ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 13 სექტემბერი 2024

ავტორი: ფაგან აბასოვი, მკვლევარი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრი

 

შესავალი

 

დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში მოქალაქეების თანაბარი და სრულფასოვანი ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური ინტეგრაცია დღემდე გამოწვევას წარმოადგენს. ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის კონტექსტში არანაკლებად საინტერესოა მათი ელექტორალური ქცევის შესწავლაც. 

 

არადომინანტი ეთნიკური ჯგუფები საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 13,2% (გარდა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებისა) თავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლია. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია აზერბაიჯანული (6,3%) და სომხური (4,5%) თემი (სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2016). ქვეყნის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული მრავალფეროვნება ნაკლებად შეიმჩნევა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის კუთხით. 

 

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ და საარჩევნო ქცევებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება მცდარი ნარატივები. ხშირ შემთხვევაში, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის და მათი ელექტორალური ქცევის განმაპირობებელი ფაქტორების შესწავლის ნაცვლად, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე პოლიტიკური პარტიები მიიჩნევენ, რომ ისინი ყოველთვის მმართველ პარტიებს უჭერენ მხარს და ეს ტენდენცია არ იცვლება. მსგავსი სტერეოტიპების შედეგად, პარტიები დაბალ ინტერესს იჩენენ ეთნიკური უმცირესობებისადმი და ხშირ შემთხვევაში მათი აბსოლუტური უმრავლესობა თავიანთ საარჩევნო პროგრამებში საერთოდ არ აკეთებს აქცენტს მოქალაქეების ზემოხსენებულ ჯგუფზე და არჩევნების დროს მათი წარმომადგენლებს არც ანიჭებს უპირატესობას პროპორციულ სიებში. შეიძლება ვთქვათ, რომ შედეგად ვიღებთ ათი ათასობით პოტენციური მხარდამჭერის უგულებელყოფას. 

 

დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ათწლეულების განმავლობაში, საქართველოში არჩევნების ხარისხთან, ამომრჩევლებით და საარჩევნო სისტემებით მანიპულირებასთან დაკავშირებით პრობლემები აქტუალურობას ინარჩუნებს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მმართველ პარტიებს ყოველთვის ჰქონდათ ადმინისტრაციული და მატერიალური რესურსები, რომელთა მეშვეობითაც ამომრჩეველთა ქცევაზე გავლენის მოხდენა სრულიად შესაძლებელია. ამომრჩევლების ელექტორალური ქცევა პოლიტიკური გეოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დისციპლინის, ელექტორალური გეოგრაფიის შესწავლის საგანია. საქართველოში ამომრჩევლების ელექტორალურ ქცევასთან დაკავშირებით არსებული ნაშრომები უაღრესად მწირია. მით უმეტეს, ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო ქცევაზე არ გვხვდება სიღრმისეული აკადემიური ნაშრომები.

 

წინამდებარე ნაშრომის მთავარი მიზანია საქართველოს მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების - აზერბაიჯანული და სომხური თემის პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით არსებული ბარიერებისა და მათი ელექტორალური ქცევის ანალიზი. 



მეთოდოლოგია

 

მთავარი მიზნის მისაღწევად დასახული იყო შემდეგი ამოცანების შესრულება:

 

- მეორეული მონაცემების [საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2008-2021 წლებში ჩატარებული არჩევნების შედეგების] ანალიზი;

- აზერბაიჯანული და სომხური თემის  საარჩევნო ქცევის ძირითადი მახასიათებლების გამოვლენა, თვისებრივი კვლევის (ფოკუს  ჯგუფებისა და სიღრმისეული ინტერვიუების) საშუალებით.

 

კვლევის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების ორი მრავალრიცხოვანი ჯგუფის - აზერბაიჯანული და სომხური თემის წარმომადგენლებთან 3 ფოკუს-ჯგუფი შედგა. დისკუსიისთვის შეირჩა ეთნიკური უმცირესობების თემებში სამოქალაქო საზოგადოების 18 აქტიური წევრი. მათი ასაკობრივი კატეგორია 25-დან 40-შორის იყო. დისკუსიები, დაახლოებით, 1 საათი  და 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასევე სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე 5 ექსპერტთან. 

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის კუთხით არსებული გამოწვევებისა  და ელექტორალური ქცევის შესწავლის მიზნით, განხილულ იქნა 2008, 2012, 2016 და 2020 წლების საპარლამენტო; 2008, 2013 და 2018 წლების საპრეზიდენტო; 2010, 2014, 2017 და 2021 წლების მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნები. 

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: (2010, 2014, 2017, 2021) 

 

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საქართველოს მასშტაბით, 17 საარჩევნო სუბიექტი იღებდა მონაწილეობას. მაშინდელი მმართველი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ტრადიციულად, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში დიდი უპირატესობით სარგებლობდა. ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებული ადმინისტრაციული ერთეულებიდან არჩეული 43 მაჟორიტარიდან ყველა, ხოლო სომხებით დასახლებული ადმინისტრაციული ერთეულებიდან არჩეული 54 მაჟორიტარიდან 52 იყო მმართველი გუნდიდან (საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, 2010). ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში არჩევნები არაკონკურენტულ გარემოში მიმდინარეობდა და ოლქების დიდ უმრავლესობაში მაჟორიტარული წესით მმართველი პარტიის კანდიდატები ხმების საშუალოდ 80-90%-ს აგროვებდნენ. 

 

[დიაგრამა მომზადებულია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე]

 

არჩევნების შედეგად, არადომინანტი ეთნიკური ჯგუფებით მჭიდროდ დასახლებულ 7 საარჩევნო ოლქში მმართველმა პარტიამ ხმების საშუალოდ 77.4% აიღო.

 

2010 წელთან შედარებით, 2014 წელს, სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში შედარებით უფრო კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა. არჩევნებში 20 პოლიტიკური პარტია და 4 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. 

 

ქვემო ქართლის 6 მუნიციპალიტეტში მერობისთვის 26 კანდიდატი იყო რეგისტრირებული. მათ შორის მხოლოდ 4 იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი, რომელთანაგანც სამი მარნეულში, ხოლო ერთი გარდაბანში იყრიდა კენჭს. სახელისუფლებო პარტიამ ''ქართულმა ოცნებამ'' არცერთ ოლქში არ დაასახელა მერობის კანდიდატად აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი. რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს, აქ მერობის 21 კანდიდატიდან 5 იყო ეთნიკურად სომეხი, რომელიც ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქებში იყრიდა კენჭს. 

