საქართველოს ანტიკორუფციული მაჩვენებლები 2021 წელს

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | აქტუალური თემები | ანალიზი | სტატია 9 დეკემბერი 2021

2021 წელს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანტიკორუფციული რეიტინგების უმეტესობა საქართველოში კორუფციის მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს.

 

Trace International-ის მიერ 2021 წლის 17 ნოემბერს გამოქვეყნებული ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით საქართველო 194 ქვეყანას შორის 29-ე ადგილზეა ბიზნესის კორუფციის რისკის 26 ქულით. ორგანიზაცია ქვეყნებს აფასებს 100-ქულიანი სისტემით, სადაც 100 ქულა კორუფციის მაღალ, ხოლო 0 ქულა კორუფციის დაბალ რისკზე მიუთითებს. საქართველოს 2021 წლის მაჩვენებელი გაუარესებულია წინა წელთან შედარებით, როდესაც ქვეყანა 194 ქვეყანას შორის 25 ქულით 28-ე ადგილს იკავებდა. როგორც 2019, ისე 2018 წლის მონაცემებით საქართველო 200 ქვეყანას შორის 26 ქულით 27-ე ადგილზე იყო.ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ საუკეთესო მაჩვენებელი 2017 წელს დააფიქსირა, როცა ქვეყანამ 200 სახელმწიფოს შორის 25-ე ადგილი დაიკავა 23 ქულით. აღნიშნული მონაცემებიდან იკვეთება, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესის კორუფციის რისკი ეტაპობრივად იმატებს.

 

 

საერთაშორისო დონეზე ბიზნესის კორუფციის რისკის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა დანიაში და, შესაბამისად, ქვეყანა ორი ქულით რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. ბიზნესის კორუფციის ყველაზე მაღალი რისკი კი გამოვლინდა ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც რეიტინგში 94 ქულით ბოლო - 194-ე ადგილზეა.

 

Trace International-ის ბიზნესის კორუფციის რისკის მატრიცა კორუფციის ბუნებას შეისწავლის შემდეგი  ოთხი მიმართულებით:

 

 1. კორუფციის შესაძლებლობის რისკი - მოიაზრება ბიზნესის ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ხელისუფლებისთვის ქრთამის გადახდის მოლოდინი და რეგულირების ტვირთი. აღსანიშნავია, რომ კორუფციის შესაძლებლობის მიმართულების სამი კომპონენტიდან ერთ-ერთში - ბიზნესის ხელისუფლებასთან ურთიერთობა - საქართველომ საუკეთესო შეფასება - 1 ქულა დაიმსახურა და კომპონენტში პირველი ადგილი დაიკავა. საერთო ჯამში, ამ მიმართულებაში ქვეყანას 19 ქულა აქვს. შეფასებული ოთხი მიმართულებიდან საქართველოში ყველაზე დაბალი კორუფციული რისკი სწორედ კორუფციის შესაძლებლობაში დაფიქსირდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი გაუარესებულია 2020 წლის მონაცემთან შედარებით, როდესაც ქვეყანას 17 ქულა ჰქონდა.

 

2. კორუფციული რისკების აღკვეთა - გულისხმობს ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებას და საზოგადოების დამოკიდებულებას კორუფციის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ შეფასებული ოთხი მიმართულებიდან წინა წელთან შედარებით საქართველომ მხოლოდ კორუფციული რისკების აღკვეთის მიმართულებით დააფიქსირა მცირედი გაუმჯობესება, ამ მიმართულებაში საქართველოს კორუფციული რისკის მაჩვენებელი ოთხ მიმართულებას შორის მაინც ყველაზე მაღალია და 38 ქულით ფასდება. 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 39-ს შეადგენდა.

 

3. გამჭვირვალობა - მოიაზრება ხელისუფლების მმართველობითი ფუნქციების ღიაობის ხარისხი, სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობა და სიჯანსაღე. საქართველოს აღნიშნული მიმართულებით 28 ქულა აქვს მინიჭებული, რაც ორი ქულით გაუარესებული მაჩვენებელია 2020 წელთან შედარებით.

 

4. ზედამხედველობა - მოიაზრებს მედიის ხარისხს და მის თავისუფლებას, ისევე, როგორც საზოგადოების ჩართულობას. საქართველოს ამ მიმართულებაში 29 ქულა აქვს. 2020 წელს ზედამხედველობის მიმართულებით ქვეყნის მაჩვენებელი 28-ს შეადგენდა.

