ანალიტიკური სტატიის ავტორია მარიკა დადუნია და ის დაიწერა კონკურსისთვის „ჟურნალისტები დემოკრატიული მმართველობისთვის“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს Luminate-ის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.
მარიკა დადუნია არის კონკურსის გამარჯვებული - II ადგილის მფლობელი.
------
ძირითადი მიგნებები
- საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ 7 ტენდერში გამარჯვებული კომპანიების უკან პუტინთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენები დგანან.
- ამ კომპანიების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 ტენდერისთვის გადახდილი თანხა 3 517 033 ლარს და 488 400$-ს შეადგენს.
- საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული სატენდერო პირობები მაქსიმალურად შეესაბამება კონკრეტული კომპანიების მახასიათებლებს.
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული სატენდერო პირობები ზღუდავს ბაზარზე არსებულ მიმწოდებლებს. შედეგად, ტენდერები უკონკურენტო გარემოშია გამართული და საბიუჯეტო თანხები არ იზოგება.
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კონკრეტულმა კომპანიამ მაშინ გაიმარჯვა, როცა ამ კომპანიის 74%-ის მფლობელი სახელმწიფო შესყიდვების შავ სიაში იყო რეგისტრირებული.
- კაზრეთში ლიფტების გახსნას ბელორუსიის ვიცე-პრემიერიც დაესწრო, რომელიც მოგვიანებით პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესაც შეხვდა. მათ ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და მაგილოვის ლიფტების ფილიალის საქართველოში გახსნაც დაგეგმეს. მაგილოვის ლიფტების ოფიციალური დილერი საქართველოში არის კომპანია, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ტენდერები მოარგო.
შესავალი
ბოლო პერიოდში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული ტენდერები მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვდა. მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ტენდერებში არსებულ უკონკურენტო გარემოზე, მაღალი თანამდებობის პირებსა და მიმწოდებელ კომპანიებს შორის არსებულ ინტერესთა კონფლიქტზე და სხვა არაერთ დარღვევაზე საუბარი იყო, როგორც მედიასაშუალებებში ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშიც.
მოცემულ სტატიაზე მუშაობის სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ, საჯარო ინფორმაციაზე გაცემული პასუხი არ იყო სრულყოფილი და არ პასუხობდა ყველა შეკითხვას. საჯარო ინფორმაციის წერილი საქართველოს რკინიგზიდანაც გამოვითხოვეთ, რადგან რუსული კავშირების მქონე კომპანიებმა რკინიგზის მიერ გამოცხადებული ტენდერებიც მოიგეს, თუმცა საბიუჯეტო ორგანიზაციამ პასუხი არ მოგვაწოდა.
შპს “სის ბიზნეს სერვისმა” საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ 7 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 2 ტენდერი ჩაიშალა, ხოლო 4 ტენდერში კომპანიას კონკურენტი არ ჰყავდა და გაიმარჯვა კიდეც.
საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში მოთხოვნილი იყო სატელეკომუნიკაციო აპარატურის მარაგ-ნაწილები. პროდუქციას და პარამეტრებს რომელსაც რკინიგზას სატენდერო დოკუმენტაციაში ითხოვდა, ერთადერთ მწარმოებლამდე “SIEMENS”-ამდე მივყავართ.
აღსანიშნავია რომ შპს “სის ბიზნეს ჯგუფი” “SIEMENS” ავტორიზებული პარტნიორია საქართველოში. რითი იყო განპირობებული ზუსტი პარამეტრების მოთხოვნა ამ შეკითხვაზე საქართველოს რკინიგზამ არ გვიპასუხა. საქართველოს რკინიგზის მიერ 4 ტენდერისთვის შპს “სის ბიზნეს სერვისთან” გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 488 400$ შეადგენს.
