მმართველობის მონაცემთა ალიანსი – საქართველოს 2015 წლის მდგომარეობის შეჯამება

სიახლეები | ანალიზი | სტატია 7 მარტი 2016

მმართველობის მონაცემთა ალიანსი (Governance Data Alliance) ყოველწლიურად აქვეყნებს მონაცემებს სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა ასპექტზე, რითიც ცდილობს ხელი შეუწყოს დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებას.

 

სახელმწიფო მმართველობასთან დაკავშირებულ მონაცემებს მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ორგანიზაცია აქვეყნებს, თუმცა მათი კვლევები ხშირად არ მოიცავს ყველა სახელმწიფოს ყოველწლიურ მაჩვენებელს. ამგვარი ხარვეზების აღმოსაფხვრელად შეიქმნა მმართველობის მონაცემთა ალიანსი, რომელიც, დემოკრატიის ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, მმართველობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფებს აერთიანებს.

 

მმართველობის მონაცემთა ალიანსმა უკვე გამოაქვეყნა 2015 წლის ზოგიერთი მონაცემი. გამოქვეყნებული მაჩვენებლები მოიცავს შემდეგი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ინდექსების შედეგებს: მსოფლიო ბანკი (World Bank), საერთაშორისო გამჭვირვალობა (Transparency International), ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Governance Partnership), საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა (International Budget Partnership), მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი (World Justice Project), სამართლიანობისა და დემოკრატიის ცენტრი (Centre for Law and Democracy), World Resources Institute, Freedom House, Global Integrity, Global Financial Integrity და Natural Resource Governance Institute. გთავაზობთ საქართველოს შედეგებსა და მათ შედარებას სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და ესტონეთის მაჩვენებლებთან.

 

მსოფლიო ბანკის ინდექსი სახელწოდებით „მოქალაქეთა ჩართულობა სამართალშემოქმედებით პროცესში“ მოიცავს 185 ქვეყანას და აფასებს მოქალაქეებისა და კომპანიების ჩართულობის დონეს სახელმწიფოს მიერ ბიზნეს რეგულაციების შემუშავების პროცესში (0 - ძალიან დაბალი ჩართულობა, 6 - ძალიან მაღალი ჩართულობა). კვლევა ასევე მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან ახალი რეგულაციების შედეგების შეფასებას ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვის მიმართულებით. 2015 წლის მონაცემებით საქართველოს - 3, სომხეთს - 2.40, აზერბაიჯანს - 2, მოლდოვას - 4.40, ხოლო ესტონეთს - 6 ქულა მიენიჭა. (გრაფა 1)

 

მსოფლიო ბანკი ასევე აწარმოებს მსოფლიოს 189 ქვეყნის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგს, რომელიც აფასებს ბიზნესის რეგულაციის გავლენას ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესზე 11 მიმართულებით, მათ შორის: ბიზნესის დაწყება, მშენებლობის ნებართვის მიღება, ელექტროენერგიის მიღება, საკუთრების რეგისტრირება, კრედიტის აღება, გადასახადების გადახდა, უმცირესობათა წარმომადგენელი ინვესტორების ხელშეწყობა, საზღვრებს მიღმა კომერციული საქმიანობის წარმოება, კონტრაქტების შესრულების უზრუნველყოფა და გადახდისუუნარობის პრობლემებთან გამკლავება. ბიზნესის კეთების 2015 წლის რეიტინგში ესტონეთმა - მე-16, საქართველომ - 24-ე, სომხეთმა - 35-ე, მოლდოვამ - 52-ე, ხოლო აზერბაიჯანმა 63-ე ადგილი დაიკავა.

 

მმართველობის მონაცემთა ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ 2015 წლის ანგარიშში ასევე შესულია მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ შემუშავებული ღია მმართველობისა და კანონის უზენაესობის ინდექსები. ღია მმართველობის ინდექსი აფასებს მმართველობის ღიაობას ოთხი მიმართულებით: კანონებისა და სახელმწიფო მონაცემების გასაჯაროება, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება, სამოქალაქო ჩართულობა და გასაჩივრების მექანიზმები. კვლევა მოიცავს 102 ქვეყნის მაჩვენებელს. თითოეული ქვეყანა შეფასებულია შკალით 0-1 (0 - ღიაობის დაბალი მაჩვენებელი, 1 - ღიაობის მაღალი მაჩვენებელი). 2015 წლის მონაცემებით საქართველოს - 0.61, მოლდოვას - 0.55, ხოლო ესტონეთს - 0.72 ქულა მიენიჭა. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის 2015 წლის კვლევა არ შეიცავს მონაცემებს სომხეთსა და აზერბაიჯანზე.

