2017 წლის 12 ივნისს პარლამენტში დარეგისტრირდა “ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საჯარო სამსახურის ახალი კანონის მოქმედების შეზღუდვა მარეგულირებელი ორგანოების აპარატის თანამშრომლებზე. კერძოდ, ამ საკანონმდებლო ცვლილების თანახმად მარეგულირებელი ორგანოების აპარატის თანამშრომლებისთვის კანონის მოქმედება შეიზღუდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ანაზღაურება, კლასიფიკაცია, წახალისება, დაწინაურება, დისციპლინური წარმოება, სამუშაოს შეფასება და ა.შ. ამ ცვლილებამ შესაძლოა საფრთხის წინაშე დააყენოს საჯარო სამსახურის ერთიანობის პრინციპის დამკვიდრება.
საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღებას წინ უძღვოდა კონცეფციის შემუშავება, სადაც გაწერილია ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო და სხვა სახის ცვლილებებს. რეფორმის კონცეფციის დოკუმენტის თანახმად, საჯარო მოხელე არის ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს საჯარო მმართველობას, ხოლო აღნიშნულის განმახორციელებელი არის ყველა ის დაწესებულება რომელიც განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს კლასიფიკაციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით. მარეგულირებელი ორგანოები ახორციელებენ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს და განეკუთვნებიან სწორედ ასეთ დაწესებულებებს.
საჯარო სამსახურის შესახებ ახალ კანონში არსებული გამონაკლისები ვრცელდება მარეგულირებელ ორგანოების წევრებზე, თუმცა ახალ კანონში შეგნებულად არ არსებობს გამონაკლისი მარეგულირებელი კომისიების აპარატების თანამშრომლებზე.
“ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოქმედება შეიზღუდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის დასაქმებულ მოხელეებზე. აღნიშნული მიდგომის გავრცელება ასევე არის შესაძლებელი ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის, რადგან მარეგულირებელი ორგანოების მსგავსად, ისიც დამოუკიდებელი არის საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას. აღნიშნული ტიპის ცვლილებები საფრთხეს უქმნის საჯარო სამსახურის ერთიანობას, რადგან მსგავსი ტიპის გამონაკლისების დაშვება თავისთავად ზღუდავს კანონის თანაბარ გავრცელებას. საჯარო სამსახურის ერთიანობა არის ის ძირითადი მიზანი, რომელიც საფუძვლად უდევს საჯარო სამსახურის შესახებ კანონს და მთლიანად საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციას.
ერთიანობის პრინციპი მნიშვნელოვანია თავად საჯარო მოხელეების უფლებების რეალიზებისთვის და ასევე საჯარო მმართველობის განხორციელების ინტერესისთვის. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ერთიანი მოქმედება საშუალებას აძლევს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პირს, რომ განვითარდეს კარიერული პრინციპით, სტაბილურად და დაცული იყოს ყველა სახის პოლიტიკური და კერძო ზეგავლენისგან.
საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში საუბარია მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობაზე ხელისუფლების სხვა შტოებისგან, თუმცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის და მისი თანმდევი ნორმატიული აქტების გავრცელება მარეგულირებელი ორგანოების აპარატის თანამშრომლებზე არ შეიძლება ჩაითვალოს კომისიის დამოუკიდებლობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად. კომისია დამოუკიდებელია ხელისუფლების სხვა შტოებისგან, თუმცა არ არის დამოუკიდებელი საჯარო ინტერესის სასარგებლოდ მოქმედების ვალდებულებისგან.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს თან არ ერთვის სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მოსაზრებები და კომენტარები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ბიუროს დასკვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ბიურო საჯარო სამსახურის რეფორმის კოორდინაციაზე არის პასუხისმგებელი და რეფორმის კონცეფცია და მის საფუძველზე შემუშავებული ახალი კანონი ბიუროს მიერ არის მომზადებული სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის მარეგულირებელი კომისიების ჩართულობით.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონის და მისი თანმდევი ნორმატიული აქტების გავრცელება მარეგულირებელ კომისიებზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის ერთიანობის პრინციპის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში იქმნება იმის ლოგიკური შესაძლებლობა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოქმედება შეიზღუდოს ისეთ საჯარო დაწესებულებებზე, როგორებიც არის ეროვნული ბანკი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და ა.შ.
- IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაამტკიცოს ამ ფორმით შემოთავაზებული კანონპროექტი და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართოს კონსულტაციები ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციების და დაწესებულებების რომლებიც ჩართულები იყვნენ საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის შემუშავების ხანგრძლივ პროცესში;
- IDFI ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს საჯარო სამსახურის შესახებ კანონთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების განხილვისას, მოითხოვოს საჯარო სამსახურის ბიუროს, როგორც რეფორმის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორგანოს, წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.