2024 წლის 12 მარტს, უფლებადამცველების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა საქართველოს თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. ამასთანავე, საქართველოში უფლებადამცველთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიაზე ისაუბრა.
სპეციალური მომხსენებლის ანგარიში გამოწვევებთან ერთად კონკრეტულ თანმდევ რეკომენდაციებს ასახელებს, რომლებიც მიემართება საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახალხო დამცველს, პროკურატურას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს (ანგარიში, გვ. 16-18). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში ასახული საბოლოო რეკომენდაციები ეფუძნება, მათ შორის, სპეციალური მომხსენებლის მიერ საქართველოში ვიზიტის დასასრულს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას (ანგარიში, გვ. 16).
საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში არაერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის იმ გამოწვევებზე, რომლებიც ექცევა IDFI-ს საქმიანობის სფეროში.
1. „რუსული კანონის“ მიღების მცდელობის გავლენა უფლებადამცველთა საქმიანობაზე - სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, რომ კანონის მიუღებლობის მიუხედავად, მან მაინც იქონია უარყოფითი ზეგავლენა უფლებადამცველთა საქმიანობაზე (ანგარიში, პარ. 19). მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპეციალურ მომხსენებელს განუცხადეს, რომ არ მოხდება ამ კანონის ხელახალი ინიცირება, სპეციალური მომხსენებლისთვის ეს არ არის საკმარისი გარანტია იმ უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, რაც განაპირობა ამ საკანონმდებლო ინიციატივამ (ანგარიში, პარ. 20).
2. მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე - სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, რომ უფლებადამცველების მხრიდან მისთვის ცნობილი გახდა, მშვიდობიანი შეკრებების მიმდინარეობისას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების არასათანადო გამოყენების შესახებ, რასაც თან ახლდა, ხშირად, მხოლოდ პოლიციელების განცხადებების საფუძველზე, სასამართლოს მხრიდან სისტემატური ხასიათის ჯარიმების გამოყენება (ანგარიში, პარ. 23). სპეციალური მომხსენებელი მიესალმა სახელმწიფოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროების აღიარებას (ანგარიში, პარ. 23). მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ კოდექსთან დაკავშირებული გამოწვევები კარგად ცნობილია, მათ შორის, არაერთხელ იყო დასახელებული სახალხო დამცველის აპარატის მიერ, სპეციალური მომხსენებლისთვის კითხვას აჩენს ის გარემოება, თუ რატომ არ მოხდა აქამდე კოდექსის შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებთან (ანგარიში, პარ. 23).
შეკრების თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით მსჯელობისას, სპეციალური მომხსენებელი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ცვლილებებზე, რომელთა დაჩქარებული წესით მიღებაც იგეგმებოდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (ანგარიში, პარ. 21-22).
3. ფარული მიყურადების პრაქტიკა - საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში სპეციალური მომხსენებელი ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე გამოძიებასა და არასამთავრობო ორგანიზაცია CANVAS-ის მიერ ორგანიზებული ტრენინგის თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გასაჯაროებულ ფარულად გადაღებულ ვიდეო კადრებზე (ანგარიში, პარ. 24-32). სპეციალური მომხსენებელი მიიჩნევს, რომ ვიდეო არ შეიცავს ისეთ გარემოებებს, რომლებიც რაიმე სახით დაასაბუთებდა ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს (ანგარიში, პარ. 25). ამ საკითხის ირგვლივ განვითარებული მოვლენების და თანმიმდევრობის გათვალისწინებით, სპეციალური მომხსენებელი ხედავს პირდაპირ კავშირს 2023 წლის მარტის მოვლენებთან (ანგარიში, პარ. 25).
ფარული მიყურადების პრაქტიკასთან დაკავშირებით, სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, რომ სერიოზული ეჭვები არსებობს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მიყურადების პროპორციულობის თვალსაზრისით (ანგარიში, პარ. 32). ამ საკითხის განხილვისას ანგარიში ყურადღებას ამახვილებს 2021 წლის დეკემბერში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და 2022 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის საფუძველზეც, მათ შორის, გაფართოვდა იმ დანაშაულების წრე, რომელზედაც შესაძლებელია ფარული საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება (ანგარიში, პარ. 33-34).
4. ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელშეშლა - სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებისა და სხვა მედია მუშაკების მიმართ, რომლებიც აშუქებენ ადამიანის უფლებათა საკითხებს, თავდასხმების დაუსჯელობა, ასევე მნიშვნელოვან და განგრძობით გამოწვევას წარმოადგენს (ანგარიში, პარ. 51). სპეციალური მომხსენებელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არ იღებს საკმარის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჟურნალისტებსა და სხვა მედია მუშაკებს შეეძლოთ თავიანთი სამუშაოს თავისუფლად შესრულება (ანგარიში, პარ. 51).
ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის სხვა გარემოებებზე მსჯელობისას ანგარიში ყურადღებას ამახვილებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე. IDFI-ს მიერ მომზადებულ ანგარიშებზე მითითებით, სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადებებზე სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მნიშვნელოვნად შემცირდა და 2022 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგის მქონე იყო (ანგარიში, პარ. 52). ამავდროულად ანგარიშში აღნიშნულია, რომ IDFI-ს მიერ 2023 წლის 5 თვეში სამინისტროებსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში გაგზავნილი 1255 მოთხოვნიდან მხოლოდ 7%-ს გაეცა პასუხი, ბევრი მოთხოვნა კი სრულიად უგულებელყოფილი დარჩა (ანგარიში, პარ. 52). ამ გამოწვევების არსებობას დაეთანხმნენ ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები სპეციალურ მომხსენებელთან შეხვედრისას (ანგარიში, პარ. 52). სპეციალური მომხსენებელი მიუთითებს, რომ ეს გამოწვევა ყველაზე მეტად მიემართება მთავრობას, განსაკუთრებით კი, კულტურის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (ანგარიში, პარ. 52).
5. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა - მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მომხსენებელი პოზიციურ ნაბიჯად მიიჩნევს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებას, ის შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიაში მითითება არ არის უფლებადამცველების შესახებ (ანგარიში, პარ. 13). ამასთანავე, სპეციალური მომხსენებლისთვის შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ სახელმწიფომ სტრატეგიის ტექსტიდან გამორიცხა ნებისმიერი მითითება ლგბტქი პირთა უფლებებზე, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციასა და ლგბტქი ადამიანების უფლებადამცველებზე (ანგარიში, პარ. 15). სპეციალური მომხსენებელი საქართველოში ვიზიტისას გაეცნო სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიას. მისი დაკვირვებით ეს დოკუმენტი მოიცავდა ერთ მითითებას უფლებადამცველების შესახებ, რომელიც შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკის შეგროვებას (ანგარიში, პარ. 16). მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მომხსენებელი მნიშვნელოვან აქტივობად მიიჩნევს აღნიშნულს, ის მიუთითებს რომ უფლებადამცველების მდგომარეობა უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს (ანგარიში, პარ. 16).
6. მომეტებული რისკის წინაშე მყოფი უფლებადამცველები - საქართველოში ვიზიტისას, შეხვედრებისას მიმდინარე დისკუსიების გათვალისწინებით, სპეციალური მომხსენებელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უფლებადამცველებს აქვთ უსაფრთხოების არარსებობის არსებითი განცდა (ანგარიში, პარ. 37). ანგარიშში მითითებულია, რომ ამაზე უდავოდ იქონია გავლენა 2023 წლის მარტში განვითარებულმა მოვლენებმა, თუმცა აღნიშნულია, რომ ეს განცდა ბევრ უფლებადამცველს ამ მოვლენების განვითრებამდეც ჰქონდა (ანგარიში, პარ. 37).
უსაფრთხოების არარსებობის განცდა განსაკუთრებით მომეტებულია იმ უფლებადამცველებს შორის, რომლებიც არიან ინტერსექციული რისკების წინაშე, კერძოდ, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური წარმომავლობის ან რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობებისა თუ სოფლად ცხოვრების გამო (ანგარიში, პარ. 38).