 

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ 2014 წლის არჩევნების შედეგად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების 13 ადმინისტრაციულ ერთეულში დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ან ოპოზიციონერებმა გაიმარჯვეს (საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, 2014).

 

[დიაგრამა მომზადებულია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე]

 

მარნეულის საარჩევნო ოლქში წინასაარჩევნო პერიოდი უფრო აქტიურად და, გარკვეულწილად, დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა. მათი შეფასებით, მმართველმა პარტიამ არ მოისურვა ადგილობრივი კანდიდატის მოძებნა და მარნეულის მერის პოსტზე თბილისელი კანდიდატი წარადგინა. მოსახლეობის მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ მერი უნდა იყოს ადგილობრივი და უნდა ჰქონდეს წარმოდგენა მუნიციპალიტეტის პრობლემებსა და საჭიროებებზე.

 

12 ივნისს, ''ქართული ოცნების'' პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა და მარნეულში კოალიციის კანდიდატს მერაბ თოფჩიშვილს ურჩია, ორი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი კანდიდატიდან ერთ-ერთის სასარგებლოდ მოეხსნა კანდიდატურა. (კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება, 2014). აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი  ნაწილის მხრიდან მმართველი პარტიის კანდიდატთან დაკავშირებით უთანხმოება იყო. თუმცა, მმართველი პარტიის კანდიდატმა მერაბ თოფჩიშვილმა  უარი თქვა კანდიდატურის მოხსნაზე და განაცხადა, რომ კენჭს იყრიდა (Interpressnews.ge, 2014). ''ენმ''-ს კანდიდატმა, აკმამედ იმამკულიევმა, ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების საფრთხე მარნეულში გამორიცხა და აღნიშნა, რომ გამარჯვებას მოიპოვებდა (IPN, 2014).

დაძაბულობის ფონზე ჩატარებული არჩევნების შედეგად, საარჩევნო ადმინისტრაციამ მმართველი პარტიის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი გამარჯვებულად გამოაცხადა. მან ხმების 51.08% აიღო, რომელიც, ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს შორის დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის ოლქში ხმების მხოლოდ 52,42%-ის მოგროვება შეეძლო. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ დანარჩენ საარჩევნო ოლქებშიც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

 

არჩევნების შედეგად, არადომინანტი ეთნიკური ჯგუფებით მჭიდროდ დასახლებულ 7 საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“  ხმების საშუალოდ 60.71% აიღო, რომელიც 16.7%-ით ჩამორჩებოდა წინა მმართველი გუნდის მიერ 2010 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს. 2010 წელთან შედარებით, ზემოხსენებულ 7 საარჩევნო ოლქში ოპოზიციური პარტიების ხმები 22.6%-დან 39.29%-მდე გაიზარდა. პროპორციული წესით საკრებულოებში ახალქალაქში 5-მა, ნინოწმინდაში 4-მა, გარდაბანში, წალკაში, დმანისში, მარნეულსა და ბოლნისში 3-3-მა პარტიამ მოიპოვა მანდატი. 

 

[დიაგრამა მომზადებულია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე]

 

პროპორციულად მარნეულის, ნინოწმინდის, დმანისისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქებში მეორე ადგილზე გავიდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, წალკისა და ბოლნისის საარჩევნო ოლქებში “ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია”, ხოლო ახალქალაქში “არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე). 

 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 22 პოლიტიკური პარტია და 5 საარჩევნო ბლოკი იღებდა მონაწილეობას. ქვემო ქართლის მასშტაბით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების 38.4%, სამცხე-ჯავახეთში 35.7%, ხოლო კახეთში 4.8% იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, ქვემო ქართლის რეგიონში 27 კანდიდატიდან 7, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 31-დან 10 იყო  არადომინანტი ეთნიკური ჯგუფიდან. ისინი მარნეულში, გარდაბანში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში იყრიდნენ კენჭს. 

 

არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა ქვემო-ქართლისა და სამცხე ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში გაიმარჯვეს. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან განსხვავებით, საკმაოდ დაბალი იყო ადმინისტრაციული ერთეულების დონეზე ოპოზიციური პარტიების ან დამოუკიდებელი კანდიდატების შანსები. შეიძლება ითქვას, რომ 2014 წელთან შედარებით, მმართველი პარტიის გავლენები უფრო გაძლიერებული იყო.  ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე  ოპოზიციური პარტიებიდან სულ ორმა მაჟორიტარმა გაიმარჯვა. ხმების პროპორციულ გადანაწილებას რაც შეეხება, მმართველმა პარტიამ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ 7 მუნიციპალიტეტში ხმების საშუალოდ 71,8% მოაგროვა.

 

პარტიების პროპორციულ სიებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა ტრადიციულად სუსტი იყო. გარდა ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქებისა, მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, გარდაბანსა და წალკაში პარტიული სიის პირველ სამეულში საერთოდ არ მიანიჭა უპირატესობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. არჩევნების შედეგად, წალკაში - 5, გარდაბანსა და ახალქალაქში 4-4, მარნეულში, დმანისსა და ნინოწმინდაში  3-3, ხოლო ბოლნისში - 2 პარტია  იყო წარმოდგენილი საკრებულოებში. არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები უმრავლესობაში იყვნენ საკრებულოების დონეზე ახალქალაქის, ნინოწმინდისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში (საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, 2017). 



[დიაგრამა მომზადებულია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე]



2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 111-მა საარჩევნო სუბიექტმა, მათ შორის იყო 43 პარტია და ამომრჩეველთა 68 საინიციატივო ჯგუფი. ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მერობის 17 კანდიდატიდან 3 იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში 18-დან 6 იყო სომხური წარმოშობის. პოლიტიკურმა პარტიებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ტრადიციულად, მხოლოდ ახალქალაქში, ნინოწმინდისა და მარნეულის საარჩევნო ოლქში მისცეს უპირატესობა. მათ შორის თითო მუნიციპალიტეტში 3-3 კანდიდატი იყო რეგისტრირებული. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, 2021 წელსაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს სამივე ოლქში.  არჩევნების შედეგად, ქვემო-ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებიდან საკრებულოებში მაჟორიტარული წესით 65 აზერბაიჯანული ან სომხური თემის წარმომადგენელი იქნა არჩეული, მათ შორის 6 მაჟორიტარი ოპოზიციიდან და 1 დამოუკიდებელი კანდიდატი. 

