V-Dem-ის შედეგები: 2021 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

სიახლეები | კვლევები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 10 იანვარი 2023

2022 წელს V-Dem Institute (V-Dem)-მა სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის ამსახველი 2021 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში დემოკრატიის საშუალო ხარისხი გაუარესდა [1]. მონაცემთა ანალიზისას თვალშისაცემია ის მიმართულებები, რომლებმაც ბოლო წლებში გაუარესება განიცადეს და შესაბამისად ნეგატიური ასახვა ჰპოვეს საქართველოს რეიტინგში. მათ შორისაა:

 

- ლიბერალური დემოკრატიის ინდექსი;

- მონაწილეობითი დემოკრატიის ინდექსი;

- კანონის წინაშე თანასწორობისა და ინდივიდუალური თავისუფლების ინდექსი

 

უნდა აღინიშნოს აგრეთვე ის მიმართულებები, სადაც წინა წელთან შედარებით პროგრესი შეინიშნება. ასეთებია მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ინდექსი, ოპოზიციური პარტიების ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობა, აკადემიური და კულტურული გამოხატვის თავისუფლება. 

 

V-Dem მონაცემები ასახავს საქართველოში ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებს, რომლებმაც პირდაპირი გავლენა იქონიეს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე.[2]

 

ანალიზისას დასტურდება ყოველი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას იმ საკითხების მხედველობაში მიღების საჭიროება, რომლებიც დემოკრატიის პრინციპების გაზომვის ინდიკატორებს წარმოადგენს და რომელთა უგულებელყოფა, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში არსებულ დემოკრატიის ხარისხზე აისახება. მონაცემები აგრეთვე ცხადყოფს, რომ წინა წლების მსგავსად, გრძელდება დემოკრატიის ხარისხის გლობალური გაუარესების ტენდენცია. კიდევ უფრო გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც დემოკრატიის უკუსვლა დაფიქსირდა. 

 

V-Dem რეიტინგის შესახებ

 

გიოტებორგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის ბაზაზე დაფუძნებული V-Dem Institute ყოველწლიურად აქვეყნებს მონაცემებს, რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის შეფასება. მონაცემები ეყრდნობა, როგორც ოფიციალურ დოკუმენტებს (როგორიცაა კონსტიტუცია, კანონები და მთავრობის სამართლებრივი აქტები), ასევე ექსპერტების მხრიდან მოვლენების შედარებით სუბიექტურ აღქმას და შეფასებას (მაგ: ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, არჩევნები და სხვა). V-Dem განასხვავებს დემოკრატიის სხვადასხვა დონის ინდექსებს და მათ დასადგენად განსაზღვრავს შესაბამის ინდიკატორებს. დემოკრატიის 21 საშუალო დონის ინდექსები ერთმანეთისგან მიმართულებებით განსხვავდებიან (მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების და ალტერნატიულ ინფორმაციის არსებობის, კანონის წინაშე თანასწორობის და ინდივიდუალური თავისუფლების, ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, თავისუფალი არჩევნების და ა.შ.), ხოლო ხუთი მაღალი დონის, უფრო ზოგადი მაკრო ინდექსი, საშუალებას გვაძლევს მარტივად აღვიქვათ წლების მიხედვით სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დემოკრატიულობა. V-Dem-ის მეთოდოლოგია ინდექსების საზომად 350 ინდიკატორზე მეტს ადგენს. 

 

სტატიაში ანალიზისთვის გამოყენებულია ფარდობითი სკალის (relative scale) მონაცემები. აღნიშნული მონაცემები მიღებულია გაზომვის მეთოდით, სადაც გათვალისწინებულია მონაცემების გაზომვაში ჩართული ექსპერტების შეხედულებებს შორის სხვაობა და სხვა გარემოებები, რაც რეალური სურათის შექმნას უწყობს ხელს. ინდექსებისა და ინდიკატორების მაჩვენებელი მათემატიკური ფორმულის საფუძველზე დგება და შესაბამისი ქულა და ადგილი ენიჭება 

რეიტინგში[3].

