IDFI-ს მიერ დამუშავებული მონაცემებით, 2005-13 წლებში საქართველოს მოქალაქის სტატუსი 53 067 ადამიანს მიენიჭა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2013 წელს, როდესაც პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა 9 626 უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიანიჭა.
2005-13 წლებში საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 37 462-მა მოქალაქემ მიიღო, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის მინიჭებული მოქალაქეობის რაოდენობას. „აღნიშნული დიდწილად გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით პრეზიდენტს რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ეთნიკური ქართველები მიმართავენ”, - ვკითხულობთ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების რაოდენობის თვალსაზრისით გამოირჩეოდნენ თურქეთის (3 464) და ისრაელის (3 363) მოქალაქეებიც.
„2005-2013 წლებში თურქეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევების დიდი რაოდენობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის უკანასკნელ თვეებში თურქეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკური ქართველების უპრეცენდენტო რაოდენობას საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიანიჭა”, - ვკითხულობთ IDFI-ს დოკუმენტში.
2012-13 წლებში საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით 30 სხვადასხვა ქვეყნიდან 1300-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა, მათ შორის, ძირითადად აზიისა და აფრიკის ქვეყნის მოქალაქეებმა.
2005-დან 2011 წლამდე საქართველოში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა 300-ს არ აღემატებოდა, მათ უდიდეს ნაწილს კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შეადგენდნენ.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, წინა წლებთან შედარებით, მაძიებელთა რიცხვის მკვეთრი ზრდა საერთაშორისო მოვლენებით შეიძლება აიხსნას. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებმა და საომარმა მოქმედებებმა აიძულა ამ ქვეყნების მოქალაქეები, დაეტოვებინათ საცხოვრებელი და თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით მიემართათ სხვადასხვა სახელმწიფოსათვის, მათ შორის საქართველოსთვის“, - აღნიშნავს IDFI.