IDFI-მ ტაჯიკეთის ანტიკორუფციულ სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის წევრებს უმასპინძლა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 იანვარი 2014

ფოტოალბომი

16-19 იანვარს თბილისს ტაჯიკეთის ანტიკორუფციულ სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფი სტუმრობდა. ღონისძიება ტაჯიკეთის ღია საზოგადოების ფონდისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების  ინსტიტუტის მიერ  იყო ორგანიზებული.

 

ვიზიტის მიზანს საქართველოში კორუფციის დასაძლევად განხორციელებული რეფორმების, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ახალი პროექტების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

ტაჯიკეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ  სამთავრობო სექტორის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები - პრეზიდენტის მრჩეველი და ტაჯიკეთის ეროვნული ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი ჰუსეინ საიფიტდინოვი, ადამიანის უფლებათა ბიუროს სამეთვალყურეო საბჭოს  წევრი - მარგარიტა ხეგაი, სახელმწიფო ფინანსური კონტროლისა და ანტიკორუფციული სააგენტოს პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაიაზედინ ტაღოევი, არასამთავრობო ორგანიზაცია - „ანტიკორუფციული განათლებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ დირექტორი ალიაკბარ აბდულოევი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ხომა“-ს დირექტორი, ჟურნალისტი შახლო აკობიროვა, ტაჯიკეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტის პროგრამის "გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინიციატივის" ხელმძღვანელი ფირუზა აჩილოვა.


დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები  გაიმართა როგორც საჯარო დაწესებულებების ასევე არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან.

 

17 იანვარს სტუმრებს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს  სახელმწიფო მომსახურების სფეროში დანერგილი  სერვისების შესახებ.


კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს  წარმომადგენლებმა  სტუმრებს  ელექტრონული შესყიდვების სისტემის შესახებ წარუდგინეს პრეზენტაცია. ისაუბრეს რეფორმის აუცილებლობის გამომწვევ მიზეზებზე და  მიღწეულ  შედეგებზე, კერძოდ შესყიდვების გამჭვირვალობის მაღალ ხარისხზე, მონაცემთა სანდოობაზე, კონკურენციის განვითარებაზე, ადმინისტრაციული ბარიერების მინიმალიზაციაზე, რამაც კორუფციის რისკები მნიშვნელოვნად შეამცირა.

 

დავით მარღანიამ და სოფიკო ბერიშვილმა სტუმრებს  დავების განხილვის გამჭვირვალე და სწრაფი სისტემისა და ინფორმაციის გაცვლის მოერხებული ფორმების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა - პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

 

საჯარო სამსახურში განხორციელებული რეფორმების შესახებ ტაჯიკ სტუმრებს საჯარო სამსახურის ბიუროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამთა ცოცხალაშვილი ესაუბრა.

კორუფციის პრევენციისა და ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესების მიზნით დანერგილ ელექტრონულ  პროექტებზე ტაჯიკმა სტუმრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს და ვებ - რესურსების  www.hr.gov.ge და www.declaration.gov.ge ფუნქციონირებას გაეცნენ. საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა სტუმრებს ასევე გააცნეს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და განვითარების სამომავლო სტრატეგია.

 

ვიზიტის ფარგლებში ტაჯიკეთის დელეგაცია რუსთავის იუსტიციის სახლს ეწვია. სტუმრები იუსტიციის სახლის აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილემ რევაზ ბაღათურიამ მიიღო და იუსტიციის სახლის სტრუქტურა გააცნო.

 

დელეგაციის წევრები იმ მომსახურებებს გაეცნენ, რომლის მიღებაც მომხმარებელს იუსტიციის სახლებში შეუძლია. დათვალიერების შემდეგ  სტუმრებისთვის პრეზენტაცია გაიმართა იუსტიციის სახლის კონცეფციის შესახებ. ისინი  გაეცნენ თუ რას ეფუძნება ბრენდის წარმატება და რა ნაბიჯები გადაიდგა აღნიშნული შედეგების მისაღწევად. იუსტიციის სამინისტროს უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს ანტიკორუფციული მიმართულების კოორდინატორმა, ნატალია ბარათაშვილმა პრეზენტაცია წარმოადგინა  საქართველოში გატარებულ ანტიკორუფციულ რეფორმებზე. შეხვედრის ბოლოს დელეგაციის წევრებს სიმბოლური პასპორტები გადასცეს. 
 

18 იანვარს ტაჯიკმა სტუმრებმა  საქართველოში კორუფციის დაძლევის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და არსებული გამოწვევების შესახებ მოხსენებები სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისაგან მოისმინეს. მრგვალი მაგიდა  სახელწოდებით -„არასამთავრობო სექტორი და მედია კორუფციიის წინააღმდეგ სასტუმრო „ბეთსიში“ გაიმართა.

 

პირველ სესიაზე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა. მან  ისაუბრა OGP -ს ფარგლებში საქართველოს მიერ  განხორციელებული რეფორმებისა და მომდევნო წლების სამოქმედო გეგმის შესახებ.

 

საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე გააკეთა პრეზენტაცია IDFI -ს გამგეობის თავმჯდომარემ. ლევან ავალიშვილმა  ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, კერძოდ  უარყოფით სასამართლო და ადმინისტრაციული გასაჩივრების პრაქტიკაზე, ასევე  საჯარო დაწესებულებების მიერ დაფუძნებული დაწესებულებების გაუმჭვირვალობაზე.


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) იურისტმა სულხან სალაძემ ისაუბრა საქართველოს კანონმდებლობაზე კორუფციასთან ბრძოლის კონტექსტში. წარმოადგინა ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და ყურადღება გაამახვილა მისი ლეგიტიმურობის ხარისხის გაზრდის აუცილებლობაზე.

 

პროექტის „სახელმწიფოს ფასი“ პრეზენტაცია წარუდგინა სტუმრებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ.

 

მრგვალი მაგიდის მეორე ბლოკი მედიის წარმომადგენლებს დაეთმოთ.

 

მედიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და დაფინანსების წყაროების გაუმჭვირვალობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრმა ზვიად ქორიძემ.

 

 

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ზოგადად მედიის როლზე, განსკუთრებით საგამოძიებო ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე  საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და გამოცდილება გაუზიარეს სტუმრებს სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტმა ნანა ნასყიდაშვილმა, მედია ჰოლდინგ „ტაბულას“ ჟურნალისტმა ელენე კვანჭილაშვილმა და „ინტერნიუსის“ წარმომადგენელმა დავით მჭედლიძემ. შეხვედრის ბოლოს მედიის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრების შეკითხვებს უპასუხეს და შეხვედრის შედეგები შეაჯამეს. 

 

ტაჯიკეთის ანტიკორუფციული განათლებისა და ხელშეწყობის ცენტრსა და IDFI-ს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქართული დელეგაციის ვიზიტი ტაჯიკეთში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024