 

კანონის უზენაესობის ინდექსი აფასებს კანონის უზენაესობის პრაქტიკულ განხორციელებას რიგითი მოქალაქის დონეზე (0 - კანონის უზენაესობის დაბალი მაჩვენებელი, 1 - კანონის უზენაესობის მაღალი მაჩვენებელი). ინდექსი მოიცავს ინდიკატორთა 8 ძირითად კატეგორიას. ესენია: სახელმწიფო ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულაციების აღსრულება, სამოქალაქო და სისლხის სამართალი. კანონის უზენაესობის ინდექსი ასევე მოიცავს 102 ქვეყანას. 2015 წლის მონაცემებით საქართველოს - 0,65, ესტონეთს - 0,77, ხოლო მოლდოვას - 0,48 ქულა მიენიჭა. (გრაფა 2)

 

საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ღია ბიუჯეტის ინდექსი ერთადერთი რეიტინგია, რომელიც რეგულარულად აფასებს მსოფლიოს მასშტაბით ბიუჯეტის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას (0 - გაუმჭვირვალე, 100 - გამჭვირვალე). იგი აფასებს ცენტრალური ხელისუფლებების მიერ ეროვნული ბიუჯეტის შესახებ სრული ინფორმაციის დროული გასაჯაროების პრაქტიკას ფინანსური გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (IMFs Code of Fiscal Transparency, INTOSAI's Lima Declaration, OECD Best Practices for Budget Transparency). ინდექსში მოიცავს ინდიკატორთა სამ ძირითად კატეგორიას: ბიუჯეტის გამჭვირვალობა, სამოქალაქო ჩართულობა ბიუჯეტის შემუშავებისა და ხარჯვის პროცესში, და ბიუჯეტის შემუშავებისა და ხარჯვის კონტროლი. 2015 წელს შეფასდა 102 ქვეყანა. შედეგების მიხედვით საქართველოს - 66.38, ხოლო აზერბაიჯანს 50.88 ქულა მიენიჭა.

 

სამართლიანობისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ შემუშავებული რეიტინგი აფასებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს გამართულობას. კვლევა მოიცავს ინდიკატორთა 7 ძირითად კატეგორიას. ესენია: ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება, გამოყენების ჩარჩო, ინფორმაციის მოთხოვნის პროცედურები, გამონაკლისები და უარი მოთხოვნაზე, გასაჩივრება, სანქციები და მფარველობა, წამახალისებელი ღონისძიებები. 2015 წლის მონაცემებით მე-16 ადგილზეა მოლდოვა 110 ქულით, აზერბაიჯანი - მე-11 ადგილზე 115 ქულით, საქართველო - 32-ე ადგილზე 97 ქულით, სომხეთი - 34-ე ადგილზე 96 ქულით, ხოლო ესტონეთი - 38-ე ადგილზე 94 ქულით. რეიტინგის მაქსიმალური ქულაა 150. (გრაფა 3)

 

საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული კორუფციის აღქმის ინდექსი მოიცავს 168 ქვეყანას და აფასებს საჯარო სექტორში კორუფციის აღქმის დონეს (0 - კორუფციის მაღალი დონე, 100 - კორუფციისგან თავისუფალი). კორუფციის აღქმის ინდექსი კორუფციის შეფასების ყველაზე ფართოდ გამოყენებული მაჩვენებელია. 2015 წლის მონაცემებით საქართველო 58 ქულით 48-ე ადგილს იკავებს, რითიც ჩამორჩება ესტონეთს (70 ქულა, 23-ე ადგილი), თუმცა უსწრებს სომხეთს (35 ქულა, 95-ე ადგილი), აზერბაიჯანს (29 ქულა, 119-ე ადგილი) და მოლდოვას (33 ქულა, 103-ე ადგილი). (გრაფა 4)

 

 

მმართველობის მონაცემთა ალიანსის 2015 წლის ანგარიშში ასევე შესულია Freedom House-ის ოთხი კვლევა: მსოფლიოს თავისუფლების ინდექსი, პრესის თავისუფლების ინდექსი, დემოკრატიის ხარისხის შეფასება ცენტრალურ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი.

