22 მარტს IDFI-იმ მიიღო 19 მარტით დათარიღებული წერილი, რომელიც გამოგზავნილი იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან და წარმოადგენდა პასუხს სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებზე, რომლებიც 5 თებერვალს გაეგზავნა საქართველოს პრემიერ მინისტრს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან. წერილში თანდართულია კომენტარები იმ სამთავრობო უწყებებიდან, რომლებსაც ამ რეკომენდაციების მიხედვით უნდა დაეკისროთ კონკრეტული ვალდებულებები საქართველოს “ღია მმართველობის პარტნიორობის” სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
სულ პასუხი მოვიდა ცხრა საჯარო უწყებიდან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროდან, კულტურის სამინისტროდან, საჯარო სამსახურის ბიუროდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან და კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ყველა უწყებამ გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოებასთან სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში, რომელმაც საჯარო სამსახური უნდა გახადოს უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული და საშუალება მისცეს მოქალაქეებს უფრო აქტიურად ჩაერთონ მთავრობის საქმიანობაში. საჯარო დაწესებულებებმა IDFI-ს მიაწოდეს დეტალური კომენტარები და შენიშვნები იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელთა განხორციელება უკვე დაწყებულია ან რომელთა გათვალისწინებაც ვერ ხერხდება ამა თუ იმ მიზეზების გამო. ძირითადი პრობლემა, რომელიც ამ შენიშვნებში გამოიკვეთა, ეხება რეკომენდაციების განხორციელების შესაძლო ვადებს და საბიუჯეტო სახსრების განკარგვას, რადგან პროექტები, რომლებიც აღწერილია რეკომენდაციებში, არ იყო გათვალისწინებული დაწესებულებათა ბიუჯეტებში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეკომენდაციების ერთ-ერთ პუნქტში, რომელიც ეხებოდა არსებული საჯარო ბიბლიოთეკების ბაზაზე საგანმანათლებლო ცენტრების შექმნას განიხილებოდა როგორც პასუხისმგებელი ორგანო. სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ საჯარო ბიბლიოთეკები, გარდა სამეცნიერო ბიბლიოთეკებისა, არ ექვემდებარებიან სამინისტროს. სამინისტროს წერილში გამოთქმულია სურვილი, რომ უფრო მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული, თუ რა სახის საგანმანათლებლო ცენტრები უნდა შეიქმნას და რა პროგრამებისა და პროექტების განხორციელება იგეგმება მათ ბაზაზე. წერილში ნათქვამია, რომ ასეთი სახის პროგრამების განხორციელება ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საპასუხო წერილში ხაზი გაუსვა წარდგენილი რეკომენდაციების მიზანშეწონილობას და გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს ამ მათ იმპლემენტაციაში. რეკომენდაციების მიხედვით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უნდა იზრუნოს საჯარო ბიბლიოთეკების ბაზაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო ცენტრების შექმნაზე. სამწუხაროდ, წერილში არაფერია ნათქვამი კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა განხორციელლებასაც სამინისტრო ამ მიმართულებით გეგმავს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
რეკომენდაციებს გამოეხმაურა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროც. სამინისტროს წერილში ნათქვამია, რომ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარებისთვის, თუმცა სამინისტროს როლი რეკომენდაციების ამ ნაწილში შეიძლება მხოლოდრეგიონული თვითმმართველობებისათვის რეკომენდაციების მიწოდებით შემოიფარგლოს, რადგან რეგიონებში არსებული საჯარო ბიბლიოთეკები არ შედიან სამინისტროს დაქვემდებარებაში. რაც შეეხება კოლეგიურ ორგანოებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით სატრენინგო პროგრამების ორგანიზებას სამინისტრომ სრული თანხმობა გამოთქვა მათ განხორციელებაზე, თუმცა ითხოვა რეკომენდაციის განსახორციელებლად უფრო დიდი ვადა, ვიდრე გაწერილი იყო დოკუმენტში, რათა აღნიშნული ტრენინგები გათვალისწინებულ იქნას სამინისტროს 2014 წლის ბიუჯეტში.