 

წალკის საკრებულოში 5-მა, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 4-4-მა, დმანისში 3-მა, გარდაბანში, ხოლო მარნეულსა და ბოლნისში 2–2-მა პარტიამ მოიპოვა მანდატი. პარტიების პროპორციულ სიებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა რაოდენობრივად უფრო დაცული იყო ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, ვიდრე ქვემო ქართლის რეგიონში. რაც შეეხება საკრებულოს დონეზე წარმომადგენლობას, სომხური თემის წარმომადგენლები ისევ ახალქალაქისა და ნინოწმინდის, ხოლო აზერბაიჯანელები მარნეულის საკრებულოს დონეზე იყვნენ უმრავლესობაში. სამივე მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მერი იყო არჩეული (საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, 2021). ახალქალაქის, ნინოწმინდისა და მარნეულის გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებში, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა საკმაოდ დაბალი იყო.

 

 

[დიაგრამა მომზადებულია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე]

 

არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ 7 საარჩევნო ოლქში ხმების 64.6% აიღო, რომელიც 7.2%-ით ჩამორჩებოდა 2017 წელს დაფიქსირებულ შედეგს.




საპრეზიდენტო არჩევნები (2008, 2013, 2018)

 

ქვეყნის უახლოეს ისტორიაში 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები მაღალი პოლარიზებული გარემოთი გამოირჩეოდა. დაძაბულობა განსაკუთრებით დედაქალაქსა და სხვა მსხვილ ქალაქებში შეიმჩნეოდა. 

არჩევნების ჩატარების წინაპირობას 2007 წლის ნოემბერში თბილისში საპროტესტო აქციების ძალისმიერი მეთოდებით დაშლის ფაქტი წარმოადგენდა. მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე მას სჭირდებოდა ახალი მანდატი ხალხისგან (Civil.ge, 2008). 

რიგგარეშე  არჩევნებში  პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად 7 კანდიდატი (მიხეილ სააკაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, არკადი პატარკაციშვილი, შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე, გიორგი მაისაშვილი, ირინა სარიშვილი-ჭანტურია) იბრძოდა. არჩევნების შედეგად მმართველი პარტიის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა ხმების 53,47% მოაგროვა (საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, 2008). მმართველი პარტიის კანდიდატისადმი მხარდაჭერა ყველაზე მეტად იმ საარჩევნო ოლქებში შეიმჩნეოდა, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად იყვნენ დასახლებულნი. 

  

 

[დიაგრამა მომზადებულია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე]

 

ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ 7 საარჩევნო ოლქში მიხეილ სააკაშვილმა ხმების საშუალოდ 82,02% აიღო, რომელიც 28.55%-ით უსწრებდა ეროვნულ მაჩვენებელს, ხოლო ზემოხსენებულ საარჩევნო ოლქებში ოპოზიციონერი კანდიდატების მიერ მიღებული ხმების საერთო პროცენტული მაჩვენებელი თითქმის 2,5 ჯერ ჩამორჩებოდა მათ მიერ ეროვნულ დონეზე დაფიქსირებულ შედეგს. 

 

2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნები სახელისუფლებო ცვლილებებისა და საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლის შემდეგ ჩატარებული პირველი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში 23 კანდიდატი მონაწილეობდა (საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, 2013). მათ შორის მთავარი ოპონენტები იყვნენ „ქართული ოცნების“ კოალიციიდან - გიორგი მარგველაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ბაქრაძე და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ კანდიდატი ნინო ბურჯანაძე. არჩევნების შედეგად, გიორგი მარგველაშვილმა 62,12%-ით გაიმარჯვა. საინტერესო ფაქტია, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდაჭერის მაჩვენებელი დიდად არ განსხვავდებოდა (1.08%-ით მაღალი იყო) ეროვნული მაჩვენებლისგან (საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, 2013).

 

[დიაგრამა მომზადებული საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე]

 

2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებით მოქალაქეებმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩიეს. პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად 25 კანდიდატი იბრძოდა (საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, 2018). მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“  კანდიდატი არ წარადგინა და მხარი დაუჭირა დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს (On.ge, 2018). ამ უკანასკნელის მთავარი ოპონენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძე იყო. პირველი ტურის შედეგად ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%+1 ბარიერი და ჩაინიშნა მეორე ტური, რომელიც სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძის შორის მიმდინარეობდა. 

 

აღსანიშნავია, რომ არჩევნების პირველ ტურში მმართველი პარტიის მხარდაჭერის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული 7 საარჩევნო ოლქიდან მხოლოდ ოთხ ოლქში აიღო ოპონენტებზე მეტი ხმა. სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერის ფონზე, მეორე ტურის შედეგად, სალომე ზურაბიშვილმა 59.52%-ით გაიმარჯვა (საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, 2018). 

 

 

[დიაგრამა მომზადებულია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე]

 

2013 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, არც 2018 წლის არჩევნებში შეიმჩნეოდა დიდი განსხვავება ეთნიკური უმცირესობებისა და უმრავლესობის ელექტორალურ ქცევას შორის. სალომე ზურაბიშვილმა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ 7 საარჩევნო ოლქში ხმების საშუალოდ 62,03% მოაგროვა, რაც მხოლოდ 2.51%-ით მაღალი იყო ეროვნულ მაჩვენებელზე, მეტიც, სალომე ზურაბიშვილმა მარნეულისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქებში ხმების საშუალო მაჩვენებელზე უფრო დაბალი პროცენტი აიღო (საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, 2018). 

