კარგი მმართველობის ფორუმი 2020: მთავარი გზავნილები და შედეგები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 2 ოქტომბერი 2020

 

2020 წლის 2 ოქტომბერს, IDFI-მ კარგი მმართველობის საკითხებზე საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია, სახელწოდებით „პოლიტიკური კეთილსინდისიერება და არჩევნები: გამოწვევები და ინოვაციური მიდგომები” გამართა. ფორუმი ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობითა და გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ეს იყო კარგი მმართველობის ფორუმების (GG ფორუმი) რიგით მეორე სერია, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად, 2019 წლიდან ტარდება. კონფერენცია მიზნად ისახავდა საერთაშორისო ექსპერტების, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით, კარგი მმართველობის რეფორმის დღის წესრიგის გარშემო ცნობიერების ამაღლებას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და დისკუსიის წახალისებას.

 

2020 წელს გამართული კონფერენციის მიზანი იყო პოლიტიკური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ინოვაციური და ეფექტური მიდგომების განხილვა, განსაკუთრებით 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ფონზე. ღონისძიებაზე  ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით, დისკუსიები გაიმართა შემდეგ საკითხებზე: საარჩევნო კანონმდებლობა და პრაქტიკა, პოლიტიკური შემოწირულობები და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, საარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ლობიზმი და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტები.

 

ფორუმს ესწრებოდნენ ექსპერტები, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების  წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც იცნობენ კეთილსინდისიერების მექანიზმების შემუშავების საუკეთესო პრაქტიკას, ასევე ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებმაც დამსწრეებს პოლიტიკური კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის რეგიონალური და საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარეს. აღნიშნული ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლამ მოსალოდნელია, რომ საფუძველი ჩაუყაროს ადვოკატირების კამპანიებს როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს ამ საკითხებზე მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებმა. მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობა, დემოკრატიის და არჩევნების მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი IDEA, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), ევროპარლამენტი, საჯარო სექტორში გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი უმაღლესი ორგანო საფრანგეთში - HATVP, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD),  ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), საქართველოს აუდიტის სამსახური, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI-G), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და ა.შ.

 

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და კონფერენციას მოდერაცია გაუწია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა. კონფერენციის დასაწყისში მონაწილეებს მიესალმა ქალბატონი ოლენა ბოიცუნი, Luminate-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინვესტიციების დირექტორი. 

 

„მართალია, საქართველომ წვრილმანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, აგრეთვე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის სტანდარტების დანერგვის, მათ შორის OGP–ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმართულებით გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, თუმცა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ხმების მოსაზიდად გამოყენებული სოციალური და ფინანსური ინიციატივები, კამპანიის დაფინანსების საკანონმდებლო ჩარჩოს ირგვლივ არსებული შეკითხვები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა. საქართველოს შემთხვევა არ წარმოადგენს გამონაკლისს, რაც მიუთითებს ინოვაციური, ეფექტური მექანიზმების აღმოჩენის საჭიროებაზე, რომელიც სამართლიან არჩევნებს უზრუნველყოფს”. - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში.

 

პირველ პანელს - პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და პოლიტიკური შემოწირულობები: კანონმდებლობა და პრაქტიკა - მოდერაციას უწევდა ქალბატონი ლორა თორნტონი, დემოკრატიის და არჩევნების მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის (IDEA) გლობალური პროგრამის დირექტორი. მომხსენებლებს შორის წარმოდგენილნი იყვნენ:

 

- ეკატერინე ღაზაძე - გენერალური აუდიტორის მოადგილე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური

- იუკიჰიკო ჰამადა - პროგრამის უფროსი ოფიცერი, პოლიტიკური მონაწილეობა და წარმომადგენლობა, დემოკრატიის და არჩევნების მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი (IDEA)

- მარიამ მაისურაძე - ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

- ლევან ნატროშვილი - პროგრამის მენეჯერი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI-G)