რეკომენდაციების მიხედვით სამინისტროს ეკისრებოდა საზოგადოების მეტი ჩართულობის მიზნით “ღია მმართველობის პარტნიორობასთან” დაკავშირებული მასალების ეროვნულ უმცირესობათა ენებზე თარგმნა, სპეციალური საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის პროგრამების მომზადება და გავრცელება, ასევე სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიშის დაინტერესებული სამიზნე ჯგუფებისთვის გაგზავნა, შემდგომში ანგარიშის საჯარო განხილვის ჩასატარებლად. სამინისტრო დაეთანხმა ამ რეკომენდაციების განხორციელების მიზანშეწონილობას, თუმცა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, თუ საინფორმაციო პროგრამებს უშუალოდ ის უწყება მოამზადებს, რომელიც OGP-ს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესს კურირებს.
სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებს გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტრო. სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი (როგორც საქართველოს ანტი-კორუფციული უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნო) უშუალო პასუხისმგებელია “ღია მმართველობის პარტნიორობის” სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზე და მის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებების განხორციელებაზე, თავდაპირველი სამოქმედო გეგმა იუსტიციის სამინისტროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში შეიქმნა.
იუსტიციის სამინისტრო არ დაეთანხმა სამოქალაქო ორგანიზაციების მოსაზრებას სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მაკონტროლებელი ორგანოს განსაზღვრასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პროცესის მართვა და კონტროლი პრემიერ მინისტრის აპარატის ხელში უნდა გადავიდეს. იუსტიციის სამინისტრო ერთის მხრივ მიესალმება პრემიერ მინისტრის და მთვარობის მეტ ჩართულობას OGP-ის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში, მაგრამ ჩამოაყალიბა რამდენიმე არგუმენტი, თუ რატომ უნდა დარჩეს OGP-ს კურირება სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ანტი-კორუფციული საბჭოს კომპეტენციაში. პირველ რიგში, სამინისტრო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საბჭოს სტრუქტურა ხელს უწყობს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აქტიურ თანამშრომლობას, დიალოგს და პროგრამის იმპლემენტაციის უფრო მარტივ კოორდინაციას. სამინისტრო აღნიშნავს, რომ პარტნიორობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი საზოგადოების მაღალი ჩართულობაა, რასაც ანტიკორუფციული საბჭო მისი სტრუქტურის წყალობით უზრუნველყოფს – საბჭოში შედიან როგორც სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციათა და ბიზნესის წარმომადგენლები. სამინისტროს მესამე არგუმენტია ანტი-კორუფციულ საბჭოს დანიშნულებასა და “ღია მმართველობის პარტნიორობის” მიზნებს შორის მაღალი თანხვედრა. იუსტიციის სამინისტროს აზრით, პარტნიორობის ქვაკუთხედი კორუფციის პრევენციაა, კერძოდ სახელმწიფო ფინანსებისა და საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობა, მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. რადგან საბჭოს ძირითადი საქმიანობა სწორედ კორუფციის პრევენციაზე არის მიმართული, მიზანშეწონილი იქნება ამ საკითხებზე მუშაობა და კოორდინაცია ერთიან ინსტიტუციურ ფარგლებში დარჩეს.
სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა კონსულტაციები იმ უწყებებთან, რომელთა კომპეტენციაშიც შედის რეკომენდაციების განხორციელება. საგულისხმოა, რომ IDFI-მ უკვე მიიღო ამ უწყებების კომენტარები და მოსაზრებები რეკომენდაციებთან დაკავშირებით. სამინისტროს პასუხში ასევე ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა და “ღია მმართველობის პარტნიორობის” სამოქმედო გეგმა სხვადასხვა დოკუმენტებია.