 

 

საპარლამენტო არჩევნები (2008, 2012, 2016, 2020)

 

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში 12 პოლიტიკური პარტია იღებდა მონაწილეობას. პარტიულ სიებში მყოფი 1,767 კანდიდატიდან მხოლოდ 40 იყო აზერბაიჯანული ან სომხური (კანდიდატების 2.26%) თემის წარმომდგენელი. პარტიების პროპორციულ სიებში მინიჭებული ადგილებით გათვალისწინებით, მათ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის საკმაოდ დაბალი შანსები ჰქონდათ. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ქვეყნის მასშტაბით, 434 კანდიდატიდან მხოლოდ 15 იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. არჩევნების შედეგად, ოთხმა პარტიამ [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გაერთიანებული ოპოზიცია“ (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები), „გიორგი თარგამაძე: ქრისტიან-დემოკრატები“, „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“] მოიპოვა მანდატი. ეთნიკური უმცირესობების 6 წარმომადგენელი (მმართველი პარტიიდან) აირჩიეს საკანონმდებლო ორგანოში, მათ შორის, სამი პროპორციული სიით, ხოლო სამი მაჟორიტარული ოლქებიდან (მარნეული, ახალქალაქი, ნინოწმინდა). მაშინდელი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გავლენები აშკარად შეიმჩნეოდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და არჩევნები, ძირითადად, კონკურენციის გარეშე ტარდებოდა. მაშინ, როდესაც, მმართველმა პარტიამ ქვეყნის მასშტაბით ხმების 59,18% აიღო, აღნიშნული მაჩვენებელი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში საშუალოდ 83,22%-ს უდრიდა (საქართველოს სარჩევნო ადმინისტრაცია, 2008).

 

[დიაგრამა მომზადებულია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე]

 

საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 2012 წელს  პირველად მოხდა ძალაუფლების გადაცემა არჩევნების გზით. საპარლამენტო არჩევნებში 16 პოლიტიკური პარტია/საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. მეშვიდე მოწვევის პარლამენტის მსგავსად, 2012-2016 წლების მერვე მოწვევის პარლამენტშიც ეთნიკური უმცირესობების რაოდენობა 6 კაცი შეადგინა.  მათ შორის ოთხი არჩეული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ [ერთი პროპორციული სიით, სამი მაჟორიტარი], ხოლო ორი, პროპორციული სიით, „ქართული ოცნებიდან“.  მერვე მოწვევის პარლამენტში მანდატის მქონე პარტიებიდან - „ქართული ოცნების“ 200 კაციან პროპორციულ სიაში 8 [მათ შორის ყველაზე საუკეთესო პოზიციის მქონე სიაში 36-ე ადგილს იკავებდა), ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 155 კაციან სიაში 12 კანდიდატი იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი ან სომეხი, ხოლო  საუკეთესო პოზიციის მქონე კანდიდატი 39-ე ადგილს იკავებდა.

 

მმართველმა პარტიამ ახალქალაქის, ნინოწმინდისა და მარნეულის საარჩევნო ოლქებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ კანდიდატებს მიანიჭა უპირატესობა. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ზემოხსენებული სამი მუნიციპალიტეტის გარდა, წალკის საარჩევნო ოლქშიც ჰყავდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი კანდიდატი. არჩევნების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“,  საქართველოს მასშტაბით, ხმების 54,97% აიღო და გაიმარჯვა, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმების მხოლოდ 40,34% მოგროვება შეეძლო. დიდ ქალაქებში და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დამარცხების მიუხედავად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, გარდაბანი, წალკა, ახალქალაქი, ნინოწმინდა) ხმების საშუალოდ 71%  აიღო (საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, 2012),

 

[დიაგრამა მომზადებულია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე]

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დარეგისტრირებული იყო 19 პარტია და 6 ბლოკი. პარლამენტის 150 წევრიდან 77 დეპუტატი აირჩიეს პროპორციული სიით, ხოლო 73 მაჟორიტარული წესით. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა 11 მანდატი მოიპოვეს. მათ შორის ოთხი იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სამი  ეთნიკურად სომეხი. შეიძლება ითქვას, რომ 2016 წელს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების მხრიდან შედარებით მაღალი ჩართულობა შეიმჩნეოდა. #31 გარდაბნის, #33 ბოლნისის, #34 დმანისი/წალკის, #35, #36 მარნეულის, #46 ახალქალაქი/ნინოწმინდის საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული 53 კანდიდატიდან 29 იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. კახეთის რეგიონში ერთადერთი ეთნიკურად აზერბაიჯანელი კანდიდატი #23 საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს. იგი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და მოპოვებული ჰქონდა საკრებულოს მანდატი. 

 

მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ #31 გარდაბნის, #35 მარნეულისა და #46 ნინოწმინდა/ახალქალაქის საარჩევნო ოლქებში ჰყავდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი კანდიდატები. რაც შეეხება მთავარ ოპოზიციურ პარტიას, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ზემოხსენებული ოლქებისა, #36 მარნეულისა და #33 ბოლნისის საარჩევნო ოლქებშიც უპირატესობა მიანიჭა ეთიკურად აზერბაიჯანელ კანდიდატებს. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში ბრძოლა მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატებს შორის მიმდინარეობდა. 

 

არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა #34 დმანისი/წალკის ოლქში 66,17%-ით, #46 ახალქალაქი/ნინოწმინდის ოლქში 63,71%-ით, #35 მარნეულის ოლქში 56,31%-ით გაიმარჯვა. მმართველი პარტიის კანდიდატებმა #33 ბოლნისში  ხმების მხოლოდ 52,12%, ხოლო გარდაბანში 50,02%-ის მოგროვება შეეძლო. #36 მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში „ენმ“-ს კანდიდატმა ხმების 47,91%, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა 43,41% აიღო. დაძაბული საარჩევნო გარემოს ფონზე ჩატარებული არჩევნების მეორე ტურში, ცესკოს მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატმა ხმების 3/4-მდე აიღო.

 

პირველად, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, #36 მარნეულისა და #33 ბოლნისის მაჟორიტარულ ოლქებში, პროპორციულად ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ პარტიაზე მეტი ხმა აიღეს. იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ, [#31 გარდაბანი, #33 ბოლნისი, #34 დმანისი/წალკა, 35# მარნეული, #36 მარნეული, 46 ახალქალაქი/ნინოწმინდა] მმართველი პარტიის მიერ მიღებული ხმების საშუალო მაჩვენებელი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში წინა სახელისუფლებო პარტიის [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა]  წელთან შედარებით 30.24%-ით შემცირდა.

 

არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით ორი ეთნიკურად სომეხი, ხოლო ერთი აზერბაიჯანელი, მაჟორიტარული წესით 2 ეთნიკურად აზერბაიჯანელი და 1 სომეხი იქნა არჩეული. რაც შეეხება ოპოზიციას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით საკანონმდებლო ორგანოში აზერბაიჯანული თემის ერთი წარმომადგენელი შეირჩა (საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, 2016).