რუსული კავშირების მქონე კომპანიების დაარსება საქართველოში
2010 წელს კვიპროსულმა კომპანიამ ROOSIS HOLDINGS LTD-იმ საქართველოში შპს “სის ბიზნეს სერვისი” დააფუძნა. ROOSIS HOLDINGS LTD-ის 100%-იან წილს ამ დროს ოფშორული კომპანიები ფლობდნენ - DEMA TRUSTEES LTD და DEMA NOMINEES LTD. დამფუძნებლებმა შპს “სის ბიზნეს სერვისის” საწესდებო კაპიტალში 10 000$ შეიტანეს.
შპს “სის ბიზნეს სერვისის” 100%-იანი წილი 2010 წლიდან 2015 წლამდე ეკუთვნოდა ROOSIS HOLDINGS LTD-ის. 2015 წლის ივნისში კი, 100%-იანი წილი კომპანია ROOSIS HOLDINGS-მა მინდობილ პირს ბელორუსელ ვლადიმერ ლახტენკოვს მიყიდა. ლახტენკოვი ROOSIS HOLDINGS-ის წარმომადგენელია ბელორუსიაში.
დღევანდელი მონაცემებით, ლახტენკოვს შპს “სის ბიზნეს სერვისში” 80%-იანი წილი აქვს, 20%-ს კი ქართველი ბიზნესმენი სტეფანე ზაზუნაშვილი ფლობს.
შპს “სის ბიზნეს სერვისმა” თავის მხრივ, კიდევ ერთი კომპანია დააფუძნა - შპს “სტუ-სი”, სადაც წილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტიც ფლობს. შპს “სის ბიზნეს სერვისი” მონაწილეობს ამხანაგობა “ქართულ ლიფტშიც”. ეს კომპანიები დღემდე საეჭვო პირობებში იგებენ სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებს.
ოფშორული კომპანიების დაარსება
2018 წლის 19 აპრილს რუსულმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ TV RAIN-მა გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატია. სტატიაში აღნიშული იყო ოფშორული კომპანიების DEMA TRUSTESS და DEMA NOMINEES კავშირები პეტერბურგელ ბიზნესმენებთან. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, DEMA TRUSTESS და DEMA NOMINEES ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნავთობტერმინალს ფლობენ ბალტიისპირეთში. ნაბვთობტერმინალის უკან კი, დგანან რუსი ბიზნესმენები. ეს ბიზნესმენები რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირები არიან და მათ კრიმინალური წარსული აქვთ..
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტენდერი #1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ კაზრეთში ახალი ლიფტების მონტაჟისთვის 3 ტენდერი გამოცხადდა. სამივე ტენდერში შპს “სის ბიზნეს სერვისმა”, მის საკუთრებაში არსებულ შპს სტუ-სიმ და ამხანაგობა “ქართულმა ლიფტმა” გაიმარჯვეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ამ კომპანიებს ლიფტების მონტაჟისთვის მიღებული აქვთ 3 517 033 ლარი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა კაზრეთში 49 ძველი ლიფტის დემონტაჟისთვის და ახლის მონტაჟისთვის დღემდე 3 ტენდერი გამოაცხადა, სხვა ტენდერი ლიფტებთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტს არასდროს ჰქონია. სამი ტენდერიდან მხოლოდ ერთში ჰყავდათ ზემოთ აღნიშნულ კომპანიებს რეალური კონკურენტი.
პირველად, კაზრეთში 16 ძველი ლიფტის დემონტაჟისთვის და ახლის მონტაჟისთვის გამოცხადებულ ტენდერში ორმა კომპანიამ იბრძოლა. დაბალი ფასი “ბერძელქვა-20” დაასახელა და შესაბამისად ტენდერში გამარჯვებულადაც ის უნდა დასახელებულიყო. თუმცა სატენდერო კომისიამ კომპანიას ხარვეზები დაუდგინა და გამოსწორების შანსის მიცემის გარეში დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
დისკვალიფიკაციის მიზეზი საქონლის მარკა გახდა. ბოლნისმა კომპანიის დისკვალიფიკაციისას იხელმძღვანელა შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით რომლის მიხედვითაც “დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ”.