 

განხილული მიმართულებებიდან კორუფციის ყველაზე დაბალი რისკით შეფასდა და, შესაბამისად, ყველაზე დაბალი შეფასება საქართველომ მიიღო კორუფციის შესაძლებლობაში. კორუფციის ყველაზე მაღალი რისკის მქონედ შეფასდა და, შესაბამისად, ყველაზე მაღალი ქულა დაფიქსირდა კორუფციული რისკების აღკვეთაში. რაც შეეხება გამჭვირვალობასა და ზედამხედველობას, აღნიშნულ მიმართულებებში საქართველომ თითქმის თანაბარი ქულები აიღო (შესაბამისად, 28 და 29).

 

 

 

Trace International-ის 2021 წლის ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით ყველაზე დაბალი კორუფციული რისკის მქონე ქვეყნების ხუთეულში შედის: დანია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი და ახალი ზელანდია. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს, საუკეთესო ქულა ჩეხეთის რესპუბლიკამ დაიმსახურა და 31 ქულით 39-ე ადგილი დაიკავა. ყველაზე მაღალი რისკი კი დაფიქსირდა ბელარუსში, რომელმაც 58 ქულით 144-ე ადგილი დაიმსახურა.

 

World Justice Project-ის (WJP) კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო 2021 წელს 139 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა 0.61 ქულით, 2020 წელს ქვეყანა 0.60 ქულით 42-ე ადგილს იკავებდა 128 ქვეყანას შორის. კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში 2021 წელს საქართველო 31-ე ადგილს იკავებს 0.68 ქულით. აღნიშნულ მიმართულებაში ქვეყანას 2020 წელსაც 0.68 ქულა ჰქონდა, თუმცა, 128 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზე იყო.

 

WJP კანონის უზენაესობის ინდექსის შეფასება ეყრდნობა ადგილობრივი მოსახლეობის და ექსპერტების აღქმას და გამოცდილებას და ქვეყნებს აფასებს რვა ფაქტორის გათვალისწინებით, საიდანაც ერთ-ერთს კორუფციისგან თავისუფლება წარმოადგენს. ქვეყნები ფასდება 0-დან 1 ქულამდე სისტემით, საიდანაც ერთი ქულა საუკეთესო შეფასებაა.

 

კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში შეფასდა ხელისუფლების ოთხი შტო, რომელთაგან საქართველოში კორუფციისგან ყველაზე ნაკლებად თავისუფალ შტოდ იქნა მიჩნეული და შესაბამისად ყველაზე დაბალი ქულით შეფასდა საკანონმდებლო ხელისუფლება (0.51 ქულა), ხოლო კორუფციისგან ყველაზე თავისუფალ ინსტიტუტებად პოლიცია/ ჯარი მიჩნეული და 0.89 ქულით შეფასდა. სასამართლო ხელისუფლებამ 0.72 ქულა მიიღო, ხოლო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ - 0.58. საკანონმდებლო ხელისუფლებასა და პოლიციას/ჯარს 2020 წელსაც ანალოგიური შეფასება ჰქონდა, სასამართლო ხელისუფლებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შეფასება კი, შესაბამისად, 0.01 და 0.02 ქულით გაუარესდა.

 

 

2019 წლის WJP-ის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო 126 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებდა 0.61 ქულით, ხოლო კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში 24-ე ადგილზე იყო 0.70 ქულით.2017-2018 წლების WJP-ის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო 113 ქვეყანას[3] შორის 38-ე ადგილს იკავებდა 0.61 ქულით, ხოლო კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში 23-ე ადგილზე იყო 0.71 ქულით. მიუხედავად იმისა, რომ 2012 – 2021 წლების მაჩვენებლებს შორის 2020 და 2021 წლებში დაფიქსირებული შეფასება საქართველოს მიერ დამსახურებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის პოზიცია საერთაშორისო რეიტინგში რვა საფეხურით გაუარესდა.  

 

 

WJP – ის შეფასებით საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყანას წარმოადგენს დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ლუქსემბურგი, ავსტრია და ირლანდია.

 

საქართველოს მეზობელ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საუკეთესო ქულა ჩეხეთის რესპუბლიკამ აიღო (0.73) და საერთაშორისო რეიტინგში 22-ე ადგილზე მოხვდა, ხოლო ყველაზე დაბალი შეფასებით (0.42) თურქეთი 117-ე ადგილზეა.

 

Transparency International-მა (TI) 2021 წლის იანვარში გამოაქვეყნა 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზეა 56 ქულით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობას ინარჩუნებს, საერთაშორისო რეიტინგში მან ბოლო სამი წლის განმავლობაში ოთხი საფეხურით უკან გადაინაცვლა. 2019 წელს საქართველო 56 ქულით 44-ე ადგილზე იყო,  2018 წელს კი - 58 ქულით 41-ე ადგილს იკავებდა.