ამავდროულად სპეციალური მომხსენებელი მიუთითებს რომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ლგბტქი პირების წინააღმდეგ თავდასხმების გაგრძელებაში და დაუცველობის ატმოსფეროს ფორმირებაში (ანგარიში, პარ. 43-44).
7. უცხოელი უფლებადამცველების წინაშე არსებული გამოწვევები - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსულ უფლებადამცველებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, ანგარიშში აღნიშნულია ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა ზოგიერთი უფლებადამცველი, მესამე ქვეყანაში უფლებადამცველობით საქმიანობასთან დაკავშირებული მგზავრობიდან დაბრუნებისას, საქართველოში ხელახლა შემოსვლისას (ანგარიში, პარ.73). სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საქართველოში შემოსვლაზე უარი დაეფუძნა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ზოგად საფუძველს, კონკრეტული მიზეზების მითითების გარეშე (ანგარიში, პარ.73). ამასთანავე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი უფლებადამცველი საქართველოში შემოუშვეს მას შემდგომ, რაც გამოკითხეს უფლებადაცვითი საქმიანობის, საზღვარგარეთ ღონისძიებებში მონაწილეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ (ანგარიში, პარ.73).
წარმოგიდგენთ სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაციების არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც ეხება ამ მიმოხილვაში, მისი თემატური ფარგლების გათვალისწინებით, განხილულ გამოწვევებს. სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაციებია:
- საჯარო განცხადებებით უფლებადამცველთა სტიგმატიზაციისა და მათი საქმიანობის დელეგიტიმიზაციის შეწყვეტა;
- ჟურნალისტების სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის შეწყვეტა;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებთან;
- დაინტერესებული პირების, მათ შორის, უფლებადამცველების ჩართულობით ფარული მიყურადების კანონმდებლობის ცვლილება, ფარულ მიყურადებაზე ზედამხედველობის გაძლიერების მიზნითა და რეგიონულ თუ საერთაშორისო სტანდარტებთან კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით;
- უფლებადამცველთა საკითხების, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტის ასახვა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში;
- უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ ყველა მიმდინარე ფარული მიყურადების შემოწმება, რათა შეფასდეს მისი შესაბამისობა რეგიონალურ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან;
- გამოძიების დაწყება 2023 წლის სექტემბერში ტრენინგში მონაწილე უფლებადამცველების ფარული მიყურადების კანონიერებასთან დაკავშირებით;
- გამოძიების თვალსაზრისით ძალისხმევის გაძლიერება 2021 და 2023 წლების ივლისში ძალადობრივი დემონსტრაციების ორგანიზატორების მიმართ, მათ შორის, იმ პირების მიმართ, რომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის საჯარო მოწოდებებს;
- გარემოს დაცვის საკითხებზე, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების, საზოგადოების ჩართულობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- ბელარუსი და რუსი უფლებადამცველების საქართველოში ხელახლა შემოსვლის უზრუნველყოფა, მოქმედი უვიზო რეჟიმის შესაბამისად;
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა, რათა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებიდან ამოღებულ იქნას ზედმეტად ფართო საფუძველი („საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“). იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს პირის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ლეგიტიმური საფუძველი, ყოველთვის გაკეთდეს მითითება მკაფიო და გამჭვირვალე საფუძველზე.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენისას, სპეციალურმა მომხსენებელმა მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს გაითვალისწინონ მის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები და ამავდროულად, აღნიშნა, რომ ის დააკვირდება რეკომენდაციების შესრულების პროცესს.
IDFI მოუწოდებს იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც არიან სპეციალური მომხსენებლის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ადრესატები, გადადგან ქმედითი და დროული ნაბიჯები, საქართველოში, უფლებადამცველთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. უფლებადამცველთა საქმიანობის მნიშვნელობისა და ლეგიტიმურობის აღიარება, მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის პროცესში.