საქართველო ინოვაციების გლობალურ ინდექსში - 2023 წლის შედეგები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები 31 იანვარი 2024

ინოვაციების გლობალური ინდექსის (GII) 2023 წლის შედეგებით, საქართველოს რეიტინგი 2022 წელთან შედარებით 9 პოზიციით გაუმჯობესდა, 74-ე ადგილიდან 65-ე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, მიუხედავად საგრძნობი პოზიციური წინსვლისა, ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქულა მიიღო (29.9) და ამ შეფასებით მხოლოდ 2022 წლის რეკორდულად დაბალ შედეგს (27.9) უსწრებს. 

 

მოკლედ ინოვაციების გლობალური ინდექსის შესახებ

 

ინოვაციების გლობალური ინდექსი (GII) 132-მდე ქვეყანას აფასებს ინოვაციური შესაძლებლობების მიხედვით. GII მიზნად ისახავს ინოვაციურობის ყოვლისმომცველ ანალიზს ინოვაციური დანახარჯების (inputs) და პროდუქტების (outputs) გათვალისწინებით. შეფასება ეყრდნობა 80-მდე ინდიკატორს 7 თემატური კატეგორიის გარშემო.

 

შეფასების კატეგორიებია:

 

- ინსტიტუტები (პოლიტიკური გარემო, მარეგულირებელი გარემო, ბიზნეს გარემო);

 

- ადამიანური კაპიტალი და კვლევები (განათლება, კვლევა და განვითარება);

 

- ინფრასტრუქტურა (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ზოგადი ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიური მდგრადობა);

 

- საბაზრო გარემო (საკრედიტო გარემო, ინვესტიციები, ვაჭრობა, კონკურენცია და ბაზრის მასშტაბი);

 

- ბიზნესის განვითარების დონე (დასაქმებულთა ცოდნის დონე, ინოვაციისათვის საჭირო კავშირების არსებობა, ცოდნის მიღების შესაძლებლობა);

 

- ცოდნა და ტექნოლოგიები (ცოდნის შექმნა, ცოდნის გავლენა ინოვაციების შექმნის პროცესში, ცოდნის გავრცელება);

 

- შემოქმედებითი პროდუქტები (არამატერიალური აქტივები, შემოქმედებითი პროდუქტი და მომსახურება, ელექტრონული შემოქმედება).

 

საქართველოს შედეგები ინდექსის სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით

 

ინდექსის ანგარიშში ქვეყნების შედეგები განხილულია როგორც ეკონომიკური ჯგუფების (მაღალი შემოსავლის, ზედა-საშუალო, ქვედა-საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნები) ჭრილში, ასევე რეგიონულ ჭრილში. GII-ის კვლევის ფარგლებში საქართველო განხილულია როგორც ზედა-საშუალო შემოსავლის ქვეყანა. 2023 წლის გამოშვებაში საქართველომ მაღალი შედეგი აჩვენა 7-დან მხოლოდ 3 კატეგორიაში. კერძოდ, ინსტიტუტები, ადამიანური კაპიტალი და ბიზნესის განვითარების დონე შეფასდა ზედა-საშუალო შემოსავლის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მაღალი ქულებით. 2022 წელს მსგავსი შეფასება საქართველომ მხოლოდ პირველ ორ კატეგორიაში მიიღო. დანარჩენ ოთხ კატეგორიაში კი - საბაზრო გარემო, ინფრასტრუქტურა, ცოდნა და ტექნოლოგიები და შემოქმედებითი პროდუქტები - საქართველო საშუალოზე დაბალი ქულით შეფასდა. ამ შედეგებით საქართველო ზედა-საშუალო შემოსავლის 33 ქვეყნიდან მე-14 ადგილს იკავებს. ქვეყნების ამ ჯგუფში ინოვაციური განვითარების დონით გამოირჩევა ჩინეთი, ტაილანდი, ბრაზილია, ჩრ. მაკედონია, სამ. აფრიკა, მოლდოვა, იამაიკა და იორდანია. 