 

 

[დიაგრამა საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე მომზადდა]

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა 73-დან 30-მდე შემცირდა, ხოლო პროპორციული სისტემით საკანონმდებლო ორგანოში არჩეულ იქნა 120 დეპუტატი. არჩევნებში მონაწილეობას იღებდა 48 პოლიტიკური პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. ქვეყნის მასშტაბით დარეგისტრირებული იყო 490 მაჟორიტარობის კანდიდატი, მათ შორის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 16 (9 ეთნიკურად აზერბაიჯანელი და 7 სომხური წარმოშობის კანდიდატი) იყო.

 

არჩევნების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში 9 პოლიტიკურმა პარტიამ მოიპოვა მანდატი. მათი პროპორციული სიების ანალიზი აჩვენებს, რომ მცირე იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელებისა და სომხების წარმომადგენლობა. მეათე მოწვევის პარლამენტში მანდატის მქონე 9 პოლიტიკური პარტიის პროპორციულ სიაში მყოფი 1,335 კანდიდატიდან მხოლოდ 33 იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი ან სომეხი [იდენტიფიცირება მოხდა სახელებისა და გვარების მიხედვით].  ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების პროპორციულ სიებში, საუკეთესო შემთხვევაში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები შემდეგ ადგილებს იკავებდნენ: „პატრიოტთა ალიანსი“ (მე-14), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (მე-17), „ლეიბორისტული პარტია“ (მე-19), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (25-ე), „ლელო“ (26-ე), „ევროპული საქართველო“ (28-ე), „ქართული ოცნება“ (35-ე). „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ პროპორციულ სიებში არ გვხვდებოდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი. 

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული პუნქტები შემდეგი მაჟორიტარული ოლქების შემადგენლობაში შედიოდა: #13 (მარნეული/გარდაბანი), #14 (ბოლნისი/დმანისი/წალკა/თეთრიწყარო/), #18 (ახალქალაქი/ნინოწმინდა). ზემოხსენებულ  #13, #14 და #18 მაჟორიტარულ ოლქებში რეგისტრირებული 36 კანდიდატიდან 17 იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი (#13 და #18 ოლქებიდან). #14 მაჟორიტარულ ოლქში (ბოლნისი/დმანისი/წაკლა/თეთრიწყარო) 13 საარჩევნო სუბიექტიდან არცერთი არ იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. არჩევნების შედეგად, სამივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ხმების ნახევარზე მეტი მოაგროვეს.

 

ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე #18 საარჩევნო ოლქში (ახალქალაქი-ნინოწმინდა) „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 66,77%, ხოლო #14 საარჩევნო ოლქში (ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო) – 56,95%-ის მოგროვება შეეძლო. 2016 წლის მსგავსად, მარნეულსა და გარდაბანში (#13 მაჟორიტარული ოლქი) მმართველმა პარტიამ ოპოზიციაზე ნაკლები ხმა (49,57%) აიღო. საერთო ჯამში, ზემოხსენებულ 3 მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულად ხმების 57.76% მოაგროვა. 

 

 

[დიაგრამა საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე მომზადდა]

 

#18 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ადგილზე 8.45%-იანი მხარდაჭერით „ევროპული  საქართველო“ გავიდა. #13 და #14 მაჟორიტარული ოლქების შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 38.42% და 31.23%-იანი მხარდაჭერით მეორე ადგილს იკავებდა (საარჩევნო ადმინისტრაცია, 2020).

 

[დიაგრამა მომზადდა საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების საფუძველზე]



თვისებრივი კვლევის ანალიზი

 

ფოკუს-ჯგუფების მონაწილეები და ექსპერტები თანხმდებიან, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.  კვლევაში მონაწილე ექსპერტების აზრით, წლების განმავლობაში, დემოკრატიის ხარისხის გაძლიერებით, შესაძლებელი იქნებოდა ყველა ჯგუფისთვის თანაბარი  პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა, თუმცა დღემდე ეს არ არის მიღწეული. ასეთ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია, დამატებით მექანიზმებზე მუშაობა, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ ჩართულობას.

 

კვლევის მონაწილეები ეთანხმებიან, რომ ეთნიკური უმცირესობების თანაბარი და სრულფასოვანი პოლიტიკური ჩართულობის მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნების არსებობა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს არ ჰქონდა მოფიქრებული არანაირი მექანიზმი.  სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, 2009 წლიდან დღემდე განხორციელებულ სტრატეგიებში გათვალისწინებული იყო საკანონმდებლო მექანიზმების გაძლიერება, მათ შორის პარტიულ სიებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიებისთვის დამატებით ფინანსური სარგებელი. თუმცა, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა.

 

კვლევის მონაწილეების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის, როგორც გარდამავალი ქვეყნისთვის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მძიმე მემკვიდრეობა - წაშლილი ზღვრები სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნული პრობლემა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში უფრო მწვავედ შეიმჩნევა. სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის არარსებობა და ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის უსაფრთხოების პრიზმიდან დანახვა ყოველთვის აწყობდათ მმართველ პარტიებს და ეს მათ აძლევდათ/აძლევს იმის საშუალებას, რომ მცირე რესურსებით ხმების საკმაოდ დიდი ნაწილის მობილიზება შეძლონ. ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული სისტემური გამოწვევების შედეგია. საერთო ჯამში, მსგავსი ფაქტები დიდ გავლენას ახდენდა და დღესაც ახდენს ეთნიკური უმცირესობების როგორც პოლიტიკურ ჩართულობაზე, ასევე მათ ელექტორალურ ქცევაზე. 

