მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები - საქართველო მსოფლიო ბანკის 2020 წლის შეფასებით

სიახლეები | კარგი მმართველობა | ანალიზი 15 ოქტომბერი 2020

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც ეფუძნება 30-ზე მეტ მონაცემთა წყაროს, რომლებიც მოქალაქეების, მეწარმეებისა და ექსპერტების შეხედულებებისა და გამოცდილებების კვლევებს წარმოადგენენ. ეს მონაცემები ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ისევე, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. აღნიშნულ წყაროებში წარმოდგენილი მონაცემების გაერთიანებისა და დამუშავების შედეგად ხდება ერთიანი მაჩვენებლების/რეიტინგების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა. რეიტინგს საფუძველი ჩაეყარა 1999 წელს World Bank Institute-ის,  Development Research Group of the World Bank-ისა და Brooking Institution-ის მიერ.

 

მოცემული ანალიზის მიზანია მკითხველისთვის საქართველოს მაჩვენებლების გაცნობა, სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა, განვლილი პროგრესის განხილვა და საქართველოს მაჩვენებლების შედარება ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებთან.

  

საქართველოს მაჩვენებლები

 

საქართველოს მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში ყველაზე მაღალი შეფასება 2013-2014 წელს ჰქონდა. ამ დრომდე საქართველოს მაჩვენებლები სწრაფი ტემპით იზრდებოდა. მოცემული პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან პროგრესს კანონის უზენაესობისა და კორუფციის კონტროლის მიმართულებებში მიაღწია.

 

მსოფლიო ბანკის მიერ შეფასებული 6 მიმართულებით ქვეყნის წინსვლა შენელდა. მსოფლიო ბანკის უახლესი შეფასებით საქართველომ წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი შედეგი მმართველობის ეფექტიანობის მიმართულებით აჩვენა, თუმცა, რეგრესი დაფიქსირდა ყველა დანარჩენ მიმართულებაში. ამასთან, წინა წლებში განვლილი გზის გაუმჯობესების ნაცვლად, 2018 წელს საქართველომ შეძლო მხოლოდ დაბრუნებოდა 2014 წელს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ მაჩვენებელს, ხოლო 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი გააუარესა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექვს მიმართულებას შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს მუდმივად პოლიტიკური სტაბილურობის მიმართულებაში აქვს.

 

 

 

ანგარიშვალდებულება

 

ამ მიმართულებით ფასდება ხელისუფლების მმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, სიტყვის, მედიის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.

 

ანგარიშვალდებულების მიმართულებით საქართველოს შეფასება მხოლოდ მცირედით აღემატება მაქსიმალური შეფასების ნახევარს  და ის 53-ია, რაც წინა წელთან შედარებით გაუარესებული შედეგია და კვლავაც ჩამოუვარდება 2014-2015 წლის მაჩვენებლებს.

 

მიუხედავად გაუარესებული შედეგისა, ანგარიშვალდებულების მიმართულებით საქართველო უსწრებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელორუსია, უკრაინა), ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილს იკავებს.

 

პოლიტიკური სტაბილურობა

 

ამ მიმართულებით ფასდება მმართველობის ძალადობრივი გზით შეცვლის ალბათობა ისევე, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ძალადობის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული ქმედებები.

 

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური სტაბილურობის კრიტერიუმში საქართველო მაღალი ქულით არასდროს შეფასებულა, ინდექსის თანახმად ქვეყანაში ამ მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და 2019 წელს მან მხოლოდ 29 ქულა მიიღო.

 

პოლიტიკური სტაბილურობის კრიტერიუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ბელორუსიაა, ხოლო საქართველო მესამე ადგილზეა მოლდოვას შემდეგ და წინ უსწრებს უკრაინას, სომხეთსა და აზერბაიჯანს. ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველო პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ ბოლო ადგილზეა და მნიშვნელოვნად  ჩამორჩება მის წინ მყოფ საბერძნეთს.

 

მთავრობის ეფექტიანობა

 

მთავრობის ეფექტიანობის თვალსაზრისით ფასდება სახელმწიფო სერვისების გამართულობა, საჯარო სამსახურის ხარისხი და მისი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლება.

 

მთავრობის ეფექტიანობა საქართველოში 2019 წელს 76.9 ქულით არის შეფასებული, რაც წლების მანძილზე საქართველოს მიერ ამ მიმართულებით მიღებული ყველაზე მაღალი შედეგია.

 

ეფექტური მმართველობის მხრივ საქართველოს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის მაჩვენებელს, ევროკავშირის ქვეყნებს შორის კი რვა ქვეყანას უსწრებს: სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი, იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი.

 

რეგულირების ხარისხი

 

რეგულირების ხარისხის მიმართულებით ფასდება სახელმწიფოს უნარი, შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით.

 

რეგულირების ხარისხის მიმართულება საქართველოში ექვსი მიმართულებიდან ყველაზე მაღალი ქულით არის შეფასებული (82.7), თუმცა, აღნიშნული ქულა შემცირებულია 2018 წელთან შედარებით.