 

რაც შეეხება რეგიონულ ჭრილს, საქართველო მიკუთვნებულია დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ჯგუფს, ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, კვიპროსი, საუდის არაბეთი, იორდანია, ტუნისი და ა.შ. რეგიონულ ასპარეზზე საქართველო იკავებს მე-8 ადგილს 18 ქვეყნიდან, რითაც ქვეყნის პოზიცია წინა გამოცემის შედეგებთან შედარებით 3 პოზიციით გაუმჯობესებულია. წინა წლის მსგავსად საქართველო საშუალოზე მაღალი ქულებით შეფასდა მხოლოდ ინსტიტუტების კატეგორიაში, ხოლო დანარჩენ 6 კატეგორიაში რეგიონის საშუალოზე დაბალი მაჩვენებლები გამოავლინა. 

 

საქართველოს შედეგები 2023 წელს

 

2023 წელს საქართველოს ქულა გაუმჯობესდა  ხუთ კომპონენტში - ბაზრის განვითარების დონე, ადამიანური კაპიტალი და კვლევა, საბაზრო გარემო, ცოდნა და ტექნოლოგიები და შემოქმედებითი პროდუქტები. რეგრესი დაფიქსირდა დანარჩენ 2 კომპონენტში - ინსტიტუტები და ინფრასტრუქტურა. მცირე პროგრესის მიუხედავად, ქვეყანას ჯერ კიდევ დაბალი ქულა (29.9) აქვს ინოვაციების გლობალურ ინდექსში. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2023 წლის შედეგებით, ქვეყანა 9 პოზიციით დაწინაურდა მსოფლიო რეიტინგში, რაც ინდექსის მეთოდოლოგიურმა ცვლილებამაც განაპირობა. ასევე აღსანიშნავია, რომ რიგმა ქვეყნებმა, რომლებიც 2022 წლის შედეგებით საქართველოს უსწრებდნენ, 2023 წლის შეფასებით საქართველოზე დაბალი ქულა მიიღეს, მაგალითად, პერუ, რომელიც 2022 წელს 29.1 ქულით 65-ე ადგილს იკავებდა წელს 27.1 ქულით 76-ზე გადაინაცვლა; მსგავსი ტენდენციაა ტუნისის (73-ე ადგილიდან (27.9 ქულით) 79-ე ადგილზე (26.9) გადაინაცვლა), ბოსნიისა და ჰერცოგოვინის (70-დან (28.5 ქულით) 77-ზე (27.1) გადაინაცვლა) და სხვა რამდენიმე ქვეყნის შემთხვევაშიც.

 

GII 2023 წინა წლებისგან იმით განსხვავდება, რომ ის პანდემიისა და პოსტპანდემიური წლების საკმაოდ დიდი რაოდენობით მონაცემებს მოიცავს. მონაცემთა 88% 2020-2023 წლებს ფარავს. ამდენი მონაცემის შეჯერებამ, ქვეყნების სპეციფიკური კონტექსტების გათვალისწინებამ, პანდემიასთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა მიდგომებმა და უკრაინაში დაწყებულმა ომმა 2023 წლის რეიტინგზე დიდი გავლენა მოახდინა. ამიტომ , აუცილებელია, ამ ფაქტორების გათვალისწინება, როდესაც 2023 წლის GII რეიტინგს ვაანალიზებთ.

 

 

საქართველოს მაჩვენებლებზე დაკვირვების შედეგად ინდექსმა დადებითი ტენდენცია გამოავლინა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტსა და ინოვაციურობას შორის კავშირის თვალსაზრისით. ქვევით მოცემულ გრაფაზე ქვეყნები განლაგებულია მშპ-სა (ერთ სულ მოსახლეზე) და ინოვაციურობის მაჩვენებლის (GII ქულა) მიხედვით. ხოლო ტენდენციის ხაზი ასახავს საშუალო მოსალოდნელ ინოვაციურობის მაჩვენებელს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით. ტენდენციის ხაზს ზემოთ მოქცეულმა ქვეყნებმა აჩვენეს მოსალოდნელზე მაღალი შედეგები, ხოლო ხაზს ქვემოთ წარმოდგენილია ქვეყნები რომელთა ინოვაციურობის მაჩვენებელი ჩამოუვარდება მათ განვითარების დონეს. საქართველოს შედეგების მიხედვით ტენდენცია კვლავ დადებითია.