 

გრაფიკი 1: დემოკრატიის მაღალი დონის ინდექსები საქართველოსთვის 2020-2021

 

 

საინტერესოა, რომ არჩევითი დემოკრატიის, ლიბერალური დემოკრატიის, მონაწილეობითი დემოკრატიის, დელიბერატიული დემოკრატიისა და ეგალიტარული დემოკრატიის ინდექსების დინამიკაში დაკვირვებისას,  2004 და 2013-2014 წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება ზემოთ-აღნიშნული ინდექსების მაჩვენებლები, რაც შესაძლოა კავშირში იყოს საქართველოში პოლიტიკური სპექტრის, კერძოდ, ხელისუფლების ცვლილებასთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლიდან დღემდე საქართველოში არჩევითი დემოკრატიის, ლიბერალური დემოკრატიის, მონაწილეობითი დემოკრატიის, დელიბერატიული დემოკრატიისა და ეგალიტარული დემოკრატიის ინდექსებმა გაუარესება დაიწყო.  

 

დემოკრატიის საშუალო დონის ინდექსები

 

დემოკრატიის საშუალო დონის არსებული 21 ინდექსიდან, გრაფიკი 2 ასახავს გამოხატვის თავისუფლების და სხვა ალტერნატიული ინფორმაციის არსებობის, კანონის წინაშე თანასწორობის და ინდივიდუალური თავისუფლების, ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ინდექსებს. თითოეულ ინდექსს, მაკრო-ინდექსების მსგავსად ამ შემთხვევაშიც იმავე პრინციპით ენიჭება ქულა 0-დან 1-მდე. V-Dem მონაცემების მიხედვით, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით გაზრდილი და შესაბამისად გაუმჯობესებულია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის (0.804-დან 0.833-მდე) ინდექსი. მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს კანონის წინაშე თანასწორობისა და ინდივიდუალური თავისუფლების ინდექსის მცირედი გაუარესება შეინიშნება (0.876-დან 0.874-მდე), ასევე შემცირებულია გამოხატვის თავისუფლებისა და სხვა ალტერნატიული ინფორმაციის ინდექსი, კერძოდ, 0.877-დან 0.866-მდე. 2021 წელს რეგიონული თვითმმართველობისა (0.360) და ადგილობრივი თვითმმართველობის (0.854) ინდექსები უცვლელია. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს აღნიშნულ ინდექსებზე ქულა 0-დან 1-მდე ენიჭებათ, შესაბამისად მცირე სხვაობასაც კი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მდგრადობის შეფასებისთვის.

 

გრაფიკი 2: დემოკრატიის საშუალო დონის ინდექსები საქართველოსთვის 2020-2021

 

 

პოლიტიკური პარტიები

 

გრაფიკი 3 ასახავს საქართველოში პოლიტიკური პარტიების თავისუფლების და დამოუკიდებლობის ინდიკატორებს. კერძოდ, გრაფიკზე მოცემულია ოპოზიციური პარტიების ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის და პოლიტიკური პარტიების განშტოებების/ადგილობრივი წარმომადგენლების შესახებ მონაცემები. ასევე წარმოდგენილია პარტიების გადანაწილება რეგიონების მიხედვით და პარტიებისთვის განკუთვნილი ბარიერების ინდექსები. 

 

აღსანიშნავია, რომ V-Dem მონაცემების მიხედვით, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით საქართველოში ვითარება გაუმჯობესდა პარტიებისთვის განკუთვნილი ბარიერებისა (2.182-დან 2.463) და ოპოზიციური პარტიების ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის (1.355-დან 2.007-მდე) მიმართულებით. თუმცა, უცვლელია ინდიკატორები პოლიტიკური პარტიების განშტოებების/ადგილობრივი წარმომადგენლების შესახებ (0.609) და პარტიების გადანაწილება რეგიონების მიხედვით (2.317). 

