2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძის მიერ გაცხადებულ გადაწყვეტილებას, „ქართული ოცნების” მიერ, 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგიდან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხის მოხსნის შესახებ, საზოგადოების მხრიდან მასშტაბური, უწყვეტი ლეგიტიმური პროტესტი მოჰყვა.
28 ნოემბრიდან დღემდე, პროტესტის ჩახშობის მიზნით, „ქართულმა ოცნებამ” ასობით ადამიანის წინააღმდეგ სისტემურად აამოქმედა სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმი, მათ შორის, წამება და არასათანადო მოპყრობა, თუმცა პროტესტი უწყვეტად გრძელდება.
ლეგიტიმურ პროტესტში მონაწილეთა უშედეგო დაშინების სისტემური მცდელობების პარალელურად, მე-11 მოწვევის ერთპარტიულმა პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციაც ამ დრომდე არ უღიარებია ევროკავშირსა და აშშ-ს, ხოლო ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს წარმომადგენელი საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს, დაჩქარებული წესით მიიღო რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების კიდევ ერთი პაკეტი.
2024 წლის 13 დეკემბერს მესამე მოსმენით მიღებული საკანონმდებლო პაკეტით არსებითი ცვლილებები შედის ჯერ კიდევ 1984 წელს, საბჭოთა კავშირში, მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის რეფორმირებასაც „ქართული ოცნება” არაერთხელ დაპირდა საზოგადოებას. წლების განმავლობაში, ნაცვლად ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებისა და ახალი კოდექსის მიღებისა, „ქართულმა ოცნებამ” ისედაც რეპრესიული შინაარსის მქონე კოდექსი, დამატებითი რეპრესიული მექანიზმებით არაერთხელ აღჭურვა, თუმცა, 13 დეკემბერს მიღებული ცვლილებები თავისი შინაარსით არსებითად განსხვავებულ რეალობას შექმნის და მყისიერ საფრთხეს შეუქმნის შეკრების თავისუფლების რეალიზებას.
სამი მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანასაც ითვალისწინებს და საერთო ჯამში, ცვლილებების შინაარსის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ცვლილებების ძირითადი სამიზნე, სწორედ 28 ნოემბრის შემდგომ მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეები არიან.
რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებებით კიდევ უფრო იზრდება საპოლიციო ძალების უკონტროლო დისკრეცია და ადმინისტრაციული წესით დაკავების ფართო/განუსაზღვრელი საფუძვლები. კერძოდ, შესაძლებელი გახდება პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება „სამართალდამრღვევის სასამართლოში დროულად წარდგენისა და საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობისთვის თავის არიდების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით”.
აღნიშნული ჩანაწერი შესაძლებლობას მისცემს საპოლიციო ძალებს კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გამოიყენონ ადმინისტრაციული დაკავების რეპრესიული მექანიზმი შეკრება-მანიფესტაციაში მონაწილე პირების დევნის მიზნით. დამატებულ საფუძვლებს შორის, განსაკუთრებით საგანგაშოა „პრევენციის მიზნით” პირის 24-დან 48 საათამდე ადმინისტრაციული დაკავების შესაძლებლობა. ამგვარი ფართო და განუსაზღვრელი საფუძვლების დამატებით, ფაქტობრივად, სრულად სამართლებრივ წესრიგს მიღმა რჩება ისედაც უკონტროლო უკანონო ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა.
შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ჩანაწერი შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის თავისუფლებისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებასთან.
საკანონმდებლო ცვლილებებით, აიკრძალა შეკრების ან მანიფესტაციის დროს სახის დაფარვა ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით. აღნიშნული აკრძალვა მიეთითება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონში (მუხლი 11.2.ა სეკუნდა), ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სახდელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას 2 000 ლარის ოდენობით (მუხლი 174 პრიმა.5).
სახის დაფარვის ამკრძალავი საკანონმდებლო ნორმა ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დადგენილ სტანდარტებს. კერძოდ, ბუნდოვანია ამ აკრძალვის მოქმედების ფარგლები. ამოუცნობია სახის რა ნაწილის დაფარვის შემთხვევაში ჩაითვლება პირი სამართალდამრღვევად. საკანონმდებლო ნორმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პირი მიჩნეულ იქნეს სამართალდამრღვევად იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი მეტეოროლოგიური პირობების გამო იფარავს სახის ნაწილს რაიმე საშუალების გამოყენებით.
გარდა ბუნდოვანებისა, დასახელებულ ჩანაწერს ბლანკეტური ხასიათი გააჩნია. სახის დაფარვის აკრძალვა ვრცელდება ნებისმიერი შინაარსის შეკრებასა და მანიფესტაციაზე, მხედველობაში არ მიიღება შეკრება/მანიფესტაცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს თუ სახეზეა ძალადობის რეალური საფრთხე. აკრძალვა ვრცელდება ნებისმიერ პირზე და არ ხდება გამოკვლევა თუ რა მიზნით იყენებდა კონკრეტული პირი სახის დაფარვის საშუალებას. სახის დაფარვის არაერთი ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება არსებობდეს, მაგალითად, მეტეოროლოგიური პირობები, სამედიცინო მდგომარეობა, კულტურულ-რელიგიური მოტივები ან უბრალოდ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმა.