ბოლნისმა დაადგინა რომ წარმოდგენილი არ იყო ინფორმაცია საქონლის მარკის შესახებ, რის გამოც გამოსწორების შანსის მიცემის გარეშე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
ბერძელქვა-20-მა დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა. შესყიდვების დავების საბჭომ კომპანიის საჩივარი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ კომპანიის მიერ, წარმოდგენილი იყო საქონლის მარკის შესაბამისი დასახელება.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესყიდვების კომისიამ კომპანიას 3 დღიანი ვადა მისცა, დოკუმენტაციაში არსებული დარჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად. თუმცა ბერძელქვა 20-მა არ წარმოადგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია. კომპანია ტენდერს გამოეთიშა და გამარჯვებული გახდა შპს “სის ბიზნეს სერვისი”.
ამ კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ დოკუმენტაციის დაუზუსტებლობის მიზეზი, ევრო დირექტივების დამდასტურებელი სერტიფიკატების არ ქონა იყო.
ბოლნისის მიერ ტენდერში გამოცდილების მოთხოვნის განსაკუთრებული პირობები
აღსანიშნავია, რომ ლიფტების მონტაჟთან დაკავშირებით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში ევრო-დირექტივის შესაბამისი სერტიფიკატები მოთხოვნილი არ არის. საჯარო უწყებები ხშირად აცხადებენ ლიფტების მონტაჟთან დაკავშირებულ ტენდერებს და ხარისხის დასადასტურებლად მოითხოვენ შესაბამის ISO სერთიფიკატს. მაგალითად სამგორის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ლიფტების მონტაჟს შეეხება, ლიფტების ხარისხის შესაბამისობისთვის მოთხოვნილია ISO სერტიფიკატი . თუმცა ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის მხოლოდ ISO სერტიფიკატი არ გახდა საკმარისი და დამატებით, ევრო-დირექტივების შესაბამისი დოკუმენტაციაც მოითხოვეს. როგორც ჩანს, ამ მოთხოვნას ბაზარზე არსებული მიმწოდებლების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს.
სურათი #1 - სამგორის რაიონის გამგეობის ტენდერი ლიფტების მონტაჟთან დაკავშირებით
სურათი #2 - სამგორის რაიონის გამგეობის ტენდერში მოთხოვნილი ISO სერტიფიკატი
სურათი #4 - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცდილების სახით მოთხოვნილი ევრო დირექტივები
შპს “სის ბიზნეს სერვისის” კონკურენტმა “ბერძელქვა 20-მა” ვერ წარმოადგინა ევრო დირექტივების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ეს გახდა მიზეზი, კომპანიის დისკვალიფიკაციის. შედეგად კი, ტენდერში გამარჯვებულად “სის ბიზნეს სერვისი” გამოცხადდა.
ჩვენ, ლიფტების მიწოდების ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებსაც დაუკავშირდა. ლიფტების ერთ-ერთმა აქტიურმა მიმწოდებელმა განაცხადა, რომ ევრო დირექტივების შესაბამისი სერტიფიკატის არ ქონა გახდა მიზეზი, რის გამოც მან ვერ მიიღო მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. გარდა ამისა, მეწარმემ აღნიშნა, რომ ტენდერის შესახებ, მისთვის ინფორმაცია ბაზრის კვლევის ეტაპზე შემსყიდველს ანუ ბოლნისის მუნიციპალიტეტს არ მიუწოდებია.
ბაზრის კვლევა ტენდერის გამოცხადების წინა ეტაპია, როცა შემსყიდველი ორგანიზაცია მიწოდების ბაზარზე არსებულ პოტენციურ მიმწოდებლებს უკავშირდება ტენდერის სავარაუდო ფასის შესწავლის მიზნით.