სამინისტრომ გამოთქვა სურვილი, დეტალურად განიხილოს წარმოდგენილი რეკომენდაციები ავტორებთან ერთად ანტი-კორუფციული საბჭოს მორიგ სხდომაზე 2013 წლის მარტის ბოლოს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
სამოქალაქო საზოგადოებამ რეკომენდაციებში გამოკვეთა აზრი, რომ მიზანშეწონილი იქნება საქართველო შეუერთდეს მოპოვებითი და ტრანზიტის გამჭვირვალობის ინიციატივას (EITI). ეს ინიციატივა, სამოქალაქო საზოგადოების აზრით, არის ტრანსპარენტულობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტი, და მისი ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტის დახვეწას .
ენერგეტიკის სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ ბუნებრივი გაზის ტრანზიტთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის 27-ე მუხლის 3-ე პუნქტი. ამასთანავე, სამინისტრომ აღნიშნა, რომ იგი მზადაა გამოაქვეყნოს ტრანზიტთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ ეს ინფორმაცია არ შეიცავს კომერციულ საიდუმლოებას და თუ მისი გამოქვეყნებით არ დაარღვევა კერძო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები. რაც შეეხება სამინისტროში არსებულ საჯარო ინფორმაციას, ენერგეტიკის სამინისტრო განმარტავს, რომ მისი ხელმისაწვდომობა ისედაც გარანტირებულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსით.
მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ ზოგადად გამოხატა მზადყოფნა რეკომენდაციის ძირითადი მიზნების (საჯარო ფინანსების განკარგვის გამჭვირვალობის) შესაბამის ჩარჩოებში უზრუნველსაყოფად, მან უპასუხოდ დატოვა მთავარი კითხვა: მიზანშეწონილია თუ არა, რომ საქართველო შეუერთდეს EITI-ს. ნამდვილად მისასალმებელია, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მზადაა გასცეს საჯარო ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ინიციატივაზე ხელმოწერა იქნებოდა მკაფიო ნიშანი იმისა, რომ საქართველო ნამდვილად მზადაა შეასრულოს OGP-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე რეკომენდაციაში იყო მოხსენიებული როგორც პასუხისმგებელი ორგანო. სხვა უწყებებისგან განსხვავებით, სამინისტრომ პასუხის ნაცვლად გაგზავნილ რეკომენდაციებს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას დაურთო მოკლე კომენტარები კონკრეტული ტერმინების ან სადავო საკითხების შესახებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს კონკრეტული რეკომენდაცია არ შედიოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში. კომენტარებში განხილულია რამდენიმე ცალკეული ტერმინის ან ფრაზის შეცვლის შემოთავაზება იმისათვის, რომ რეკომენდაციები და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა იყოს უფრო ზუსტი.
ეკონომიკის სამინისტრომ დანართის სახით ასევე მოგვაწოდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2010 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება “საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ”, რომელიც შეიცავს კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა ჩატარდეს ამა თუ იმ უწყების მიერ, კონკრეტულად გაწერილი მიზნით, ინდიკატორებით, ვადებით და შესაძლო რისკების გათვალისწინებით.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საკმაოდ ამომწურავად უპასუხა სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს. სააგენტო პასუხისმგებელ ორგანოდ მოხსენიებული იყო დოკუმენტის მეოთხე სექციის პირველ ნაწილში, რომელიც ეხებოდა შესყიდვების სისტემის გაუმჯობესებას. პასუხად სააგენტომ მოგვაწოდა დეტალური განმარტებები, შენიშვნები და მოსაზრებები აღნიშნულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საზოგადოებამ პირველ რიგში გამოხატა სურვილი, არარეგისტრირებულ მომხმარებლებს მიეცეთ წვდომა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ შესყიდვის გეგმებსა და ანგარიშებზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეტი ღიაობის მიზნით. ამის პასუხად სააგენტომ განმარტა, რომ არარეგისტრირებულ მომხმარებელს აღნიშნულ მონაცემებთან წვდომა მხოლოდდამხოლოდ სისტემის უსაფრთხოების და გამართულობის გამო არ გააჩნია. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სისტემაში რეგისტრაციის გავლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და მას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება.