 

მსოფლიოს თავისუფლების ინდექსი არის 195 ქვეყნის თავისუფლების შეფასების ყოველწლიური რეიტინგი. თითოეული ქვეყნის მაჩვენებელი გამოთვლილია პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შეფასების მიხედვით (1 - ყველაზე თავისუფალი, 7 - ნაკლებად თავისუფალი). რეიტინგში საქართველოსა და მოლდოვას თანაბარი 3-3 ქულა აქვთ მინიჭებული (პოლიტიკური უფლებები - 3, სამოქალაქო უფლებები - 3), აზერბაიჯანს - 6 (პოლიტიკური უფლებები - 6, სამოქალაქო უფლებები - 6), სომხეთს - 4.5 (პოლიტიკური უფლებები - 5, სამოქალაქო უფლებები - 4), ხოლო ესტონეთს - 1 (პოლიტიკური უფლებები - 1, სამოქალაქო უფლებები - 1). (გრაფა 5)

 

ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის დემოკრატიის ხარისხის შეფასება იკვლევს 29 ქვეყნის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მდგომარეობას და აფასებს მათი მთავრობების დემოკრატიულობისა და ავტორიტარულობის დონეს (1 - დემოკრატიის მაღალი ხარისხი, 7 - დემოკრატიის დაბალი ხარისხი). კვლევაში საქართველოს 4.64 ქულა აქვს მინიჭებული და დახასიათებულია როგორც ნახევრად კონსოლიდირებული დემოკრატია. ამავე კვლევაში აზერბაიჯანი - 6.75 (ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმი), სომხეთი - 5.36 (ჰიბრიდული რეჟიმი), მოლდოვა - 4.86 (ნახევრად კონსოლიდირებული დემოკრატია), ესტონეთი კი 1.96 (კონსოლიდირებული დემოკრატია) ქულით არის შეფასებული. (გრაფა 5)

 

 

პრესის თავისუფლების ინდექსი გამოთვლილია მსოფლიოს 199 ქვეყანასა და ტერიტორიაზე პრესის თავისუფლების 0 (საუკეთესო) – 100 (ყველაზე ცუდი) შკალის მიხედვით. მინიჭებული ქულების გათვალისწინებით განისაზღვრება ქვეყნის სტატუსი (თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი, არათავისუფალი) პრესის თავისუფლების კუთხით. აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს მინიჭებული აქვს 48 ქულა (ნაწილობრივ თავისუფალი), აზერბაიჯანს - 87 (არათავისუფალი), სომხეთს - 61 (არათავისუფალი), მოლდოვას - 55 (ნაწილობრივ თავისუფალი), ხოლო ესტონეთს - 16 (თავისუფალი).

 

Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული ინტერნეტის თავისუფლების შეფასება მოიცავს ინტერნეტთან წვდომის (ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური, სამართლებრივი ბარიერები), ინფორმაციის შინაარსის შეზღუდვის (ტექნიკური გაფილტვრა, ვებ გვერდების დაბლოკვა, თვითცენზურა, ონლაინ მედია საშუალებების მრავალფეროვნება, საზოგადოების მობილიზებისთვის ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება) და მომხმარებლის უფლებების დარღვევის (თვალთვალი, საავტორო უფლებების დარღვევა, კიბერ შეტევები) პრაქტიკის შეფასებას. კვლევა მოიცავს 65 სახელმწიფოს ინტერნეტ თავისუფლების მაჩვენებელს, რომელთა შორისაც საქართველომ - 24-ე, სომხეთმა - 28-ე, აზერბაიჯანმა - 56-ე, ესტონეთმა კი მე-7 ადგილი დაიკავა.

 

მმართველობის მონაცემთა ალიანსის 2015 წლის ანგარიში ასევე მოიცავს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიერ გამოქვეყნებულ იმ ქვეყნების სიას, რომლებიც ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ და მუდმივ კონსულტაციებს გადიან სამოქალაქო საზოგადოების სექტორთან. ამ სიაში მოხვდა: საქართველო, სომხეთი, მოლდოვა და ესტონეთი, თუმცა ვერ მოხვდა აზერბაიჯანი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024