 

საქართველოში მცხოვრები არადომინანტი ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვანი სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, საკანონმდებლო მექანიზმის არარსებობის პირობებში, მათი პოლიტიკური ჩართულობა დიდწილად პოლიტიკურ პარტიებზე არის დამოკიდებული. ფოკუს-ჯგუფების მონაწილეები, ასევე ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ პოლიტიკურ პარტიებსა და ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევლებს შორის სუსტ კავშირებზე. არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლობა ძალზე დაბალია შიდაპარტიულ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პარტიების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ჰყავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი პოლიტსაბჭოებში. პოლიტიკური პარტიები ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს თავიანთი რესურსების საკმაოდ მცირე ნაწილს უთმობენ. სახელისუფლებო და მთავარი ოპოზიციური პარტიის გარდა, დანარჩენ პოლიტიკურ გაერთიანებებს, ძირითადად, არ აქვთ პარტიული ინფრასტრუქტურა და მუდმივი ოფისები ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.  მათი პრობლემები და საჭიროებები არ არის ასახული პოლიტიკური პარტიების პროგრამებში. პარტიების ვებგვერდები და მათ მიერ განხორციელებული სიახლეები არ არის ხელმისაწვდომი ეთნიკური უმცირესობების იმ დიდი უმრავლესობისთვის, რომელიც არ ფლობს სახელმწიფო ენას.

 

ფოკუს-ჯგუფის მონაწილეების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში იზრდება  დაპირისპირებაც. ისინი დაფიქსირებულ ინციდენტებს იხსენებენ და აცხადებენ, რომ კანდიდატებზე, ასევე ამომრჩევლის ნებაზე ნებისმიერი ზეწოლა და კონტროლი საკმაოდ უარყოფით გავლენას ახდენს მათ საარჩევნო ქცევაზე. კვლევის დროს ყურადღება გამახვილდა ისეთ ინციდენტებზე, როგორებიცაა 2014 წელს #11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #18 ადმინისტრაციული ერთეულიდან საკრებულოს წევრად არჩეული დამოუკიდებელი კანდიდატის, კ. მამედოვის (სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით) დაკავების ფაქტი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, #36 მარნეულის საარჩევნო ოლქში დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდი და იმავე ოლქის  #48 ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე მომხდარი სერიოზული დაპირისპირებები (Civil.ge, 2016), 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაიში მმართველი პარტიის მხარდაჭერისთვის მოსახლეობის ყურანზე დაფიცების ფაქტი (Tabula, 2017), არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ოპოზიციური პარტიების პროპორციული სიებიდან კანდიდატების მოხსნის შემთხვევები, ასევე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დმანისში ოპოზიციის აქტივისტების დაჭერისა და არჩევნების შედეგად „ენმ“-დან მაჟორიტარული წესით არჩეული რ. რამაზანოვის გატაცების/ გაუჩინარებასთან დაკავშირებით გავრცელებული ამბები. რამდენიმე დღის შემდეგ, მან უარყო გატაცების ფაქტი, თუმცა თქვა, რომ ტოვებს „ენმ“-ს (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, 2021). მათი შეფასებით, ეს ყველაფერი ეთნიკურ უმცირესობებში იწვევს შიშს, ასუსტებს მათ პოლიტიკურ ჩართულობას და აძლიერებს უნდობლობას  არჩევნების მიმართ.

 

კვლევის მონაწილეების მხრიდან ყურადღება გამახვილდა ასევე იმ ფაქტზე, რომ სახელისუფლებო ცვლილებების პარალელურად, პოლიტიკაში ჩართული გავლენიანი  პირები ერთი პოლიტიკური პარტიიდან მეორეში გადადიან და ისევ რჩებიან გადაწყვეტილების მიმღებ პირებად. ისინი თავიანთი გავლენებით მონაწილეობენ ამომრჩევლების მობილიზებაში, ბლოკავენ პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენას და  ამით გავლენას ახდენენ ამომრჩევლების საარჩევნო ქცევაზე.

 

რესპონდენტები ასევე ყურადღებას ამახვილებენ სახელმწიფო ენის არცოდნის გამო შექმნილ ინფორმაციულ ვაკუუმზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებისგან იზოლაციას უწყობდა ხელს. სახელმწიფო სტრატეგიაში, რომელიც  2009 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობებისთვის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფას, ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას სწორედ მედიისა და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ექსპერტები და ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები აღნიშნული მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს არასაკმარისად მიიჩნევენ. ისინი აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია სოციუმის სხვადასხვა ჯგუფის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების, ხარისხიანი ინფორმაციით უზრუნველყოფის ვალდებულება. მათი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გატარებული მედიაპოლიტიკა არ ემსახურება ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სახელმწიფო ენის არმცოდნე ეთნიკური უმცირესობების ათი ათასობით წარმომადგენლისათვის. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაპოლიტიკა მიმართულია, ინტერნეტსაშუალებების (ვებგვერდი, ფეისბუქ გვერდი) გამოყენებით, ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის გავრცელებაზე, თუმცა ზემოხსენებული ჯგუფებით დასახლებულ რეგიონებში დაბალია ინტერნეტის გამოყენება. ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები თვლიან, რომ ბოლო წლებში ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ადგილობრივი აზერბიჯანულ და სომხურენოვანი ინტერნეტ-მედიები პოპულარულობით სარგებლობენ, თუმცა ისინი მთლიანად ვერ ფარავენ რეგიონს. სახელმწიფო ენის არმცოდნე, ძირითადად, საშუალო და მაღალი ასაკის მოქალაქეებისთვის  ჯერაც მთავარ წყაროდ რჩება ტელევიზიები. ასეთ პირობებში, ზემოხსენებული ჯგუფი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, მათ შორის საარჩევნო პროცესების  შესახებ ვერ იღებს ინფორმაციას, რაც შემაფერხებელი ფატქორია ინფორმირებული არჩევანის გაკეთებისთვის.

 

ადგილობრივი ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნები აჩვენებს, რომ ეთნიკურ უმცირესობებს სურთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავიანთი წარმომადგენლების დანახვა. აღნიშნული ტენდენცია უფრო აშკარად გამოიკვეთა ქვემო-ქართლის რეგიონში. ფოკუს-ჯგუფის მონაწილეების აზრით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს დონეზე, რაოდენობრივი თვალსაზრისით, პროპორციულად არიან წარმოდგენილნი ეთნიკური სომხები, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ქვემო ქართლის იმ  მუნიციპალიტეტებზე, როგორებიცაა წალკა, ბოლნისი ან დმანისი. ამ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში სახელისუფლებო პარტიები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს არც საპარლამენტო არჩევნების დროს ანიჭებდნენ უპირატესობას და არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გადამწყვეტ [საკრებულოს თავმჯდომარის ან მერის] პოზიციებზე. ახალგაზრდები იხსენებენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, როდესაც #33 ბოლნისისა (ქართული ოცნებიდან გოგი მეშველიანი და ენმ-დან სამირა ისმაილოვა) და #36 მარნეულის საარჩევნო ოლქებში (ქართული ოცნებიდან თამაზ ნავერიანი და ენმ-დან აკმამედ იმამკულიევი) არჩევნები საკმაოდ დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა. ორივე ოლქში ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ უბნებზე ს. ისმაილოვამ და ა. იმამკულიევმა ხმების საკმაოდ დიდი ნაწილის მობილიზება შეძლეს.

