საქართველო OGP-ის თავჯდომარე ქვეყანა გახდა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა | სტატია 21 სექტემბერი 2017

ავტორი: ნატალია ვარაზი

 

19 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სხდომაზე გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის (Steering Committee) შეხვედრა. შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან ემანულ მაკრონისგან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადმოიბარა.


"ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლებს შორის ვარ და გამჭვირვალობისა და დემოკრატიის უდიდესი გავლენის მქონე გლობალური მოძრაობის ახლად არჩეული თავმჯდომარის სახით მოგმართავთ. ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში ჩვენ ბევრ თქვენგანთან ვითანამშრომლეთ და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი გამოცდილება და წარმატებისაკენ მიმავალი გზა გავუზიარეთ. აღფრთოვანებული ვარ იმ წარმატებით, რომელსაც OGP-ის წევრი ქვეყნები მსოფლიოს გარშემო აღწევენ და ასევე მოსახლეობის მზაობით, გააკონტროლოს საკუთარი ხელისუფლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ბევრი გაკვეთილის სწავლა მოგვიხდება - არა მხოლოდ ერთმანეთის ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან, არამედ ჟურნალისტების, მეწარმეების და კარგი მმართველობის სფეროში არსებული სხვა ლიდერებისგან. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ხელისუფლების მიმართ ნდობის აღდგენას ეძღვნება და აღნიშნული საკითხი გრძლევადიანი სტრატეგიის შემუშავებას საჭიროებს. მოგიწოდებთ ყველას ვიმსჯელოთ და ერთად დავფიქრდეთ, თუ როგორც შეიძლება დემოკრატიის გადახალისება. ამასთან, მსურს გამოვთქვა ჩვენი მზადყოფნა განვაგრძოთ ის საქმიანობა, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ წამოიწყო. ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ შევხვდით, რათა გაგვეზიარებინა ერთმანეთისათვის ჩვენი ხედვა იმის თაობაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე რეალური გავლენის მოხდენა. თანამშრომლობისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა; გამჭვირვალობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა; - ეს არის ის მიმართულებები, რომლებზეც ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში ვიმუშავებთ.“ - განაცხადა პრემიერმინისტრმა.


გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობის პერიოდში OGP-ის წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობის გააქტიურებაზე იმუშავებს და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს OGP-ის პოზიციის განმტკიცებას და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (Sustainable Development Goals) დამკვიდრებას.


სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა ღია დემოკრატიის საკონსულტაციო ცენტრის (the Open Democracy Advice Centre (ODAC)) აღმასრულებელი დირექტორი, მუკელანი დიმბა, რომელიც საქართველოსთან ერთად ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარედ იქნა არჩეული.


„მსურს ისე ვისაუბრო, როგორც უბრალო მოქალაქე ისაუბრებდა - ადამიანი, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ასეთ შეხვედრებს დაესწროს და ღიად ისაუბროს იმაზე, თუ რა ქმედებებს ელის ხელისუფლებისგან. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლებისადმი ნდობის აღდგენის საუკეთესო გზები. საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ვგეგმავთ ამ საკითხზე მუშაობას და ასევე ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ შეუწყონ ხელი მდგრადი განვითარების მიზნების (Sustainable Development Goals) დანერგვასა და განვითარებას. მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს მათ მიერ შემუშავებული ეროვნული სამოქმედო გეგმები უშუალოდ ემსახურებოდეს კარგი მმართველობის დამკვიდრებას, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და მართმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“ - განაცხადა მუკელანი დიმბამ.


საყურადღებოა, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის წევრი გიორგი კლდიაშვილი.


„ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავჯდომარეობა, ჩვენი ქვეყნის მიერ განხორციელებული საქმიანობის ლოგიკური შედეგია. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც 2011 შეუერთა OGP-ის ინიციატივას და მას შემდეგ აქტიურად ცდილობს დანერგოს მისი ფასეულობები, ქვეყნის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და ადგილობრივ ხელისუფლებაში. ვულოცავ ქართველ ხალხს და პროცესის მონაწილე ყველა ორგანიზაციას ამ წარმატებას!“ - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.


გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სხდომაზე ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის შეხვედრის სრულად ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.


ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობის ოფიციალურად გადმობარების შემდეგ, 2017 წლის 20 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კანადის, ჩილეს, საფრანგეთის და იტალის წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ სანიკიძე წარმოადგენდნენ. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო სექტორს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი წარმოადგენდა.


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კომიტეტის წევრებს აცნობა, რომ მომავალ ზაფხულს, საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტი ჩატარდება და მადლობა გადაუხადა საფრანგეთის და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებს, რომლებმაც საქართველოს თავმჯდომარეობას მხარი დაუჭირეს.


20 სექტემბერს გამართული შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:


- მმართველი კომიტეტის როლი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სტრატეგიული განახლების ხელშეწყობაში;

 

- ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ახლადარჩეული თავმჯდომარეების წარდგენა და გაცნობა;

 

- წევრი სახელმწიფოების მიერ OGP-ის ფარგლებში მიღწეული პროგრესის შეფასება.

 

20 სექტემბრის ღონისძიების სრული დღის წესრიგის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023