 

 

 

კორუფციის აღქმის ინდექსი მონაცემებს იღებს და ამუშავებს სხვადასხვა წყაროდან, რომლებიც შეისწავლის მეწარმეებისა და ექსპერტების აღქმებს საჯარო სექტორში კორუფციასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინდექსის მიხედვით, ქვეყნები 0-დან 100 ქულამდე სისტემით ფასდება, საიდანაც 100 ნიშნავს კორუფციის არარსებობას, 0 კი - კორუფციის მაღალ დონეს. საერთაშორისო რეიტინგში საშუალო ქულაა 43, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში - 36.

 

საერთაშორისო დონეზე საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ და შესაბამისად, პირველ ათეულში შედიან დანია, ახალი ზელანდია, ფინეთი, სინგაპური, შვედეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ნიდერლანდები, გერმანია და ლუქსემბურგი. 

 

კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, რომელსაც მიეკუთვნება საქართველოც, COVID-19-ის პანდემიის პირობებში გამომჟღავნდა მმართველობითი და სტრუქტურული პრობლემები, კორუფცია და მწვავე სოციალური უკმაყოფილება. რიგ შემთხვევებში პოლიტიკურმა ლიდერებმა კრიზისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვების გავრცელებისთვის, სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის უგულებელყოფისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების უარყოფისთვის გამოიყენეს. საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშში ნათქვამია, რომ COVID-19-ის პანდემიამ კორუმპირებულ ლიდერებს მისცა სახელმწიფო ხარჯების განკარგვაზე ზედამხედველობის შემცირებისა და სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვის საბაბი, რაც, საბოლოოდ, უარყოფითად აისახება დემოკრატიის ხარისხზე.

 

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 2021 წელს საქართველო 178 სახელმწიფოს შორის 77.2 ქულით მე-12 ადგილს იკავებს, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის მე-7 ადგილზეა.  ქვეყანა 180 სახელმწიფოს შორის 2020 წელსაც მე-12 ადგილზე იყო თუმცა 77.1 ქულით, 2019 წელს 180 ქვეყანას შორის 75.9 ქულით მე-16 ადგილს იკავებდა, მე-16 ადგილზე იყო 2018 წელსაც 76.2 ქულით.

 

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყნებში ოთხ მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას: კანონის უზენაესობა, მთავრობის ზომა, რეგულირების ეფექტიანობა და ბაზრის ღიაობა.

 

Heritage Foundation-ის ანალიზის მიხედვით, საქართველოს ქულის მცირედით მატება სამთავრობო ხარჯების მაჩვენებელში დაფიქსირებულმა ქულამ გამოიწვია. ნიშანდობლივია, რომ 2020 წელს საქართველოს ქულის ზრდის მიზეზად ორგანიზაცია ასახელებდა კანონის უზენაესობის მიმართულებაში ყველა მაჩვენებლის (ქონებრივი უფლებები, სასამართლოს ეფექტიანობა, ხელისუფლების კეთილსინდისიერება) გაუმჯობესებას. თუმცა, 2021 წლის შეფასებით აღნიშნული სამი მაჩვენებლიდან ქონებრივი უფლებებისა და ხელისუფლების კეთილსინდისიერების კომპონენტში ქულის კლებაა დაფიქსირებული. ორგანიზაციის აღნიშვნით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევა კვლავ პრობლემად რჩება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ წვრილმანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით წარმატებას მიაღწია, ქვეყანაში ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული მაღალი დონის კორუფცია კვლავ პრობლემურია. ანალიზის ფარგლებში ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ რეიტინგის ათეულში მოხვედრისთვის ხელისუფლების კეთილსინდისიერებისა და სასამართლოს ეფექტიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ძალისხმევაა გასაწევი. უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი დონის კორუფციის პრობლემურობას ორგანიზაცია 2019 და 2020 წლების ანალიზის ფარგლებშიც უსვამდა ხაზს.

 

2021 წელს საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნების პირველ ათეულში მოხვდნენ სინგაპური, ახალი ზელანდია, ავსტრალია, შვეიცარია, ირლანდია, ტაივანი, გაერთიანებული სამეფო, ესტონეთი, კანადა და დანია.

 

მსოფლიო ბანკის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების [6] კორუფციის კონტროლის მიმართულებით საქართველო 2020 წლის მონაცემებით ლიდერობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-18 ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ჩეხეთი, იტალია, სლოვაკეთი, კვიპროსი, მალტა, ხორვატია და სხვა.

