საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარე ხდება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 19 სექტემბერი 2017

ავტორი: ნატალია ვარაზი  და მარიამ თუთბერიძე

 

2017 წლის 19 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სხდომაზე, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის (Steering Committee) შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტისაგან, ემანუელ მაკრონისგან, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობას ოფიციალურად გადმოიბარებს. ამავე სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარნიორობის წევრ სახელმწიფოებს თავმჯდომარეობის შესახებ საქართველოს ხედვას წარუდგენს.

 

თავმჯდომარეობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 1 ოქტმობრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქმიანობას უხელმძღვანელებს. ხოლო, 2018 წლის მეორე ნახევარში საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტს უმასპინძლებს. საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობამდე გავლილ გზაზე საუბირსას, საყურადღებოა, რომ ჩვენი ქვეყანა OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად 2014 წლის აგვისტოში იქნა არჩეული, ხოლო 2016 წლის მაისში, საქართველო საფრანგეთთან ერთად, პარტნიორობის თანათავმჯდომარე გახდა. OGP-ის წესების თანახმად კი, თანათავმჯდომარეობის ერთი წლის თავზე საქართველო პარტნიორობის თავმჯდომარე გახდება. ინიციატივის თავმჯდომარეობა, საქართველოში საჯარო და სამოქალაქო სექტორით თანამშრომლობის, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯს და წარმატებით განხორციელებული საქმიანობის შედეგს წარმოადგენს. საქართველოს მთავრობასთან ერთად, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თანათავმჯდომარედ, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ღია დემოკრატიის საკონსულტაციო ცენტრის (the Open Democracy Advice Centre (ODAC)) აღმასრულებელი დირექტორი, მუკელანი დიმბა იქნა არჩეული.


19 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ოფიციალურ ვებგვერდზე ღია წერილი გამოაქვეყნა სათაურით - „ვაკეთოთ ხალხისთვის და ხალხთან ერთად“. „საქართველოს გააჩნია რეფორმების განხორციელების კარგი გამოცდილება, რომელმაც შეცვალა მოქალაქეების დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წარმატებულმა ისტორიამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზე. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობა საქართველოსათვის დიდ პატივს წარმოადგენს, რადგანაც ჩვენს ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა ღიაობისა და დემოკრატიის განვითარებისაკენ მიმართულ გლობალურ მოძრაობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. პარტნიორ სახელმწიფოებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენ ხელს შევუწყობთ მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფას ხელისუფლების მიერ განხორციელებულ იმ საქმიანობაში, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე უშულო გავლენას ახდენს.“ - განაცხადა წერილში პრემიერ მინისტრმა. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ოთხი პრიორიტეტული მიზანი გამოკვეთა, კერძოდ:


- მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა;


- მოქალაქეებზე ორიენტირებული მმართველობის ხელშეწყობა;

 

- გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციასთან ბრძოლა;


- საჯარო მომსახურების მიწოდებისას ინოვაციური იდეების დამკვიდრება.


ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივის შედეგად 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში დაფუძნდა და დღეის მდგომარეობით 75 ქვეყანას აერთიანებს. პარტნიორობა მრავალმხრივ საერთაშორისო ინიციატივას წარმოადგენს და მიზნად ისახავს მთავრობის გამჭვირვალობის, მისი ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის, კორუფციასთან ბრძოლის, აგრეთვე, მმართველობის გაძლიერებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას. ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქმიანობის ზედამხედველობის განსახორციელებლად, პარტნიორობის ფარგლებში მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული მმართველი კომიტეტი (Steering Committee) დაფუძნდა. კომიტეტი აყალიბებს OGP-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მის პოლიტიკასა და იდეას, აგრეთვე კონტროლს უწევს წევრი სახელმწიფოების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. კომიტეტს ხელმძღვანელობენ თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და ორი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი.


საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) 2011 წელს შეუერთდა და პირველი სამოქმედო გეგმა 2012-2013 წლებისათვის პარტნიორობას 2012 წელს წარუდგინა. მას შემდეგ ქვეყანა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, აქტიურად უწყობს ხელს პარტნიორობის ფუძემდებლური პრინციპების დამკვიდრებას. ამჟამად საქართველო მესამე, 2016-2017 წლების, სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესშია. საქართველოს მიერ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ ინიციატივებზე საუბრისას, საყურადღებოა, რომ მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მიზნით, შეიქმნა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი (ფორუმი), რომელიც მუდმივმოქმედ საკოორდინაციო მექანიზმს წარმოადგენს და ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. ფორუმს თანათავმჯდომარეობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად.

 

ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე საუბრისას, ასევე საყურადღებოა, რომ 2017 წლის ივნისში IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული. წევრობის კანდიდატად გიორგი კლდიაშვილი წარადგინა ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა საქართველოში, ხოლო სარეკომენდაციო წერილები გააგზავნეს ვერონიკა კრეტუმ, მოლდოვის ღია მთავრობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა და OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრმა 2013-2016 წლებში, და ტომ ბლანტონმა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების არქივის დირექტორმა და OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრმა 2011-2013 წლებში.

 

„IDFI-ის ძალისხმევამ ხელი შეუწყო საქართველოში OGP-ის გაძლიერებას, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი მიუძღვის ბატონ გიორგი კლდიაშვილს. გიორგი კლდიაშვილი OGP-ის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებშიც. იგი გახლავთ საქართველოს ღია მმართველობის ფორუმის თანათავმჯდომარე, ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და ეროვნული ანტიკორუფციული საბჭოს წევრი. გიორგი არის სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი წამყვანი აქტივისტი, რომელიც მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და მმართველობის რეფორმას. მან გამოავლინა იშვიათი უნარი, ერთდროულად იყოს ჩართული საჯარო უწყებებთან თანამშრომლობის პროცესში და ეფექტური ზედამხედველობა გაუწიოს მათ მიერ ვალდებულებების შესრულებას. გიორგის გააჩნია უნარი, იყოს ღია მმართველობის პროცესის ლიდერი და, ამავე დროს, გააუმჯობესოს მისი ყოველდღიური შინაარსობრივი საკითხები. მისი უნარებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გიორგი კლდიაშვილი საუკეთესო კანდიდატია OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრობისთვის.“ - განაცხადა ნილს სკოტმა წარდგენის წერილში.

 

გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სხდომაზე ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის შეხვედრის პირდაპირ ეთერში ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024