2023 წლის 21 ივლისს, მწერალთა სახლში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) “სტალინური სიების“ განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია გამართა.
„სტალინური სიები" მოიცავს საქართველოში 1937-1938 წლების „დიდი ტერორის“ მსხვერპლთა შესახებ მონაცემებს, საარქივო მასალებსა და ფოტოსურათებს.
„სტალინური სიების“ ბაზა აერთიანებს ინფორმაციას იმ 3616 პირის შესახებ, რომლებიც უშუალოდ სტალინისა და პოლიტბიუროს სხვა წევრების გადაწყვეტილებით გასამართლდნენ. პლატფორმა დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს მოიძიონ ინფორმაცია მათი წინაპრების შესახებ, რომლებიც 1937-1938 წლების რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ.
„სტალინური სიების“ ბაზა IDFI-მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ საარქივო მასალებზე დაყრდნობით და მოძიებული ფოტო და დოკომუნეტური მასალის საფუძველზე შექმნა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მწერალთა სახლის დირექტორმა ნატა ლომოურმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა „სტალინური სიების“ შექმნის ისტორიაზე, IDFI-ის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე რეპრესიების საკითხისა და რეპრესირებულთა ადვოკატირების კუთხით. „ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია აქტიურად ვიმუშაოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით. მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტალინის, როგორც „დადებითი ქართველი გმირის“ დამკვიდრებული სტერეოტიპის დამსხვრევას და პოსტსაბჭოთა საქართველოში ბოლშევიკური წარსულის გააზრებას“, - გიორგი კლდიაშვილი.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ ღონისძიების მონაწილეებს “სტალინური სიების” განახლებული ვებგვერდი - www.stalin.historyproject.ge წარუდგინა, გააცნო მისი შინაარსობრივი და ტექნიკური მხარე. აღნიშნა, რომ მნიშნელოვანია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით და აღნიშნული ვებგვერდის შექმნის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს არის.
ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების პროფესორი, ნინო ჩიქოვანი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, რონალდ გრიგორ სუნი. ნინო ჩიქოვანმა ისაუბრა საბჭოთა რეპრესიაზე, როგორც კულტურულ და სოციალურ ტრავმაზე; გრიგორ სუნმა ყურადღება გაამახვილა, რომ სტალინური რეპრესიები კლასიკური ტოტალიტარული რეჟიმებისათვის დამახასიათებელ მეთოდებს იმეორებს — მისი მიზანი პარტიისადმი უარყოფითად განწყობილი ინდივიდების გარდა, წინა ლიდერის ერთგული კადრების განადგურებაც იყო. შესაბამისად, სტალინური რეპრესიები საბჭოთა მმართველობის რეალურ სახეს აჩვენებს.
მომხსენებელთა შორის იყვნენ რეპრესირებულთა შთამომავლები - საზოგადოება “მემორიალის” თანადამფუძნებელი, გურამ სოსელია და დალი ჩიტაძე, რომლებმაც ისაუბრეს მათი რეპრესირებული მშობლების ბედსა და იმ ტრავმაზე, რომელიც დღემდე მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
დამსწრე საზოგადოებას საშუალება გქონდა საკუთარი აზრი და გამოცდილება გაეზიარებინა რეპრესირებულთა საკითხის ირგვლივ და ღონისძიების დასასრულს, რეპრესირებული მწერლების მუზეუმის მოენახულებინა.
ვებგვერდი შექმნილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.