ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში - ანგარიში N3-4

სიახლეები | კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები 16 სექტემბერი 2014

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოში ინტერნეტისა და ელ-მმართველობის მიმართულებით მიმდინარე მოვლენების ნათელი და მრავალმხრივი სურათის წარმოჩენის მცდელობას. ანგარიშში განხილულია სტატისტიკური მონაცემები ინტერნეტის მომხმარებლების შესახებ, ხელისუფლების გეგმები და განხორციელებული პროექტები იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მოქალაქეების წვდომა ინტერნეტზე და ელ-სერვისებზე. ამას გარდა, ანგარიშში შესულია სხვადასხვა საერთაშორისო კვლევა, სადაც ასახულია საქართველოს მაჩვენებლები ელ-მმართველობისა და მსგავსი საკითხების თაობაზე. ბოლოს, კვლევა მიმოიხილავს ონლაინ მედიასა და მომხმარებლების უფლებების დაცვის საკითხებს.


მიღებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ:


• ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის მზარდი ტენდენციის მიუხედავად სადენიანი ინტერნეტის წვდომის მაჩვენებლები წინა წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა;


• როგორც სადენიანი, ისე მობილური ინტერნეტის შემთხვევაში, შესამჩნევია ბაზარზე ორი კომპანიის დომინირება. სადენიანი ინტერნეტის შემთხვევაში ეს კომპანიებია კავკასუს ონლაინი და სილქნეტი, ხოლო მობილური ინტერნეტის შემთხვევაში - ჯეოსელი და მაგთიკომი იკავებენ დომინანტურ პოზიციებს;


• ინტერნეტის გამტარიანობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოს რეგიონებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რეგიონებში ვითარდებოდა უსადენო ინტერნეტი, აუცილებელია რომ მთავრობა ეფექტური ნაბიჯების გადადგას ამ მიმართულებით მხარდამჭერი პროგრამების შემუშავების კუთხით, და კოორდინაცია გაუწიოს ინტერნეტის ბაზარზე არსებულ ნებისმიერ მოთამაშეს.


ელ-სერვისებისა (ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების (ICT) საშუალებით მიწოდებული სერვისები) და ინტერნეტზე წვდომის განვითარება მნიშვნელოვნად ურთიერთდაკავშირებულია. ერთი მხრივ, ინტერნეტზე წვდომის გარეშე ყველაზე განვითარებული ელ-სერვისებიც ფუნქციას კარგავს. თუმცა, მეორე მხრივ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსახლეობის სრულ უმრავლესობას მიუწვდება ხელი ხარისხიან ინტერნეტზე, აღნიშნული არ უზრუნველყოფს მათ ჩართულობას სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თანდათანობით ანვითარებს ელ-სერვისებს, რაც გაეროს ელ-მმართველობის კვლევის მიხედვით ქულის გაუმჯობესებაში აისახება, კვლავ დიდი სხვაობა რჩება ელ-სერვისების განვითარებასა და მათზე წვდომას შორის. როგორც ირკვევა, ცენტრალური ხელისუფლება მეტ რესურსებს ხარჯავს შიდა მოხმარებისთვის გამიზნული ელ-სერვისების განვითარებაზე, ვიდრე მოქალაქეებზე ორიენტირებულ ელექტრონულ რესურსებზე (ელ-რესურსებზე), რაც განიმარტება როგორც „ნებისმიერი კოდირებული ნაშრომი რაც ხელმისაწვდომია კომპიუტერის მეშვეობით“ . ასევე, სამინისტროები არ გამოირჩევიან ონლაინ მედიის სერვისების აქტიური გამოყენებით.


რაც შეეხება ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარებას, იმ პირობებში, როდესაც ჯერ არ არსებობს ფარტოზოლოვანი ინტერნეტის გავრცელების სტრატეგია, ინტერნეტის გამტარიანობის გაზრდის მცდელობები შემოიფარგლება ისეთი ცალკეული პროექტებით, როგორიცაა სკოლების ინტერნეტიზაცია , საზოგადოებრივი ცენტრები, კომპიუტერული ცენტრები, საჯარო ბიბლიოთეკები ა.შ. უნდა აღინიშნოს ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი განვითარება, რაც მოიცავს ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა, ფუნქციონალური თავსებადობის ინფრასტრუქტურა, რეესტრთა რეესტრი, სერვისების კატალოგი ა.შ. სამინისტროების მიერ ვებ-განვითარებაზე გაწეული ხარჯები საკმაოდ უმნიშვნელოა და ძირითადად უკავშირდება ვებ-სივრცისა და დომეინის სახელის შეძენას, ახალი ვებ-გვერდების შექმნას, უსაფრთხოების სერტიფიკატის განახლებას ა.შ. რაც შეეხება ელ-უსაფრთხოებას , მართალია საქართველოს პირველი კიბერ-უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (2012-2015) ძალაშია, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო მისი სათანადო შესრულებისა და ელ-უსაფრთხოებისადმი მთავრობის ერთობლივი ჩართულობის უზრუნველსაყოფად. საქართველოში ელ-უსაფრთოხების დაცვის კუთხით სერვისების უმეტესობას (მაგ. ინტერენტის გამტარიანობის უფასო ტესტები, ინციდენტებზე რეაგირება, ქსელის მონიტორინგი, უსაფრთხო DNS სერვერი, IP მისამართის მონიტორინგი ა.შ.) უზრუნველყოფს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ფარგლებში შექმნილი CERT.GOV.GE.


საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევების ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოში შენარჩუნებულია ინტერნეტის გამტარიანობის მზარდი ტენდენცია. სტაბილური პოლიტიკური და ბიზნეს გარემოს მიუხედავად, საქართველოსთვის კვლავ გამოწვევად რჩება ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება და ამ ტექნოლოგიების სარგებლის ზედმიწევნით გამოყენება. აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს, ერთი მხრივ, ბიზნესის სექტორში უახლესი ტექნოლოგიების ნაკლები განვითარება და მეორე მხრივ, განათლების, სისტემისა და საჭირო უნარ-ჩვევების არასაკმარისი დონე.


სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა სახის ონლაინ პლატფორმების განვითარებამ ბიძგი მისცა ონლაინ აქტივიზმს საქართველოს ინტერნეტის მომხმარებელთა შორის. ამავდროულად, ონლაინ მედია ალტერნატიული ინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა. ამის მიუხედავად, დაკვირვებამ გამოავლინა, რომ ონლაინ მედიის მთავარი გამოწვევებია ფინანსური მდგრადობა, ჟურნალისტების პროფესიონალიზმი და საჭირო უნარებისა და რესურსების ნაკლებობა მრავალმხრივი კონტენტის შესაქმნელად.


მართალია ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებების დარღვევა ფართოდ გავრცელებული მოვლენა არაა, მაგრამ მაინც ხდება ისეთი შემთხვევები, როგორიცაა კომპანიების მიერ პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პირველ ანგარიშშია ასახული. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ყველაზე მძიმე შემთხვევები გამოვლინდა სახელისუფლებო დაწესებულებების მიერ განხორციელებული არალეგალური თლვათვალისა და მოსმენების შედეგად, რაც სხვათა შორის კომპიუტერულ სისტემებში არალეგალურ შეჭრასაც მოიცავდა. ამ გარემოებების შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა წამოიწყო კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“, რომელიც მიზნად ისახავდა საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირებას მთავრობის მხრიდან უკანონო მოსმენების გასაკონტროლებლად. შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მხარდაჭერას არ უცხადებდა შეთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის აგვისტოში ცვლილებები დამტკიცდა პარლამენტის მესამე მოსმენით, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელსაც უნდა შეეზღუდა საჯარო უწყებების პირდაპირი წვდომა მიყურადების მონაცემებზე ამოღებულ იქნა იმ პირობით, რომ დარეგულირდებოდა 2014 წლის ნოემბრამდე. პარტნიორობა ღია მმართველობის ინიციატივას (OGP) ასევე უკავშირდება არაერთი პოზიტიური ცვლილება. პარტნიორობის ფარგლებში IDFI-ისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და მიყურადების შესახებ პროაქტიული გამჭვირვალობის, ისევე როგორც შსს-ს სტატისტიკურ მონაცემებზე გაუმჯობესებული წვდომის შესახებ გათვალისწინებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და შეტანილია საქართველოს ღია მმართველობა პარტნიორობის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაში.


რაც შეეხება მომხმარებლების უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებს, უკანასკნელ პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის არჩევა, პოზიცია, რომელიც ათი წლის განმავლობაში რჩებოდა ვაკანტური. დამოუკიდებელი სამსახურის შექმნა მნიშვნელოვანია გასაჩივრების პროცესის შესახებ ინფორმაციის წვდომის კუთხით; თუმცა, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ეფექტურობის შეფასება ძირითადად უნდა მოხდეს გამოვლენილი და გადაჭრილი პრობლემების მიხედვით. ამ მხრივ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შემდგომი ანგარიშები და მომხარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის პირველი ანგარიში განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მიყურადების შესახებ ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით გაიზარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება, ინსპექტორი ანგარიშვალდებული გახდა პარლამენტის და არა პრემიერ მინისტრის წინაშე და მას მიენიჭა დამატებითი უფლებები, ისეთი როგორიცაა დანაშაულისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ინფორმაციაზე, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოდ მიჩნეულ ინფორმაციაზე წვდომა, ნებისმიერი ორგანიზაციიის წინასწარი შეტყობინების გარეშე შემოწმების უფლება ა.შ. ამას გარდა, www.freedomtointernet.com წარმოადგენს დამატებით დამოუკიდებელ მექანიზმს საქართველოში, ისევე როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანში ინტერნეტის თავისუფლების მდგომარეობის მონიტორინგისა და გაუმჯობესების კუთხით.

 

/public/upload/IDFI/Internet-Freedom-Report-3-4.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023