 

 

საქართველოს ბოლო წლების შედეგების მიმოხილვა

საქართველოს GII რეიტინგში ყველაზე მოწინავე პოზიცია (48-ე ადგილი) ყველაზე მაღალი ქულით (36.98) 2019 წელს ეკავა. შედეგები საგრძნობლად გაუარესდა საკუთრივ პანდემიისა და პოსტპანდემიურ პერიოდში. 2020-2021 წლებში ქვეყნის პოზიცია 63-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, ხოლო 2022 წელს 74-ზე. აღნიშნული, ერთი მხრივ, პანდემიას, ხოლო, მეორე მხრივ, GII-ს მეთოდოლოგიურ ცვლილებებს უკავშირდება. პანდემიის შემდეგ პოზიციური გაუმჯობესება პირველად 2023 წელს შეინიშნება, როდესაც ქვეყანა 65-ე ადგილზე დაწინაურდა, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, რეიტინგში ცვლილება მეთოდოლოგიურ ცვლილებასა და სხვა დამოუკიდებელ ფაქტორებს უკავშირდება. ქვეყანას რიგ კატეგორიებში გაუარესების გამო ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალი ქულა აქვს და საგრძნობლად ჩამორჩება პანდემიამდელ (2019 წლის) შედეგს. 



საქართველოს რეიტინგი წლების მიხედვით

საქართელოს ქულა წლების მიხედვით

 

რეგიონის სხვა ქვეყნებთან (მეზობელი, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების) შედარება

 

საქართველო კვლავ უსწრებს რეიტინგში მეზობლებს (რუსეთის გარდა), თუმცა საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენებს. კერძოდ, 2023 წლის შედეგებით, მეზობელი, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალტიისპირეთის 11 ქვეყნიდან საქართველო მერვე ადგილზეა და შედეგებით უსწრებს მხოლოდ ბელარუსს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. აღსანიშნავია რომ 2019 წლის მონაცემებით, რუსეთი, უკრაინა და საქართველო რეიტინგში 46-ე, 47-ე და 48-ე ადგილებს იკავებდნენ, თუმცა მას შემდეგ საქართველოსგან განსხვავებით მათი შედეგები მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა, რის გამოც ქვეყნებს შორის სხვაობა ყოველწლიურად იზრდებოდა.

 

 

საქართველოს შედეგები ცალკეული ინდიკატორების მიხედვით

 

ინდექსმა კონკრეტული ინდიკატორების მეშვეობით გამოყო საქართველოს ძლიერი და სუსტი მხარეები ინოვაციური განვითარების მხრივ. ქვეყანას წამყვანი პოზიცია უკავია ცოდნისა და ტექნოლოგიების კატეგორიის ერთ-ერთ ინდიკატორში, რომელიც ქვეყანაში შრომის პროდუქტიულობის ზრდას ზომას. საბაზრო გარემოს კატეგორიაში საკმაოდ დადებითად შეფასდა სატარიფო განაკვეთი; ქვეყანამ მაღალი შეფასება მიიღო ადამიანური კაპიტალის იმ ინდიკატორში, რომელიც ქვეყანაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა თანაფარდობას ზომავს. Ამავე კატეგორიაში დადებითად შეფასდა ასევე უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვების წილიც. ინფრასტრუქტურაში ერთადერთი ინდიკატორი, რომელსაც მაღალი ქულა მიენიჭა, არის ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა. ბიზნესის განვითარების დონეშიც მხოლოდ ერთი ინდიკატორი - Პირდაპირი უცხოური ინვესტიციები როგორც მშპ-ს წილი  - შეფასდა დადებითად. ხაზგასასმელია ინსტიტუტების კატეგორია, რომელშიც საქართველო საკმაოდ მაღალი შეფასებები 7-დან 3 ინდიკატორში მიიღო - რეგულირების ხარისხი, დასაქმებულთა აყვანისა და გათავისუფლების სიმარტივე და ბიზნესის კეთების პოლიტიკა.

