Human Rights Watch-ის ახალი ანგარიში: 2023 წელს, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა საქართველოში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 12 იანვარი 2024

2024 წლის 11 იანვარს, საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, ყურადღებას ამახვილებს საქართველოში, 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებზე. დასაწყისშივე აღნიშნულია, რომ 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არათანაბარი დარჩა (გვ. 246).  ამასთან, პოლიტიკურ მოვლენებში დომინირებდა დაძაბულობა ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან მიმართებით, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვან რეკომენდაციებს  შეიცავს (გვ. 246).

 

Human Rights Watch-ის ანგარიშში დასახელებულია გამოწვევები, რომლებზედაც IDFI აქტიურად მუშაობს, როგორც მონიტორინგის, ასევე შესაბამისი რეფორმების ადვოკატირების თვალსაზრისით.

 

შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - ამ საკითხზე მსჯელობას ანგარიში იწყებს 2023 წლის თებერვალში “რუსული კანონის” ინიცირებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებისა და თანმდევი შედეგების მიმოხილვით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების საჯარო განცხადებები მიანიშნებდა, რომ ამ კანონპროექტების მიზანს დამოუკიდებელი ჯგუფების, მედიისა და კრიტიკული ხმების სტიგმატიზაცია და დასჯა წარმოადგენდა (გვ. 246).  

 

ამავდროულად, ანგარიში მიუთითებს, რომ მთავრობის მტრული რიტორიკა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი, მეთვალყურე (watchdog) ორგანიზაციების მიმართ, გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში (გვ. 246).

 

ანგარიში ასევე მოიცავს, 2023 წლის სექტემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე მითითებას, რომლის ფარგლებშიც, გამოხატვის თავისუფლების მშვიდობიან ფორმებზე ჩატარებული სწავლების  ორგანიზატორები და მონაწილეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს (გვ. 247). ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გამოკითხულ პირებს გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინეს, რათა თავიდან აეცილებინათ საქმეზე საჯარო განხილვა (გვ. 247).

 

სამართალდამცავი სისტემა და მისი ანგარიშვალდებულება - სამოქალაქო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის განცხადებებზე მითითებით, ანგარიშში აღნიშნულია,  რომ 2023 წელს ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების და  შეკრების თავისუფლებაში სახელმწიფოს უკანონო ჩარევის რამდენიმე შემთხვევას (გვ. 247).

 

ანგარიშში, მითითებულია, მათ შორის, “რუსული კანონის” წინააღმდეგ, მარტის თვეში, სპონტანური შეკრებების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ და მათ დასაშლელად დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზის  გამოყენებაზე, ივნისში აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაკავებაზე, ივლისში, ბათუმში,  რუსეთის საკრუიზო გემის შემოსვლის საწინააღმდეგო შეკრებაზე აქტივისტების დაკავებაზე (გვ. 247-248).

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიში მიმოიხილავს 2023 წლის 8 ივლისს დაგეგმილი პრაიდის ფესტივალის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მიუხედავად იმისა, წინარე პერიოდში სიძულვილის ჯგუფების განწყობები საჯაროდ იყო გავრცელებული, ანგარიში მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებებმა ვერ შეაჩერეს ძალადობრივი ჯგუფების შესვლა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების ადგილას (გვ. 250). ამავდროულად, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მარტში მიღებულ 2023-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში არ არის ნახსენები ლგბტ ადამიანების უფლებები, წინა სტრატეგიისგან განსხვავებით (გვ. 250).

 

კონკრეტულ შეკრებებზე განვითარებულ მოვლენებთან და თანმდევ პროცესებთან ერთად, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების დასაკავებლად პოლიციის მიერ ადმინისტრაციული სახდელების გამოყენების პრაქტიკაზე (გვ 247). ამასთან, მიუთითებს, რომ, ხშირად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სასამართლოს გადაწყვეტილებები ეფუძნება მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს და უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს ნორმებს (გვ. 247).

 

ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის ოქტომბერში, ქართულმა ოცნებამ დაჩქარებულად ცვლილებები შეიტანა შეკრებებისა და მანიფესტაციების მარეგულირებელ კანონმდებლობაში (გვ. 248). აქვე მითითებულია, რომ ამ ცვლილებებით აპირებდნენ პოლიციისთვის  მიენიჭებინათ ფართო დისკრეცია დაეშალა შეკრება ან დაეკავებინა მისი მონაწილეები, რომლებიც შეეცდებოდნენ დროებითი კონსტრუქციების, მაგალითად, კარვების, დადგმას (გვ. 248).

 

ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმები და მედია  - ანგარიშში აღნიშნულია, რომ არაერთი მუქარისა და თავდასხმის სამიზნეს მედია აქტორები წარმოადგენდნენ (გვ. 248). ანგარიშში ასევე მითითებულია ტელეკომპანია “ფორმულას” თანადამფუძნებლისა და  წამყვანის მიშა მშვილდაძის მიმართ თავდასხმის ფაქტი და გამოწვევები, რომლებიც მის მიერ დასახელდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან მიმართებით (გვ. 248). ამავდროულად, ანგარიშში საუბარია პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ (გვ. 249). 

 

კონკრეტულ საქმეებთან ერთად, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს პარლამენტის მიერ მიღებულ რეგულაციებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე.  კერძოდ, აღნიშნულია, რომ თებერვალში პარლამენტმა მიიღო ახალი, შემზღუდველი რეგულაციები მედიის აკრედიტაციის შესახებ (გვ. 248). აქვე ანგარიში მითითებას აკეთებს ამ წესის ამოქმედების შემდგომ 9 ჟურნალისტისა და ოპერატორის აკრედიტაციის შეჩერებაზე და აღნიშნავს,  რომ ჟურნალისტების პოზიციით აკრედიტაციის შეჩერების მიზეზი მათ მიერ კრიტიკული კითხვების დასმა გახდა (გვ. 248-249).

 

ამასთანავე, ანგარიში მიმოიხილავს, ოქტომბერში, დაჩქარებულად, პარლამენტის მიერ სადავო საკანონმდებლო ცვლილებებით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილების გაფართოებას, რომლის მიხედვითაც, კომისიას მიენიჭა მაუწყებლების მიმართ სანქციის გამოყენების შესაძლებლობა, მათ შორის, უხამსობისა და  სიძულვილის წაქეზების შემთხვევაში (გვ. 249). 

 

კონკრეტულ თემატურ საკითხებთან ერთად, Human Rights Watch-ის ანგარიში ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა საერთაშორისო აქტორის მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ შეფასებებზე, ანგარიშებზე. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, აღნიშნულია, რომ აპრილში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ოთხ ქართველ მოსამართლეს [ამათგან სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლეა] „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის“ (გვ. 252).  

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023