IDFI-ის მოსაზრებები საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | პოლიტიკის დოკუმენტები 21 თებერვალი 2017

2016 წლის დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო კომისიის დებულება და შემადგენლობა. კომისიაში შედიან საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის წარმომადგენლები და ასევე საკონსტიტუციო და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეები. კომისიის მიზანია კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის შემუშავება, რომლის მიღება უზრუნველყოფს კონსტიტუციის სრულ შესაბამისობას კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ქვეყნის გრძელვანიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესის შესაბამისი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას.

ვფიქრობთ, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტზე მუშაობისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ისეთი საკითხები როგორებიცაა: კარგი მმართველობა, ინტერნეტის თავისუფლება და უფლება ‘კარგ ადმინისტრირებაზე’. სწორედ მოცემული მიმართულებით IDFI-მ მოამზადა რეკომენდაციები საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. 

 

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლში „კარგი მმართველობის“ სახელმძღვანელო პრინციპის დამატება

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი განამტკიცებს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების ძირითად პრინციპებს, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილებას. აღნიშნული პირნციპი წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს განმსაზღვრელ დებულებას, და, იმავდროულად, იგი განსაზღვრავს სახელმწიფოს მენეჯმენტის ფორმას. თანამედროვე დემოკრატიული მმართველობის სისტემაში სახელმწიფო მენეჯმენტის ფორმას, იგივე კარგ მმართველობას აქვს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი. ესაა მონაწილეობა, კონსენსუსზე ორიენტირება, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, სწრაფი რეაგირება, ეფექტურობა და შედეგზე გათვლა, მიუკერძოებლობა და ინკლუზიურობა, კანონის უზენაესობა.

 

კარგი (ეფექტური, დემოკრატიული) მმართველობა  უზრუნველყოფს საჯარო მმართველობითი ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას სადაც:

 

- მოქმედებს საზოგადო სიკეთის უზრუნველყოფაზე ორიენტირებული საჯარო სამსახური, რომელიც მოქმედებს საჯარო ინტერესის გათვალისწინებით;

 

- უზრუნველყოფილია ღია და გამჭვირვალე მმართველობა;

 

- ხელისუფლების სხვადასხვა შტოები  უზრუნველყოფენ ერთმანეთის ანგარიშვალდებულებას და კონტროლს;

 

- კანონის უზენაესობის პირობებში, ყველას აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, ხოლო სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოები მოქმედებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად; 

 

- ეფექტურია საზოგადოებრივი კონფლიქტების გადაწყვეტის მექანიზმები.

 

ბუნებრივია სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფოს თავისუფალი მიხედულების ფარგლები შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და სხვა კონსტიტუციური დებულებებით, თუმცა, დამატებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, კონსტიტუციის მე-5 მუხლს დაემატოს „კარგი მმართველობა“ როგორც გადაწყვეტილების მიღების ფორმის გამსაზღვრელი სახელმძღვანელო პრინციპის.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კარგი მმართველობის პრინციპის გათვალისწინებით.“

 

2. ინტერნეტ თავისუფლებასთან დაკავშირებული განსაზღვრების საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლში ინტეგრირება 

 

ინტერნეტის მნიშვნელობა და საჭიროება თანამედროვე სამყაროში იზრდება, რაც იმავდროულად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ძირითად უფლებებზე. მართალია, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებების დამდგენი რიგი ნორმები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია იმგვარად, რომ ფარავს ინტერნეტ თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა ინტერნეტ თავისუფლება, როგორც დამოუკიდებელი უფლება საქართველოს კონსტიტუციით არ არის განმტკიცებული.


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციით, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტურ და ძირითად უფლებად იქნა აღიარებული. რეზოლუციის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანები ინტერნეტის გამოყენების დროს იმავე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ (მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება), რომლებითაც სარგებლობენ კავშირგარეშე (Offline). რეზოლუცია ასევე მოუწოდებს სახელმწიფოებს ხელი შეუწყონ ციფრულ წიგნიერებას (digital literacy) და უზრუნველყონ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ინტერნეტში, რაც განათლების უფლების ხელშეწყობის ეფექტიანი ინსტრუმენტია. ხოლო რეზოლუციის მე-10 პუნქტით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო „ერთმნიშვნელოვნად გმობს ელექტრონულ ინფორმაციაზე წვდომის ან ელექტრონული ინფორმაციის გავრცელების გამიზნულად შეფერხებასა თუ აღკვეთას.“

 

მიზანშეწონილად მიგვაჩნია ინტერნეტ თავისუფლებისთვის გამოიყოს ცალკე მუხლი, რომელიც გააერთიანებს ინტერნეტი თავისუფლებასთან დაკავშირებულ ძირითად ასპექტებს, ინტერნეტთან კავშირისა და თავისუფლად სარგებლობის უფლებას.

 

24-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს 11 პუნქტი 

„11. ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და თავისუფლად სარგებლობის უფლება.“

 

3. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის ახლებური ჩამოყალიბება და „უფლება კარგ ადმინისტრირებაზე“, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესის ორგანული კანონით განსაზღვრის ვალდებულება

 

საქართველოს კონსტიტუცია ადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიებს, მაგრამ არ შეიცავს არანაირ მითითებას ადმინისტრაციულ პროცესუალური გარანტიების შესახებ. ეს ბუნებრივია არ გამორიცხავს რომელიმე კონსტიტუციური უფლების იმგვარი განმარტების შესაძლებლობას, რომ მასში ამოკითხულ იქნეს ამ უფლების შეზღუდვის პროცესუალური გარანტიები, თუმცა მიზანშეწონილად მიგვაჩნია, კონსტიტუციაში აღნიშნული უფლების მკაფიოდ ჩამოყალიბება. კერძოდ, აღნიშნული უფლების ინტეგრირება კონსტიტუციის 41-ე მუხლში ადამიანის უფლებათა ევროპული ქარტიის 41-ე და 42-ე მუხლების მსგავსად.


საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს კარგი ადმინისტრირების უფლების მნიშვნელოვან გარანტიას (სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანი ანაზღაურების უფლებას). იმის გათვალისწინებით რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლი უმეტესწილად სამართლიანი სასამართლოს უფლებას მიემართება, კონსტიტუციის 41-ე მუხის მოდიფიცირების შემთხვევაში, ვფიქრობთ მიზანშეწონილია „9“ პუნქტის სწორედ ამ მუხლში გადმოტანა.

 

საქართველოში არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, აღნიშნული პრობლემების მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლში საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების გამოკვეთა, ამასთან აღნიშნული სამართალ ურთიერთობის ორგანული კანონით მოწესრიგების განსაზღვრა.

  

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

  

„მუხლი 41.

 

1. ყველას აქვს სახელმწიფო ორგანოების მიერ საქმის გონივრულ ვადაში მიუკერძოებლად და სამართლიანად განხილვის უფლება.

 

2. ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

3. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

 

4. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ საჯარო ინფორმაციას, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

5. სახელმწიფოში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. 

 

ამოღებულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024