 

გრაფიკი 3: დემოკრატიის ინდექსების ინდიკატორები პოლიტიკური პარტიების სფეროში 2020-2021

 

სასამართლო ხელისუფლება

 

გრაფიკი 4 ასახავს დემოკრატიის ინდექსების ინდიკატორებს მართლმსაჯულების სფეროში. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მდგომარეობის გაუარესება შეინიშნება სასამართლო სისტემის მიმართ ხელისუფლების ზეწოლის კომპონენტში[4]

(2.087-დან 1.921-მდე). რაც შეეხება ზედა ინსტანციის სასამართლოებისა (0.449)  და ქვედა ინსტანციის სასამართლოების (-0.413) დამოუკიდებლობის მაჩვენებელს, წინა წელთან შედარებით ორივე ინდიკატორი უცვლელად რჩება. V-Dem მონაცემების ანალიზის საფუძველზე, 2021 წელს ასევე არ შეცვლილა სასამართლო ანგარიშვალდებულების (0.511) ინდიკატორი. 

 

გრაფიკი 4: დემოკრატიის ინდექსების ინდიკატორები მართლმსაჯულების სფეროში 2020-2021

 

სამოქალაქო თავისუფლებები

 

გრაფიკი 5 ასახავს სამოქალაქო თავისუფლებების მიმართულებით 2020-2021 წლებში საქართველოში არსებულ ვითარებას. კერძოდ, გრაფიკში წარმოდგენილი მონაცემები მოიცავს მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლებას სქესის მიხედვით, აკადემიური და კულტურული გამოხატვის თავისუფლებას, სოციალური კლასების თანასწორობას სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას სქესის მიხედვით. ყველა ზემოაღნიშნული ინდიკატორი იზომება 0-დან 4-მდე მაჩვენებლით, სადაც 0 არის ნეგატიური შედეგის, ხოლო 4 დადებითი შედეგის ამსახველი. აღსანიშნავია, რომ V-Dem მონაცემების მიხედვით, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს საგრძნობლად იმატა აკადემიური და კულტურული გამოხატვის თავისუფლების ინდექსმა (1.023-დან 1.582-მდე), ასევე გაუმჯობესდა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა კაცებისთვის (0.985-დან 1.063-მდე). თუმცა, მდგომარეობა არ შეცვლილა ქალებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით (1.172) და  სოციალური კლასების თანასწორობა სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულებით (1.728). 

 

გრაფიკი 5: დემოკრატიის ინდექსების ინდიკატორები სამოქალაქო თავისუფლების სფეროში 2020-2021

 

 

აღსანიშნავია, რომ აკადემიური და კულტურული გამოხატვის თავისუფლების ინდექსის დინამიკაში დაკვირვებისას, 2020 წელს ფიქსირდება ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 10 წლის მანძილზე. უფრო კონკრეტულად 2019 წელს ინდექსი მნიშვნელოვნად შემცირდა და 2020 წელს ქვედა ზღვრის პიკს მიაღწია.

 

სამოქალაქო საზოგადოების ტენდენციები

 

V-Dem მონაცემები აგრეთვე ფარავს ინდიკატორებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას აფასებს. მე-6 დიაგრამაზე ნაჩვენებია ინდიკატორები, რომლებიც აფასებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნა/გაუქმებას და მათზე სახელმწიფოს კონტროლს, ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას (რეპრესიები), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში ქალების ჩართულობას და პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის გარდა, ყველა სხვა ინდიკატორი ფასდება 1-დან 4-მდე სკალით. სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა კი 1-დან 3-მდე სიდიდით.

 

V-Dem მონაცემები ცხადყოფს, რომ 2021 წელს საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შექმნის და გაუქმების მიმართულებით (2.244-დან 2.619-მდე). თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაჩვენებლის მკვეთრად შემცირება ფიქსირდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის მიმართულებით (3.088-დან 2.182-მდე). უნდა აღინიშნოს, რომ CSO-რეპრესიების მაჩვენებელი რეპრესიების კლებაზე მიუთითებდა 2007 წლიდან 2012 წლამდე, შემდეგ რეპრესია იზრდებოდა 2013-2014 წლებში და მას შემდეგ, 2017 წლის ჩათვლით მდგრადი კლებით ხასიათდებოდა. 2018 წელს კი მისი მაჩვენებელი 3.2-დან 2.4-მდეა შემცირებული, რაც ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შევიწროების გაზრდაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ რეპრესიების ყველაზე ნაკლები გამოვლენა 2020 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2021 წელს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. 