 

 

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა 0%-დან 100%-მდე მაჩვენებლით ექვს მიმართულებაში (ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური სტაბილურობა, მთავრობის ეფექტიანობა, რეგულირების ხარისხი, კანონის უზენაესობა და კორუფციის კონტროლი), რომელთაგან ერთ-ერთს სწორედ კორუფციის კონტროლი წარმოადგენს. მოცემული ინდიკატორით ფასდება ქვეყნებში როგორც ფასდება მცირე, ისევე, როგორც მაღალი დონის კორუფცია. ყურადღება ექცევა მმართველი ძალების მიერ საკუთარი უფლებამოსილების პირადი ინტერესებისთვის გამოყენების პრაქტიკას. კორუფციის კონტროლი საქართველოში ექვს მიმართულებას შორის მინიჭებული ქულების მიხედვით 2020 წლისთვის მესამე ადგილზეა - მას წინ უსწრებს რეგულირების ხარისხი და მთავრობის ეფექტიანობა. 2020 წელს აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მაჩვენებელი (71.63%) წინა წელთან (75%) ისევე, როგორც 2014 წელთან (76.44%) შედარებით გაუარესდა. 2013 წლის შემდეგ 2020 წლის შეფასება აღნიშნულ მიმართულებაში საქართველოსთვის მინიჭებულ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

 

 

საქართველოს მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში ყველაზე მაღალი შეფასება 2014 წელს ჰქონდა. აღნიშნულ პერიოდამდე საქართველოს მაჩვენებლები სწრაფი ტემპით იზრდებოდა. ქვეყანამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა კანონის უზენაესობისა და კორუფციის კონტროლის მიმართულებებში. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მიხედვით 2014 წლიდან მსოფლიო ბანკის მიერ შეფასებული ექვსი მიმართულებით ქვეყნის წინსვლა შენელდა. მსოფლიო ბანკის უახლესი შეფასებით საქართველომ წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი შედეგი რეგულირების ხარისხის მიმართულებით აჩვენა, თუმცა, რეგრესი დაფიქსირდა ყველა დანარჩენ მიმართულებაში. ამასთან, წინა წლებში განვლილი გზის გაუმჯობესების ნაცვლად, საქართველომ მხოლოდ 2014 წელს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ მაჩვენებელზე დაბრუნება შეძლო 2018 წელს, ხოლო 2019 და 2020 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი თანდათან კვლავ გააუარესა.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წელია ეროვნული ანტიკორუფციული საბჭო არ შეკრებილა, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო ფაქტობრივად აღარ არსებობს, 2021-2022 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა არ შემუშავებულა. აღნიშნული პრაქტიკა ანტიკორუფციულ მაჩვენებლებთან ერთად ცხადყოფს, რომ ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება ქვეყანაში პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.

 

არსებული გამოწვევების საპასუხოდ უმნიშვნელოვანესია, საქართველომ განაახლოს ანტიკორუფციული საბჭოს ფუნქციონირება, პირნათლად შეასრულოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციები, მეტი ყურადღება დაუთმოს ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას, მხედველობაში მიიღოს ამ მიმართულებებით იდენტიფიცირებული გამოწვევები, დროულად შეიმუშაოს ქმედითი პოლიტიკის დოკუმენტები და მათ ფარგლებში გაითვალისწინოს ამბიციური ვალდებულებები.

 

საქართველოს ანტიკორუფციული მაჩვენებლების გაუარესების ფონზე შემაშფოთებელია, რომ ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა, რომელმაც 2021-2022 წლებში უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა განსაზღვროს, 2021 წლის ბოლოს ჯერ კიდევ არ შემუშავებულა, არც შესაბამისი სტრატეგია განახლებულა და არც ინფორმაცია გამოქვეყნებულა აღნიშნული პროცესების მიმდინარეობის შესახებ. ნიშანდობლივია, რომ ქვეყნის მიერ ანტიკორუფციული მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულება დაბალი პროგრესით ხასიათდება, რაც ცალსახად მიუთითებს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პასიურ ფაზაში გადასვლაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოა საქართველოს მთავრობის მიერ ანტიკორუფციული გარემოს შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) ანგარიშის მიღების შეფერხება.

 

IDFI ხაზს უსვამს, რომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტი, რომელსაც საერთაშორისო ხელშეკრულებები, კონვენციები, სახელმძღვანელოები თუ რეკომენდაციები აწესებს. სწორედ ასეთი უწყებების დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და, შესაბამისად, მაღალ საზოგადოებრივ ნდობას. საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ კორუფციასთან მებრძოლ არსებულ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციები კვლავ მიუთითებენ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის პრობლემურობაზე.

 

აქედან გამომდინარე, IDFI აუცილებლად მიიჩნევს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის რეფორმირებას, ისევე, როგორც ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს. 

 

 

____

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023