ამრიგად, იქიდან გამომდინარე, რომ სახის დაფარვის ამკრძალავი ნორმა განუსაზღვრელად ვრცელდება შეკრების/მანიფესტაციის ნებისმიერ მონაწილეზე, აშკარაა, რომ „ქართული ოცნების” მიერ მისი მიღების ერთადერთი მიზანი საპროტესტო აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება და მათი დაშინების მცდელობაა.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში გაფართოვდა იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა ქონა შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეს ეკრძალება. პირველ რიგში, სხვადასხვა სახის იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერებების ჩამონათვალს დაემატა პიროტექნიკური ნაწარმი (მუხლი 11.2.ა). ასევე აიკრძალა ლაზერული გამოსხივების ან მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების ქონა, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას (მუხლი 11.2.ა პრიმა).
რაც შეეხება ადმინისტრაციულ სახდელს, შეკრება/მანიფესტაციის მიმდინარეობისას პიროტექნიკული ნაწარმის ფლობა გამოიწვევს სამართალდამრღვევად მიჩნეული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ პირი მიჩნეულ იქნება ორგანიზატორად – მის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით (მუხლი 174პრიმა.4). ხოლო ლაზერული გამოსხივების ან მკვეთრი გამოსხივების მქონე საშუალების ქონა გამოიწვევს სამართალდამრღვევად მიჩნეული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით (მუხლი 174პრიმა.5).
ამავდროულად, პიროტექნიკის რეალიზაციის და მოხმარების მარეგულირებელი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შევიდა ცვლილებები და განისაზღვრა პიროტექნიკური შემადგენლობისა და პიროტექნიკური ნაწარმის დეფინიცია. პიროტექნიკურ შემადგენლობად მიიჩნევა დეტონაციის უნარის არმქონე წვადი შემადგენლობა, რომელიც სხვადასხვა წვის პროდუქტების გენერირებას ახდენს სითბურ, სინათლის და მექანიკურ ენერგიად, სპეციალური ეფექტების შესაქმნელად (მუხლი 4.3პრიმა). პიროტექნიკურ ნაწარმად კი მიჩნეულია პიროტექნიკური შემადგენლობის ნაკეთობა, რომელიც განკუთვნილია სპეციალური სამუშაოების მიმდინარეობის, აგრეთვე, მასობრივი, სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარების დროს სინათლის, ხმის, კვამლის და კომბინირებული ეფექტების შესაქმნელად (მუხლი 4.3სეკუნდა).
ამრიგად, პიროტექნიკური ნაწარმი საფრთხის შემცველ პროდუქტად იქნა მიჩნეული და მისი წარმოება, რეალიზაცია, იმპორტი და ექსპორტი, დაექვემდებარა სალიცენზიო/სანებართვო წესებს („ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის მუხლები: 6.90; 6.91; 24.57; 24.58). ლიცენზიის/ნებართვის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის წარმოება, რეალიზაცია, იმპორტი ან ექსპორტი განისაზღვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და პასუხისმგებლობის სახით გათვალისწინებული იქნა 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 156 სეკუნდა), ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევით დაისჯება 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმით (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 156 ტერცია).
ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება ასევე პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის, შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესების დარღვევა (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 156 კვატრა). აღნიშნული მუხლის მიხედვით, გარკვეულ პირთა წრის (პირთა წრე დაზუსტებული არ აროს) მიერ პიროტექნიკური ნაწარმის ფლობა ან გამოყენება დაუშვებელია. შესაბამისად, ამ პირთათვის ნაწარმის მიყიდვა, ისევე როგორც აღნიშნულ პირთა მიერ მისი შეძენა ან ფლობა ექვემდებარება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. გარდა ამისა, დასჯადი ხდება პიროტექნიკური ნაწარმის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით გამოყენება ან იგივე ქმედება ჩადენილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. დამატებით, აღსანიშნავია ისიც, რომ ცვლილები განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსში და 244-ე მუხლში, ტერმინი „პიროტექნიკური ნაკეთობა” ჩანაცვლდა „პიროტექნიკური ნაწარმით”. (ფეთქებადი, ადვილაალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია - ამოქმედდება 2025 წლის 1 თებერვლიდან).
აღსანიშნავია, რომ პიროტექნიკის მიმოქცევასა და მოხმარებასთან დაკავშირებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება, გარდა შეკრება/მანიფესტაციაზე პიროტექნიკური ნაწარმის ქონის აკრძალვისა, ამოქმედდება 2025 წლის პირველი აპრილიდან. საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის ქონა კი აიკრძალება კანონის გამოქვეყნებისთანავე. ზოგადად, პიროტექნიკის რეგულირებას შეიძლება გააჩნდეს ლეგიტიმური მიზანი, თუმცა მიმდინარე რეპრესიულ პაკეტში ამ ცვლილებების შეტანით ნათელია, რომ „ქართული ოცნების” მიზანია მანიფესტაციის მონაწილეთა დაშინება დევნის მორიგი რეპრესიული მექანიზმის შექმნით.
