გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესის ანალიზი

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 7 თებერვალი 2020

 

დღეს, 7 თებერვალს, საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე შეარჩია.

 

შერჩეული კანდიდატი

 

საპროკურორო საბჭომ 2020 წლის 27 იანვარს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრების პროცესი დაიწყო, რომელიც 5 თებერვალს დასრულდა. საბჭომ გასაუბრებების შედეგად ოთხი კანდიდატი შეარჩია. შერჩეულ კანდიდატებს, პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის (შემდგომში „ორგანული კანონი“) მე-16 მუხლის შესაბამისად, საბჭომ ცალ-ცალკე უყარა კენჭი. ფარული კენჭისყრის შედეგად შერჩეული კანდიდატი, ირაკლი შოთაძე, რომელმაც 11 ხმა მიიღო, შესაბამისი დასაბუთებით პარლამენტს უნდა წარედგინოს.

 

ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა ფართო საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე. შესაბამისად, IDFI მიიჩნევს, რომ საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევის შესახებ ხელს არ შეუწყობს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

 

 

შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და შერჩევის კრიტერიუმები

 

IDFI აქტიურად ადევნებდა თვალს გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს და მიესალმება საპროკურორო საბჭოს მიერ გამოჩენილ ინიციატივას გასაუბრებების პირდაპირ ეთერში გადაცემასა და აუდიოჩანაწერების საჯაროობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რაც აღნიშნული პროცესის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს ის ხარვეზები, რომლებიც დაფიქსირდა გენერალური პროკურორის კანდიდატის შერჩევის პროცესში, რასთან დაკავშირებით 12 იანვარს განცხადებაც გაკეთდა. IDFI კვლავაც აღნიშნავს, რომ გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, არსებობდეს გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის დეტალური კრიტერიუმები, რადგან ორგანული კანონით კანდიდატად რეგისტრაციისთვის დადგენილი ზოგადი კრიტერიუმები საკმარისი არ არის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სუბიექტური ფაქტორების სათანადოდ შემცირებისთვის.

 

 

ორგანული კანონის მე-16 მუხლის მიხედვით გენერალური პროკურორობის კანდიდატი შემდეგ მინიმალურ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: ნასამართლობის არქონა, უმაღლესი იურიდიული განათლება, მაღალი ავტორიტეტი და პროკურორად, სისხლის სამართლის მოსამართლედ ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და აღიარება უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.

 

გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის დეტალური კრიტერიუმების არარსებობის ფონზე რთულია იმის შეფასება, რამდენად იხელმძღვანელეს საპროკურორო საბჭოს წევრებმა სამართლიანობის, ობიექტურობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებით და კანდიდატების პროფესიული და ეთიკური  ცოდნიდან, გამოცდილებიდან და უნარებიდან გამომდინარე.

 

 

შესაბამისად, IDFI რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას, საკანონმდებლო დონეზე გაიწეროს ან საპროკურორო საბჭომ განკარგულებით დაამტკიცოს გენერალური პროკურორის შერჩევის დეტალური კრიტერიუმები, რომლებიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კომპეტენტურობა. თითოეული კრიტერიუმი უნდა იყოს განმარტებული და საპროკურორო საბჭოს წევრებს ჰქონდეთ მათი გამოყენების და შეფასების ნათელი ინსტრუქცია.

 

IDFI მიიჩნევს, რომ გენერალური პროკურორის შერჩევის წესის და კრიტერიუმების ნათლად გაწერის გარეშე რთული იქნება გენერალური პროკურორისა და ზოგადად, პროკურატურის მიერ საზოგადოების ნდობის მოპოვება და შენარჩუნება.

 

საპროკურორო საბჭოს განკარგულების ხარვეზი

 

საპროკურორო საბჭოს #1 განკარგულების[1]  შესაბამისად კანონით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებთან თანხვედრა მოწმდება საწყის ეტაპზე - გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების დროს. განკარგულების მეორე მუხლის მიხედვით, კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, საპროკურორო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პირის კანდიდატთა სიაში დატოვების ან სიიდან ამოღების შესახებ. აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგება ორგანულ კანონს, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს, რომ მასში მითითებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება აუცილებელია გენერალურ პროკურორად  არჩევისთვის. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ იტოვებს განკარგულებით საპროკურორო საბჭო უფლებას, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება მისცეს პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ მინიმალურ კრიტერიუმებს.

 

გენდერული საკითხები შერჩევის პროცესში

 

ამავდროულად, IDFI საჭიროდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესში საპროკურორო საბჭოს სხდომებზე გამოკვეთილ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ორგანული კანონის მე-19 მუხლის თანახმად საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრების (8 წევრი) მინიმუმ ერთ მეოთხედს განსხვავებული სქესი უნდა წარმოადგენდეს. ყურადსაღებია, რომ საბჭოს მიმდინარე შემადგენლობაში მხოლოდ ორი ქალია წარმოდგენილი - ორგანული  კანონით მოთხოვნილი მინიმალური რაოდენობა. ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ გენერალური პროკურორობის 15 კანდიდატიდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გასაუბრებებში, მხოლოდ ორი იყო ქალი.

 

ერთი მხრივ, მისასალმებელია, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ორივე ქალმა შეძლო შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასვლა და მათ დანარჩენ ორ კანდიდატთან ერთად 6 თებერვალს ეყარათ კენჭი საპროკურორო საბჭოს სხდომაზე. მეორე მხრივ, ყურადღება უნდა გამახვილდეს გასაუბრებების დროს საბჭოს წევრების მიერ გამოვლენილ გენდერული მგრძნობელობის სიმცირეზე. კერძოდ, გასაუბრების დროს საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც პროკურორების დატვირთულ სამუშაო გრაფიკზე საუბრობდა, აღნიშნა, რომ რთული სამუშაო გრაფიკი განსაკუთრებით მძიმე ტვირთია ქალებისთვის და ყურადღება გაამახვილა საბჭოს თავმჯდომარეზე, როგორ ქალზე, რომელსაც ოთხი შვილი ყავს და ბავშვების მოვლასთან ერთად საქმეზე ფიქრიც უწევს. IDFI მიიჩნევს, რომ მიუღებელია, საპროკურორო საბჭოს წევრის მხრიდან სტერეოტიპული გენდერული როლების განაწილება იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტს გენდერულ დისკრიმინაციასთან ბრძოლა და გენდერული თანასწორობის განმტკიცება წარმოადგენს. გარდა ამისა, პროკურატურის სიტემაში ქალი თანამშრომლების რაოდენობის გაზრდის მიზნით ერთ-ერთი კანდიდატის მიერ წამოწეული იქნა გენდერული კვოტირების, როგორც დროებითი ღონისძიების შემოღების შესაძლებლობა. კანდიდატმა განმარტა, რომ თანაბარი კომპეტენციის მქონე ორ პირს შორის, სასურველი იქნებოდა ქალს მიენიჭოს უპირატესობა უწყებაში მათი სიმცირის გამო. საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთი წევრისთვის ასევე გაუგებარი აღმოჩნდა მსგავსი მიდგომა და ის დისკრიმინაციად შეაფასა. IDFI-ს მოსაზრებით, სამწუხაროა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბჭოს ზოგიერთ წევრს საკმარისი ინფორმაცია არ აღმოაჩნდა და ხაზს უსვამს, რომ ე.წ. პოზიტიური დისკრიმინაცია, რომელიც მოწყვლადი/დისკრიმინირებული ჯგუფის ხელშეწყობას გულისხმობს, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და მიზნად ისახავს ხელოვნურად შექმნილი დისბალანსის აღმოფხვრას თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე IDFI მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს წევრებს, რომ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ გენდერულ საკითხებზე საუბრისას და ხელი არ შეუწყონ გენდერული სტერეოტიპების კიდევ უფრო განმტკიცებას.

 

რეკომენდაციები

 

IDFI რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას, რომ შემუშავდეს გენერალური პროკურორის შერჩევის დეტალური კრიტერიუმები, რომლებიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კომპეტენტურობა. თითოეული კრიტერიუმი უნდა იყოს განმარტებული და საპროკურორო საბჭოს წევრებს ჰქონდეთ მათი გამოყენების და შეფასების ნათელი ინსტრუქცია.

 

IDFI მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს, რომ გადახედოს #1 განკარგულებას და უზრუნველყოს მისი სრული შესაბამისობა ორგანულ კანონთან.

 

IDFI ასევე მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს წევრებს, რომ მომავალში მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ გენდერულ საკითხებზე საუბრისას და ხელი არ შეუწყონ გენდერული სტერეოტიპების განმტკიცებას ქვეყანაში.

 

 

 

______

[1] საპროკურორო საბჭოს განკარგულება #1 საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 2.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024