- მაგნუს ომანი - აღმასრულებელი დირექტორი, ევროპის რეგიონალური ოფისი, პოლიტიკური ფინანსების უფროსი მრჩეველი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES)

 

პანელის მიმდინარეობისას მომხსენებლებმა მიმოიხილეს პოლიტიკური დაფინანსებისა და შემოწირულობის ირგვლივ არსებული ძირითადი გამოწვევები, რომლებიდანაც რეგულაციების ნაცვლად მთავარი აქცენტი გაკეთდა პოლიტიკურ ნებაზე. პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის თვალსაზრისით, მომხსენებლებმა განიხილეს ბოლოდროინდელი ცვლილებები ქართულ კანონმდებლობაში და მიმოიხილეს სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. გადაჭრის გზებზე საუბრისას მომხსენებლებმა მრავალპარტიული დემოკრატიის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, აგრეთვე მმართველ პარტიის მიერ ადმინისტრაციულ რესურსებსა და სხვა სარგებელზე წვდომის შეზღუდვის საკითხს.

 

რაც შეეხება კანონით დადგენილი წესების აღსრულებას, მომხსენებლებმა გამოთქვეს დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს - ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის იდეა, რომელსაც ექნება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლებამოსილება, რასაც ამ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ ფლობს.

 

პანელური დისკუსიის მიმდინარეობისას მონაწილეებმა იმ ახალ გამოწვევებზეც ისაუბრეს, რომლებიც საარჩევნო / პოლიტიკური კამპანიების დროს სოციალური მედიის რეკლამებში იჩენს თავს. ვინაიდან საკითხი გლობალურ დონეზე სიახლეს წარმოადგენს, საუკეთესო პრაქტიკის მოხმობა ამ მხრივ რთულია, თუმცა მომხსენებლებმა გარკვეული რეკომენდაციები მაინც გააჟღერეს: კანონის ფარგლებში ონლაინ კამპანიის წარმოების ფინანსურ დანახარჯებზე ლიმიტის დაწესება, აგრეთვე განმარტებების/დეფინიციების და სახელმძღვანელო პრინციპების მკაფიო განსაზღვრა.

 

პანელის დასკვნით ნაწილში აღინიშნა, რომ პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოებს შორის  თანამშრომლობას შესაძლოა მოჰყვეს სასურველი შედეგი.

 

მეორე პანელის თემასწარმოადგენდა ლობიზმი: გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტები და მიმდინარე ტენდენციები. პანელს მოდერაცია გაუწია ქალბატონმა ელენ ტურეკმა, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP)ევროპის ოფისის ხელმძღვანელი. მომხსენებლებს შორის იყვნენ:

 

- რაჯ ჩარი - პროფესორი, დუბლინის სამების კოლეჯი

- დენიელ ფროინდი - ევროპარლამენტის წევრი, ევროპის პარლამენტი

- მარი ლინცერი - საერთაშორისო პარტნიორობის ხელმძღვანელი, საჯარო სექტორში გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი უმაღლესი ორგანო - HATVP

- ვიტორ ტეიშეირა - ადვოკატირების ოფიცერი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - ევროკავშირი

- ხულიო ბაჩიო ტერაჩინო - ხელმძღვანელის მ/შ, საჯარო სექტორის კეთილსინდისიერების განყოფილება, საჯარო მმართველობის სამმართველო, OECD

 

აღნიშნულ პანელზე ონლაინ აუდიტორიას საშუალება მიეცა უკეთ გაცნობოდა ლობიზმის სტანდარტებსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. თითოეულმა მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლობისტური საქმიანობის განხორციელებისას გამჭვირვალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით პოლიტიკის განხორციელების ლეგიტიმურობის, კორუფციული რისკებისა და გავლენების თავიდან აცილების მიმართულებით. გამომდინარე აქედან, საჭიროა საკანონმდებლო რეგულაციების არსებობა. მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს საზოგადოების ნდობის მოპოვების მნიშვნელობაზე, რადგან ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობა პირდაპირ აისახება საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ნდობის აღდგენაზე, რაც ავტომატურად გამოიწვევს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლებას, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობას.