სააგენტომ გამოთქვა თანხმობა აღნიშნული რეკომენდაციების მეორე პუნქტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც აუცილებელია შემცირდეს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის გვერდის ავლით შესყიდვების განხორციელების შესაძლებლობები. რაც შეეხება მესამე რეკომენდაციას, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფუძნებული კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირების მიერ შესყიდვების შესრულებას შეეხება, და გულისხმობს შესყიდვების განახორციელებას სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობების და ავტონომიური რესპუბლიკების საბიუჯეტო სახსრებიდან. სააგენტო წერილში განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი უკვე მოწესრიგებულია “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით, კერძოდ კი ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ა.ა”-“ა.თ” ქვეპუნქტებით.
რაც შეეხება გამარტივებული შესყიდვების დეტალური კრიტერიუმების (ჩამონათვალის) შემუშავებას, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ განმარტა, რომ აღნიშნული კრიტერიუმები დეტალურაა გაწერილი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში და სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2011 წლის 7 აპრილს დამტკიცებულ N9 ბრძანებაში. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ უწყება მზადაა განიხილოს კონკრეტული შეკითხვები პრობლემურ საკითხებზე და შემოთავაზებები მათ გადასაწყვეტად და აქტიურად ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან.
მეხუთე რეკომენდაცია ეხებოდა ყველა იმ ტენდერს, რომელებზეც ვრცელდება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის 1-ლი მუხლის მე-4 ქვეპუნქტი. კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების აზრით, ეს ტენდერები უნდა ქვეყნდებოდეს შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მათი გამოცხადებისთანავე. ამასთან დაკავშირებით სააგენტომ განმარტებად მოიყვანა “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 პუნქტი. ასევე აღნიშნულია, რომ შესყიდვების სააგენტო ამჟამად აქტიურად მუშაობს სისტემაში ტექნიკურ ცვლილებებზე, რომლებიც შესაძლებელს გახდის ამავე პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების დაფინანსებით ჩატარებული ტენდერების სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ჩატარებას. უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს პასუხი ამ შემთხვევაში სრულად არ შეესაბამება რეკომენდაციის არსს.
საბოლოოდ, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მზადყოფნა გამოთქვა აქტიურად ჩაერთოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადების პროცესში ან თვითონ მოამზადოს ეს პაკეტი.
რეკომენდაციებს გამოეხმაურა საჯარო სამსახურის ბიუროც, რომელმაც ასევე დეტალური პასუხი მოაწოდა IDFI-ს. რეკომენდაციები შეეხებოდა საჯარო სამსახურის გამჭვირვალობას.
პირველ რიგში სამოქალაქო საზოგადოებამ გამოხატა მოსაზრება, რომ აუცილებელია გაუმჯობესდეს მამხილებელთა (whistleblowers) დაცვის კანონმდებლობა და ადმინისტრაციულ ორგანოთა შიდა სახელმძღვანელო პრინციპები. საჯარო სამსახურის ბიურო ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ასეთი კანონპროექტი უკვე შემუშავებულია. ბიუროს მიზანშეწონილად მიაჩნია ცალკე კანონის მიღება, რადგან მიიჩნევს, რომ არსებული კანონმდებლობა არ არის საკმარისი მამხილებელთა ეფექტური დაცვისათვის. კანონპროექტი ითვალისწინებს რიგ ცვლილებებს და ახალი ნორმების შემოღებას. კერძოდ, მამხილებელთა დაცვა გავრცელდება სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებზე და იქ დასაქმებულ პირებზე; დეტალურად განისაზღვრება მხილების საჩივრის განხილვის პროცედურები, ვადები, უფლებამოსილი პირები და სხვა მასთან დაკავშირებული საკითხები; საჯარო სამსახურის ბიურო გახდება ის უწყება, რომელიც მიიღებს და განიხილავს შესაბამის საჩივრებს; ბიუროს დაევალება სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება საჩივრების განხილვის პროცესისათვის და ამ თემატიკაზე ტრენინგების ორგანიზება. წერილში ასევე ნახსენებია, რომ 2012 წლის გაზაფხულს ჩატარდა სემინარი “მამხილებელთა და მოწმეთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება კორუფციულ შემთხვევებში”, რის საფუძველზეც მოხდა კანონპროექტის დახვეწა.
