ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 მაისი 2021

20-21 მაისს ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, დამსწრეებმა 2021-2022 წლების საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით წარდგენილ ინიციატივებზე იმსჯელეს. 

 

შეხვედრა გახსნეს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, მარიამ ქვრივიშვილმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის გუნდის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ. დამსწრეებს ასევე მიესალმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სექციის ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი, რომელმაც აღნიშნა ღია და გამჭირვალე მმართველობის როლი და მნიშვნელობა საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერების მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ წარმატებით გაგრძელდება სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების პროცესი.

 

საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2021-2022 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა უახლოეს მომავალში დამტკიცდება, მან ხაზი გაუსვა ღია მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების მნიშვნელობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის გაძლიერების მიმართულებით. მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, გაეროს განვითარების პროგრამასა და საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ღიაობის პრინციპების მხარდაჭერისა და იმპლემენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის.

 

IDFI-ს დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მადლობა გადაუხადა საპარლამენტო საბჭოს სამუშაო შეხვედრის დაგეგმვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიური ჩართულობისათვის. გიორგი კლდიაშვილმა ხაზი გაუსვა გაეროს განვითარების  პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერას საპარლამენტო ღიაობის გაძლიერების მიმართულებით.

 

„ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებას შორის წარმატებული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია. დარწმუნებული ვარ, საბჭოს ახალი შემადგენლობაც აქტიურად იქნება ჩართული პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის, საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და OGP-ში საქართველოს პარლამენტის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის პროცესში. ასევე სასიხარულოა, რომ კვლავ ჩვეულ რეჟიმში გრძელდება სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობა.

 

წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის ვალდებულებების სრული უმრავლესობა შეირჩა სწორედ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრების რეკომენდაციების საფუძველზე.“ - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

 

სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის ვალდებულებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები და წინადადებები წარადგინეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), USAID/GGI-ის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI), საქართველოს სახალხო დამცველის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებმა.

 

წარდგენილი ინიციატივები მიზნად ისახავს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ღიაობის გაძლიერებას და პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის პროაქტიულობისა და გამჭვირვალობის გაზრდას. რეკომენდაციების უმეტესობა უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამაღლებასა და პარლამენტის თანამშრომლებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას საპარლამენტო ჩართულობის მექანიზმების შესახებ.

 

განსახილველ საკითხებს შორის ყურადღება გამახვილდა მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის გამართული ფუნქციონირების აუცილებლობაზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე. პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებმა საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია ღია მმართველობის გაძლიერების მიზნით პარლამენტის მხრიდან დაგეგმილი აქტივობების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ მასშტაბური ვალდებულებების ერთობლივ შემუშავებასა და დანერგვის პროცესში თანამშრომლობაზე.

 

სამუშაო შეხვედრაზე განხილული ინიციატივები შეჯერებისა და საბოლოო მოდიფიცირების შემდგომ აისახება საქართველოს ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმაში, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს უნდა დამტკიცდეს.

 

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ. თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს (EU), გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის მხარდაჭერისთვის და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს საინტერესო ინიციატივების წარმოდგენისათვის. კახა კუჭავამ ხაზი გაუსვა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის თანამშრომლობას პარლამენტის გამჭვირვალობის ამაღლებისა და საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გაძლიერების პროცესში.

 

საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024