეზენტაცია ჩატარებული კვლევის ირგვლივ. განხილული იყო ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებული პრაქტიკა და სტატისტიკური მაჩვენებლები, ასევე რეკომენდაციები საჯარო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
საჯარო დაწესებულებებს გადაეცათ მომზადებული ანგარიშები.
“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია
03.10.2024