ბიურო დაეთანხმა რეკომენდაციას, რომელიც ეხება იმ თანამდებობის პირთა სიის გაზრდას, ვისაც ეკისრებათ ქონებრივი დეკლარაციების შევსება და გამოქვეყნება. ბიუროს ცნობით, ბოლო საკანონმდებლო ცვლილებით ეს სია გაიზარდა 300 კაცით და ამჟამად შეადგენს 2,800-ზე მეტ თანამდებობის პირს შეიცავს, მიუხედავად ამისა საჯარო სამსახურის ბიურო თვლის, რომ კორუფციის შემცირების მიზნით ეს სია კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ამასთან ერთად, საჯარო სამსახურის ბიურომ შეიმუშავა კანონპროექტი – “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის საქართველოს კანონში” ცვლილებების შესახებ, რომლის მიხედვითაც დამატებით გაფართოვდა სია და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, მოიცავს სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების და სააქციო საზოგადოებების ხელმღვანელებს.
საბოლოოდ, სამოქალაქო საზოგადოება მთავრობას სთავაზობს ქონებრივი დეკლარაციების გამჭვირვალე აუდიტის სისტემის შექმნას. პასუხად საჯარო სამსახურის ბიურო განმარტავს, რომ ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონული სისტემა არის გამჭვირვალე, თუმცა მაინც საჭიროა დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის შემოღება და აქვე აღნიშნავს, რომ ასეთი მექანიზმის შექმნა გაწერილია საქართველოს ანტიკორუფციულ სტრატეგიაში.
ბიუროს ცნობით, მან ჩაატარა სხვადასხვა ქვეყნების მიერ შემოღებული დეკლარაციების შემოწმების კრიტერიუმებისა და მექანიზმები კვლევა. საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითების გათვალისწინება დაეხმარება საქართველოს ეფექტური სისტემის შექმნაში. ბიურო მიიჩნევს, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტი უნდა შემუშავდეს და წარედგინოს საქართველოს პარლამენტს არაუგვიანეს 2013 წლის 1 სექტემბრისა.
საქართველოს აუდიტის სამსახურმა პირველ რიგში აღნიშნა თავისი მზადყოფნა, როგორც საჯარო ფინანსების სფეროში ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის განვითარების ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ, ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და გამოიყენოს ეფექტიანი და თანამედროვე ინსტრუმენტები საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გასაზრდელად.
სამსახური აღნიშნავს, რომ იგი მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოხატულ ინიციატივას ამ რეკომენდაციების სახით, თუმცა აღნიშნავს, რომ მიზნების მისაღწევად საჭიროა კონკრეტული და ადეკვატური სამოქმედო გეგმა. ამისთვის აუცილებელია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლი და ვალდებულებები ამ პროცესებში სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით უფრო კონკრეტულად იყოს გაწერილი.
რეკომენდაციების დოკუმენტის მე-4 ნაწილის მეორე პუნქტის მიხედვით სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი. აუდიტის სამსახურის წერილში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ რეკომენდაციაში აუდიტის სამსახური, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული უწყებრივი ვალდებულებები უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული. კერძოდ, აუდიტის სამსახური თვლის, რომ რეკომენდაციებს უნდა დაემატოს მესამე მიმართულება, რომელიც შეეხება აუდიტორული საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სახის ინფორმაცია უნდა განთავსდეს არა ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, როგორც ჩაწერილია რეკომენდაციებში, არამედ თვითონ აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა.