თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა IDFI-ის სარჩელი საქართველოს ეროვნული არქივის წინააღმდეგ

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა | პუბლიკაციები | სტატია 1 ივლისი 2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის, 4 აპრილის გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ (ეროვნული არქივი) წინააღმდეგ. სასამართლომ მოპასუხე მხარეს დაავალა ინფორმაციის გაცემა საარქივო ფონდის დოკუმენტებზე დაშვების შესახებ განხილულ განცხადებათა და მათზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული არქივის განცხადებით, ის არ აწარმოებდა IDFI-ის მიერ მოთხოვნილ სტატისტიკურ მონაცემებს.


მოცემული დავა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით. პირველი, სასამართლომ დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს სტატისტიკური ინფორმაციის შექმნა და გაცემა; მეორე, სასამართლომ მიიჩნია რომ საარქივო ფონდებთან დაშვების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში; და მესამე, დავის პროცესში გამოვლინდა მოქმედი კანონმდებლობის (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი) მოთხოვნათა დარღვევის სისტემური პრაქტიკა ეროვნულ არქივში.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა არქივმა, თავდაპირველად, უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ჩვენი განცხადება და კანონით დადგენილ მაქსიმალური 10 დღის შემდეგაც არ გვაცნობა ჩვენს განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. უწყებისგან ჩვენს განცხადებაზე პასუხის მიღება 4 თვიანი დაგვიანებით მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი რაც ეროვნულ არქივს ეცნობა მის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივრის შესახებ. ამასთან, ეროვნული არქივის მაკონტროლებელმა უწყებამ - საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უარი თქვა ეროვნული არქივის წინააღმდეგ ჩვენს მიერ შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. აღნიშნული წარმოადგენდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას, რადგან იუსტიციის სამინისტროს ვალდებულებაა წარმოადგენს არქივის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ზედამხედველობა.

 

IDFI-ისა და ეროვნული არქივის პოზიციები


არქივების ღიაობის საკითხი მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე საზოგადოებისთვის. ის პირდაპირ უკავშირდება ინფორმაციის თავისუფლებას, დემოკრატიზაციას, წარსულის (განსაკუთრებით საბჭოთა ეპოქის) სწორად გააზრებასა და ერის კოლექტიური მეხსიერების ფორმირებას. ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთმა პირმა განაცხადა, რომ არ მოხდა საქართველოს ეროვნულ არქივში მათი დაშვება და არ მიეცათ მკვლევართა დარბაზში მუშაობის უფლება, უარის სამართლებრივი განმარტება კი შესაბამისი უფლებამოსილი პირებისგან მათ ვერ მიიღეს. [1] [2] რამდენიმე პირმა მსგავსი პრობლემით მომართა ჩვენს ორგანიზაციასაც, სადაც ისინი აღნიშნავდნენ, რომ არქივმა მათი მოთხოვნა მკვლევრად დაშვების თაობაზე არ დააკმაყოფილა და მიზეზი არადამაჯერებლად განმარტა.


იხ. მაგალითი. მეცნიერ ფატიმა ტახნაევას მიმოწერა საქართველოს ეროვნულ არქივთან. მეცნიერს უარი ეთქვა ეროვნული არქივის სამკითხველო დარბაზში დაშვებაზე. ეროვნულმა არქივმა არ განმარტა უარის თქმის საფუძველი.

 

 

 

სწორედ მოცემული პრობლემის მასშტაბის სრულად შესწავლის მიზანს ემსახურებოდა IDFI-ის მიერ წარმოებული სასამართლო დავა. ჩვენს მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის მიღება იმის შესახებ თუ რამდენ პირს და რა მიზეზით ეთქვა უარი საარქივო ფონდებზე დაშვებაში (იხ. სარჩელი). 


საქართველოს ეროვნული არქივი არ გასცემდა აღნიშნულ ინფორმაციას და მიუთითებდა, რომ უწყება არ ახდენდა განცხადებათა და მათზე მიღებულ გადაწყვეტილებათა სრულყოფილ აღრიცხვას, შესაბამისად, მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა მოთხოვნილი ინფორმაცია (იხ. შესაგებელი).

 

სასამართლოს გადაწყვეტილება


სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (სზაკ), ეროვნული არქივისა და ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ საქართველოს კანონდებით და დაავალა ეროვნულ არქივს ინფორმაციის გაცემა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებზე დაშვების შესახებ განხილულ განცხადებათა და მათზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ.


სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ IDFI-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ შეიცავდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დახურული სახის საჯარო ინფორმაციას, ე.ი. სახელმწიფო საიდუმლოებას, კომერციულ ან პერსონალურ საიდუმლოებას.