 

რაც შეეხება ნაკლოვანებებს, მოსწავლეებს უფიქსირდებათ დაბალი ქულები PISA-ს შკალაზე, კითხვაში, მათემატიკაში და საბუნებისმეტყველო საგნებში, ასევე მწირია მაღალ რეიტინგიანი უნივერსიტეტების რაოდენობა, რაც დაბალი ხარისხის განათლების სისტემაზე მეტყველებს. ამავე კატეგორიაში ქვეყანას დაბალი შეფასება აქვს გლობალური კორპორატიული R&D ინვესტორების ინდიკატორშიც. ბიზნესის განვითარების მხრივ საქართველოს სისუსტეა ბიზნესის მიერ დაფინანსებული მთლიანი შიდა დანახარჯი კვლევასა და განვითარებაზე, რაც R&D სფეროში კერძო სექტორის პასიურობაზე შეიძლება, მეტყველებდეს. ქვეყანა რეიტინგულად ჩამორჩება რიგ ფინანსურ ინდიკატორებშიც, რაც ზემოაღნიშნულ სისუსტეებთან ერთად აისახება მაღალტექნოლოგიური წარმოების დაბალ წილზე. 

 

 

ნაკლული მონაცემები

 

არარსებული მონაცემები

 

GII ინდექსი ცალკეული ინდიკატორების შეფასების მიზნით იყენებს სხვადასხვა წყაროებს, საერთაშორისო ინდექსებს და ანგარიშებს. ცხრილზე მოცემულია ის წყაროები, რომლებიც არ მოიცავენ საქართველოს შეფასებას და შესაბამისად მნიშვნელოვანია ამ მხრივ ქვეყნის ჩართულობა და მსგავსი მონაცემების წარმოება. მოცემულ წყაროებთან თანამშრომლობა შეუძლიათ როგორც საჯარო უწყებებს, ასევე არასამთავრობო და აკადემიურ ინსტიტუტებს. მაგალითად, იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტი თანამშრომლობს სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოებთან, სამინისტროებთან და სხვა სტატისტიკურ უწყებებთან. ხოლო მეწარმეობის გლობალური მონიტორი (GME) ძირითადად ეყრდნობა წამყვან აკადემიურ დაწესებულებებთან პარტნიორობებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2022 წელს კიდევ ორ სხვა ინდიკატორზე - ბიზნესის კეთების პოლიტიკა და სტარტაპების დაფინანსება - არ ჰქონდა მონაცემები. ქვეყანამ 2023 წლისთვის ამ ორი მიმართულებით აწარმოა შესაბამისი სტატისტიკა.

 

განსაახლებელი მონაცემები

 

ასევე საყურადღებოა ის ინდიკატორები რომელთა შეფასებაც წარსულში განხორციელებულა, თუმცა საჭიროებს განახლებას:

დასკვნა

 

GII ინდექსმა წელს ინოვაციების მიმართულებით ქვეყნების შეფასებისას ძალიან დიდი რაოდენობით მონაცემები გამოიყენა - როგორც პანდემიის დროინდელი, ისე პოსტპანდემიური, რითაც ამ მიმართულებით ქვეყნების განვითარების მეტად ფართო სურათი დაგვანახა. 2023 წლის მონაცემებით, მართალია, საქართველო გლობალურ რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა, პოზიციურად გაუმჯობესდა მისი შედეგები რეგიონის ქვეყნებთან შედარებითაც, თუმცა ქვეყნის საერთო ქულა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და ჯერ კიდევ ვერ უსწრებს 2019 წლის საუკეთესო შედეგებს, რაც ბოლო წლებში ინოვაციების ხელმშემწყობი პოლიტიკის სტაგნაციაზე მიუთითებს, განსაკუთრებით სხვა ქვეყნების ფონზე.


ინოვაციების გლობალური ინდექსის 2023 წლის საქართველოს შედეგები აჩვენებს კონკრეტულ სფეროებში ეკონომიკური და ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით არსებულ სტაგნაციას. ინოვაციური შესაძლებლობები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ეკონომიკის განვითარებაში, შესაბამისად აუცილებელია ამ სექტორში არსებულ გამოწვევებისადმი კომპლექსური და ყოვლისმომცველი მიდგომა და ხარვეზების აღმოფხვრა, განსაკუთრებით საყურადღებოა განათლების სფერო. ასევე მნიშვნელოვანია ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების სტრუქტურის ჩამოყალიბება როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ეგრეთ წოდებული სარისკო კაპიტალის (venture capital) დაინტერესების და მოზიდვის მეშვეობით.

 

ასევე გასათვალისწინებელია ის კონკრეტული ინდიკატორები, რომელთა შესაფასებლად მონაცემები ვერ შეგროვდა. მნიშვნელოვანია ნახსენებ წყაროებთან თანამშრომლობის გაღრმავება და მოძველებული მონაცემების განახლება.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024