სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა: პროგრესი და საკვანძო გამოწვევები

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ანგარიში 29 მარტი 2024

IDFI-ს წარმატებული სტრატეგიული სამართალწარმოებისა და მრავალწლიანი ადვოკატირების შედეგად, 2023 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ნორმატიულ დონეზე არსებითად გაუმჯობესდა ღია სხდომაზე მიღებული სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის საკითხი და ცვლილებების ამოქმედების თარიღად 2024 წლის 01 იანვარი განისაზღვრა.

 

მიუხედავად არსებითად პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებებისა, ერთი მხრივ საკანონმდებლო ჩარჩო კვლავაც საჭიროებს გაუმჯობესებას და მეორე მხრივ, პრაქტიკაში უკვე მიღებული ცვლილებების აღსრულების თვალსაზრისით არსებითი მნიშვნელობის სისტემური გამოწვევები ვლინდება.

 

ანგარიშის მიზანს წარმოადგენს წარმოაჩინოს იმ მოვლენების ქრონოლოგია, რომელიც წინ უძღოდა 2023 წლის ივნისში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, შეაფასოს არსებული ნორმატიული ჩარჩო და განიხილოს ის სისტემური გამოწვევები, რომლებიც ვლინდება პრაქტიკაში საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების თვალსაზრისით. 

 

ანგარიში ოთხი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: პირველი თავი ეთმობა იმ მოვლენების აღწერასა და შეფასებას, რომლებიც განვითარდა 2015 წლიდან 2024 წლის 01 იანვრამდე; მეორე და მესამე თავები კი ეთმობა 2024 წლის 01 იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში აღსრულების შედეგების მიმოხილვასა და ანალიზს. კერძოდ, მეორე თავი ეთმობა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის გზით საერთო სასამართლოებიდან ღია სასამართლო სხდომაზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების მიღების თვალსაზრისით გამოვლენილი მიგნებებისა და გამოწვევების ანალიზს, ხოლო მესამე თავი კი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების გამოქვეყნების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებას. რაც შეეხება მეოთხე თავს, ის მოიცავს სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო და პრაქტიკული საკვანძო გამოწვევების შემაჯამებელ სამართლებრივ შეფასებას.

 

ანგარიშის ძირითადი მიგნებები

 

- 2024 წლის 01 იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო მოწესრიგება სასამართლო აქტების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის  უზრუნველყოფის თვალსაზრისით გაუმჯობესებულ სტანდარტს ითვალისწინებს;

 

- საკანონმდებლო დონეზე, საკვანძო გამოწვევად რჩება  სასამართლო აქტებზე დროული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხი (როგორც საჯარო ინფორმაციის სახით მიღების, ისე პროაქტიულად გამოქვეყნების თვალსაზრისით);

 

- საკანონმდებლო ცვლილებებით დადგინდა არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების, არამედ ზოგადად სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის ვალდებულება;

 

- 2024 წლამდე მოქმედი რეგულირებით სასამართლოს გადაწყვეტილებების ვებგვერდზე განთავსება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გაგზავნიდან 1 თვის ვადაში უნდა მომხდარიყო, 2024 წლის 01 იანვრიდან სასამართლოს აქტი პროაქტიულად გამოქვეყნდება, მხოლოდ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ;

 

- 2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, საერთო სასამართლოები არ აღასრულებენ 2024 წლის 01 იანვრიდან ძალაში შესულ საკანონმდებლო ცვლილებებს (საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლიდან 2 თვის თავზეც, სასამართლო აქტების რეალური ხელმისაწვდომობა კვლავ სისტემურ  გამოწვევად რჩება);

 

- მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები 2023 წლის 13 ივნისს იქნა მიღებული და ძალაში შესვლის თარიღად 2024 წლის 01 იანვარი განისაზღვრა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოებს არ გადაუდგამთ ქმედითი ნაბიჯები, კანონმდებლობის აღსრულების უზრუნველსაყოფად;

 

- თუკი საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე IDFI-ს 36 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნიდან (რომელიც შეეხებოდა სხვადასხვა ტიპის სასამართლო აქტებს) მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდგომ უკვე საქართველოში მოქმედმა ყველა სასამართლომ უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები - ჯამში 36 მოთხოვნა;

 

- კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებების პროაქტიულ გამოქვეყნებას აწესრიგებს, საკანონდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს;

 

- ახალი რეგულირების ამოქმედების მიუხედავად, ვებგვერდზე (ecd.court.ge) სასამართლო აქტების გამოქვეყნება არ განახლებულა;

 

- საერთო სასამართლოების სისტემიდან მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლო უზრუნველყოფს საკუთარი გადაწყვეტილებების  დეპერსონალიზებული ტექსტების პროაქტიულ  ხელმისაწვდომობას მისივე ელექტრონულ პლატფორმაზე.

 

რეკომენდაციები

 

- საქართველოს პარლამენტმა, საკანონმდებლო ცვლილებებით, უნდა უზრუნველყოს სასამართლო აქტების დროული ხელმისაწვდომობა, როგორც საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის, ისე მათი პროაქტიულად გამოქვეყნების თვალსაზრისით. სასამართლოს აქტის ხელმისაწვდომობა არ უნდა იყოს დამოკიდებული შესაბამის საქმეზე მიღებული  საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე;

 

 

- საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს/შეცვალოს სასამართლოს აქტების პროაქტიულად გამოქვეყნების წესი; 

 

 

- საერთო სასამართლოებმა უარი უნდა თქვან კონსტიტუციის და ორგანული კანონის მოთხოვნების სისტემურ დარღვევაზე და დაიწყონ სასამართლო აქტების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა; 

 

 

- საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა განაახლოს სასამართლო აქტების გამოქვეყნება პლატფორმაზე ecd.court.ge. პლატფორმაზე უნდა განთავსდეს 2020 წლის პირველი მაისის შემდგომ მიღებული სასამართლო აქტებიც.

 

 

საანგარიშო პერიოდის შემდგომ განვითარებული მოვლენები: 1 - 26 მარტი, 2024

 

2024 წლის 4 მარტს IDFI-მ უპასუხოდ დატოვებული განცხადებები ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა.

 

ადმინისტრაციული საჩივრების შეტანის შემდგომ, რამდენიმე სასამართლომ IDFI-ს მიაწოდა სასამართლო აქტები. 2024 წლის 26 მარტის მდგომარეობით, ეს სასამართლოებია: ზუგდიდის, სენაკის, თეთრიწყაროს, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოები, აგრეთვე  ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოები. ამ ეტაპზე IDFI-ს არ შეუფასებია, რამდენად არის დაცული კანონმდებლობის მატერიალური მოთხოვნები სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის თაობაზე. 

 

_____

 

ანგარიში მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. ანგარიშის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

 

 

/public/upload/Analysis/Accessibility of Geo.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024