გარდა პიროტექნიკური ნაწარმისა, როგორც აღინიშნა, აიკრძალა ლაზერული გამოსხივების ან მკვეთრი გამოსხივების მქონე საშუალების ქონა შეკრებებსა და მანიფესტაციებზე. ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნების” მიზანი მხოლოდ საპროტესტო აქციების მონაწილეთა შეკრების თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობის შეზღუდვაა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი („პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა”) შეკრება-მანიფესტაციებთან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე ბოროტად გამოყენებადი მექანიზმია, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, სათანადო სასამართლო კონტროლის არარსებობის პირობებში, მოქალაქეების უკანონოდ დევნისთვის წლებია იყენებენ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მანიფესტაციებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ასობით ადამიანიდან თითქმის ყველას შსს ასკ-ის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება. განსახილველი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით აღნიშნული მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება შესაძლებელი გახდება არასრულწლოვანის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლისთვის.
კერძოდ, ცვლილებების საფუძველზე, ამავე კოდექსის 172-ე მუხლი (მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობა) ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით და არასრულწლოვანის მშობლისადმი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის კვალიფიკაციას დაემატება არასრულწლოვანის მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ასევე პიროტექნიკური ნაწარმის უკანონოდ შეძენის ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით გამოყენების შემთხვევები. შედეგად, არასრულწლოვანის მიერ ზემოაღნიშნული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლი თავისთავად პრობლემური შინაარსის მქონეა, რადგან მისი აღსრულება ეჭვქვეშ აყენებს ბრალის ინდივიდუალიზაციის კონსტიტუციურ პრინციპს. თუმცა, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ზემოაღნიშნული მუხლი არსებითად განსხვავებულ მოცემულობას ქმნის პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძველზე პასუხისმგებლობის უსაფუძვლოდ დაკისრების ტოტალური რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით.
ამრიგად, აშკარად იკვეთება, რომ „ქართულმა ოცნებამ” ზემოხსენებული ცვლილებები მიიღო იმ მოტივით, რომ პროტესტის არასრულწლოვან მონაწილეებზე განახორციელოს ზეწოლა მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის ინსტრუმენტალიზაციის გზით.
სამი მოსმენით მიღებული რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში მნიშვნელოვნად მკაცრდება ადმინისტრაციული სახდელის ფარგლები იმ სამართალდარღვევებთან მიმართებით, რომლებიც უკვე გამოიყენება შეკრების მონაწილეების დევნისთვის.
მაგალითად, თუ ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვის ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის (როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული) აქამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სახდელის სახით მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებდა, საკანონმდებლო ცვლილებებით, ჯარიმასთან ერთად სამართალდამრღვევად მიჩნეულ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 წლის ვადით შეუჩერდება.
ამავდროულად, იზრდება ჯარიმების მოცულობა ვანდალიზმისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისთვის. მაგალითად, თუ კოდექსის ამჟამინდელი რედაქცია შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულებისთვის სახდელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას 50 ლარის ოდენობით, ცვლილებებით, ჯარიმის ოდენობად განისაზღვრება 1 000 ლარი.
ამასთანავე, იზრდება ჯარიმების ოდენობა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის. სამართალდამრღვევად მიჩნევის შემთხვევაში ამ ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 5 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 500 ლარის), ხოლო თუ სამართალდამრღვევად მიჩნეული პირი ორგანიზატორია – 15 000 ლარის (ნაცვლად 5 000 ლარის) ოდენობით. ორივე შემთხვევაში, ამჟამინდელი რედაქცია და საკანონმდებლო პაკეტიც, ალტერნატიული სახდელის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
28 ნოემბრის შემდგომ განვითარებული მოვლენები ცხადად ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება” განაგრძობს კონსტიტუციური პრინციპების სისტემატურ უგულებელყოფას და მათ შორის “დრაკონული” კანონმდებლობით და თანმდევი რეპრესიით სურს, როგორც მიმდინარე, ასევე მომავალში ნებისმიერი პროტესტის წინმსწრებით ჩახშობა.
IDFI-ის შეფასებით საკანონმდებლო ცვლილებების ერთადერთი მიზანია საზოგადოების დაშინება - არ შეეწინააღმდეგონ საქართველოს კონსტიტუციის აშკარა დარღვევას და საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მცდელობას.
ადამიანის უფლებები საქართველოში უკვე de facto გაუქმებულია მათთვის, ვინც ყოველდღიურად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, თუმცა საზოგადოების პროტესტი გრძელდება უწყვეტად. „ქართული ოცნების” მიერ მიღებული ცვლილებები აფართოებს საქართველოს მოქალაქეების რეპრესირების ნორმატიულ შესაძლებლობებს და კიდევ ერთხელ ავლენს რეჟიმის ავტორიტარულ მისწრაფებებს.