ფინანსური დარღვევები სპორტულ ფედერაციებში და მათზე რეაგირების გაუმჭვირვალე პროცესი: რაგბის კავშირის მაგალითი

სიახლეები | კვლევები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 8 აპრილი 2022

საბიუჯეტო სახსრების განკარგვის გამჭვირვალობისა და მიზნობრიობის კუთხით, ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ უწყებებს სპორტული ფედერაციები წარმოადგენენ. საქართველოში არსებული საკანონმდებლო რეგულაციები ვერ უზრუნველყოფს სპორტული ფედერაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტებს. შედეგად, მნიშვნელოვნად გართულებულია მსგავსი უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის მიღება და მათზე სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელება. 

 

წლების განმავლობაში, სპორტული ფედერაციებიდან ინფორმაციის მიღების შეზღუდული შესაძლებლობის გათვალისწინებით, მათი მონიტორინგის გარკვეულ საშუალებას  ზედამხედველი სამინისტროდან ინფორმაციის გამოთხოვა წარმოადგენდა. მაგალითად,  2019 წელს IDFI-მ გამოაქვეყნა კვლევა „კორუფციის რისკები ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში”, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მიღებულ საჯარო ინფორმაციას ეყრდნობოდა. კვლევის შედეგად გამოვლინდა როგორც სავარაუდო ფინანსური დარღვევები, ასევე მნიშვნელოვანი კორუფციული რისკები.

 

2021 წლის 16 მარტს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე გამოყოფისა და  მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, IDFI-ს სამინისტროდან მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე (მათ შორის, ფედერაციებთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე) პასუხი აღარ მიუღია.მაგალითად, სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა რაგბის კავშირის მიერ 2017-2021 წლებში სამინისტროსათვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშების, დამტკიცებული ბიუჯეტების და მათი შესრულების ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა. აღსანიშნავია, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის დროს, იგივე პრობლემა არსებობდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაშიც, რომელიც წლების განმავლობაში IDFI-ს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიშებში ერთ-ერთ ყველაზე დახურულ უწყებად სახელდებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა, მოვალეობის შესრულების პირველივე დღეს განაცხადა, რომ სპორტული ფედერაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ დაისმებოდა ლეგიტიმური კითხვები, თუ რამდენად ეფექტიანად და მიზნების შესაბამისად იხარჯებოდა თანხები და ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელი გახდებოდა ფედერაციებში ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვა. მიუხედავად აღნიშნული განცხადებისა, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. მაგალითად, სამინისტრომ თავი შეიკავა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში IDFI-ის მიერ შეთავაზებული ვალდებულებების აღებისგან, რომელიც ითვალისწინებდა ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, ფედერაციების გამჭვირვალობის ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას და Play the Game-ის კრიტერიუმების დანერგვას. ასევე, სამინისტრო არ აღმოჩნდა მზად სპორტული ფედერაციებისათვის გაცემული სახელმწიფო დაფინანსების შესახებ ინფორმაციის  და ფედერაციების მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების  თანმიმდევრული პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულების აღებაზე. ამ ეტაპზე, სამინისტრომ გამოთქვა მზაობა მხოლოდ სპორტული ფედერაციების დაფინასების საერთო წესის შემუშავებასა და მის პროაქტიულ ხელმისაწვდომობაზე.     

 

2021 წლის აპრილიდან, სამინისტროს გამოყოფისა და თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, დაქვემდებარებულ უწყებებში რეფორმების განხორციელება დაიწყო, რომლებიც უწყებების რეორგანიზაციაში გამოიხატა. შედეგად, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებიდან გათავისუფლდა ათობით თანამშრომელი. პროცესების საფუძვლად სახელდებოდა შიდა აუდიტისა და სახელმწიფო აუდიტის შემოწმების შედეგად გამოვლენილი მძიმე დარღვევები. ამასთან, თანამშრომლები ხშირად საუბრობდნენ გათავისუფლებების პოლიტიკურ მოტივაციაზე. მაგალითად, ხელოვნების მუზეუმი სამინისტრომ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანა. პოზიციები შეუცვალეს და გაათავისუფლეს ამავე მუზეუმის თანამშრომლები. სამინისტრომ აღნიშნული პროცესების ერთ-ერთ საფუძვლად პარალელურად გამოქვეყნებული აუდიტის დასკვნა დაასახელა. თანამდებობიდან გათავისუფლდა ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე, ხოლო კინოცენტრის შიდა აუდიტის დასკვნა, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, პროკურატურას შესაბამისი რეაგირებისათვის გადაეგზავნა.

 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალი მინისტრის გაუმჭვირვალე პოლიტიკის გათვალისწინებით, 2021 წლიდან კიდევ უფრო შესუსტდა სპორტული ფედერაციების ფინანსებისა და კორუფციის რისკების სამოქალაქო მონიტორინგის შესაძლებლობები. შესაბამისად, მსგავს უწყებებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულობის ერთადერთ წყაროდ შესაძლებელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული აუდიტის ანგარიშები წარმოადგენდეს. Სახელმწიფო აუდიტის სამსახური სპორტული ფედერაციების საქმიანობას 2018 წლიდან სწავლობს და დღეის მდგომარეობით, 4 სპორტული ფედერაციის აუდიტის ანგარიშია ხელმისაწვდომი. მათ შორის: რაგბის კავშირის, ქართული ჭიდაობის ფედერაციის, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ანგარიშები.

