სოლიდარობა ვახო სანაიას
ქართული სამოქალაქო საზოგადოება საგანგაშოდ მიიჩნევს ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანისა და ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაპატიმრებას, რაც გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მცდელობაა, რაც რუსულ-ბელარუსული სტილის ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელი ქმედებაა, როდესაც განსხვავებული, კრიტიკული აზრი ავტორიტარების მთავარი მტერი და სამიზნეა. ფაქტია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ზედმიწევნით ზუსტად აკოპირებს და ამკვიდრებს საუკეთესო რუსულ გამოცდილებას და ცდილობს საზოგადოება შეაგუოს მოცემულობას, როდესაც ადამიანები მათი პირადი მოსაზრებებისა და შეხედულებების გამოხატვისთვის ისჯებიან და ამგვარი მიდგომა ნორმად აქციოს.