კორუფციის აღქმის ინდექსი 2021

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 1 თებერვალი 2022

საერთაშორისო გამჭვირვალობამ 25 იანვარს კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) 2021 წლის შედეგები გამოაქვეყნა.  ორგანიზაციის შეფასების მიხედვით საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზეა 55 ქულით, რაც გაუარესებული მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობას ინარჩუნებს, საერთაშორისო რეიტინგში მან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ოთხი საფეხურით უკან გადაინაცვლა. 2020 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზე იყო 56 ქულით, 2019 წელს 56 ქულით - 44-ე ადგილზე, 2018 წელს კი - 58 ქულით 41-ე ადგილს იკავებდა.

კორუფციის აღქმის ინდექსი მონაცემებს იღებს და ამუშავებს სხვადასხვა წყაროდან, როგორიცაა მეწარმეებისა და ექსპერტების გამოკითხვა საჯარო სექტორში კორუფციასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინდექსის მიხედვით ქვეყნები 0-დან 100 ქულამდე სისტემით ფასდება, საიდანაც 100 ნიშნავს კორუფციის არარსებობას, 0 კი - კორუფციის მაღალ დონეს. 2021 წლის მონაცემებით საერთაშორისო რეიტინგში საშუალო ქულაა 43, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში - 36.

 

საერთაშორისო დონეზე საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ და შესაბამისად პირველ ათეულში შედიან დანია, ფინეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სინგაპური, შვედეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი და გერმანია.

 

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის განმავლობაში საქართველო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მოხვდა. მათი უმეტესობა საქართველოში კორუფციის მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. მართალია, საქართველომ წვრილმანი კორუფციის ბრძოლის მიმართულებით წარმატებას მიაღწია, მაგრამ ქვეყანაში ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული მაღალი დონის კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება. სწორედ აღნიშნულზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შედეგი წლების განმავლობაში უარესდება. ინდექსის ფარგლებში საქართველოს მიერ 2021 წელს დაფიქსირებული ქულა 2015 წლის შემდეგ ქვეყნისთვის მინიჭებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

ამ ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოა საქართველოს მთავრობის მიერ ანტიკორუფციული გარემოს შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) ანგარიშის მიღების შეფერხება. აქვე, ნიშანდობლივია, რომ ქვეყნის მიერ ანტიკორუფციული მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულება დაბალი პროგრესით ხასიათდება, რაც ცალსახად მიუთითებს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პასიურ ფაზაში გადასვლაზე. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელია ეროვნული ანტიკორუფციული საბჭო არ შეკრებილა, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო ფაქტობრივად აღარ არსებობს, 2021-2022 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა არ შემუშავებულა. აღნიშნული პრაქტიკა ანტიკორუფციულ მაჩვენებლებთან ერთად ცხადყოფს, რომ ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება ქვეყანაში პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.

 

არსებული გამოწვევების საპასუხოდ უმნიშვნელოვანესია, საქართველომ განაახლოს ანტიკორუფციული საბჭოს ფუნქციონირება, პირნათლად შეასრულოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციები, მეტი ყურადღება დაუთმოს ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას, მხედველობაში მიიღოს ამ მიმართულებებით იდენტიფიცირებული გამოწვევები, დროულად შეიმუშაოს ქმედითი პოლიტიკის დოკუმენტები და მათ ფარგლებში გაითვალისწინოს ამბიციური ვალდებულებები.

 

IDFI კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და, შესაბამისად, მაღალ საზოგადოებრივ ნდობას. საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის პრაქტიკის ანალიზი კი ცხადყოფს, რომ კორუფციასთან მებრძოლ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური.

 

აქედან გამომდინარე, IDFI აუცილებლად მიიჩნევს ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს.

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024