2017 წელს შესყიდვების სააგენტომ 10 რეკომენდაცია შეიმუშავა ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით. რეკომენდაციების შემუშავების საჭიროება, შესყიდვების სააგენტოს მიხედვით, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: ცალკეულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განისაზღვრება ისეთი პირობები რომელიც ბარიერს ქმნის მიმწოდებლის ბაზარზე ოპერირებადი მიმწოდებლებისთვის. ტენდერის ჩატარებამდე არასაკმარისი ბაზრის კვლევა კი, შესყიდვების სააგენტოს მიხედვით, იწვევს დაბალ კონკურენციას, უჩვეულო მოთხოვნებს, შესყიდვის წარუმატებლად დასრულებას და სხვ. იმისთვის რომ შემსყიდველმა ოპტიმალური სატენდერო პირობები შეადგინოს აუცილებელია, ბაზრის საფუძვლიანი კვლევის ჩატარება. ბაზრის კვლევის ეტაპზე შემსყიდველმა უნდა გაანალიზოს პოტენციური მიმწოდებლების სია. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ფასის განსაზღვრაც ტენდერის გამოცხადების დროს. ტენდერებში ბევრი კომპანიის შემოსვლა იწვევს ფასზე ვაჭრობას და საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში არ მოხდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ, ევრო დირექტივების მოთხოვნა შეიძლება განაპირობა ბაზრის არასაკმარისმა კვლევა ან ტენდერის კონკრეტულ კომპანიაზე მორგება წინასწარგანზრახული იყო. აღსანიშნავია, რომ ევრო-დირექტივის შესაბამისი სერტიფიკატის გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა გამოცდილების მოთხოვნაში მილიონიანი ბრუნვა და მწარმოებელი კომპანიის 25 წლიანი გამოცდილებაც მოითხოვა. რაც ასევე ზღუდავდა ბაზარზე არსებულ მიმწოდებლებს.
სურათი #5 - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ მოთხოვნილი მილიონიანი ბრუნვა და 25 წლიანი გამოცდილება
ინდ. მეწარმემ სერგ სარქისოვმა რომელიც ლიფტების მონტაჟთან დაკავშირებულ ტენდერებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ხშირად იგებს, აღნიშნა, რომ მას არ აქვს ამ მოცულობის ბრუნვა, რის გამოც, მან ტენდერში მონაწილეობა ვერ შეძლო. მეწარმემ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ბოლნისის მუნიციპალიტეტი მილიონიან ბრუნვას არ მოითხოვდა ის მარტივად შეასრულებდა კაზრეთში ლიფტების მონტაჟთან დაკავშირებულ სამუშაოებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტს 25 წლიანი გამოცდილების და ევრო დირექტივების შესაბამისი სერტიფიკატების მოთხოვნის საჭიროების შესახებ საჯარო ინფორმაციის წერილი გავუგზავნეთ. მოგვწერეს, რომ სერტიფიკატების და 25 წლიანი გამოცდილების მოთხოვნა იმით იყო განპირობებული, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას მიეღო გამოცდილი და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საქონელი. მიუხედავად ამისა, 3 ტენდერიდან ერთ-ერთი დროულად მაინც არ შესრულდა, რის გამოც შპს სტუ-სის პირგასამტეხლო დაეკისრა (ამ საკითხს დეტალურად მეორე ტენდერის განხილვისას შევეხებით).
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტენდერი #2
მეორე ტენდერში, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტმა კაზრეთში ახალი ლიფტების მონტაჟისთვის გამოაცხადა ფორმალურ კონკურენციას ჰქონდა ადგილი. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. ორივე კომპანიაში შპს “სის ბიზნეს სერვისის” წარმომადგენელი ფიგურირებს. ამ ტენდერში კონკურენციის ხელოვნურობის ეჭვის საფუძველს ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ კომპანიებს ფასზე არ უვაჭრიათ.
შპს სტუ-სის ფორმალური კონკურენტი იყო შპს “ჰრაზდან ვერელაკის ფილიალი საქართველოში”. ამ კომპანიას (ჰრაზდან ვერელაკის ფილიალი) ელექტრონულ მისამართად მითითებულია tskhadaia.t@gmail.com. აღნიშული მისამართი ეკუთვნის თორნიკე ცხადაიას, რომელიც შპს “სის ბიზნეს სერვისში” მუშაობს.