 

გრაფიკი 6: დემოკრატიის ინდექსების ინდიკატორები სამოქალაქო საზოგადოების სფეროში 2017-2021

 

 

პოლიტიკური თანასწორობა

 

პოლიტიკური თანასწორობის თემის ქვეშ წარმოდგენილია V-Dem ინდიკატორები, კერძოდ, ძალაუფლების გადანაწილება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, სოციალური ჯგუფების და სქესის მიხედვით. გრაფიკზე ასევე ასახულია ჯანდაცვაზე და განათლებაზე წვდომის თანასწორობის მონაცემები. ინდიკატორის შესაფასებლად გამოყენებულია 0-დან 4-მდე საზომი, სადაც 0 ენიჭებათ ქვეყნებს ყველაზე ნეგატიურ, ხოლო 4 – ყველაზე პოზიტიურ შემთხვევებში. 

 

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში საინტერესო ტენდენცია ფიქსირდება სამი ინდიკატორის კუთხით. კერძოდ, თვალშისაცემია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით საქართველოს დემოკრატიის ხარისხის შესუსტება (0.722-დან 0.229-მდე). ასევე მდგომარეობა გაუარესებულია ჯანდაცვაზე წვდომის თანასწორობისა (1.930-დან 1.226-მდე) და ძალაუფლების გადანაწილება სქესის მიხედვით (2.070-დან 1.785-მდე). ხოლო რაც შეეხება განათლებაზე წვდომის თანასწორობას (1.266) და ძალაუფლების გადანაწილება სოციალური ჯგუფების (0.83) მიხედვით, 2021 წლის მონაცემებით ორივე ინდიკატორის მონაცემები არის უცვლელი.

 

გრაფიკი 7: დემოკრატიის ინდექსების ინდიკატორები პოლიტიკური თანასწორობის სფეროში 2020-2021

 

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათ წელიწადში, ჯანდაცვაზე წვდომის თანასწორობის ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოში 2012 წელს დაფიქსირდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლიდან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით ძალაუფლების გადანაწილების ინდექსმა საგრძნობი ვარდნა განიცადა და 2021 წელს ისტორიულ მინიმუმს შეადგენდა.

 

2020-2021 წლებში V-DEM მონაცემების მიხედვით საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა, უფრო კონკრეტულად მდგომარეობის ცვლილება შეინიშნება ლიბერალური დემოკრატიის ინდექსის, მონაწილეობითი დემოკრატიის ინდექსის, კანონის წინაშე თანასწორობისა და ინდივიდუალური თავისუფლების ინდექსების. მონაცემების ცვლილება მიუთითებს, რომ გასაუმჯობესებელია სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

 

სტატიაში განხილულის გარდა, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მონაცემები, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე. 

 

 -------

 

[1] https://www.v-dem.net/data/the-v-dem-dataset/?fbclid=IwAR2hd2veUI8bp9S3Mv8hRym8lNgW0Xlpe-NKmO46wMtRFSdU4Zw6vU7d7is

[2] https://www.v-dem.net/publications/democracy-reports/?fbclid=IwAR0n0eIyG_A9xuk10pO4-hwbqeUepFdEeCpb5fN7RDbx2MH6lES1uVhSJMo

[3] https://www.v-dem.net/about/v-dem-project/methodology/

[4] V-Dem-ის ინდიკატორი, რომელიც ზომავს სასამართლო სისტემაზე ხელისუფლების ზეწოლას, აფასებს  სასამართლოს საქმიანობას - სასამართლო ხელისუფლებაში რამდენად არსებობს კორუფციის რისკები/შემთხვევები, და მიღებული გადაწყვეტილებები რამდენად პოლიტიკურად მოტივირებულია. ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე კონტროლად სხვა საშუალებებთან ერთად შეიძლება ჩაითვალოს მედიაში გავრცელებული განცხადებები, პრეს კონფერენციები, ინტერვიუები და გამოსვლები.  

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024