 

წინამდებარე სტატიაში, რაგბის კავშირში განხორციელებული აუდიტის მაგალითზე,   მიმოხილულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სპორტულ ფედერაციებში განხორციელებული აუდიტორული შემოწმებების და მასზე რეაგირების ეფექტიანობა. კერძოდ, დოკუმენტი მიმოიხილავს რაგბის კავშირში განხორციელებული აუდიტის პროცესს, აუდიტის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებს და დღეის მდგომარეობით, დამდგარ შედეგებს. კვლევის მიზნებისთვის რაგბის კავშირის აუდიტი შეირჩა, აღნიშნული ფედერაციის დაფინანსების მოცულობიდან გამომდინარე. მაგალითად, 2021 წლის დეკემბერში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, მინისტრმა, თეა წულუკიანმა ინფორმაციის სახით გააჟღერა, რომ „65 სპორტული ფედერაცია, ასევე კავშირები და ასოციაციები ჯამურად, საქართველოს ბიუჯეტიდან 98,600,000 ლარს იღებენ. აქედან ყველაზე მეტი დაფინანსება გაწერილია რაგბის კავშირისთვის, რომლის სამინისტროდან მიღებული ბიუჯეტი გახლავთ 27,500,000 ლარი”.

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2021 წლის 16 მარტს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე გამოყოფისა და მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, მნიშვნელოვნად შესუსტებულია სპორტული ფედერაციების ფინანსებისა და კორუფციული რისკების მონიტორინგის შესაძლებლობა.

 

- სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი დაფინანსების მქონე სპორტული ფედერაციის, რაგბის კავშირის მიერ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულებისა და საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების პროცესების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.

 

- 2018 წლიდან დღემდე, აუდიტის სამსახურმა 65 მოქმედი სპორტული ფედერაციიდან მხოლოდ 4-ის შემოწმება შეძლო, რაც მსგავსი ორგანიზაციების კონტროლის მექანიზმად მხოლოდ აუდიტის გამოყენების არაეფექტურობაზე მიუთითებს.

 

- აუდიტის სამსახურის მიერ რაგბის კავშირის შესყიდვებში გამოვლენილი დარღვევების შემდეგ, პროცესში მონაწილე რაგბის კავშირთან დაკავშირებულ  კომპანიებში წილების განაწილება და მფლობელები შეიცვალა.

 

დასკვნა

 

ზოგიერთი სპორტული  ფედერაციის შესწავლის შედეგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ზოგადად სექტორი გამოირჩევა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაბალი ხარისხით, გარე და შიდა კონტროლის სუსტი მექანიზმებით, ხშირად პოლიტიკურად მოტივირებული და სხვა ისეთი პროცესებით, რომელიც ეწინააღმდეგება კარგი მმართველობის პრინციპებს.

 

სპორტული ფედერაციების მონიტორინგის კუთხით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შესაძლებელია შეფასდეს 2018 წლიდან, მათზე ზედამხედველობის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩართულობა. თუმცა, მისი სიხშირე (2018 წლიდან დღემდე, აუდიტის სამსახურმა 65 მოქმედი სპორტული ფედერაციიდან მხოლოდ 4-ის შემოწმება შეძლო), შეზღუდული უფლებამოსილებადა გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების გაუმჭვირვალე  პრაქტიკა, კონტროლის დამატებითი მექანიზმის არსებობის აუცილებლობაზე მიუთითებს. მაგალითად, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია, სახელმწიფო  აუდიტის სამსახურის მიერ, ჯერ კიდევ 2020 წელს, რაგბის კავშირში გამოვლენილი  საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვის და კორუფციის სავარაუდო ფაქტებზე რეაგირების შედეგები.     

  

სპორტულ ფედერაციებში, კარგი მმართველობის პრინციპების, თუ ანტიკორუფციული მექანიზმების  დანერგვის  პერსპექტივას, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს ფედერაციებში, თუ მათ ზედამხედველ სამინისტროში მიმდინარე სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესები, რაც დაკავშირებულია ხელმძღვანელების არჩევაში ჩარევასთან, აუდიტის დასკვნების შერჩევითად გამოყენებასთან, საკადრო პოლიტიკასთან და სხვა.      

 

აუცილებელია, სამინისტროს მხრიდან არსებობდეს ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები, რითიც უზრუნველყოფილი იქნება სპორტულ ფედერაციებზე გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვა და მონიტორინგი, ასევე აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ეფექტური ზედამხედველობა.

 

 

/public/upload/Analysis/financial_irregularities_in_sports_federations.pdf

 

 

ანალიზი მომზადებულია პროექტის - „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში 3G“ - ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის მიერ. ანალიზის შინაარსზე პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). ანალიზსი გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს საქველმოქმედო ორგანიზაციის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024