 

გარდა ამისა, ერთ-ერთმა მომხსენებელმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილებიდან მიღებული ცოდნაც გაუზიარა. მისი მოსაზრებით, უპირველეს ყოვლისა, ლობისტების ნებაყოფლობითი რეგისტრაცია არ ამართლებს, ამიტომაც, მკაცრი მონიტორინგისა და სანქციების ზომების გაწერის პარალელურად, საჭიროა ყველა დაინტერესებული ორგანოს კოორდინირებული მუშაობა.

 

მომხსენებლებმა ირლანდიის შემთხვევა მოიხმეს, მაგალითად იმისა, თუ როგორ უბიძგა ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყანას, ლობიზმის საკანონმდებლო რეგულირებისკენ, რაც შემდგომში კორუფციული რისკების შემცირების ეფექტურ ინსტრუმენტად იქცა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ვალდებულება ქვეყნის OGP–ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ნაწილი იყო. 

 

დასკვნით პანელს - ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და სახელმწიფო ბიუჯეტში წინასაარჩევნო ცვლილება - მოდერაციას უწევდა ჯოზეფ ფოტი, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მთავარი კვლევითი ხელმძღვანელი. სპიკერებს შორის წარმოდგენილნი იყვნენ:

 

- კეტრინ ელენა - გლობალურ დონეზე უფროსი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES)

- ჯოი ლანგსტონი - პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, ეკონომიკის კვლევისა და სწავლების ცენტრი, CIDE, ქალაქი მეხიკო

- ვახუშტი მენაბდე - დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

- ნინო რიჟამაძე - იურისტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

 

აღნიშნული პანელი საქართველოში არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა, რადგანაც პანელი ეხებოდა ქვეყნის წინაშე არსებულ ორი მიმდინარე გამოწვევას - ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და COVID-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯები.

 

როგორც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველოს ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება ხანგრძლივ პრაქტიკად იქცა. მომხსენებლებმა აღნიშნული საკითხის ირგვლივ ცნობილ შემთხვევებზე ისაუბრეს და აუდიტორიას დამატებითი ინფორმაციაც მიაწოდეს.

 

პანელის მიმდინარეობისას საერთაშორისო ექსპერტებმა სახელმწიფოს მიტაცების ძირითადი მახასიათებლები მიმოიხილეს და მსგავსი შემთხვევების გამოძიების პროცესში არსებული პრობლემების შესახებ საერთაშორისო მაგალითებიც მოიყვანეს.

 

თითოეული მომხსენებელი შეეხო პანდემიის პირობებში მთავრობების მიერ სოციალური დახმარების პროგრამების საარჩევნო მიზნით გამოყენებას. მომხსენებლებმა ბიუჯეტის განკარგვის ნაწილში აღნიშნეს, რომ მმართველ პარტიებს აქვთ იმუნიტეტი და ძალაუფლება გამოიყენონ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის რესურსები.

 

აღნიშნულ გარემოებებზე საპასუხოდ, მომხსენებლებმა დაასახელეს სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მხრიდან საზედამხედველო ფუნქციებისა და ინსტრუმენტების გაძლიერება/გააქტიურება, აგრეთვე, დამოუკიდებელ ორგანოთა საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა, რაშიც მოიაზრება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების უკეთესი კონტროლი და კანონმდებლობაში ზუსტი მოთხოვნების/განმარტებების გაჩენა.

 

იხილეთ პანელების ჩანაწერები სრულად:

 

1. ფორუმის გახსნა და მისასალმებელი სიტყვები

2. პანელი I: პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და პოლიტიკური შემოწირულობები: კანონმდებლობა და პრაქტიკა

3. პანელი II: ლობიზმი: გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტები და მიმდინარე ტენდენციები

4. პანელი III: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და სახელმწიფო ბიუჯეტში წინასაარჩევნო ცვლილება

5. ფორუმის შეჯამება

 

/public/upload/GG/GGF_Guide_2020_V07_FINAL VERSION-min.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024