 

ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ არა მარტო ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, არამედ ქვეყნის მასშტაბით, 1990 წლიდან მოყოლებული, თითქმის  ყველა არჩევნები, ძირითადად, მმართველი პარტიების დომინირების პირობებში ტარდებოდა და  მათი გამარჯვება ძალიან იშვიათად დგებოდა ეჭვქვეშ. სიტუაცია 2008 წლიდან შეიცვალა (ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში შედარებით გვიან, 2012 წლის შემდეგ) და ეს არჩევნებში ოპოზიციური ძალების შედეგებზეც შეიმჩნეოდა/შეიმჩნევა. მათი ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მართლწესრიგის გაძლიერება და ზოგიერთი მიმართულებით განხორციელებული რეფორმები მათი მხრიდან დადებითად იყო შეფასებული და ესეც გარკვეულ დონეზე  თავის გავლენას ახდენდა მათ ელექტორალურ ქცევაზე. 2008 წელს მაშინდელმა მმართველმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არადომინანტი ეთნიკური ჯგუფებით მჭიდროდ დასახლებულ 7 მუნიციპალიტეტში (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, გარდაბანი, წალკა, ახალქალაქი, ნინოწმინდა) ხმების საშუალოდ 85% აიღო. აღნიშნული მაჩვენებელი 2012 წელს 70.7%-მდე შემცირდა. 2016 წელს მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ ზემოხსენებულ 7 საარჩევნო ოლქში ხმების მხოლოდ 53,48%-ის, ხოლო 2020 წელს 57,76%-ის მობილიზება შეეძლო. მმართველი პარტიისადმი მხარდაჭერის მაჩვენებელი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში უფრო აქტიურად შეიმჩნევა ხოლმე. ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები ამას ძირითადად პერიფერიულ რეგიონებში არაკონკურენტულ პოლიტიკურ გარემოსთან აკავშირებენ. საერთო ჯამში, 2008 წელთან შედარებით, 2020 წელს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ზემოხსენებულ 7 მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებული ხმების მაჩვენებელი თითქმის სამჯერ,  15%-დან 42.24%-მდე გაიზარდა. 

 

ფოკუს-ჯგუფების მონაწილეები ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ, კოალიციური მთავრობის და შედარებით შემცირებული კონტროლის პირობებში, გაიზარდა ეთნიკური უმცირესობების იმ წარმომადგენლების რაოდენობა, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას. ამის კარგი მაგალითია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ქვემო-ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების 13 ადმინისტრაციულ ერთეულში დამოუკიდებელი ან ოპოზიციონერი კანდიდატი არჩეული იყო საკრებულოებში. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, მმართველი პარტიის მხარდაჭერა 77.42%-დან 60.71%-მდე შემცირდა. ასევე, 2016 და 2020 წლებში, ხელისუფლებაში მყოფი პარტია, პირველად დამარცხდა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რამდენიმე საარჩევნო ოლქში, ხოლო 2021 წელს დმანისის საკრებულოს ზუსტად ნახევარი არჩეული იყო ოპოზიციიდან. 



დასკვნა

 

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ეთნიკური უმცირესობების ელექტორალური ქცევა მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის და სტერეოტიპები იმის შესახებ, რომ მმართველი პარტიებისთვის  ყოველთვის „ხმის რესურსს” წარმოადგენენ, არ შეესაბამება სიმართლეს.

 

ტენდენციები აჩვენებს, რომ ეთნიკური უმცირესობების თემებში შეიმჩნევა პოლიტიკური ჩართულობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის სურვილი. ამისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება და საკანონმდებლო მექანიზმების გაძლიერება. რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე სუბიექტებს - პოლიტიკურ პარტიებს, მათ უნდა ჰქონდეთ ჩამოყალიბებული ხედვები ზემოხსენებული ჯგუფის პოლიტიკური რეკრუტირების კუთხით, უნდა გაითვალისწინონ მათი საჭიროებები თავიანთ საარჩევნო პროგრამებში და უნდა იმუშაონ მათთან მჭიდრო კომუნიკაციის დასამყარებლად შესაძლო გზებზე. 



-

გამოყენებული წყაროები:

 

1. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის შესრულების დასკვნითი შეფასება. თბილისი, 2021. Retrieved from https://smr.gov.ge/uploads/Files/_%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90/Civic_Integration-Final_Assessment_GEO1-24.06_(1).pdf

 

2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2016). 2014 წლის მოსახლეობის აღწერის ოფიციალური მონაცემები. Retrieved from https://migration.commission.ge/files/census_release_geo_2016.pdf

 

3. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. (2008). საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი. Retrieved fromhttps://cesko.ge/static/res/old/other/6/6773.pdf

 

4. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. (2008). საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი. https://cesko.ge/ge/archevnebi/2008/parlamentis-archevnebi-19-ge/singleview/9005165-saqartvelos-parlamentis-2008-wlis-21-maisis-archevnebis-shedegebis-shemadjamebeli-oqmi-3277

 

5. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. (2008). საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიული სიები და მაჟორიტარულ ოლქებში რეგისტრირებული კანდიდატები. https://cesko.ge/ge/archevnebi/2008/parlamentis-archevnebi-19-ge/singleview/9003149-saqartvelos-parlamentis-2008-wlis-21-maisis-archevnebisatvis-registrirebuli-partiuli-siebi-da-majoritalur-olqebshi-registrirebuli-kandidatebi-3319

 

6. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. (2010). ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის - თბილისის თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოსა და საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მერის 2010 წლის 30 მაისის არჩევნები. Retrieved from https://archiveresults.cec.gov.ge/results/2010/major.html

 

7. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. (2012). რეგისტრირებული პარტიული სიები. Retrieved from https://cesko.ge/ge/archevnebi/2012/parlamentis-archevnebi-2012-136-ge/saarchevno-subieqtebi-142-ge/singleview/9009745-registrirebuli-partiuli-siebi-7131

 

8. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია (2012) რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატები. Retrieved from https://cesko.ge/ge/archevnebi/2012/parlamentis-archevnebi-2012-136-ge/saarchevno-subieqtebi-142-ge/singleview/9009763-registrirebuli-majoritari-kandidatebi-7148

 

9. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. (2012). მონაცემები ოლქებისა და უბნების მიხედვით. Retrieved from https://archiveresults.cec.gov.ge/results/2012/index.html

 

10. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. (2013). საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი. Retrieved from https://cesko.ge/ge/archevnebi/2013/prezidentis-archevnebi-2013-217-ge/shemadjamebeli-oqmi

 

11. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. (2014). საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული კანდიდატები. https://cesko.ge/ge/archevnebi/2014/tvitmmartvelobis-archevnebi/saarchevno-subieqtebi/singleview/9016888-saolqo-saarchevno-komisiebshi-wardgenili-kandidatebi

 

12. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. (2014). მონაცემები ოლქებისა და უბნების მიხედვით. Retrieved from https://archiveresults.cec.gov.ge/results/2014/index.html

 

13. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. (2016). საარჩევნო სუბიექტების მიერ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის წარდგენილი პარტიული სიები 29 სექტემბრის მდგომარეობით. Retrieved from https://cesko.ge/ge/archevnebi/2016/saqartvelos-parlamentis-archevnebi-2016/saarchevno-subieqtebi/singleview/9108817-saarchevno-subieqtebis-mier-saqartvelos-parlamentis-2016-tslis-8-oqtombris-archevnebistvis-tsardgenili-partiuli-siebi

 

14. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. (2016). საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატები 29 სექტემბრის მდგომარეობით. Retrieved from https://cesko.ge/ge/archevnebi/2016/saqartvelos-parlamentis-archevnebi-2016/saarchevno-subieqtebi/singleview/9108814-saqartvelos-parlamentis-2016-tslis-8-oqtombris-archevnebisatvis-registrirebuli-majoritari-kandidatebi

 

15. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. (2016). მონაცემები ოლქების მიხედვით. Retrieved from https://archiveresults.cec.gov.ge/results/20161008/index.html

 

16. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. (2017). საოლქო საარჩევნო კომისიების ცნობა შესაბამის ოლქში საკრებულოს არჩევნების შედეგების შესახებ.  Retrieved from https://cesko.ge/ge/archevnebi/2021/munitsipalitetis-organota-2021-tslis-archevnebi/archevnebis-shedjameba/singleview/9126997-saolqo-saarchevno-komisiebis-tsnoba-shesabamis-olqshi-sakrebulos-archevnebis-shedegebis-shesakheb

 

17. საქართველოს საარჩევნო ადინისტრაცია. (2017). 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის, შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი, კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, საკრებულოს წევრად, მერად არჩეული პირები.

https://cesko.ge/ge/archevnebi/2017/2017-tslis-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organota-archevnebi/archevnebis-shedjameba/singleview/9113085-munitsipalitetis-tsarmomadgenlobiti-organos-sakrebulosa-da-tvitmmartveli-qalaqis-tvitmmartveli-temis-meris-2017-tslis-21-oqtombris-archevnebisatvis-shesabamisi-saarchevno-komisiebis-mier-shedgenili-kanonier-dzalashi-shesuli-shemadjamebeli-oqmebis-mikhedvi

 

18. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. (2018). საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები. რეგისტრირებული პრეზიდენტობის კანდიდატები.

https://cesko.ge/static/res/docs/201810061902481.%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1.pdf

 

19. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. (2018). მონაცემები ოლქებისა და უბნების მიხედვით. Retrieved from https://archiveresults.cec.gov.ge/results/20181028/index.html

 

20. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. (2020). საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატები 19 ოქტომბრის მდგომარეობით. Retrieved from https://cesko.ge/static/res/docs/majoritarebi_parlamenti_aqtiuri.pdf

 

21. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. (2020). რეგისტრირებული პარტიული სიები. Retrieved from  https://cesko.ge/ge/archevnebi/2020/october-31-2020-parliamentary-elections-of-georgia/saarchevno-subieqtebi/singleview/9120858-registrirebuli-partiuli-siebi-

 

22. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. (2020). მონაცემები ოლქებისა და უბნების მიხედვით. Retrieved from https://archiveresults.cec.gov.ge/results/20201031/#/ka-ge/election_43/dashboard

 

23. ახმედ იმამკულიევი - მარნეულში აუცილებლად გავიმარჯვებ, Interpressnews.ge, 2014. Retrieved from https://www.interpressnews.ge/ka/article/286051-axmed-imamkulievi-marneulshi-aucileblad-gavimarjveb/

 

24. "გადავწყვიტე, დამოუკიდებელი დეპუტატი ვიყო" - რამაზანოვი დმანისის საკრებულოს სხდომაზე მივიდა. Formulanews.ge, 2021. Retrieved from https://formulanews.ge/News/61514

 

25. კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება, ივნისი, 2014. Retrieved from http://www.gd.ge/show-news/200/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-,,%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%22-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%3Flang=ge.html

 

26. მერაბ თოფჩიშვილი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. Interpressnews.ge, 2014.  Retrieved from https://www.interpressnews.ge/ka/article/286024-merab-topchishvili-kandidaturis-moxsnas-ar-apirebs/

 

27. მოქალაქეებისთვის 41-ის შემოხაზვისთვის ყურანზე დაფიცების ფაქტს ეუთოს მისია სწავლობს. Tabula.ge, 2017. Retrieved from https://tabula.ge/ge/news/601187-mokalakeebistvis-41-shemokhazvistvis-quranze

 

28. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. დმანისში რამიზ რამაზანოვის მიმართ მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია. Retrieved from https://transparency.ge/ge/post/dmanisshi-ramiz-ramazanovis-mimart-mimdinare-procesebi-shemashpotebelia

 

29. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს 5 იანვარს - სააკაშვილი. Civil.ge, 2007. Retrieved from https://web.archive.org/web/20160305022219/http://www.civil.ge/geo/article.php?id=16614&

 

30. ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს. On.ge, 2018. Retrieved from

https://on.ge/story/27412-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1

 

31. პოლიციამ მარნეულში არჩევნების დღეს მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებული 6 პირი დააკავა, Civil.ge, 2016. Retrieved from https://civil.ge/ka/archives/155430

 

 

-

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024