სურათი #6 - ჰრაზდან ვერელაკის ფილიალის ელექტრონული მისამართი
სურათი #7 - თორნიკე ცხადაია - შპს სის ბიზნეს სერვისის წარმომადგენელი
ელექტრონული ტენდერის ჩატარების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ჯანსაღი კონკურენციაა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების დანართის №1- ით დამტკიცებული აფიდავიტის ფორმისა და პირობების მიხედვით, გამოცხადებულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ მის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება შემუშავებულია კონკურენტისგან დამოუკიდებლად. ამასთან, ამავე პირობების მიხედვით, „კონკურენტი“ არის ნებისმიერი პირი, რომელიც არის ან შესაძლებელია იყოს პრეტენდენტი ამ ტენდერში/ კონკურსში.
აფიდავიტის პირობების დარღვევისთვის კი, მიმწოდებელი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. რამდენად იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შემუშავებული ორი კომპანიის - შპს სტუ-სის და ჰრაზდან ვერელაკის ფილიალის სატენდერო წინადადებები, როცა ორივე კომპანიაში ერთიდაიგივე პირი მუშაობს, ამასთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტს შეკითხვები არ გასჩენია. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს სტუ-სმა და შპს ჰრაზდან ვერელაკის ფილიალმა საქართველოში ბოლნისის მუნიციპალიტეტს “მოგიოლიოვლიფტმაშის” 400 კგ-იანი და იდენტური ტვირთამწეობის მოდელის ლიფტები შესთავაზეს. თუმცა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას შეკითხვები არც ამ ფაქტმა გაუჩინა.
გარდა ამისა, შპს სტუ-სიმ ზემოთ აღნიშული ტენდერი მაშინ მოიგო რაც მისი მფლობელი შპს “სის ბიზნეს სერვისი” შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს მიერ არაკეთილსინდისიერებაში იყო მხილებული (2018 წლის 4 სექტემბერს სის ბიზნეს სერვისი შავ სიაში იყო დარეგისტრირებული, რადგან კომპანიამ სახელმწიფო ელექტროსისტემას ის საქონელი არ მიაწოდა, რაც ხელშეკრულებით იყო მოთხოვნილი) და შავ სიაში რეგისტრირდებოდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესყიდვების კომისიას არც ამ ფაქტთან დაკავშირებით გასჩენია ეჭვები.
საბოლოოდ კი, მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება ასეთ საეჭვო პირობებში გაუფორმა შპს სტუ-სის. ხელშეკრულებაში ორი ცვლილება შევიდა. ორივე მათგანი ხელშეკრულების შესრულების ვადის გახანგრძლივებას შეეხებოდა. ამის მიუხედავად შპს სტუ-სიმ დროულად მაინც ვერ დაამონტაჟა ახალი ლიფტები კაზრეთში, რის გამოც ბოლნისის მუნიციპალიტეტი იძულებული გახდა კომპანიისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 42 660,30 ლარი დაეკისრებინა.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან წერილობით გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანხის სამუშაოები ჰქონდა შესრულებული შპს სტუ-სის, თუმცა მუნიციპალიტეტისგან პასუხი ვერ მივიღეთ. შესაბამისად, შეუძლებელი გახდა იმის დადგენა, პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული 42 660,30 ლარი შეესაბამება თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის დასაკისრებელ ჯარიმას.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტენდერი #3
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ კაზრეთში ლიფტების გამოცვლასთან დაკავშირებულ მესამე ტენდერში ამხანაგობა ქართულმა ლიფტმა გაიმარჯვა. ეს ტენდერი ამხანაგობა “ქართული ლიფტის” ერთადერთი ტენდერია.
ამხანაგობები საჯარო რეესტრში არ ფიქსირდებიან. ტენდერში ატვირთული დოკუმენტების მიხედვით კი, ირკვევა რომ კომპანიის ელექტრონული ფოსტა შპს “სის ბიზნეს სერვისის” თანამშრომლის თორნიკე ცხადაიას მისამართია.
სურათი #8 - ამხანაგობა ქართული ლიფტის ელექტრონული მისამართი
ტენდერში ატვირთული დოკუმენტების მიხედვით გაირკვა, რომ ამხანაგობაში შედიან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სის ბიზნეს სერვისი და ტელიფტი. ტელიფტის 100%-იანი მფლობელია ლერი ჩხეიძე. ტელიფტს ისევე როგორც სის ბიზნეს სერვისს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ბელორუსული “მაგილიოვლიფტმაშის” ქარხანასთან. ეს სწორედ ის კომპანიაა საიდანაც ჩამოაქვს ლიფტები შპს “სის ბიზნეს სერვისს”. მაგილოვის ლიფტების ოფიციალური დილერი საქართველოში, როგორც ბელორუსული ლიფტების კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ირკვევა არის შპს “სის ბიზნეს სერვისი”. შესაბამისად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ ამხანაგობის უკანაც ის კომპანიები დგანან, რომლებმაც მოიგეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ ლიფტების მონტაჟთან დაკავშირებული წინა ორი ტენდერი.
სურათი #9 - სის ბიზნეს სერვისი ბელორუსული ლიფტების ოფიციალური დილერი საქართველოში
დასკვნა
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა კაზრეთში ახალი ლიფტების დამონტაჟებისთვის სამი ტენდერი გამოაცხადა. ეს ტენდერები სხვადასხვა დასახელების კომპანიებმა მოიგეს, თუმცა სამივე კომპანიის უკან რეალურად ერთიდაიგივე მფლობელები დგანან.
სამი ტენდერიდან ერთი უკონკურენტო იყო. მეორე ტენდერში კი, ფორმალურ კონკურენციას ჰქონდა ადგილი, რადგან სხვადასხვა დასახელების კომპანიების უკან სინამდვილეში ერთი პირი იდგა. აღნიშნული ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების პრინციპს, ვინაიდან კონკურენტები არ უნდა იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული, რათა არ მოხდეს ფასზე შეთანხმება და ამ გზით შესყიდვების მთავარი პრინციპის - ჯანსაღი კონკურენციის დარღვევა იქნას თავიდან აცილებული.
კაზრეთში ლიფტების მონტაჟის მესამე ტენდერში რეალური კონკურენცია გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტმა დაბალი ფასი დაასახელა, მან ტენდერი ვერ მოიგო, რადგან ვერ დააკმაყოფილა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი სატენდერო პირობები. მუნიციპალიტეტი 25 წლიან გამოცდილებას, მილიონიან ბრუნვას და ევრო დირექტივების შესაბამის სერთიფიკატებს ითხოვდა. აღნიშნულმა შეზღუდა ბაზარზე არსებული სხვა მიმწოდებლები. დაბალი კონკურენციის შედეგად კი, ელექტრონულ ტენდერში არ შედგა ფასზე ვაჭრობა და არ დაიზოგა ბიუჯეტის სახსრები.
ასავე აღსანიშნავია, რომ კაზრეთის ლიფტების ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები სათანადოდ არ შეასრულა. რის გამოც, ერთ შემთხვევაში, ის შავ სიაში დარეგისტრირდა, ხოლო მეორე შემთხვევაში პირგასამტეხლო დაეკისრა.
მიუხედავად ამისა, ეს კომპანიები საქართველოში ლიფტების წარმოების დაწყებას გეგმავენ, რისთვისაც მათ სახელმწიფო სტრუქტურების სრული მხარდაჭერა აქვთ. ეს კომპანიები აწარმოებენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან ლიფტების სამომავლო მონტაჟთან დაკავშირებითაც.
გასათვალისწინებელია, რომ სხვა შემთხვევებში ლიფტების მონტაჟთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ კონკურენციის მაღალი ხარისხი, რათა მაქსიმალურად მეტმა მიმწოდებელმა შეძლოს მონაწილეობის მიღება და დაიზოგოს სახელმწიფოს სახსრები.