 

სასამართლომ არ გაიზიარა ეროვნული არქივის პოზიცია და აღნიშნა, რომ ეროვნული არქივის ვალდებულებას წარმოადგენდა იმ ინფორმაციის გაცემა, რომელიც ინახებოდა დაწესებულებაში ან რომელზეც მას მიუწვდებოდა ხელი. არგუმენტი იმის შესახებ, რომ ეროვნული არქივი სისტემურად არ აღრიცხავდა ყველა განცხადებასა და მათზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ვერ იქნებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი დასაბუთება. ეროვნული არქივი ვალდებული იყო გაეცა ინფორმაცია იმ განცხადებებისა და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც მცირე რაოდენობით, თუმცა იყო დაცული საჯარო დაწესებულებაში.

 

პროცესში გამოვლენილი სისტემური ხარვეზები


სამართლებრივ სახელმწიფოში ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა არის კანონით შებოჭილი და გადაწყვეტილების მიღების ფარგლებს ქმნის მისი უფლებამოსილების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (სზაკ) ადგენს ადმინისტრაციული წარმოების სახეებს, მათ ეტაპებს და სახელმწიფოსა და მხარეების ვალდებულებებს.


სასამართლო დავის მიმდინარეობის პროცესში წარმოჩინდა ეროვნული არქივის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით საჯარო დაწესებულებებზე დაკისრებული არაერთი ვალდებულების დარღვევა და დაწესებულებაში არსებული სისტემური ხარვეზები. კერძოდ:


- ეროვნული არქივი სრულად არ აღრიცხავს მიღებულ განცხადებებსა და მათთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილებებს

 

საკუთარ შესაგებელში, მოპასუხე მხარე განმარტავდა, რომ ეროვნული არქივში არ იყო განცხადებების აღრიცხვისა და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების შენახვის ფორმალიზებული, სტრუქტურირებული სისტემა. აღნიშნული არაერთხელ დაადასტურეს ეროვნული არქივის წარმომადგენლებმა სასამართლო პროცესების მიმდინარეობის პროცესში.

 

- ეროვნული არქივი უხეშად არღვევს უარის შესახებ გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით გამოცემის ვალდებულებას

 

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად (სზაკ-ის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი) იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებს ის მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას უწყების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეროვნულ საარქივო ფონდის დოკუმენტებზე დაშვების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოსცემდნენ თუ ამას მოითხოვდა თავად განმცხადებელი და დასძინეს, რომ მსგავსი შემთხვევები პრაქტიკაში იშვიათობას წარმოადგენდა. ე.ი. ეროვნულ არქივში დანერგილი პრაქტიკის თანახმად, საარქივო ფონდებზე დაშვების შეზღუდვის შემთხვევაში ზეპირი სახით მიღებული გადაწყვეტილებები, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გამოიცემა წერილობითი სახით.

 

- ეროვნული არქივი არ განმარტავს უარის შესახებ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების პროცედურებს


მოქმედი კანონმდებლობის თანახმად (სზაკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილი) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებს უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა. საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენელთა განმარტებით განმცხადებლებს, როდესაც მათ ეცნობებოდათ საარქივო დოკუმენტებზე დაშვებაზე უარის შესახებ, არ განემარტებოდათ აღნიშნული გასაჩივრების წესი და პროცედურები.

 

შეჯამება 

 

ეროვნული არქივი წარმოადგენს ორგანოს, რომელშიც დაცულია ეროვნული საარქივო ფონდის უდიდესი ნაწილი. ამასთან, სწორედ ეროვნული არქივს აქვს დაკისრებული აღნიშნულ ფონდთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება, საარქივო საქმის მართვა, საქმისწარმოების სრულყოფა და ეროვნული საარქივო ფონდის განვითარება. აღნიშნულის ფონზე, განსაკუთრებით პრობლემურია, რომ არსებული მდგომარეობით ეროვნული არქივი უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. უწყება კვლავაც უარს ამბობს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. ეროვნულმა არქივმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.


ვფიქრობთ, მოცემულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს ეროვნულ არქივში არსებულ ხარვეზთა გამოსწორების მიმართულებით, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილება არეგულირებს მხოლოდ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. სისტემური პრობლემების გადაჭრისთვის კი აუცილებელია ეროვნული არქივის საქმიანობის მომწესრიგებელ სამართლებრივ აქტებში ცვლილებათა განხორციელება. სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე წლის 10 აპრილს IDFI-მ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს (იხ. საკანონმდებლო წინადადება). ვიმედოვნებთ, რომ IDFI-ის საქმიანობისა და ადვოკატირების შედეგად გაიზრდება საარქივო დოკუმენტთა ხელმისაწვდომობის ხარისხი საქართველოში.

 

[1] http://magastimes.ru/obrashhenie-bersnako-gazikova-k-prezidentu-akademii-nauk-gruzii-georgiyu-kvesitadze/

 

[2] https://www.kavkaz-uzel.eu/articles/310286/?fbclid=IwAR264NMv8oNzv7GGnjEfg8NtVxK8-VDI9F-jO0B_i02YTjIS5DSw75lVJ8E

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024