 

საქართველოში კერძო სექტორის განვითარების მიზნით რეფორმების შემუშავებისა და გატარების უნარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით არის შეფასებული და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საქართველო ლიდერობს. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, საქართველო მე-15 ადგილს იკავებს.

 

კანონის უზენაესობა

 

კანონის უზენაესობის მიმართულებით ფასდება მთავრობის მოქმედებების კანონის ნორმებთან შესაბამისობა, სასამართლო ხელისუფლების პატივისცემა, ყურადღება მახვილდება სამართალდარღვევათა და დანაშაულის სტატისტიკაზე.

 

შეფასების თანახმად კანონის უზენაესობის მიმართულებით საქართველოს მაჩვენებელი მნივშენლოვნად გაიზარდა 2013 - 2014 წლებში, თუმცა, მას შემდეგ კანონის უზენაესობის მდგომარეობა ქვეყანაში უარესდებოდა. მართალია, 2018 წელს კანონის უზენაესობის შეფასებამ მცირედით იმატა, თუმცა, 2019 წელს მდგომარეობა კვლავ გაუარესდა და ის 2014 წლის მაჩვენებელსაც ჩამორჩება.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობით საქართველო ლიდერია, თუმცა, ქვეყანა საკუთარ მაჩვენებელს აუარესებს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს შორის უსწრებს იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს და მნიშვნელოვნად ჩამორჩება წევრი ქვეყნების უმეტესობას.

 

კორუფციის კონტროლი

 

მოცემული ინდიკატორით ფასდება ქვეყნებში როგორც ე.წ. „მცირე“ ასევე უფრო რთული, ე.წ. „მაღალი დონის“ კორუფციის მდგომარეობა. ყურადღება ექცევა მმართველი ძალის მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენების პრაქტიკას პირადი ინტერესებისთვის.

 

კორუფციის კონტროლი საქართველოში ექვს მიმართულებას შორის მინიჭებული ქულების მიხედვით 2019 წლისთვის მესამე ადგილზეა - მას წინ უსწრებს რეგულირების ხარისხი და მთავრობის ეფექტიანობა. 2019 წელს მოცემული მიმართულებით საქართველოს მაჩვენებელი წინა წელთან (ისევე, როგორც 2014 წელთან) შედარებით გაუარესდა და გაუტოლდა 2016 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს.

 

კორუფციის კონტროლის მიმართულებით საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-15 ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, იტალია, ლატვია, ხორვატია და სხვა.

 

 

შეჯამება

 

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების თანახმად საქართველომ 90-იანი წლებიდან დღემდე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა სახელმწიფო მმართველობის ექვსივე მიმართულებაში. განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოს მიერ განვლილი გზა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, სამწუხაროდ, სახელმწიფოებრივი განვითარების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა 2014 წლის შემდეგ. მრავალი მიმართულებით საქართველომ დღემდე ვერ შეძლო დაებრუნებინა 2014 წელს დაფიქსირებული შეფასების მაღალი სტანდარტი.

 

საქართველოს მაჩვენებლები ჯერ კიდევ ძალიან დაბალია ანგარიშვალდებულებისა და პოლიტიკური სტაბილურობის მიმართულებებში. ბოლო წლის შეფასებით კი რეგრესი შეიმჩნევა თითქმის ყველა მიმართულებაში.

 

საქართველოში დემოკრატიული მმართველობის შემდგომი განვითარებისა და ევროკავშირის ქვეყნებთან დაახლოების მიზნით მნიშვნელოვანია როგორც მიღწეული პროგრესის ხაზგასმა, ისე იმ პრობლემებზე საუბარი, რომლებიც მსოფლიო ბანკის შეფასებამ გამოავლინა. ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული იქნება შესაბამისი ნაბიჯები ქვეყნის სწრაფი ზრდისა და განვითარებისთვის, რაც აისახება მსოფლიო ბანკის მომდევნო წლის ანგარიშში.

 

____

[1]მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომია ბმულზე: http://info.worldbank.org/governance/wgi/Home/downLoadFile?fileName=Table1.pdf.

 

/public/upload/Blog/world governance indicators 2020 GEO.pdf

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ პროექტის „კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი“ პრეზენტაცია გამართა

20.10.2020

Freedom House: საქართველოს ქულა ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში გაუმჯობესდა

16.10.2020

IDFI-მ კორუფციასთან მებრძოლთა პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი განაახლა

13.10.2020
განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს, ასევე აუდიტის სამსახურს „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ „დოსიეს“ მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციაზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ

02.10.2020

IDFI-ს განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის თაობაზე

24.09.2020

არასამთავრობოები მოქმედი მოსამართლეების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეებზე ინფორმაციის გაასაჯაროებას მოითხოვენ

11.09.2020

კოალიცია საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებათა კანონპროექტს ეხმიანება

08.09.2020
ბლოგპოსტები

1930-იანი წლების რეპრესიების მეხსიერება - რას და რატომ ვიხსენებთ?

13.10.2020

კიბერშეტევა ჯანდაცვის სამინისტროზე და რუსული კვალი

03.09.2020

გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგში უკრაინის წამყვანი პოზიცია საშიშროების წინაშე დგას

02.09.2020

რუსული სპორტი და პოლიტიკა

13.08.2020